სალომეს გარესამყაროსთან კონფლიქტი აქვს. ის 13 წლისაა. მისი დედა – ახალგაზრდა ქალი დაბნეულია და ვერ ხვდება, როგორ დაეხმაროს შვილს. ოჯახის შესანახად დედა ყოველ დღეს თურქეთში გადადის სამუშაოდ – სხვადასხვა პროდუქტი გადააქვს და ყიდის. სალომეს პატარა ძმაც ჰყავს – ჩანს, რომ თავისი ძმა ძალიან უყვარს.
13 წლის გოგო: არაფერი მაინტერესებს
„არაფერი მაინტერესებს, არც საუბარი მინდა,“ – გვითხრა 13 წლის სალომემ ისე, რომ ჩვენთვის არც შემოუხედავს. ის ფარდებგადაწეულ ფანჯარასთან იჯდა და წვიმას უყურებდა. უკვე ნახევარი წელიწადია სალომე სკოლაში აღარ დადის. სალომეს აღარც სახლში გაჩერება უნდა.
სალომეს დედა ფიქრობს, რომ სალომე იმ მეგობრებთან ყოფნას ამჯობინებს, რომლებიც დიდ დროს და, მათ შორის, ღამეებს ქუჩაში ატარებენ, ქურდობენ, ნარკოტიკს იღებენ, თითქოს სხვა ბავშვების დასახმარებლად ფულს აგროვებენ… ამის შესახებ მას სალომესთანაც უსაუბრია.
„ამ ჭაობიდან უნდა ვიხსნა, მაგრამ არ ვიცი, როგორ,“ – გვითხრა ლელამ [სტატიაში სახელები და მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შეცვლილია]. სალომეს დედა „ბათუმელებს“ მას შემდეგ დაუკავშირდა, როცა პოლიციის განყოფილებაში მივიდა, საქმეში სოცმუშაკებიც ჩართო და ფსიქოლოგებიც, მაგრამ მდგომარეობა ბოლო თვეებში, პირიქით, დამძიმდა.
ლელამ საკუთარი პრობლემის შესახებ სალომესთან შეხვედრამდე გვიამბო. სალომემ კი დამშვიდობებისას გვითხრა, რომ ჩვენი ტელეფონის ნომერი აქვს და საჭიროების შემთხვევაში დაგვირეკავს.
„ვიცი, მას უნდა, რომ შეიცვალოს“
„ყველაფერი დაახლოებით 6 თვის წინ დაიწყო – ის გაუჩინარდა,“ – იწყებს ლელა და იმ დღეს იხსენებს, როცა მთელი ღამე შვილს ეძებდა. მეორე დღეს სალომე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და თქვა, რომ მამინაცვალი მასზე ძალადობდა. პოლიციელებმა სალომეს მამინაცვალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
სალომე დედასთან, მამინაცვალთან და პატარა ძმასთან ერთად ცხოვრობს. ცოლ-ქმარი ყოველდღიურად თურქეთში გადადის სამუშაოდ.
„ძალადობა არ ყოფილა,“ – ირწმუნება ლელა. მისი თქმით, ის და მისი მეუღლე სალომეს იმ მეგობრებთან ურთიერთობას უშლიდნენ, რომლებიც, მათი აზრით, სხვადასხვა დანაშაულს სჩადიან.
„სალომემ თქვა, რომ სკოლაში სიარული აღარ უნდა და სადაც უნდა, იქ წავა… მას შემდეგ, რაც შემაკავებელი ორდერი გამოსცეს და ჩემი ქმარი სახლიდან დროებით წავიდა, სახლში მოჰყავდა ყველა ის მეგობარი, ვისთან ურთიერთობასაც ვუკრძალავდით. ვერაფერს ვამბობდი. ხან ფულს მპარავდნენ, ხან – ტანსაცმელს. სოციალური მუშაკი მეუბნებოდა, რომ სალომესთვის თავისუფლება უნდა მიგვეცა და დამშვიდდებოდა.
ჩვენ მას დავუჯერეთ…
მერე მივედი იმ ოჯახებშიც, სადაც სალომე რჩებოდა. ვიფიქრე, იმ ბავშვების მშობლებს დაველაპარაკები-მეთქი, მაგრამ ვის ნახავდი? ერთ ოჯახში დედაც ბავშვებთან ერთად ეწეოდა სიგარეტს და სვამდა… ყველგან ერთი და იგივე სურათი დამხვდა,“ – გვიყვება ლელა.
ლელას თქმით, ბოლო პერიოდში სალომემ ნარკოტიკული აბებიც გასინჯა და რამდენიმე დღის წინ სახლი შუაღამისას დატოვა.
