საახალწლო ღონისძიებები ბათუმის ბულვარში 26 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
31 იანვარს ბულვარში გალა კონცერტი გაიმართა. გუშინ, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველს, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
დღეს, 2020 წლის 1-ელ იანვარს, საახალწლო ღონისძიებებს საღამოს 8 საატზე Road Radio გახსნის, ხოლო საღამოს 9 საათიდან Maja გააგრძელებს.
ნახეთ 1-7 იანვრის პროგრამა სრულად:
1 იანვარი
20:00 საათზე: Road Radio 21:00 საათზე: Maja
2 იანვარი
14:00საათზე საბავშვო კონცერტი – „ნიჟარა“ 18:00 საათზე: კონცერტი – ნატო თურმანიძე, თამარ მეჭიაური, თამუნა მიქელაძე, ვაჟა ხომერიკი, გიორგი ტუღუში, გიორგი დიასამიძე, სულხან დევაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნანუკა მიქაძე, ლადო ყატაშვილი, სალომე კალანდაძე, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ცხადაძე, მერაბიკო დოლიძე, „ლურჯი იალქანი“. 21:00 საათზე: Beqa
3 იანვარი
14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ჰარმონია 20:00 საათზე: Elrow 21:00 საათზე: MicheleBe
4 იანვარი
14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ლალე 20:00 საათზე: ირაკლი ფაღავა 21:00 საათზე: Kimo
5 იანვარი
14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ლალე 20:00 საათზე: SeaSide 21:00 საათზე: Yakudza
6 იანვარი
14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი School Band 20:00 საათზე: ბენდი „თავისუფალი სივრცე” 21:00 საათზე: Nika Jakeli
ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელს, დირიჟორ ნიკოლოზ რაჭველს, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. საპატიო წოდების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ საახალწლო კონცერტზე გააცნო მოქალაქეებს.
“დღეიდან მას აქვს სრული უფლება, ატაროს მეორე სახელი. არა უბრალოდ ნიკოლოზ რაჭველი, არამედ ნიკოლოზ ბათუმელი,”- თქვა ლაშა კომახიძემ
“დიდი მადლობა ამ სიყვარულისთვის. ამ საპატიო წოდებას ვიყოფ ჩემს მუსიკოსებთან ერთად,” – ამ სიტყვებით გადაიხადა ნიკოლოზ რაჭველმა მადლობა საპატიო ბათუმელის წოდებისთვის.
დღეს, 31 დეკემბერს, ბათუმში, საახალწლო კონცერტში მონაწილეობდა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც არ ცხოვრობს ქალაქ ბათუმში, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქესა და განსაკუთრებულ შემთხვევებში, მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს ქალაქ ბათუმის წინაშე.
ბათუმის ბულვარში საახალწლო გალა კონცერტისთვის ემზადებიან, რომელიც დღეს, 31 დეკემბერს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ორკესტრმა რეპეტიცია უკვე გაიარა.
ბათუმში დაგეგმილ კონცერტზე დღეს საღამოს ქართველი შემსრულებლები გამოვლენ. მათ შორის: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე და ბენდი, სოფო ხალვაში, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი, სვანსიხი, ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე, ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ბერიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ნონა კორიფაძე, ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ბათუმი“, კახაბერი და ხანუმები,
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსები: N1, N1ა, N3 და N11 ახალი წლის ღამეს 01:30 საათამდე იმოძრავებენ და მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.
დღეს, 31 დეკემბერს, ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმეში სამი მანქანა ფიგურირებს, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ამ ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსის მოადგილე ბადრი პაქსაძე თანამდებობას ტოვებს, მიზეზი სამსახურის ცენტრალიზებულ მართვაში გადასვლის შემდეგ მისი შტატის გაუქმებაა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახური 2020 წლის იანვრიდან ცენტრალიზებულ მართვაში იმუშავებს, სამსახურში უკვე დაიწყო რეორგანიზაცია, გაუქმდა ხელმძღვანელისა და მოადგილის შტატები. იანვრიდან სამსახურს მენეჯერი უხელმძღვანელებს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ექიმი, ამიტომაც სამსახურის ხელმძღვანელს მინდია კახიძეს დეპარტამენტის უფროსად ნიშნავენ.
ბადრი პაქსაძე ამბობს, რომ პროფესიული მიმართულებით სურს მუშაობა: „დარჩენა შემომთავაზეს, მაგრამ მართლა დავიღალე“.
ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“, თბილისის მერიის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ და შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებდა, გაერთიანების შემდეგ კი, ისინი ცენტრალიზებულად იმუშავებენ.
სამსახურების გაერთიანების შემდეგ, ერთიანი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება და დაფინანსებასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებს.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების გაერთიანების მიზანი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაა, „რომელიც მიმართული იქნება პაციენტის ინტერესებისა და მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე“.
აჭარაში დღეის მდგომარეობით საარსებო შემწეობას 41 504 ადამიანი იღებს, ეს აჭარის სრული მოსახლეობის 12.3%-ია. მათ სიაში არ არის 62 წლის ლია გოგიბერიძე, რომელსაც სოციალურ დახმარებაზე უარი, შვილის მიერ განვადებით ნაყიდი ტექნიკის გამო უთხრეს.
62 წლის ლია გოგიბერიძე ბათუმის ცენტრში, ზუბალაშვილის #28-ში მდებარე პატარა იტალიურ ეზოში, 6 წლის შვილიშვილთან – დათასთან ერთად ცხოვრობს. დათას დედამ სამსახური ბათუმში ვერ იშოვა და სვანეთში გადავიდა. “კერძო სასტუმროში მუშაობს ხან მზარეულად, ხან ალაგებს. იქედან მეხმარება. ბავშვი ავად მყავდა, ანემიის ნიშნები ჰქონდა, ძალიან შემეშინდა, წამლები ასე ვუყიდეთ”, – ყვება ლია.
დათას მშობლები გაშორებულები არიან, მამა ცალკე ცხოვრობს და ბავშვს მატერიალურად ვერ ეხმარება. ამის მიუხედავად დათას დედას მარტოხელა დედის სტატუსი მაინც არ აქვს. ეს იმიტომ, რომ ბავშვს მამის გვარი აქვს, კანონი კი ამას ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევს, მარტოხელა დედის სტატუსის მისანიჭებლად. “მარტოხელაა აბა რა არის? მამა არ ჰყავს, და-ძმა არ ჰყავს, ქმარი არ ჰყავს, ერთი მე ვყავარ – პენსიონერი დედა და მარტოხელა არ არის? არაო, ბავშვი თავის გვარზე არ ჰყავს და იმიტომო. ეს არასწორი მგონია, ალბათ კანონში წერია, მაგრამ არასწორია ბავშვი კანონიერი ქმრისგან ჰყავს და გვარი როგორ გადაუკეთოს, იმის გამო, რომ სოციალური მიიღოს. ბავშვი გაიზრდება და მოგთხოვს, რატომ გადამიკეთე ჩემი გვარი სოციალურის გამოო…” – ამბობს ლია გოგიბერიძე.
დათას ბებია დახმარების მისაღებად სოციალური სააგენტოს შესაბამის ბაზაშიც დარეგისტრირდა, თუმცა უშედეგოდ. მას სოციალურ დახმარებაზე უარი უთხრეს, მიზეზად კი განვადებით ნაყიდი მაცივარი და სარეცხი მანქანა დაუსახელეს: – “სოციალურ დახმარებაზე მითხრეს, მაცივარი და სარეცხი მანქანა გაქვსო. ეს ტექნიკა ერთიანი ფულით არ შეგვიძენია, განვადებით გამოვიტანეთ. 70-100 ლარი იხადა და შეგვრჩა ამით, განა ერთიანი ფული მქონდა ამდენი?! შეიხედონ მაცივარში რა მაქვს. მხოლოდ ბავშვისთვის აუცილებელი პროდუქტებია… ამიტომ არ მომცეს სოციალური დახმარება, მაგრამ აბა ეს სახლი ნახონ, ამ პირობებში ცხოვრება როგორია…”
ზუბალაშვილის #28-ში მდებარე იტალიურ ეზოში ყველა სახლი ძველია. ამ ეზოში სულ 6 მოსახლეა, მათი ნაწილი ეზოში, საერთო ტუალეტით სარგებლობს – “ქალები ვართ და სისუფთავეს ვინარჩუნებთ, მაგრამ მაინც საერთო ტუალეტია. მე და ბავშვი დასაბანად ჩემს დასთან დავდივართ. სახლი კატასტროფულ მდგომარეობაშია, კედლები ცვივა… მაქსიმალურად ვცდილობ, შევინარჩუნო სისუფთავე, მაგრამ ჭერიდან ჩამოყრილი მტვრის გამო ეს ძალიან რთულია”.
სახლის პირველ სართულზე 90 წლის მარტოხელა ქალი გუგული ბაღათურია ცხოვრობს. მის გვერდით კი ასეთივე ოთახში, ასეთივე ჩამოშლილ კედლებში ოთხი არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად. მეორე სართულზე, სადაც ლია გოგიბერიძე ცხოვრობს, ხის შესასვლელის ჭერი თითქმის სრულად ჩამოშლილია, ამოტეხილია ხის იატაკიც. ლიას სახლს სულ ორი ოთახი აქვს, ორივეგან ჩატეხილია ძველი ხის იატაკი, რომელსაც ლია სხვადასხვა ზომის ხის ფირფიტებს აფარებს, რომ ფეხი არ ჩაუვარდეთ.
სახლის პირველ ოთახს, რომელიც სამზარეულოსა და მისაღების ფუნქციასაც ითავსებს, ხის ძველი ფანჯრები აქვს, რომელიც ნესტისა და სიძველისგან აღარ იღება – “მერიაში საბოლოოდ დამიბარეს, რომ ხელოსანი იშოვე და გადაგიხდითო, 700 იქნება თუ 1000 ლარიო, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ იმდენად შემრცხვა… არ ვიცი რატომ… თითქოს ჩემი ბრალი იყოს სახლი რომ ასეთ მდგომარეობაშია… სხვა რაღაცები ვეღარ ვთქვი… იატაკი რომ ჩამივარდა, ჭერიდან რომ მტვერი ცვივა. აბა ჩემი პენსიით როდის რას ვიზამ, 135 ლარი მაქვს პენსია – განვადება რომ გამოვიტანე, აღარ დასრულდა…” – ამბობს ის.
