მთავარი,სიახლეები

ქალი: განვადებით ნაყიდ ტექნიკის გამო სოციალურ დახმარებაზე უარი მითხრეს

31.12.2019 • 2432
ქალი: განვადებით ნაყიდ ტექნიკის გამო სოციალურ დახმარებაზე უარი მითხრეს

აჭარაში დღეის მდგომარეობით საარსებო შემწეობას 41 504 ადამიანი იღებს, ეს აჭარის სრული მოსახლეობის 12.3%-ია. მათ სიაში არ არის 62 წლის ლია გოგიბერიძე, რომელსაც სოციალურ დახმარებაზე უარი, შვილის მიერ განვადებით ნაყიდი ტექნიკის გამო უთხრეს.

62 წლის ლია გოგიბერიძე ბათუმის ცენტრში, ზუბალაშვილის #28-ში მდებარე პატარა იტალიურ ეზოში, 6 წლის შვილიშვილთან – დათასთან ერთად ცხოვრობს. დათას დედამ სამსახური ბათუმში ვერ იშოვა და სვანეთში გადავიდა. “კერძო სასტუმროში მუშაობს ხან მზარეულად, ხან ალაგებს. იქედან მეხმარება. ბავშვი ავად მყავდა, ანემიის ნიშნები ჰქონდა, ძალიან შემეშინდა, წამლები ასე ვუყიდეთ”, – ყვება ლია.

დათას მშობლები გაშორებულები არიან, მამა ცალკე ცხოვრობს და ბავშვს მატერიალურად ვერ ეხმარება. ამის მიუხედავად დათას დედას მარტოხელა დედის სტატუსი მაინც არ აქვს. ეს იმიტომ, რომ ბავშვს მამის გვარი აქვს, კანონი კი ამას ერთ-ერთ აუცილებელ პირობად მიიჩნევს, მარტოხელა დედის სტატუსის მისანიჭებლად. “მარტოხელაა აბა რა არის? მამა არ ჰყავს, და-ძმა არ ჰყავს, ქმარი არ ჰყავს, ერთი მე ვყავარ – პენსიონერი დედა და მარტოხელა არ არის? არაო, ბავშვი თავის გვარზე არ ჰყავს და იმიტომო. ეს არასწორი მგონია, ალბათ კანონში წერია, მაგრამ არასწორია ბავშვი კანონიერი ქმრისგან ჰყავს და გვარი როგორ გადაუკეთოს, იმის გამო, რომ სოციალური მიიღოს. ბავშვი გაიზრდება და მოგთხოვს, რატომ გადამიკეთე ჩემი გვარი სოციალურის გამოო…” – ამბობს ლია გოგიბერიძე.

დათას ბებია დახმარების მისაღებად სოციალური სააგენტოს შესაბამის ბაზაშიც დარეგისტრირდა, თუმცა უშედეგოდ. მას სოციალურ დახმარებაზე უარი უთხრეს, მიზეზად კი განვადებით ნაყიდი მაცივარი და სარეცხი მანქანა დაუსახელეს: – “სოციალურ დახმარებაზე მითხრეს, მაცივარი და სარეცხი მანქანა გაქვსო. ეს ტექნიკა ერთიანი ფულით არ შეგვიძენია, განვადებით გამოვიტანეთ. 70-100 ლარი იხადა და შეგვრჩა ამით, განა ერთიანი ფული მქონდა ამდენი?! შეიხედონ მაცივარში რა მაქვს. მხოლოდ ბავშვისთვის აუცილებელი პროდუქტებია… ამიტომ არ მომცეს სოციალური დახმარება, მაგრამ აბა ეს სახლი ნახონ, ამ პირობებში ცხოვრება როგორია…”

ზუბალაშვილის #28-ში მდებარე იტალიურ ეზოში ყველა სახლი ძველია. ამ ეზოში სულ 6 მოსახლეა, მათი ნაწილი ეზოში, საერთო ტუალეტით სარგებლობს – “ქალები ვართ და სისუფთავეს ვინარჩუნებთ, მაგრამ მაინც საერთო ტუალეტია. მე და ბავშვი დასაბანად ჩემს დასთან დავდივართ. სახლი კატასტროფულ მდგომარეობაშია, კედლები ცვივა…  მაქსიმალურად ვცდილობ, შევინარჩუნო სისუფთავე, მაგრამ ჭერიდან ჩამოყრილი მტვრის გამო ეს ძალიან რთულია”.

სახლის პირველ სართულზე 90 წლის მარტოხელა ქალი გუგული ბაღათურია ცხოვრობს. მის გვერდით კი ასეთივე ოთახში, ასეთივე ჩამოშლილ კედლებში ოთხი არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად. მეორე სართულზე, სადაც ლია გოგიბერიძე ცხოვრობს, ხის შესასვლელის ჭერი თითქმის სრულად ჩამოშლილია, ამოტეხილია ხის იატაკიც. ლიას სახლს სულ ორი ოთახი აქვს, ორივეგან ჩატეხილია ძველი ხის იატაკი, რომელსაც ლია სხვადასხვა ზომის ხის ფირფიტებს აფარებს, რომ ფეხი არ ჩაუვარდეთ.

სახლის პირველ ოთახს, რომელიც სამზარეულოსა და მისაღების ფუნქციასაც ითავსებს, ხის ძველი ფანჯრები აქვს, რომელიც ნესტისა და სიძველისგან აღარ იღება – “მერიაში საბოლოოდ დამიბარეს, რომ ხელოსანი იშოვე და გადაგიხდითო, 700 იქნება თუ 1000 ლარიო, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ იმდენად შემრცხვა… არ ვიცი რატომ… თითქოს ჩემი ბრალი იყოს სახლი რომ ასეთ მდგომარეობაშია… სხვა რაღაცები ვეღარ ვთქვი… იატაკი რომ ჩამივარდა, ჭერიდან რომ მტვერი ცვივა. აბა ჩემი პენსიით როდის რას ვიზამ, 135 ლარი მაქვს პენსია – განვადება რომ გამოვიტანე, აღარ დასრულდა…” – ამბობს ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: