რეკლამა,სიახლეები

5 მითი სხივურ თერაპიაზე – რა უნდა ვიცოდეთ კიბოს მკურნალობის ამ მეთოდზე

30.12.2019 • 11504
5 მითი სხივურ თერაპიაზე – რა უნდა ვიცოდეთ კიბოს მკურნალობის ამ მეთოდზე

ონკოპათოლოგიები სტატისტიკურად ძალიან გაახალგაზრდავდა. სამშენებლო მტვრითა და ავტომობილების გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი, არაჯანსაღი საკვები და ბევრგან სასმელად უვარგისი წყალიც – ექიმები მთელ მსოფლიოში ამ ძირითად მოცემულობებს მიიჩნევენ ონკოდაავადებების მიზეზად. მომატებული რადიაციული ფონიც სიმსივნური პათოლოგიების ერთ-ერთი მთავარი გამააქტიურებელია.

სუფთა ჰაერზე სეირნობა, ფიზიკური ვარჯიში და სპორტი, კვების ჯანსაღი რეჟიმი, სტრესისგან თავდაცვის უნარები, სკრინინგ-პროგრამებში ჩართვა და ჯანმრთელობის მუდმივი კონტროლი – ამ ძირითად რეკომენდაციებს გასცემენ ექიმები სიმსივნეებისგან თავდასაცავად. ხშირად პაციენტებს არასასურველი დიაგნოზის წინასწარი შიში აქვთ და უკიდურეს შემთხვევაში, მდგომარეობის გართულებისას მიმართავენ კლინიკებს, როცა დაავადება მესამე ან მეოთხე სტადიაშია. ექიმები ასევე ადასტურებენ, რომ დაავადებისადმი პანიკური შიში და ნევროზული დამოკიდებულება მკურნალობის შემდეგ ზრდის დაავადების რეციდივის რისკს.

ონკოდაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი სხივური თერაპიაა, რიგ შემთხვევებში კი – შეუცვლელიც. მაგალითად ხორხის სიმსივნისას ქირურგიული ჩარევა მნიშვნელოვნად აუარესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს, ტრავმები გარდაუვალია, ოპერაციის შემდეგ პაციენტი ვერ ლაპარაკობს და ა.შ. ქირურგიული ჩარევის საუკეთესო ალტერნატივად ამ დროს სხივური თერაპია მიიჩნევა მონოქიმიოთერაპიასთან ერთად, რაც პაციენტებისთვის დიდი შეღავათია.

სხივური და მონოქიმიოთერაპიით პირველ და მეორე სტადიაში ხორხის კიბოს  სრული განკურნებაა შესაძლებელი. დაავადების დროული დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია პირველივე დისკომფორტისას პაციენტმა მიმართოს ონკოლოგს და დაძლიოს როგორც დაავადების, ასევე მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის, მათ შორის, სხივური თერაპიის შიში. 

არასწორია – „თუ სხივური თერაპია დაგჭირდა, განწირული ხარ“

სხივური თერაპია ონკოპაციენტების თითქმის 90%-ს სჭირდება. ონკოლოგიური მკურნალობა კომპლექსურია, რაც ნიშნავს რამდენიმე სხვადასხვა მეთოდით: ქირურგიული ჩარევით, ქიმიოთერაპიითა და სხივური თერაპიით კომბინირებულ მკურნალობას.

სხივური თერაპია გამოიყენება როგორც ოპერაციის წინ ასევე ოპერაციის შემდეგ და ოპერაციისას, როგორც რადიკალური ასევე პალიატიური მიზნით ანუ ტკივილის შესამსუბუქებლად და ზოგ ჯერ ტკივილის მოსახსნელადაც ისეთ დროს როდესაც ტკივილს ნარკოტიკიც კი ვერ აყუჩებს

კანის სიმსივნეებისას სხივური თერაპია მკურნალობის ერთადერთ მეთოდად გამოიყენება.