ფრანების ფესტივალმა უკვე გაალამაზა ბათუმის ზღვის სანაპირო ფერადი სანახაობით მიმდინარე წლის ზაფხულში; სულ ცოტა ხანში ბათუმგორაზე წარწერა ,,ბათუმი“ განათდება; ქალაქს ექნება ნატვრის ხე, სადაც ყველას – ადგილობრივებსა თუ სტუმრებს შეეძლებათ ბათუმს ტოტებზე შებმულ ლენტებად დაუტოვონ ოცნებები; მოეწყობა ნახევრად ღია ტიპის ქართული ჭიდაობის მოედანი, დარბაზი; ქუჩის კალათბურთის პოპულარიზაციისა და სპორტის ამ სახეობით მოზარდების დასაინტერესებლად დაიგეგმება შეჯიბრებები;
„შენი იდეა ბათუმს” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეები შეემატება ქალაქს 2019-2020 წლებში. ეს ინიციატივები იმითაა გამორჩეული, რომ ბათუმელებმა თავად მისცეს ხმა იმ იდეების განხორციელებას, რომლებიც, მათი აზრით, ქალაქისთვის იყო მნიშვნელოვანი. იდეები ქალაქის მცხოვრებლებმა წარადგინეს ვებგვერდზე www.idea.batumi.ge .
ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებიდან ფრანების ფესტივალი 2019 წლის სექტემბერში ჩატარდა, მოქალაქეთა ხმის მიცემის პრინციპით გამარჯვებული დანარჩენი 4 იდეა კი რეალობად 2020 წელს იქცევა.
ზოგადად, მონაწილეობითი ბიუჯეტი ქალაქის მართვაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეს პრინციპი უკვე დაინერგა, ყოველწლიურად იზრდება ქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართული მოქალაქეების რიცხვი.
როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, ნათია აფხაზავა განმარტავს, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესი მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტია, რაც თანდათანობით მიიღწევა. „მნიშვნელოვანია, მერიას გრძელვადიანი ხედვა ჰქონდეს და მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესი მისი პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილი გახდეს, ამის გარეშე პროექტის შედეგიანობაზე საუბარი გაგვიჭირდება“ – ამბობს ნათია აფხაზავა.
მისივე თქმით, მერიის ყველა სამსახურის უნდა ჰქონდეს მზაობა და კოორდინაცია ერთმანეთთან, რომ გამარჯვებული პროექტები დროულად და წარმატებით განხორციელდეს.
მნიშველოვანია ასევე ვადები, რომ პროექტის რეალობად ქცევის თითოეულ სტადიას დაეთმოს უფრო დიდი დრო, მერიაში კი უნდა შეიქმნას კონკრეტული ინსტრუმენტები მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესისა და შედეგის შესაფასებლად.
ნათია აფხაზავა
ქეთი დოჭვირი ერთ-ერთია, ვინც ჯერ დარეგისტრირდა, შემდეგ კი ონლაინ ხმა მისცა მისთვის სასურველ იდეას ვებპლატფორმაზე https://idea.batumi.ge/.
როგორც ქეთი ამბობს, ხმის მიცემის პროცესი საკმაოდ გართულებული იყო და ცოტათი გაუჭირდა ამ პროცესში ჩართვა:
„საკმაოდ რთული პროცედურაა რიგითი მოქალაქისთვის. უნდა მიხვიდე მერიაში, ჯერ დარეგისტრირდე, მერე კი ონლაინ უნდა მისცე ხმა. მესმის, რომ ეს არის თავდაცვის დამატებითი მექანიზმი – ხმები რომ არ გაყალბდეს, მაგრამ პროცესი გასამარტივებელია.
თავად პროექტი ძალიან მომწონს, ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია თავისი იდეა წარადგინოს და მიიღოს დაფინანსება. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო იდეები – კულტურული, სპორტული და ბევრი პროექტი გადავიდა საბოლოო ეტაპზე.
ვისურვებდი მაქსიმალურად გამარტივდეს სამომავლოდ ხმის მიცემის პროცესი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ – ამბობს ქეთი დოჭვირი.
ქეთი დოჭვირი
ქეთის მსგავსად ვებპლატფორმაზე ,,შენი იდეა ბათუმს“ ამჯერად 3000-ზე მეტი პირია დარეგისტრირებული და მათგან 1000-ზე მეტმა ადგილობრივმა მოქალაქემ მისცა ხმა იდეებს გამარჯვებულების გამოსავლენად – ეს რიცხვი, მართალია, ბათუმში მცხოვრებთა 1%-ია და სასურველი იქნებოდა მეტი ჩართულობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი 2019 წელს პირველად ჩატარდა, ნორმალური მაჩვენებელია.
როგორც ბათუმის მერის მოადგილე, ჯაბა ტუღუში ამბობს, მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის გამოყოფილი თანხა თუ 2019 წელს 120 ათას ლარს შეადგენდა, 2020 წლის ბიუჯეტში ამისთვის ნახევარი მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.
„ბათუმის მერია პასუხისმგებელია მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელებაზე, ფინანსების გამოყოფაზე, პროცესის საინფორმაციო მხარდაჭერაზე და ასე შემდეგ.
პროექტს ,,შენი იდეა ბათუმს“ გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, მისი მთავარი მიზანია თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა უშუალო ჩართულობის მექანიზმის ჩამოყალიბება. მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტის შემუშავება, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება“-ამბობს ჯაბა ტუღუში.
ჯაბა ტუღუში
პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
გასულ კვირას პროექტმა ,,შენი იდეა ბათუმს“ ჯილდო მიიღო საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო.
პროექტი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და 2020 წლისთვის იდეების მიღება წინასწარ გამოცხადდება. იდეის წარსადგენად და ხმის მისაცემად საჭიროა ელექტრონული ხელმოწერით რეგისტრაცია პლატფორმაზე – https://idea.batumi.ge/ შესაძლებელი ასევე მერიაში და მერიის სერვისცენტრებში ადგილზე რეგისტრაცია.
ეს არის შენი გზა, შენი გადაწყვეტილება, შენი ქალაქისთვის!
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ “ამბასადორ ბათუმს”, რომელსაც ბათუმის ბულვარში 15 სართულიანი კომპლექსის აშენება სურდა, უარი უთხრა. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ფეისბუქში დაწერა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭომ ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრის პროექტის ესკიზურ ვარიანტზე გუშინ, 30 დეკემბერს იმსჯელა, თუმცა არ შეითანხმა.
პროექტის განხილვას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ დაუშვებელია მსგავსი სიმაღლის შენობა ბათუმის ბულვარში აშენდეს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა, 30 დეკემბერს, გვიან ღამით, საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა აღარ აშენდება.
გთავაზობთ მის განცხადებას უცვლელად:
“მინდა გამოვეხმაურო საზოგადოების კითხვებს ბათუმის ბულვარში შესაძლო მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით.
კომპანია „ამბასადორი ბათუმს“ აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე უარი ეთქვა.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საბჭო კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი კომპანიის, თუ დაინტერესებული პირის მიერ შემოტანილი განცხადება. შესაბამისად, დღეს ძეგლების საბჭომ იმსჯელა კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ მიერ ბულვარში 15 სართულიანი კომპლექსის არქიტექტურული პროექტის მშენებლობის ესკიზურ ვარიანტზე.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2018 წლის მარტში გაცემული აქვს 4-სართულიანი კომპლექსის მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, არ ხდება პროექტში ცვლილებების შეტანა, არ იზრდება მოცულობა და კომპანია ვალდებულია მხოლოდ არსებული ნებართვის საფუძველზე განახორციელოს მშენებლობა,” – წერს ზაურ ახვლედიანი.
რომელი რელიგიის აღმსარებელს შეუძლია აიღოს პირადობის მოწმობა „ჩიპების“ გარეშე და რა სახის დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს მოქალაქემ იუსტიციის სახლში? – ამ კითხვებით იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრს მას შემდეგ მივმართეთ, როცა მინისტრ თეა წულუკიანის ხელმოწერით ბრძანება გავრცელდა. ამ ბრძანების მიხედვით, „უჩიპო“ პირადობის მოწმობა „შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე.“
იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანს ეხება. სამინისტროს პრესცენტრში არ გვიპასუხეს, რა სახის დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს მოქალაქემ, მაგალითად, ნათლობის, ან ჯვრისწერის მოწმობა საკმარისია თუ არა „უჩიპო“ პირადობის მისაღებად, თუ სხვა სახის მოწმობა უნდა გასცეს საპატრიარქომ, ან რომელიმე სხვა რელიგიურმა ორგანიზაციამ?
„ამ ეტაპზე მხოლოდ ეს ინფორმაცია გვაქვს,“ – გვითხრეს იუსტიციის სამინისტროს პრესცენტრში, სადაც დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას დაგვპირდნენ, როცა ეს ექნებათ.
„ჩიპებიან“ პირადობის მოწმობაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 26 დეკემბერს მიიღო. სასამართლომ ე.წ. „ციფრული პასპორტების“ წინააღმდეგ სარჩელის არსებითად განხილვის გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 დეკემბრიდან მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება. ეს გადაწყვეტილება არ ეხება ბიომეტრიულ პასპორტებს.
მობილური ქსელის მომხმარებელი სილქფესტის საახალწლო პაკეტების გააქტიურებას 2 იანვრის ჩათვლით შეძლებს. აქცია აბონენტზე მორგებულ მრავალფეროვან კომბინაციას გვთავაზობს:
უსასრულო საუბარი (ადგილობრივ ქსელებთან) – 10 ლარი;
15GB მობილური ინტერნეტი – 10 ლარი;
100 წუთი (ადგილობრივ ქსელებთან) – 3 ლარი;
2GB მობილური ინტერნეტი – 3 ლარი.
კომბინაციით *202# შესაძლებელია ერთ ან რამდენიმე პაკეტის შეძენა. პირობა აქტიური იქნება 30 დღე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. რამდენიმე პაკეტის შეძენის შემთხვევაში, თითოეულ პაკეტს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. სასაუბრო პაკეტი არ ვრცელდება გლობალსელის და GeoSim-ის მიმართულებებზე.
თიბისი ბანკმა და ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკმა (EBRD) სამ სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პარტნიორობის ფარგლებში, მოზიდული 65 მლნ ლარი მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით ინვესტიციებს მოხმარდება.
დაფინანსება მოიცავს ფართომასშტაბური ტექნიკური კონსულტაციების პაკეტს, რომლის თანადაფინანსებას კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) და ავსტრიის ფედერალური ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს. პარტნიორობის მიზანი მწვანე საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნა და მათი განხორცილებაა. დაფინანსება მოხმარდება ისეთი ტექნოლოგიების განვთარებას, როგორებიცაა, მაგალითად: თერმო იზოლაცია, მზის ფოტოელექტრული სისტემები (პანელები), გეოთერმული თბოტექნიკა, ფექტური სარწყავი სისტემები. მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის (GEFF) ფარგლებში, ბიზნესებს შესთავაზებენ კონსულტაციებს საქართველოში ხელმისაწვდომი მწვანე ტექნოლოგიების შესახებ.