„აბები გადაყლაპა და ცუდად იყო… ვიყავი აფთიაქშიც, როგორ მიეცით ეს აბები ბავშვებს-მეთქი. მიპასუხეს, რომ გვეგონა, მშობლების დანაბარები იყოო.
რამდენიმე დღის წინ ბეჭედი დავკარგე. სალომემ ნახა, რომ მისი ერთ-ერთი მეგობარი სხვას ჩუქნიდა ამ ბეჭედს და გააპროტესტა. ის ბავშვი ამბობდა, „პლაზასთან“ ვიყიდე 6 ლარადო, მაგრამ ოქროს ბეჭედს სად ნახავდა ამ ფასად?
ბეჭედი კი დამიბრუნეს, მაგრამ ისეთი ამბები წამოაძახეს ერთმანეთს ბავშვებმა, აღარ ვიცოდი, რა მექნა – ამბობდნენ ვინ ვისი სექსუალური პარტნიორი იყო. ისინი პატარები არიან.
ბევრჯერ მისაუბრია მასთან, რატომ იქცევა ასე. მითხრა, რომ არ იცის, რა უნდა. არ იცის, როგორ მოიქცეს. არც მე ვიცი როგორ დავეხმარო. ყოველღამე ვოცნებობ, რომ ხვალიდან იქნება ასე აღარ მოიქცეს, მაგრამ დილიდან ისევ ისე ირევა ყველაფერი.
რა შესთავაზა სახელმწიფომ ბავშვს, რომელსაც სკოლასა და ოჯახთან ურთიერთობა უჭირს?
„მე მზად ვიყავი დროებით აღზრდაში მინდობით აეყვანათ სალომე, თუკი ეს უშველიდა სიტუაციას. ამის შესახებ მასთანაც ვისაუბრე, მაგრამ არც ეს გამოვიდა,“ – გვიყვება არასრულწლოვნის დედა. მისი თქმით, სოციალური მუშაკები მის ოჯახში რამდენჯერმე მივიდნენ, ფსიქოლოგთანაც რამდენიმე ვიზიტი შედგა, მაგრამ უშედეგოდ.
„რადგან სალომე ამბობდა, რომ ჩვენთან არ სურდა, ვთქვი, რომ მინდობით აღზრდაში გაეყვანათ. სოცმუშაკმა გვითხრა, არ გამოვა, მაშინ უნდა დავწერო, რომ თქვენ ცუდად ეპყრობით და არაა ასეო. სოცმუშაკმა მხოლოდ ის დააფიქსირა, რომ ბავშვს ცალკე საძინებელი არ აქვს. ახლა ვაწყობთ ცალკე საძინებელს, მაგრამ იქნება ეს გამოსავალი?“ – კითხულობს დედა.
არასრულწლოვნის დედა ფიქრობს, რომ ბავშვის მიმართ სათანადო ყურადღებას არ იჩენენ არც სოციალური სამსახური და არც ფსიქოლოგები. ლელა ასევე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვნებთან, რომლებიც ანტისოციალურ ქცევას ავლენენ, არ მუშაობენ სამართალდამცველებიც.
„ძალით მომყავდა სოცმუშაკი, როცა ვურეკავდი და ვიკლებდი ყველაფერს, მაშინ მოდიოდა, ისე – არა. ფსიქოლოგებთან სამჯერ მივიდა ბავშვი, მაგრამ როცა დაბრუნდა, მითხრა, არ მომწონს ეს ფსიქოლოგი, მხოლოდ იმას მეკითხება, რა გინდა, რა გინდაო? მე რომ ვიცოდე, რა მინდა, რაღა მიჭირსო,“ – ამბობს ლელა.
ვინაიდან სოცმომსახურების სააგენტოს არ აქვს ფსიქოლოგების რესურსი, რომელიც ამ ტიპის ბავშვთან იმუშავებს, სალომე „სინერგიაში“ დადის, სადაც 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციის მიღებაა შესაძლებელი. ამ ცენტრში გვითხრეს, რომ სალომემ ცენტრის სერვისი არ გამოიყენა და ურთიერთობის ახალ სტრატეგიას შეიმუშავებენ.
სოციალურმა მუშაკმა კი, რომელიც სალომესთან მუშაობს, გვითხრა, რომ არასრულწლოვანთან და მის მშობლებთან კომუნიკაცია გრძელდება და დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგვაწვდის.
„დღითიდღე ვკარგავ… მაინტერესებს, როდის მოიცლიან ჩემთვის, დანაშაულის ჩადენაა ამისთვის საჭირო?“ – კითხულობს არასრულწლოვნის დედა.
დედა: „მე დავუშვი შეცდომა, მას კი უკანდახევის ეშინია“
„მიფიქრია, რომ მეც დავუშვი შეცდომა… ამ ამბებამდე ერთი ბიჭი უყვარდა. მერე გავიგე, იმ ბიჭს თავის მეგობრებთან უთქვამს, ეს გოგო ძალით ცდილობს ჩემთან ურთიერთობასო. მე ვნახე ეს ბიჭი და თქვა, რომ არ უყვარს სალომე. ამის შემდეგ ვუკრძალავდი სალომეს მასთან ურთიერთობას… ბავშვი მეუბნებოდა, აბა, იმას ხომ არ გეტყოდა, რომ მიყვარსო. არადა, ისეთი ზრდილობიანი იყო ის ბიჭი, ვფიქრობდი, შეიძლება მართლა მოერიდა-მეთქი.
მიფიქრია იმაზეც, რომ სკოლაში სიარული მას შემდეგ აღარ მოუნდა, როცა იქ ერთმა მასწავლებელმა წლის ბოლოს ნიშანი არ დაუწერა და კლასში ჩატოვა. ეს ძალიან განიცადა.
სკოლაში სალომეს აკითხავდა მამაც, რომელსაც 12 წლის წინ გავშორდი. მამა მასთან მუდმივად მლანძღავდა, თურმე, დედაშენი ცუდი ქალიაო.
ასე დაიწყო სახლიდან გაქცევები…
ბოლოს – თუ არ გამიშვებთ სახლიდან, ძალით წავალო… ისე მოიქცა, შემეშინდა.
მას გადარჩენა უნდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე იმდენი რამ აქვს ჩადენილი, უკან დახევის ეშინია. ამაზეც მიფიქრია.“
გამოსავალი – „ფსიქოლოგთან მუშაობა ხშირად ახალი კარის გაღებას ჰგავს“
ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროცესში არის ის, თუ როგორ პასუხობს სახელმწიფო გამოწვევებს.
„როცა ამ მოზარდის ისტორიას გავეცანი, ბევრი კითხვა გამიჩნდა: რა უყვარს, რა მოსწონს, რა აინტერესებს, რა გამოსდის კარგად? რაზე ოცნებობს? ვინ არის ის, ვისიც სჯერა? დარწმუნებული ვარ ამ კითხვებზე პასუხები არსებობს, რადგან არ არსებობს ბავშვი რესურსების გარეშე. ხშირად არ იციან ამ ასაკში რა უნდათ, ეს ხომ საკუთარი თავის ძიების ასაკია! თანატოლებთან ურთიერთობაც რომ ყველაფერს ურჩევნიათ მოზარდებს, ესეც ფაქტია!
მათ თავგადასავლებიც უყვართ, საშიში ექსპერიმენტებიც! და ჩვენ რას ვთავაზობთ? რა გვაქვს იმისათვის, რომ მოზარდებმა საკუთარი თავებიც აღმოაჩინონ, მოწყენილობასაც გაექცნენ, გაერთონ, აქტიურად შეიმეცნონ საკუთარი თავი, გარემო, თანატოლები, სამყარო.. და ეს ყველაფერი ისე გააკეთონ, რომ არ დაზიანდნენ, წესები არ დაარღვიონ. რა გვაქვს ამისთვის? ამაზე დაფიქრებაა საჭირო. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვართ მზად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რის წინაშეც დგებიან მოზარდები.
ფსიქოლოგთან მუშაობა ხშირად ახალი კარის გაღებას ჰგავს, საკუთარ თავში ძლიერი მხარეების აღმოჩენის, ნდობის აღდგენის შესაძლებლობაა, ფორმალური ან არაფორმალური განათლება, რომელიც მორგებულია ბავშვის ინტერესებს, მას თვითრეალიზაციის საშუალებას აძლევს… თანატოლთა პოზიტიური ჯგუფები, სადაც ხვდები, რომ მარტო არა ხარ, გისმენენ, გაღიარებენ, მხარს გიჭერენ, სადაც გართობაც კი შეგიძლია – კარგი ალტერნატივაა … ოჯახის მხარდაჭერა, მშობლისა და ბავშვის კომუნიკაციაზე მუშაობა სურათს ცვლის,“ – გვითხრა მაია ცირამუამ.
______
პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვის ორგანიზაცია – სუდოს“ დაკვეთით, პროექტის ფარგლებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა“ (JJR) მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში.
პუბლიკაციის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია batumelebi.ge და არ ნიშნავს, რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.