კანის ბაზალურ-უჯრედოვანი სიმსივნეები, იგივე ბაზალიომები მხოლოდ სხივური თერაპიით სრულად იკურნება და მკურნალობის სხვა მეთოდის გამოყენება საჭირო აღარ არის.

არასწორია – „დასხივება ყველა სხვა უჯრედსაც კლავს“

სხივური თერაპიისას მაიონებელი და არამაიონებელი გამოსხივებით ხდება ზემოქმედება სიმსივნური უჯრედების დნმ-ზე, რაც მათ კვდომას და უჯრედების განეიტრალებას იწვევს.

სხივური თერაპია მართლაც აზიანებს როგორც სიმსივნური, ასევე ჯანსაღი ქსოვილის დნმ-საც, მაგრამ სიმსივნური უჯრედი უფრო მგრძნობიარეა სხივური თერაპიის მიმართ და სწრაფად იღუპება, თუმცა ჯანსაღ უჯრედებს რეგენერაციის უნარი აქვთ.

„მართალია, ჯანსაღი უჯრედების გარკვეული ნაწილის დნმ-იც იშლება დასხივებისას, მაგრამ მათი რეგენერაცია მალევე ხდება. სიმსივნური უჯრედი რჩება დაღუპული და ჯანსაღი ქსოვილი აღდგება მალე.

მაქსიმალურად რომ იყოს შემცირებული ჯანსაღ უჯრედებზე ზემოქმედება და მხოლოდ სიმსივნეს რომ მიემართოს დასხივება, ამისთვის ონკოთერაპევტი აგეგმარებს, ხაზავს დასასხივებელ ადგილს სრული სიზუსტით, საქმეში ჩართულია სამედიცინო ფიზიკოსი, რომელიც განსაზღვრავს და აკონტროლებს დასხივების სიღრმეს, რათა ჯანსაღი ქსოვილები არ დასხივდეს,“ – ამბობს კლინიკა ,,მედცენტრის“ რადიაციული ონკოლოგი მაია ირემაძე.

რადიაციული ონკოლოგი მაია ირემაძე

თუმცა თუ სიმსივნე ღრუ ორგანოებშია, სანამ სხივი მივა დანიშნულ ადგილზე, გაივლის სხვა ორგანოებსაც, ასეთ დროს გამოითვლება ყველა ორგანოს დასხივების დოზა, რაც დასაშვებზე მაღალი არ უნდა იყოს. თუკი დასაშვებზე მაღალია დოზა მაშინ ცვლიან  დასხივების კუთხეს, სიღრმეს და ა.შ.

დასასხივებელი ველების ზუსტ განსაზღვრაში რადიაციული ტექნიკოსებიც მონაწილეობენ – ისინი ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალკვალიფიციური ექთნები არიან და ყოველდღიურად აკონტროლებენ სხივური თერაპიით მკურნალობის პროცესს.

 

არასწორია – „სხივური თერაპია კვალს ტოვებს დამწვრობის სახით”

სხივურ თერაპიას ზოგადად ახასიათებს გვერდითი ეფექტები, დამწვრობაც ასეთი გვერდითი ეფექტია, მაგრამ როგორც ონკოთერაპევტი ციცინო გოგვაძე გვეუბნება, დამწვრობა სხივური თერაპიის გართულებადაც კი არ ითვლება და სრულად შექცევადი პროცესია – კანი სრულად აღდგება თერაპიიდან 8-12 დღეში.

„სხივური თერაპიისას კანს აქვს რეაქცია ფოტონურ გამოსხივებაზე, ისევე, როგორც გვეწვის კანი პლაჟზე დასაშვებზე მეტხანს თუ ვრჩებით და ულტრაიისფერ სხივებს ვიღებთ.

ცხადია, თეთრი კანი უფრო იწვის სხივური თერაპიისას მუქთან შედარებით – ზუსტად ისე როგორც რუჯის მიღებისას.