„მწვანე ეკონომიკის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ჩვენი ერთი-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოში. კომპანიების და კერძო პირებისათვის ენერგიის მოხმარება მნიშვნელოვან ხარჯებს უკავშირდება. აღნიშნული ინვესტიცია დაეხმარება მათ მნიშვნელოვნად დაზოგონ ენერგომოხმარება და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა“, – განაცხადა კატარინა ბიორინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.
„უკვე 20 წელზე მეტია EBRD ჩვენი პარტნიორია. ამ ძალიან წარმატებული თანამშრომლობის მანძილზე, EBRD -ი თიბისი ბანკს სხვადასხვა სასესხო პროდუქტით, ტექნიკური დახმარების პროგრამითა და კაპიტალში ინვესტიციებით უჭერს მხარს. ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ფინანსური სექტორისათვის, რადგან ეს ამცირებს უცხოურ ვალუტაში სესხებზე დამოკიდებულების ხარისხს და იცავს ბიზნესებს და კერძო პირებს პირდაპირი სავალუტო რისკებისაგან. აღნიშნული პარტნიორობით, თიბისი ბანკი განაგრძობს ეკონომიკის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობას და ქვეყანაში სამუშაო ადგილების ზრდას“, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
EBRD (ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი) წამყვანი ინსტიტუციონალური ინვესტორია საქართველოში. ბანკმა წლების განმავლობაში საქართველოში უკვე 3.6 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა 239 პროექტში ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროებში. ინვესტიციების 89% კერძო სექტორზე მოდის.
ბათუმის ბულვარში, მთავარი შადრევნის გასწვრივ, ყოფილი პოლიკლინიკის ტერიტორიაზე, კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ 15 სართული შენობის აშენების ნებართვას ითხოვს. პროექტზე დღეს, 30 დეკემბერს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში [კმდს] მსჯელობენ. კომპანია „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან.
კომპანიამ ბულვარში სამშენებლო მოედანი 2016 წელს მოაწყო. როგორც მაშინ კმდს არწმუნებდა საზოგადოებას, ნებართვა ოთხი სართულის მშენებლობაზე იყო გაცემული და შენობას მომავალში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონოდა.
საძირკვლის მოწყობის სამუშაოების გაჭიანურება და გათხრის მასშტაბები ბათუმში თავიდანვე ამძაფრებდა ეჭვებს, რომ კომპანიას აქ უფრო მაღალი შენობის აგება სურდა. ეს ეჭვები – კომპანიას აქვს განზრახვა ბულვარში ააშენოს 15-სართულიანი შენობა, დღეს დადასტურდა.
„ბათუმელებმა“ საძირკვლის გაჭრის მასშტაბებთან დაკავშირებით აქამდეც, 2018 წელს, ჰკითხა კმდს-ს. მაშინ სააგენტოს ნებართვების გაცემისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, ვიქტორია ბერიძემ გვითხრა, რომ შეამოწმეს სამშენებლო ტერიტორია და პროექტთან შესაბამისია საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.
„ამბასადორი ბათუმის“ მიერ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან გაფორმებული შეთანხმებით, 4-სართულიანი კომპლექსის მშენებლობა 2018 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო.
რენდერი – ამბასადორი ბათუმის პროექტი, რომლის აშენებაც ბათუმის ბულვარში სურთამბასადორი ბათუმი
2019 წლის ივნისში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გვითხრეს, რომ კომპანიამ მშენებლობის ვადის გადაწევა ითხოვა და ახალი შეთანხმებით მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულდეს.
შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.
„დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს, ჩვენი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის,“ – გვითხრა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ. ის ტრაბზონში საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს ესაუბრა. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია აქ აქვთ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 30 დეკემბერს, სტამბოლთან მისვლამდე 150 კილომეტრის დაშორებით მოხდა. ავტობუსს თბილისიდან მიჰყავდა მგზავრები თურქეთში. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.
მომხდარზე ინფორმაცია ჯერ არ აქვთ ბათუმში, თურქეთის საკონსულოში.
შენიშვნა: აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაზუსტებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და მძიმედ დაზარალებული თურქეთის მოქალაქეები არიან.
8 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსლან რ.-ს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. მის სხეულში „ჰეროინი“ კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩინეს.
შემთხვევა 2019 წლის მარტში მოხდა. სამართალდამცველებმა რუსლანი მარგარიტა ხ.-სთან ერთად მაშინ შეაჩერეს ჩხრეკისთვის, როცა მათ სარფის საბაჟო გადმოკვეთეს და ბათუმისკენ მოდიოდნენ. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ წყვილს ნარკოტიკი შემოჰქონდა, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკი ვერ აღმოაჩინეს. სამართალდამცველები აღწერენ, რომ რუსლან რ. მათ საკუთარი ნებით გაჰყვა საავადმყოფოში.
რუსლანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა.
„ჩაუტარდა მუცლის ღრუს და მუცლის ღრუს ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, დათვალიერებისას სწორ ნაწლავში გამოვლინდა 6 ცალი ოვალური ფორმის უცხო სხეული შიგთავსით,“ – აღნიშნულია განაჩენში.
განაჩენის მიხედვით, ტომოგრაფიის შემდეგ საქმეში ექიმი-პროქტოლოგი ჩაერთო, რომელმაც რუსლანის სწორი ნაწლავიდან 6 ცალი შენაფუთი ამოიღო „ოვალური ფორმის შავი ფერის მწებავი ლენტი. ერთი ცალი შენაფუთი გახსნილ იქნა, რომელშიც აღმოჩენილ იქნა მოყვითალო ფერის ფხვნილისებრი მასა…“
აღმოჩენილი ფხვნილი „ჰეროინი“ აღმოჩნდა, ჯამში – 26, 3519 გრამი. ეს განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 8-დან 20 წლამდეა, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთაა.
ექსპერტიზის დასკვნის გარდა, მოსამართლე მოწმე პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო. მისთვის ჩვენება ბრალდებულს არ მიუცია. მან დუმილი არჩია.
თბილისი–ზუგდიდი–თბილისის (N878/877) და თბილისი-ბათუმი-თბილისის (808/807) მიმართულებით რეისები შესრულდება – 2020 წლის 3; 4; 5; 6; და 7 იანვარს
დამატებითიმატარებლებიიმოძრავებენ შემდეგიგანრიგით:
თბილისი–ზუგდიდი–თბილისი #878/877
გასვლა
ჩასვლა
გამოსვლა
ჩამოსვლა
08:50
14:30
19:10
0:35
თბილისი–ბათუმი–თბილისი #808/807
გასვლა
ჩასვლა
გამოსვლა
ჩამოსვლა
10:30
15:30
17:00
22:00
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge), სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
,,საქართველოს რკინიგზა” გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!
ინტერვიუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ბერიკა შუკაკიძესთან 2019 წელს „ბათუმელების“ ყველაზე ხშირად წაკითხული სტატიაა.
19 წლის ჩინარა კოჯაევას ისტორია, რომელსაც დაქორწინებას აიძულებდნენ, თუმცა მან ქორწილამდე 3 დღით ადრე შეძლო არასასურველი ქორწინებისგან თავის დაღწევა.
„ამას წინათ მარნეულში ვნახე ერთი ქალი, 28 წლისაა. იმდენი იტირა ჩემთან, რა მოხდებოდა მეც გამებედა, ასე ადრეულად არ გავთხოვილიყავი და მესწავლა. მეც უდნა გამებედა და წინააღმდეგობა გამეწიაო“.
ინტერვიუ ავტომრბოლელი საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, მევლუდ მელაძესთან, რომლის 15 წლის შვილი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
„საკუთარ შვილს ავტომანქანის მართვას არ ვასწავლიდი. მაინც ვერ მიშველა ამან, ვერ გავთვალე, რომ შეიძლებოდა უკანა სავარძელზე მჯდარიყო და მისი მეგობარი – საჭესთან. ჩემი შვილი დაიღუპა, ის 15 წლის იყო, მისი მეგობარი – 13 წლის, რომელიც საჭესთან იჯდა“.
საზღვაო სასწავლებლის მეორე კურსის სტუდენტს, 25 წლის მამუკა ხილაძეს სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეჩერებული ჰქონდა, როცა მან 23 აგვისტოს, შტორმის დროს, სამი მოზარდის გადარჩენა შეძლო. მოზარდების გადარჩენისთვის მამუკა საზღვაო სასწავლებლის მესამე კურსის გადასახადისგან გაათავისუფლეს და სტუდენტის სტატუსიც აღუდგინეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელმა გოგომ ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. გახმაურებული ამბავი, რომელიც პირველად „ბათუმელებმა“ გააშუქა.
ბავშვების ნახატებზე, რომლებიც პედოფილიის მსხვერპლები გახდნენ, ფსიქოლოგი ქეთი დევაძე საუბრობს.
„თერაპიის დროს ბავშვმა რამდენჯერმე თქვა, რომ ის ყოველ საღამოს შიშით ელოდა, როდის გაიგებდა კარის ჭრიალის ხმას, როდის შემოვიდოდა ოთახში მოძალადე, რომელიც მათი ოჯახის ახლობელი იყო… კარის ხმა მისთვის უსიამოვნების დაწყებას ნიშნავდა“.
ბათუმელი რაულ თებიძე იმ დღეს იხსენებს, როდესაც მან 19 დეკემბერს, ბათუმში დაჭრილ პოლიციელს პირველადი დახმარება გაუწია.
„როგორც კი მივედი, დავინახე, პატრული მორბის. მოვიდა მანქანასთან და გაჩერდა, თუმცა მოასწრო რაციით გადაცემა, დაჭრილი ვარო და ჩაიკეცა. გავიფიქრე, სროლა ხომ არ იყო-მეთქი. პირდაპირ მასთან მივედი და შევხედე. „ძმაო, დამეხმარე, ვკვდებიო“ – მითხრა და წაიქცა. ხელი დავუდე, თავი არ ეტკინოს-მეთქი, შემდეგ სისხლი დავინახე, დაჭრილი ვარო. პერიოდულად გონზე მოდიოდა, სისხლი მოსდიოდა ჭრილობიდან, არტერიაზე მოვუჭირე ხელი და სისხლდენა შევაჩერე“.
________________________
ფოტოზე: ფოტოკოლაჟი „ბათუმელების“ 2019 წლის პოპულარული სტატიებიდან
ონკოპათოლოგიები სტატისტიკურად ძალიან გაახალგაზრდავდა. სამშენებლო მტვრითა და ავტომობილების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი, არაჯანსაღი საკვები და ბევრგან სასმელად უვარგისი წყალიც – ექიმები მთელ მსოფლიოში ამ ძირითად მოცემულობებს მიიჩნევენ ონკოდაავადებების მიზეზად. მომატებული რადიაციული ფონიც სიმსივნური პათოლოგიების ერთ-ერთი მთავარი გამააქტიურებელია.
სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური ვარჯიში და სპორტი, კვების ჯანსაღი რეჟიმი, სტრესისგან თავდაცვის უნარები, სკრინინგ-პროგრამებში ჩართვა და ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი – ამ ძირითად რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები სიმსივნეებისგან თავდასაცავად. ხშირად პაციენტებს არასასურველი დიაგნოზის წინასწარი შიში აქვთ და უკიდურეს შემთხვევაში, მდგომარეობის გართულებისას მიმართავენ კლინიკებს, როცა დაავადება მესამე ან მეოთხე სტადიაშია. ექიმები ასევე ადასტურებენ, რომ დაავადებისადმი პანიკური შიში და ნევროზული დამოკიდებულება მკურნალობის შემდეგ ზრდის დაავადების რეციდივის რისკს.
ონკოდაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი სხივური თერაპიაა, რიგ შემთხვევებში კი – შეუცვლელიც. მაგალითად ხორხის სიმსივნისას ქირურგიული ჩარევა მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს, ტრავმები გარდაუვალია, ოპერაციის შემდეგ პაციენტი ვერ ლაპარაკობს და ა.შ. ქირურგიული ჩარევის საუკეთესო ალტერნატივად ამ დროს სხივური თერაპია მიიჩნევა მონოქიმიოთერაპიასთან ერთად, რაც პაციენტებისთვის დიდი შეღავათია.
სხივური და მონოქიმიოთერაპიით პირველ და მეორე სტადიაში ხორხის კიბოს სრული განკურნებაა შესაძლებელი. დაავადების დროული დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია პირველივე დისკომფორტისას პაციენტმა მიმართოს ონკოლოგს და დაძლიოს როგორც დაავადების, ასევე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის, სხივური თერაპიის შიში.
სხივური თერაპია ონკოპაციენტების თითქმის 90%-ს სჭირდება. ონკოლოგიური მკურნალობა კომპლექსურია, რაც ნიშნავს რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით: ქირურგიული ჩარევით, ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით კომბინირებულ მკურნალობას.
სხივური თერაპია გამოიყენება როგორც ოპერაციის წინ ასევე ოპერაციის შემდეგ და ოპერაციისას, როგორც რადიკალური ასევე პალიატიური მიზნით ანუ ტკივილის შესამსუბუქებლად და ზოგ ჯერ ტკივილის მოსახსნელადაც ისეთ დროს როდესაც ტკივილს ნარკოტიკიც კი ვერ აყუჩებს
კანის სიმსივნეებისას სხივური თერაპია მკურნალობის ერთადერთ მეთოდად გამოიყენება.
კანის ბაზალურ-უჯრედოვანი სიმსივნეები, იგივე ბაზალიომები მხოლოდ სხივური თერაპიით სრულად იკურნება და მკურნალობის სხვა მეთოდის გამოყენება საჭირო აღარ არის.
არასწორია – „დასხივება ყველა სხვა უჯრედსაც კლავს“
სხივური თერაპიისას მაიონებელი და არამაიონებელი გამოსხივებით ხდება ზემოქმედება სიმსივნური უჯრედების დნმ-ზე, რაც მათ კვდომას და უჯრედების განეიტრალებას იწვევს.
სხივური თერაპია მართლაც აზიანებს როგორც სიმსივნური, ასევე ჯანსაღი ქსოვილის დნმ-საც, მაგრამ სიმსივნური უჯრედი უფრო მგრძნობიარეა სხივური თერაპიის მიმართ და სწრაფად იღუპება, თუმცა ჯანსაღ უჯრედებს რეგენერაციის უნარი აქვთ.
„მართალია, ჯანსაღი უჯრედების გარკვეული ნაწილის დნმ-იც იშლება დასხივებისას, მაგრამ მათი რეგენერაცია მალევე ხდება. სიმსივნური უჯრედი რჩება დაღუპული და ჯანსაღი ქსოვილი აღდგება მალე.
მაქსიმალურად რომ იყოს შემცირებული ჯანსაღ უჯრედებზე ზემოქმედება და მხოლოდ სიმსივნეს რომ მიემართოს დასხივება, ამისთვის ონკოთერაპევტი აგეგმარებს, ხაზავს დასასხივებელ ადგილს სრული სიზუსტით, საქმეში ჩართულია სამედიცინო ფიზიკოსი, რომელიც განსაზღვრავს და აკონტროლებს დასხივების სიღრმეს, რათა ჯანსაღი ქსოვილები არ დასხივდეს,“ – ამბობს კლინიკა ,,მედცენტრის“ რადიაციული ონკოლოგი მაია ირემაძე.
რადიაციული ონკოლოგი მაია ირემაძე
თუმცა თუ სიმსივნე ღრუ ორგანოებშია, სანამ სხივი მივა დანიშნულ ადგილზე, გაივლის სხვა ორგანოებსაც, ასეთ დროს გამოითვლება ყველა ორგანოს დასხივების დოზა, რაც დასაშვებზე მაღალი არ უნდა იყოს. თუკი დასაშვებზე მაღალია დოზა მაშინ ცვლიან დასხივების კუთხეს, სიღრმეს და ა.შ.
დასასხივებელი ველების ზუსტ განსაზღვრაში რადიაციული ტექნიკოსებიც მონაწილეობენ – ისინი ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალკვალიფიციური ექთნები არიან და ყოველდღიურად აკონტროლებენ სხივური თერაპიით მკურნალობის პროცესს.
არასწორია – „სხივური თერაპია კვალს ტოვებს დამწვრობის სახით”
სხივურ თერაპიას ზოგადად ახასიათებს გვერდითი ეფექტები, დამწვრობაც ასეთი გვერდითი ეფექტია, მაგრამ როგორც ონკოთერაპევტი ციცინო გოგვაძე გვეუბნება, დამწვრობა სხივური თერაპიის გართულებადაც კი არ ითვლება და სრულად შექცევადი პროცესია – კანი სრულად აღდგება თერაპიიდან 8-12 დღეში.
„სხივური თერაპიისას კანს აქვს რეაქცია ფოტონურ გამოსხივებაზე, ისევე, როგორც გვეწვის კანი პლაჟზე დასაშვებზე მეტხანს თუ ვრჩებით და ულტრაიისფერ სხივებს ვიღებთ.
ცხადია, თეთრი კანი უფრო იწვის სხივური თერაპიისას მუქთან შედარებით – ზუსტად ისე როგორც რუჯის მიღებისას.
„ეს ზუსტად პლაჟზე დამწვრობისმაგვარი რამაა, უბრალოდ პაციენტების დიდ ნაწილს აქვს ემოციური დამოკიდებულება და ჩვენ ვურჩევთ წაისვან დღეში ერთხელ დამწვრობის საწინააღმდეგო ჩვეულებრივი მალამო, თუმცა დამწვრობა ჩვეულებრივ გაივლის რამდენიმე დღეში მალამოების გარეშეც“ – ამბობს ციცინო გოგვაძე.
არასწორია – „გადამედება“
ონკოლოგიური დაავადებები არაგადამდებია, შესაბამისად, ჰაერწვეთოვანი გზით, სქესობრივი კავშირით და სისხლით არ გადადის.
სიმსივნის გამომწვევია იმუნური, სოციალური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები. რისკ-ფაქტორებად კი მიიჩნევა თამბაქოს მოხმარება, ცხოვრების არააქტიური წესი, არაჯანსაღი კვება, ალკოჰოლის მოხმარება, ინფექციები, მაგალითად, პაპილომა ვირუსი, მზით ზედმეტად დასხივება, მავნე გარემო, სიმსივნის ოჯახური ანამნეზი ანუ გენეტიკური ფაქტორი და ა.შ.
არასწორია – „სხივური თერაპიის შემდეგ ვასხივებ“
კლინიკა „მედცენტრის“ რადიაციულ თერაპევტს ციცინო გოგვაძეს პაციენტები სხივური თერაპიის შემდეგ ხშირად ეკითხებიან, ასხივებენ თუ არა თავად პროცედურების შემდეგ და ხომ არ უქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს.
„პაციენტები იღებენ დასხივების მკაცრად განსაზღვრულ დოზას გარკვეულ წამებში და ორგანიზმში რადიაცია არ გროვდება. პაციენტები დამსხივებლები არ არიან, პროცედურის შემდეგ არაფერს ასხივებენ და სრულიად უსაფრთხო არიან სხვებისთვის.
რადიაციული თერაპევტი ციცინო გოგვაძე
სხივური თერაპია ხშირად ერევათ პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფია – პეტისკანში, როცა რადიოაქტიური ნივთიერება შეჰყავთ ორგანიზმში – ეს არის კვლევა, დიაგნოსტიკა და ამ დროს პაციენტი იზოლირებულია, იზოლირებულია მისი საპირფარეშოც კი. პეტისკანი აჭარაში არ კეთდება,“ – ამბობს „მედცენტრის“ რადიაციული თერაპევტი.
მისივე თქმით, არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ფარისებრ ჯირკვალს მკურნალობენ კაფსულაში მოთავსებული რადიაქტიური იოდით, კაფსულას პაციენტი ყლაპავს და რამდენიმე დღის განმავლობაში ის რადიაქტიური ხდება, იზოლირებულია და რადიაციის სრულად გამოყოფის შემდეგ სხვებისთვის უსაფრთხო ხდება.
სხივური თერაპიის განყოფილება კლინიკა „მედცენტრში“ 1950 წლიდან არსებობს ონკოლოგიურ დისპანსერთან ერთად, რომელიც შემდეგ მრავალპროფილურ ჰოსპიტალად გადაკეთდა. „მედცენტრში“ ამჯერად თურქულ-ქართული შპს „ამხანაგობა რადიოთერაპია-ბათუმი“ ახორციელებს სხივურ თერაპიას ულტრათანამედროვე ვარიანის ფირმის სხივური ამაჩქარებლით.
სხივური თერაპიისას ორგანოები არ იღებს ისეთ ტრავმას, როგორც გაკვეთისას და სიმსივნური უჯრედები რადიაციული სხივით „მოიწვება“.
აჭარის გზების დეპარტამენტმა 2019 წელს რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 56 569 200 ლარის ინფრაქტრუქტურული ღონისძიებები განახორციელა.
შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოქროპილაურში პირველად საავტომობილო ხიდი აშენდა. შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზაზე აქამდე საფეხმავლო ხიდი მდებარეობდა ახლა კი კაპიტალური ხიდი მოეწყო. პროექტის ფარგლებში გაკეთდა 700მ. სიგრძის საავტომობილო გზა, აშენდა რკინაბეტონის სამმალიანი ხიდი და დაიგო ხიდთან მისასვლელი გზა. სამუშაოების ღირებულებამ 1069800 ლარი შეადგინა. ახალი ხიდი ერთმანეთთან სამ სოფელს : დაბაძველას, კლდის უბანსა და ბესელაშვილებს აკავშირებს და მისით 140 ოჯახი ისარგებლებს.
,, სოფელს სჭირდებოდა სამანქანო გზა, მადლობელი ვართ, ყველასი, ვინც თითო აგური დადო ჩვენი სოფლების გაძლიერებისთვის. კაპიტალური ხიდი და ასეთი გზა აქ არასდოს ყოფილა“ -ამბობს ადგილობრივი თემურ დავითაძე.
შუახევში საავტომობილო გზების ხიჭაური-ახალდაბას და ახალდაბა-წყაროთის მონაკვეთებზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტი 2685 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა. მოეწყო 11975 კვ.მ. ასფალტობეტონის საფარი და სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობა.
გზა იყო დაზიანებული და გრუნტოვანი. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსახლეობის მოთხოვნა გაითვალისწინა და ახალი გზით 300 მდე ოჯახი ისარგებლებს.სამუშაოებისთვის 1 313 399 ლარი დაიხარჯა.
„წელს შუახევის მუნიციპალიტეტში საგზაო დეპარტამენტის მიერ უპრეცენდენტო თანხები დაიხარჯა, მშენებლობის პროცესი გაგრძელდება. აღნიშნა„-აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ“.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ფრიდონ ფუტკარაძის თქმით, შუახევში აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სხვადასხვა პროექტების განხორციელებისთვის 12 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე შუახევში შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა. აღნიშნული გზა დღვანის, ოლადაურის და შუბნის თემებს აკავშირებს. ასევე არის სამხედრო და ტურისტული დანიშნულების. ამ გზით ყოველდღიურად მესაზღვრეები გადაადგილდებიან. მიმდინარე წელს მოეწყო 16698 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 5286 გრძ. მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი ხელოვნური ნაგებობა. სამუშაო პროცესში 45 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტის ღირებულება 2 549 918 ლარს შეადგენს. შუახევი-ჩირუხის გზა დაზიანებული და გრუნტოვანი იყო, ახალი გზის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს.
,,მაღალმთიანი აჭარისთვის ნორმალური ინფრაქტრუქტურის შექმნა ჩვენი დეპარტამენტის პრიორიტეტების სათავეშია. ხელსაყრელი გარემო -პირობები, ადამიანებს აძლევს მეტ შესაძლებლობებს. ყველა პროექტი, რომელიც ჩვენ მიმდინარე წელს განვახორციელეთ, სწორედ მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარეობდა. ახალი ხიდი ერთმანეთთან სამ სოფელს აკავშირებს და მისით 140 ოჯახი ისარგებლებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მომავალ წელსაც არაერთ მნიშვნელოვან პროექტს გეგმავს შუახევში და მთლიანად აჭარაში, რაც დიდწილად გააუმჯობესებს რეგიონის ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას.“-განაცხადა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა მუხრან კაკაბაძე“.
კურორტ „გოდერძიდან“ მწვანე ტბამდე მისვლა უკვე ახალი რეაბილიტირებული საავტომობილო გზით არის შესაძლებელი.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი გზის 6500 მეტრ მონაკვეთზე განხორციელდა და ის კურორტ „გოდერძს“ ასევე დიდაჭარის იაილასაც აკავშირებს.
პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა მოეწყო და სამი ახალი ხიდი აშენდა. სამუშაო პროცესში 50 ადამიანი დასაქმდა. პროექტი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 6 320 570 ლარით დაფინანსდა.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, მწვანე ტბის ინფრასტრუქტურული განვითარება ახალი შესაძლებლობაა ხულოს მუნიციპალიტეტისათვის.
„აჭარაში, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ როგორც კურორტ “გოდერძს”, ასევე ბეშუმს და მწვანე ტბას. ეს ერთობლიობაში შექმნის ახალ ტურისტულ მიზიდულობას, ახალ ტურისტულ კლასტერს, რომლითაც პირველ რიგში ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ ხულოს მაცხოვრებლები,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის მუხრან კაკაბაძის განცხადებით კი, „ამ გზის რეაბილიტაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც მუნიციპალიტეტისათვის ასევე რეგიონისთვის, ვინაიდან მთელი წლის განმავლობაში მწვანე ტბას ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს და ამ ახალი გზით უფრო მეტი ვიზიტორი ესტუმრება“.
ასევე კურორტ გოდერძიზე სრულიად ახალი საავტომობილო გზის გაყვანის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ახალი გზა საინვესტიციო მიწის ნაკვეთებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი კურორტ გოდერძიზე 1320 მ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. (სამუშაოებში 8 ადამიანი არის დასაქმებული). პროექტი აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 755 555 ლარით ფინანსდება.
საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 26 დეკემბერს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
საახალწლო ღონისძიებები წელს ბათუმის ბულვარში იმართება, მთავარი სცენა საზაფხულო თეატრის წინაა დამონტაჟებული. თუმცა კონცერების ნაწილი გაიმართება ასევე ბულვარში, კოლონადებისა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ყოველ საღამოს პროგრამას დიჯეები დაასრულებენ.
საახალწლო დეკორაცია ბათუმის ბულვარშისაახალწლო დეკორაციები ბათუმის ბულვარში მდებარე შადრევანშიც არის განთავსებულისაზაფხულო თეატრის წინ დამონტაჟებულია სცენა. 31 დეკემბერს აქ გალაკონცერტი გაიმართება
საახალწლო გასართობი პროგრამა 31 დეკემბერს დღის 4 საათზე დაიწყება.
16:00 საათზე: Babba 19:00 საათზე: Lasha Guruli 23:00 საათზე: გალა კონცერტი. წამყვანები: ნიკოლოზ რაჭველი, ლიკა ევგენიძე, სოფო ხალვაში. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი.
გალაკონცერტში მონაწილეობენ: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე (ბენდით), სოფო ხალვაში, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი, სვანსიხი, ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე. ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ბერიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ნონა კორიფაძე, ანსამბლი „ბათუმი“, ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, კახაბერი და ხანუმები.
ასე გამოიყურება ბათუმის მთავარი ნაძვიხე, რომელზეც 200 მანათობელი ქოლგაა დამონტაჟებულიმთავარი ნაძვის ხებათუმის ბულვარი
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსები: N1, N1ა, N3 და N11 ახალი წლის ღამეს 01:30 საათამდე იმოძრავებენ.
„საახალწლო გალაკონცერტი ბულვარში, 31 დეკემბერს, 23:00 საათზე დაიწყება, ამიტომ, აღნიშნული ავტობუსები ღამის 2-ის წუთებამდე იმოძრავებენ. რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, 31 დეკემბრის 22:00 საათიდან პირველი იანვრის 01:30 საათამდე ამ ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ასე გვაქვს დაგეგმილი, თუმცა, შესაძლოა სხვა მარშრუტებიც დაემატოს,“ – გვითხრეს „ავტოტრანსპორტში“.
„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში ამჯერად 2 მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ექსპროპრიაციას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება აღნიშნული ქონების [მიწა, მრავალწლიანი ნარგავები] ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით 7 ფიზიკურ პირთან.
მარადიდში მიწის ამ 2 ნაკვეთის მესაკუთრეები არიან გიორგი, ეზიზე, ლეილა, მაგული, მარიკა, მევლუდ და ნათელა დიდმანიძეები. მდინარე ჭოროხის მიმდებარედ არსებული ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 1639 კვ/მეტრია.
2019 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, სოფელ მარადიდში ექსპროპრიაციას 34 პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაექვემდებარა – ჯამში 24 309 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები და 4 859,5 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობები.
„2011 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყო ჰიდროელექტროსადგურების – „კირნათისა“ და „ხელვაჩაური 1” -ის მშენებლობა. ამასთან, „ხელვაჩაური 1 ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს „კირნათი ჰესის“ პროექტის დასრულება.
ზემოთ დასახელებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპანიას აღმოუჩინოს მხარდაჭერა ელექტროსადგურებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დღეის მდგომარეობით [2019 წლის 11 დეკემბერი], როგორც სახელმწიფოსაგან, ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და კირნათი ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების (ზედ არსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავების) გამოსყიდვა“.
ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ეზოში მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისთვის ორსართულიან შენობას ააგებს. აუზის მშენებლობაზე აკადემიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 516 317 ლარია.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობა, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საზღვაო აკადემიას საწვრთნელი აუზის მშენებლობაზე სააგენტოს ნებართვა აქვს.
საპროექტო ტერიტორია საზღვაო აკადემიის ეზოში, სადაც აუზი უნდა აშენდეს
„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე და მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტაზე დგომის შესახებ კონვენციის (STCW) შესაბამისად საჭიროებს საწვრთნელი აუზის მშენებლობას, გარდა ამისა ავტორიზაციის მიღების მთავარი და გადამწყვეტი პირობაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის უნივერსიტეტს გააჩნდეს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად მოწყობილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით გარდა იმისა, რომ დაკმაყოფილდება ავტორიზაციის სტანდარტი, ასევე განახლებული ინფრასტრუქტურის საშუალებით უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა მოამზადოს სტუდენტები, როგორც უმაღლეს საგანმნათლებლო პროგრამებზე, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე,“ – აცხადებს აკადემია.
აუზის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია: აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან – 1 100 000 ლარი, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიზნობრივი გრანტი – 300 000 ლარის ფარგლებში და საგანმანათლებლო მომსახურებიდან და სხვა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები – 116 319 ლარის ფარგლებში.
აუზი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა აშენდეს. წინადადებების მიღება 2020 წლის 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც „სასწავლო დანიშნულების ორსართულიანი ნაგებობის აგება ხელს არ შეუშლის საზღვაო აკადემიის ისტორიული შენობის აღქმას.“
ამონარიდი ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის შედეგებიდანაუზის შენობა, რომელსაც ბათუმის საზაღვაო აკადემიის ეზოში ააშენებენ / ფოტოილუსტრაცია საპროექტო დოკუმენტებიდან
პროექტის მიხედვით:
„საპროექტო შენობა მოეწყობა აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ მოედნის ადგილას. შენობა სასწავლო დანიშნულებისაა და წარმოადგენს 2-სართულიან ნაგებობას რომლის ფასადიც ორიენტირებულია დელფინარიუმის მხრიდან.
შენობის პირველ სართულზე განთავსდება: ჰოლი, სან. კვანძები, საშხაპე გასახდელთან ერთად. დამხმარე სათავსო, ტექნიკური ოთახი აუზის აგრეგატის დასამონტაჟებლად, შენობის I სართულის შიდა საერთო ფართობი აუზის ჩათვლით 489.3 კვ.მ-მდე. ხოლო მოშენების ფართობი არის 592 კვ.მ; I სართულის სიმაღლე არის 2.80 მეტრი, შენობის მეორე სართულზე ასასვლელად გამოყენებულია მონოლითური რკინა ბეტონის კიბე.
შენობის მეორე სართულზე განთავსდება: კიბის უჯრედი, აუზი [12მ X 22მ] და ბაქანი; II სართულის შიდა საერთო ფართობი აუზის ჩათვლით 532.1 კვ.მ-მდე, ხოლო მოშენების ფართობი არის 592 კვ.მ; II სართულის სიმაღლე არის 6.20 მეტრი, შენობის სახურავის მოსაწყობად გამოყენებულია ლითონის ფერმები ხოლო გადახურვისათვის სენდვიჩ პანელის ფილები“.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ჯამში გასცა 50 400 ლარი. აღნიშნული ქმედება შეუსაბამოა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებთან,“ – აცხადებს აუდიტი.
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის
საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობის ხარჯებს, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად გაწეულ ხარჯებს, თუმცა მერიის მიერ აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.
აუდიტის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის თანახმად, საკრებულოს წევრთათვის ასანაზღაურებელი ასეთი ხარჯების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის 15%-ს, ანუ 2018 წლისათვის 525 ლარს.
„წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს, 2018 წელს, ხარჯების ანაზღაურების სახით, სულ მიღებული აქვთ 50 400 ლარი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. თანხების გაცემის საფუძველია საკრებულოს მომართვა, საკრებულოს წევრზე ანაზღაურების გაცემის შესახებ, რაც არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტისთვის დადგენილ კრიტერიუმებს,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის რეკომენდაციით: „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ დაუშვას საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე… ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რაც უზრუნველყოფს საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრის საქმიანობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი მიზნების დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას“.
ხელვაჩაურის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტმა 2019 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა.
„აუდიტის მიგნებებით გამოვლენილ იქნა არამიზნობრივად და არაეფექტიანად გაწეული ხარჯები, უხარისხოდ შესრულებული და შეუსრულებელი სამუშაოები, საგარანტიო პირობების გამოუყენებლობის ფაქტები, ასევე დაქვემდებარებულ იურიდიული პირების საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზები და სხვ., რაც დასტურია იმისა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო შიდა კონტროლის სისტემა, რაც უარყოფითად აისახება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და გაწეული ხარჯების გამჭვირვალობაზე, ეფექტიანობასა და პროდუქტიულობაზე. აღნიშნულის დასტურია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წინამდებარე და გასული წლების ანგარიშებით გამოვლენილი დარღვევები/ნაკლოვანებები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები“ – აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტი ასევე აცხადებს, რომ „წინა წლებში გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსასწორებლად მუნიციპალიტეტის მიერ გატარებულია სხვადასხვა ღონისძიება, თუმცა არის საკითხები, რომელთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები და რომლებიც ასევე დაფიქსირებულია მიმდინარე აუდიტის ფარგლებში“.
მთავარი ფოტო: ხელვაჩაურის საკრებულო / ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
საახალწლო ღონისძიებები ბათუმში 26 დეკემბერს ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
საახალწლო ღონისძებები წელს ბათუმის ბულვარში იმართება, მთავარი სცენა საზაფხულო თეატრის წინაა დამონტაჟებული, თუმცა კონცერტების ნაწილი გაიმართება ასევე ბულვარში, კოლონადებისა და ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ყოველ საღამოს პროგრამას დიჯეები დაასრულებენ.
საახალწლო დღეების პროგრამა ბათუმში [29 დეკემბერი – 7 იანვარი]:
29 დეკემბერი
14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – ცელქი ბავშვები 19:00 საათზე: Override, Geoplanet 21:00 საათზე: Mari
30 დეკემბერი
14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი სტუდია Art BMT 21:00 საათზე: Chiki
31 დეკემბერი
16:00 საათზე: Babba 19:00 საათზე: Lasha Guruli 23:00 საათზე: გალა კონცერტი. წამყვანები: ნიკოლოზ რაჭველი, ლიკა ევგენიძე, სოფო ხალვაში. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი – ნიკოლოზ რაჭველი.
გალა კონცერტში მონაწილეობენ: ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნინო ქათამაძე (ბენდით), სოფო ხალვაში, გიორგი ცაგარელი, ნიკა კოჩაროვი, სვანსიხი, ნიკა მაჩაიძე, ნატალია ბერიძე. ნიკო ბერიძე, აჩიკო გოგიტიძე, გიორგი ბერიძე, სულხან ჯაიანი, ოთარ ნაკაშიძე, ნონა კორიფაძე, ანსამბლი „ბათუმი“, ე. ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, კახაბერი და ხანუმები.
1 იანვარი
20:00 საათზე: Road Radio 21:00 საათზე: Maja
2 იანვარი
14:00საათზე საბავშვო კონცერტი – „ნიჟარა“ 18:00 საათზე: კონცერტი – ნატო თურმანიძე, თამარ მეჭიაური, თამუნა მიქელაძე, ვაჟა ხომერიკი, გიორგი ტუღუში, გიორგი დიასამიძე, სულხან დევაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, ნანუკა მიქაძე, ლადო ყატაშვილი, სალომე კალანდაძე, მზიკო ფარტენაძე, გიორგი ცხადაძე, მერაბიკო დოლიძე, „ლურჯი იალქანი“. 21:00 საათზე: Beqa
3 იანვარი
14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ჰარმონია 20:00 საათზე: Elrow 21:00 საათზე: MicheleBe
4 იანვარი
14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ლალე 20:00 საათზე: ირაკლი ფაღავა 21:00 საათზე: Kimo
5 იანვარი
14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი – სტუდია ლალე 20:00 საათზე: SeaSide 21:00 საათზე: Yakudza
6 იანვარი
14:00 საათზე: საბავშვო კონცერტი School Band 20:00 საათზე: ბენდი „თავისუფალი სივრცე” 21:00 საათზე: Nika Jakeli
ხელვაჩაურის მუნიციპალურ ორგანიზაციებში დასაქმებულ შტატგარეშე მოსამსახურეთა ნაწილი საერთოდ უფუნქციოდაა, ან კიდევ ხელოვნურადაა შექმნილი ისეთი თანამდებობები, რომელთა არსებობა სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი; დასაქმებულთა ნაწილი არ ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს; ამასთან, შტატგარეშე დასაქმებული არიან იმ ობიექტზეც, რომელიც წლებია არ ფუნქციონირებს [მაგალითად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზარი, სადაც დასაქმებულია 3 ადამიანი] – ასეთია აუდიტის დასკვნა, რომელიც ორი დღის წინ გამოქვეყნდა და რომელიც 2018 წელს ეხება.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ხელვაჩაურში მოქმედებდა მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 7 ა(ა)იპ და ერთი − შპს. აუდიტის ჯგუფის მიერ იურიდიული პირების შესრულებული სამუშაოების და გაწეული ხარჯების შესწავლის შედეგად გამოვლინდა გარკვეული შეუსაბამობები:
„შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ მიერ, გაწეული სამუშაოების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ ირკვევა დაზიანების გამომწვევი მიზეზები, მათში მითითებულია მხოლოდ სამუშაოთა წარმოების ადგილი/ობიექტი და გახარჯული მასალის ჩამონათვალი. დადგენილია, რომ 2018 წელს შესრულებულია 39 844 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები იმ პროექტებზე, რომლებიც მერიის მიერ შესყიდული იყო სახელმწიფო შესყიდვების საშუალებით და მათზე ვრცელდებოდა საგარანტიო ვადა [შესაბამისად „წყალკანალს“ არ ჰქონდა სამუშაოთა წარმოების უფლება].
შპს „ხელვაჩაურის წყალკანალისა“ და მერიის არაკოორდინირებული მუშაობის შედეგად, არ ხდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს საგარანტიო პირობების გამოყენება, რაც წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკს.
ა(ა)იპ − „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ მიერ გაწეული სამუშაოების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ კომუნალური მომსახურების სამსახურის მიერ წესდებით განსაზღვრული ფუნქციების შეუსაბამოდ დახარჯულ იქნა 20 576 ლარი, კერძოდ:
საბავშვო ბაღებში სარემონტო სამუშაოებისათვის დაიხარჯა 12 676 ლარი; ორთაბათუმის საბავშვო ბაღის მოხატვისთვის დაიხარჯა 4 900 ლარი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის რუკის მომზადებისათვის დაიხარჯა 3 000 ლარი – აუდიტის ჯგუფის მიერ შემოწმებულ იქნა საბავშვო ბაღებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები. შედეგად გამოვლინდა, რომ სამუშაოები შესრულებულია ხარვეზებით.
აუდიტის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში დასაქმებული არიან როგორც შტატით გათვალისწინებულ, ასევე შტატგარეშე თანამდებობებზე. ორგანიზაციების ნაწილში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა (შტატგარეშე) რაოდენობა ბევრად აღემატება შტატით დასაქმებულ პირთა რაოდენობას.
მაგალითად, 2018 წელს შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ შტატით – 17, შტატგარეშედ კი 84 თანამშრომელი იყო დასაქმებული; ა(ა)იპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში“: შტატით – 25, შტატგარეშედ – 41, ხოლო ა(ა)იპ „ხელვაჩაურის სასაფლაოებში“ შტატით – 9, შტატგარეშედ კი 39 თანამშრომელი ჰყავდათ.
ამასთან, აუდიტის მიხედვით, შტატგარეშე დასაქმებულ პირებთან არსებული ხელშეკრულებებით არ იყო განსაზღვრული დასაქმებულ პირთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები და შესასრულებელი სამუშაოები, ხელშეკრულებები ფორმალური და ზოგადი ხასიათისაა.
ხელვაჩაურის მერიამ, ბათუმი-ახალციხის გასწვრივ, მდინარე აჭარისწყალზე, 2018 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება 219 ათას 097 ლარზე გააფორმა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, მერიას ამ სამუშაოების ჩატარების უფლება არ ჰქონდა. აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ მერიამ ნაპირგამაგრებამდე მიმდებარე ნაკვეთები გაყიდა, სადაც კერძო კომპანია სასტუმრო/რესტორანს აშენებს.
„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2018 წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებამდე, მუნიციპალიტეტის მიერ პრივატიზებულ იქნა მიმდებარე ტერიტორიები, რომელთა მყიდველიც ერთი და იგივე პირია. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის [სასტუმრო/რესტორანი] მშენებლობა.“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც 2019 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნდა.
აუდიტის შეფასებით, ვინაიდან ბათუმი-ახალციხის გზა წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას, ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა. შესაბამისად, ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებაც მისი კომპეტენციაა.
„მუნიციპალიტეტიდან ვერ მივიღეთ განმარტება ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოების საჭიროების შესახებ. სამუშაოების დაწყებამდე არ მიუმართავთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, მსგავსი საქმიანობა ექვემდებარებოდა სკრინინგს [პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას]. გარდა ამისა, შესყიდვისას არასწორად იქნა მითითებული კლასიფიკაციის კოდი. კერძოდ, ნაცვლად „ნაპირის გასამაგრებელი კედლების მშენებლობისა“, მითითებულ იქნა „საყრდენი კედლები“, რაც, შესაძლოა, მიზანმიმართულად განხორციელდა, რადგან მუნიციპალიტეტს აღნიშნულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოების უფლება არ ჰქონდა“ – აღნიშნავს აუდიტი.
აუდიტის მიხედვით, აღნიშნული სამუშაოებისათვის დაფინანსება გამოიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, კაპიტალური ტრანსფერის სახით: „კანონმდებლობის თანახმად კი, კაპიტალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. მიუხედავად ამისა, [ხელვაჩაურის შემთხვევაში], 2018 წლის საბალანსო მონაცემებით, არაფინანსური აქტივები 219 ათას 097 ლარით გაზრდილი არ არის“.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ პრივატიზებული ნაკვეთების [სადაც მერიამ ნაპირი გაამაგრა] მყიდველი, საჯარო რეესტრის მიხედვით არის შპს „თეგა“, რომელიც ბათუმში 2017 წლის ივლისშია რეგისტრირებული. კომპანიის მესაკუთრე მერაბ ქოქოლაძეა, ხოლო დირექტორი – გოჩა ბასილაძე.
„მერიის მიერ საავტომობილო გზის − ბათუმი-ხულო-ახალციხის მე-16 კილომეტრზე, მდინარე აჭარისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხა − 219 ათას 097 ლარი, დაიხარჯა კანონდარღვევით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რაც წარმოშობს მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკს“ – ასკვნის აუდიტი.
აღნიშნული ნაკვეთები სოფელ აჭარისწყალში, მდინარე აჭარისწყალზე მდებარე ხიდთანაა ახლოს. ამ ხიდს კი დაახლოებით ერთი თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შპს „თეგას“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია [ყვითელი ფერით – მათ შორის ხელვაჩაურის მერიის მიერ პრივატიზებული ნაკვეთები] სოფელ აჭარისწყალში
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 დეკემბრის 21 საათიდან 30 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა; უმეტესად უნალექოდ; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 10-15 გრადუსი სითბო;
შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი, დღისით 5-10 გრადუსი სითბო;
მაღალ მთაში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12 დმ (2-3ბალი).
ზღვის წყლის ტემპერატურა +11.5 გრადუსი.
31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და შიდამთიან რაიონებში საღამოს და ღამის საათებში ზოგან წვიმა, მაღალ მთაში კი თოვაა მოსალოდნელი.
დღეს 28 დეკემბერს, ბათუმში კინოთეატრ „აპოლოში“, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები 11 ახალგაზრდას შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა, რომლებიც თავიანთ თემში გამოირჩევიან სამოქალაქო აქტივიზმით, შემოქმედებითობით და აძლევენ მოტივაციას თანატოლებს, იმ გამოწვევებისა და თუ სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, რომელიც მათ რეგიონებში არსებობს. ფილმში მოხვდა ბათუმელი ლუკა ხინკილაძეც, რომელიც 19 წლის წარმატებული მზარეულია. თუმცა ლუკა პრეზენტაციას ვერ დაესწრო, რადგან როგორც ფილმის ავტორები გვეუბნებიან, თბილისში საკუთარ რესტორანს ხსნის და ამ დროისთვის ამ საქმითაა დაკავებული.
ანილ კარამოვი მარნეულში ცხოვრობს, 19 წლისაა და ბავშვებს ჭადრაკს ასწავლის. ის ამბობს, რომ რეგიონში ცხოვრება რთულია, რადგან საქართველოში რეგიონები ნაკლებად არის განვითარებული და ახალგაზრებს საინტერესოს ვერაფერს სთავაზობს განვითარებისთვის. „ამიტომ, შევეცადე ჭადრაკი მესწავლებინა ახალგაზრდებისთვის და ამით სხვებისთვისაც მიმეცა გარკვეული სტიმული“-გვეუბნება ის.
ანანო და თათია ისაკაძეები ტყუპები არიან, ტყიბულში ცხოვრობენ და თანატოლებში აქტიური ცხოვრებისთვის მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავენ. „გვაქვს კლუბები, სადაც ახალგაზრდები გვყავს ჩართული. ვაწყობთ დისკუსიებს მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის გენდერული თანასწორობს საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე და გვინდა რომ ამით მაინც გამოვაცოცხლოთ ჩვენი ქალაქი“-გვეუბნებიან გოგონები.
დემეტრე ფარჯიანი, მესტიის რაიონში, სოფელ ლატალში ცხოვრობს, 17 წლისაა. დემეტრეც მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს მოტივაცია სჭირდებათ, რადგან სოფელი მათ ბევრს არაფერს სთავაზობს.
„ერთი წლის განავლობაში 250-მდე ახალგაზრდა ჩავრთე სამოტივაციო გუნდში და ბოლოს თვითონ, დამოუკიდებლად დაიწყეს პროექტების და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება“. დემეტრეს უნდა რომ ექიმი გამოვიდეს, რადგან ამბობს, რომ რეგიონში პროფესიონალი ექიმების დეფიციტია, თუმცა ასევე აინტერესებს დიპლომატიაც.
16 წლის სოფიო ჩიხლაძე თბილისში ცხოვრობს. მას მეცნიერება აინტერესებს. ის იმ გუნდის წევრია, რომელმაც ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვა და ერთი კვირით აშშ-ში, NASA-ს ცენტრში გაემგზავრა.
„ჩვენმა გუნდმა გამოიგონა მექანიზმი, რომელიც ბიოლოგებს ახალი მედიკამენტის გამოცდაში დაეხმარება. ასევე მაქვს ჩემი სტარტაპი, რომელსაც „ლამპა“ ჰქვია და სანათებს ვაწარმოებთ, რომელიც ტელეფონით იმართება“.
სოფიო ჩიხლაძე მალე მასწავლებლობასაც დაიწყებს ამერიკული სკოლის რობოტიკის აკადემიაში, სადაც დევნილ ბავშვებს სტემ-ის საგნებს შეასწავლის.
ახალგაზრდების შესახებ დოკუმენტური ფილმი მედიასაშუალება SOVA NEWS-მა გადაიღო, ეს არის რუსულენოვანი მედია, რომელიც დასავლური ფონდების ხელშეწყობით ფუნქციონირებს. როგორც მათი წარმომადგენლები გვეუბნებიან, მედია მხარს უჭერს პლურალიზმს და კრეატიულობას რუსულენოვან მედიასივრცეში.
„ამ ფილმში ვაჩვენეთ ახალგაზრდები, რომლებიც თავინათ რეგიონებში სირთულეების, სოციალური პრობლემების თუ სხვა გამოწვევების მიუხედავად აღწევენ წარმატებას.
ეს ის ბავშვები არიან, ვისაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს, რადგან მედიის ყურადღებას სხვა ამბები უფრო იპყრობს. გვინდა ვაჩვენოთ ახალგაზრდები, ვინც შესაძლოა იქცნენ სხვების მოტივაციის წყარო, მიუხედავად რთული ცხოვრებისა და გარემო პირობებისა“-ამბობს სოვა ნიუსის ჟურნალისტი, სოფია თეთრაძე.
მისი თქმით, ფილმი მომზადებულია Creative Content Support Fund-ის მხარდაჭერით, რომლის შტაბ-ბინა ბრიუსელშია, ხოლო წარმომადგენლობა კიევში.
მთავარ ფოტოზე: ანილ კარამოვი, ანანო და თათია ისაკაძეები, სოფიო ჩიხლაძე და დემეტრე ფარჯიანი.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტ გოდერძიზე წელს პირველად აინთება ბუნებრივი გაზი.
ადიგენი-გოდერძის 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა რვა თვეს მიმდინარეობდა. პროექტის ღირებულება 11.5 მილიონი ლარია.
„ახალაშენებულ გაზსადენს მიეცემა „აღმოსავლეთ-დააცლეთის“ მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელი ფუნქცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროს იქნება გამოყენებული“-ნათქვამია მტავრობის პრესრელიზში.
ამავე წყაროს ცნობით, გაზიფიცირების მიმდინარე პროექტის ფარგლებში ასევე დასრულდა სალიბაურიდან ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟის პირველი ეტაპი, ხოლო „მეორე ეტაპის დასკვნითი სამუშაოები, რომელიც შუახევიდან გოდეძიმდე 56 კმ გაზსადების მილების მოწყობას ითვალისწინებს, 22 კმ-ზე უკვე დასრულებულია“.
პოსტერების კონკურსში – „არა ბულინგს“, ჟიურის რჩეული გახდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე შალვა ხილაძე.
პოსტერის შუაგულში სარკეა მოთავსებული, შალვა ამბობს, რომ სარკის მიზანია, ყველა ადამიანი, ვინც შიგ ჩაიხედავს, საკუთარი თავი დაინახოს და წარმოიდგინოს დაჩაგრული ადამიანის ადგილზე.
„სარკის ზემოთ არის ადამიანის ხელები, რომელიც სარკისკენ არის გამოშვერილი, ხელის თითებზე ის სიტყვებია წარწერილი, რითაც ჩაგრავენ ხოლმე ბავშვები ერთმანეთს. წარმოიდგინეთ რომ გახსენებდნენ შენს წონას ყოველდღე, გეძახიან ოთხთვალას იმის გამო, რომ სათვალეს ატარებ და ა.შ.
გვერდით სამოტივაციო სიტყვები დავწერე, მაგალითად ასეთი: „ძლიერი ადამიანი თავის თავს იცავს, უფრო ძლიერი, სხვებსაც“ – გვეუბნება შალვა.
შალვა ამბობს, რომ ბულინგის წინააღმდეგ ყველამ უნდა იბრძოლოს, რადგან ის საკმაოდ ძლიერადაა გავრცელებული ბავშვებში, მოზარდებში და ზოგადად, საზოგადოებაში.
შალვა ხილაძის პოსტერი – „რა ბულინგს“ ჟიურის რჩეული გახდა
„ბავშვებს უფრო მეტი თანადგომა რომ შეეძლოთ, აუცილებელია მათთან საუბარი. როცა მეგობარი იჩაგრება, ჩვენ მეგობრები ვეხმარებით, მაგრამ სხვა რამეც საჭიროა ამის შესაჩერებლად. ვფიქრობ, ბულინგის ზრდა თანამედროვე ინტერნეტთამაშებსაც უკავშირდება. მაგალითად, ისეთი თამაშები, სადაც არის ადამიანის მოკვლა, ჩაგვრა, ეს ბავშვის ფსიქიკაზე ზეგავლენას ახდენს, შეიძლება ბავშვის ცხოვრებაც ახდენდეს ამაზე გავლენას, გაღიზიანებული იყოს და ჯავრი სხვა ბავშვზე იყაროს“ – გვეუბნება შალვა ხილაძე.
მოზარდი ამბობს, რომ ბულინგი დღეს ძალიან თვალშისაცემი პრობლემაა.
„განსაკუთრებით უფროსი ბიჭები აბულინგებენ პატარებს, რადგან ჰგონიათ, რომ თუ მათზე სუსტებს დაჩაგრავენ, სხვების თვალში მაგრები გამოჩნდებიან. მასწავლებლებიც გვეუბნებიან და მეც ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ადამიანის, მით უმეტეს შენზე სუსტის დაჩაგვრა კი, ძალიან ცუდია. არ შეიძლება ვინმე ვინმეზე უპირატესი იყოს. ვფიქრობ, ბავშვებს თანადგომა უნდა ვასწავლოთ. მაგალითად, ბავშვებს, რომლებსაც ერთმანეთთან პრობლემა აქვთ, რამენაირად უნდა ვეცადოთ, რომ საერთო ენა გამონახონ“ – ამბობს შალვა.
შალვასთან ერთად ჟიურის რჩეულები გახდნენ თბილისის 32-ე სკოლის მოსწავლე ანა მაიუსრაძე და ახალციხის, ვალის მე-2 სკოლის მოსწავლე ნინო სირია. გამარჯვებულ მოსწავლეებს 200-200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ საჩუქრად.
პირველი ადგილის მფლობელი კი ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე ირინე ფრუიძე გახდა, მას საჩუქრად 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა.
განათლების სამინისტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანი იყო მოზარდებს გამოეხატათ დამოკიდებულება ძალადობის ყველა ფორმის, მათ შოროს ფიზიკური, ვერბალური, ფსიქოლოგიური, კიბერ და სხვა ტიპის ბულინგის მიმართ.
სასკოლო აქტივობების ფარგლებში ასევე გამოცხადებული იყო კომიქსების კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. სატენდერო თანხა 41 მილიონ 468 ათასი ლარი იყო, შპს „მაქრო ქონსთრაქშენი“ კი კორპუსების მშენებლობას სამინისტროს 39 მილიონ 809 ათას 280 ლარად სთავაზობდა.
ტენდერის შეწყვეტის ოქმში ვკითხულობთ, რომ მიზეზი, „სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი რიგი უზუსტობები იყო სამშენებლო მოცულობების ნაწილში“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა. საწყისი სატენდერო თანხა ამჯერად 1 980 000 ლარითაა შემცირებული და 39 488 000 ლარია.
ხელახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 22 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს შეწყდება. შესაბამისად, ახალი სატენდერო პროცედურების გამო მშენებლობის დაწყება დროში გაიწელება. თუმცა, ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულდეს გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 17 თვეში. წინა ტენდერში კი დასრულების ვადად არაუგვიანეს 18 თვე იყო მითითებული.
ამონარიდი ტენდერის შეწყვეტის ოქმიდან
„ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაზე ხელშეკრულება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ამხანაგობა „ინჟარქიტექტისთან“ 320 ათას ერთ ლარზე 2019 წლის 25 მარტს გააფორმა. პროექტი 2019 წლის ივნისის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა მშენებლობაზე ტენდერი სამინისტრომ მხოლოდ 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა.
ტენდერის შეწყვეტამდე, სამინისტროს სატენდერო კომისიამ, ტენდერში მონაწილე კომპანიისაგან წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის „სრულყოფილად განხილვა“ წინასწარ განსაზღვრულ ვადაში „ვერ მოახერხა ამ დოკუმენტაციის მოცულობის გამო“.
შესაბამისად, კომისიამ, განხილვის ვადა 2019 წლის 24 დეკემბრის ოქმით, 2 დღით გაახანგრძლივა. 2019 წლის 26 დეკემბერს კი, ტენდერი შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი მეორე დღესვე, 27 დეკემბერს გამოაცხადა.
5 მილიონ 876 ათას 164 ლარია გათვალისწინებული ქალაქ ფოთში, იმ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაობისთვის, სადაც შემდგომში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი უნდა გაიხსნას. ფილიალი 1 000 სტუდენტზე იქნება გათვლილი.
ფოთში, წმინდა გიორგის ქ. N24-ში მდებარე, ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა, რომლის რეაბილიტაციაც უნდა ჩატარდეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს. ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 22 იანვარს დაიწყება და 27 იანვარს შეწყდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის აკადემიას 5 876 164 ლარს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ეტაპობრივად გამოუყოფს – აკადემიასა და ტენდერში გამარჯვებულ შესაბამის კონტრაქტორ კომპანიას შორის შენობის რეაბილიტაციაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
ბათუმის საზღვაო აკადემიის ინფორმაციით, ფილიალი საწყის ეტაპზე მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული – როგორც მეზღვაურის პროფესია, ასევე საპორტო პროფესიები. მაგალითად: გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითი მეზღვაური, შედუღება, ხარატი, ამწის ოპერატორი, კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი, თევზსაჭერი გემის ნავიგაცია, პორტების ლოგისტიკის ოპერირება, და ა.შ.
აკადემია აცხადებს, რომ „სასწავლებელს გააჩნია სოცილური დატვირთვაც. დღეის მდგომარეობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან ფიქსირდება მაღალი ინტერესი საზღვაო პროფესიებთან მიმართებით… თუმცა, აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეები სოციალურად შეჭირვებული არიან და ბათუმში საცხოვრებელ ხარჯებს ვერ ფარავენ, ამიტომ მათი ამ განათლებაზე წვდომა შეზღუდულია“.
„აქვე აღსანიშნია, რომ 2024 წლამდე თევსაჭერი ლიცენზიის მფლობელებს გააჩნიათ ვალდებულება თევზჭერა განახორციელონ ეტაპობრივად ქართული ეკიპაჟით. აღნიშნული ვალდებულება 2018-2019 წწ. 30%-ია. ლიცენზიის პირობებით კი განსაზღვრულია, რომ პირობის შესრულება დამოკიდებულია კვალიფიციური კადრების არსებობაზე, რომლებსაც შესაბამის მომზადება და წვრთნა დაჭირდება. აღნიშნულ პროცესს აკადემია უზრუნველყოფს ფოთში, რადგან სწორედ ამ რეგიონის მოსახლეობა არის ძირითადად დასაქმებული თევზსაჭერ ფლოტში. საპორტო პერსონალს ასევე მუდმივად ესაჭიროება გადამზადება, განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც კონტეინერიზაციის მაჩვენებელი აღწევს ისტორიულ მაქსიმუმს, შესაბამისად ამწის ოპერატორის, ლოჯისტიკის სპეციალისტის პროგრამებზე მოთხოვნა მაღალია.“ – აცხადებს აკადემია.
საზღვაო აკადემია ასევე აღნიშნავს, რომ „ფოთის სასწავლებელი მოემსახურება რეგიონის ლოგისტიკურ ინტერესებს და ასევე, ნაწილობრივ დაფარავს როგორც მეთევზე მეზღვაურთა, ასევე მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნას, რაც სრულად ახალი კონცეფციაა და ბათუმის სასწავლებლისგან განსხვავდება, რომელიც თავის მხრივ ორიენტირებულია ოფიცერთა შემადგენლობის მომზადებაზე“.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსების შესახებ მემორანდუმს ხელი 2019 წლის 5 მაისს მოაწერეს.
იმ შენობის არსებული სიტუაცია ფოთში, სადაც ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი უნდა გაიხსნას / ფოტო საპროექტო დოკუმენტიდანშენობის ვიზუალიზაცია რეაბილიტაციის შემდგომ / რენდერი პროექტიდანშენობის ვიზუალიზაცია რეაბილიტაციის შემდგომ / რენდერი პროექტიდან
სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია.
„9 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ამჟამად იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“-ოფიციალური განცხადება დღეს 28 დეკემბერს გავრცელდა აღნიშნული სამსახურის მიერ.
ვაჟა გაფრინდაშვილის დე ფაქტო ცხინვალის სასამართლომ ერთლიანი პატიმრობა შეუფარდა, საზღვრის უკანონო კვეთის მოტივით. თუმცა ვაჟა გაფრინდაშვილი არ აღიარებდა ამ ბრალდებას.
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოტივით რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები იმართებოდა ქვეყანაში. ექიმის გათავისუფლების მოუწოდებდნენ საოკუპაციო რეჟიმს როგორც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები.
2019 წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 162 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
აჭარაში უკანონო თევზჭერის 47 ფაქტია გამოვლენილი მიმდინარე წელს, ყველაზე მეტი, – 98 ფაქტი კი იმერეთში გამოვლინდა. შემდეგი რეგიონი ქვემო ქართლია, სადაც 59 ფაქტი გამოვლინდა, შიდა ქართლში – 48 ფაქტი.
კახეთში – 39
სამეგრელო-ზემო სვანეთში – 24
შავ ზღვაში – 24
გურიაში – 30
სამცხე-ჯავახეთში – 20
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა.
თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 49 ფაქტი და მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – 16.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯამში უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 410 კგ-მდე შეადგინა.
ბათუმში, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯს შეიძენენ. ავეჯის სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დასადგენად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონი“ ფასთა კვლევას ატარებს. ეს სახელმწიფო კომპანია სტადიონის მშენებლობას კურირებს.
დაინტერესებულმა პირებმა შპს „სტადიონს“ თავიანთი წინადადებები, თუ რა ფასად მიაწვდიან ავეჯს, 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით, წერილობით უნდა მიაწოდონ. შეთავაზებები იმ მოთხოვნებსა და ტექნიკურ დავალებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც „სტადიონს“ აქვს. შეთავაზება სავარაუდო ღირებულებასთან ერთად, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას შესყიდვის ობიექტის მიწოდების სავარაუდო ვადის შესახებ.
ბათუმში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე [2010 წლის მარტში] დასრულდეს. საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს, რომელთანაც ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, ჯამში, 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.
ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონზე ჯამში 3 940 კვ/მ კომერციული ფართობიც იქნება.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე განათების სისტემა დამონტაჟდა / ფოტო: შპს „სტადიონი“