„ეს ზუსტად პლაჟზე დამწვრობისმაგვარი რამაა, უბრალოდ პაციენტების დიდ ნაწილს აქვს ემოციური დამოკიდებულება და ჩვენ ვურჩევთ წაისვან დღეში ერთხელ დამწვრობის საწინააღმდეგო ჩვეულებრივი მალამო, თუმცა დამწვრობა ჩვეულებრივ გაივლის რამდენიმე დღეში მალამოების გარეშეც“ – ამბობს ციცინო გოგვაძე.

არასწორია – „გადამედება“

ონკოლოგიური დაავადებები არაგადამდებია, შესაბამისად, ჰაერწვეთოვანი გზით, სქესობრივი კავშირით და სისხლით არ გადადის.

სიმსივნის გამომწვევია იმუნური, სოციალური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური და გენეტიკური ფაქტორები. რისკ-ფაქტორებად კი მიიჩნევა თამბაქოს მოხმარება, ცხოვრების არააქტიური წესი, არაჯანსაღი კვება, ალკოჰოლის მოხმარება, ინფექციები, მაგალითად, პაპილომა ვირუსი, მზით ზედმეტად დასხივება, მავნე გარემო, სიმსივნის ოჯახური ანამნეზი ანუ გენეტიკური ფაქტორი და ა.შ.

არასწორია – „სხივური თერაპიის შემდეგ ვასხივებ“

კლინიკა „მედცენტრის“ რადიაციულ თერაპევტს ციცინო გოგვაძეს პაციენტები სხივური თერაპიის შემდეგ ხშირად ეკითხებიან, ასხივებენ თუ არა თავად პროცედურების შემდეგ და ხომ არ უქმნიან საფრთხეს გარშემომყოფებს.

„პაციენტები იღებენ დასხივების მკაცრად განსაზღვრულ დოზას გარკვეულ წამებში და ორგანიზმში რადიაცია არ გროვდება. პაციენტები დამსხივებლები არ არიან, პროცედურის შემდეგ არაფერს ასხივებენ და სრულიად უსაფრთხო არიან სხვებისთვის.

რადიაციული თერაპევტი ციცინო გოგვაძე

სხივური თერაპია ხშირად ერევათ პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფია – პეტისკანში, როცა რადიოაქტიური ნივთიერება შეჰყავთ ორგანიზმში –  ეს არის კვლევა, დიაგნოსტიკა და ამ დროს პაციენტი იზოლირებულია, იზოლირებულია მისი საპირფარეშოც კი. პეტისკანი აჭარაში არ კეთდება,“ – ამბობს „მედცენტრის“ რადიაციული თერაპევტი.

მისივე თქმით, არის კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ფარისებრ ჯირკვალს მკურნალობენ კაფსულაში მოთავსებული რადიაქტიური იოდით, კაფსულას პაციენტი ყლაპავს და რამდენიმე დღის განმავლობაში ის რადიაქტიური ხდება, იზოლირებულია და რადიაციის სრულად გამოყოფის შემდეგ სხვებისთვის უსაფრთხო ხდება.

სხივური თერაპიის განყოფილება კლინიკა „მედცენტრში“ 1950 წლიდან არსებობს ონკოლოგიურ დისპანსერთან ერთად, რომელიც შემდეგ მრავალპროფილურ ჰოსპიტალად გადაკეთდა. „მედცენტრში“ ამჯერად თურქულ-ქართული შპს „ამხანაგობა რადიოთერაპია-ბათუმი“ ახორციელებს სხივურ თერაპიას ულტრათანამედროვე ვარიანის ფირმის სხივური ამაჩქარებლით.

სხივური თერაპიისას ორგანოები არ იღებს ისეთ ტრავმას, როგორც გაკვეთისას და სიმსივნური უჯრედები რადიაციული სხივით „მოიწვება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: