პოსტერების კონკურსში – „არა ბულინგს“, ჟიურის რჩეული გახდა სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე შალვა ხილაძე.
პოსტერის შუაგულში სარკეა მოთავსებული, შალვა ამბობს, რომ სარკის მიზანია, ყველა ადამიანი, ვინც შიგ ჩაიხედავს, საკუთარი თავი დაინახოს და წარმოიდგინოს დაჩაგრული ადამიანის ადგილზე.
„სარკის ზემოთ არის ადამიანის ხელები, რომელიც სარკისკენ არის გამოშვერილი, ხელის თითებზე ის სიტყვებია წარწერილი, რითაც ჩაგრავენ ხოლმე ბავშვები ერთმანეთს. წარმოიდგინეთ რომ გახსენებდნენ შენს წონას ყოველდღე, გეძახიან ოთხთვალას იმის გამო, რომ სათვალეს ატარებ და ა.შ.
გვერდით სამოტივაციო სიტყვები დავწერე, მაგალითად ასეთი: „ძლიერი ადამიანი თავის თავს იცავს, უფრო ძლიერი, სხვებსაც“ – გვეუბნება შალვა.
შალვა ამბობს, რომ ბულინგის წინააღმდეგ ყველამ უნდა იბრძოლოს, რადგან ის საკმაოდ ძლიერადაა გავრცელებული ბავშვებში, მოზარდებში და ზოგადად, საზოგადოებაში.
„ბავშვებს უფრო მეტი თანადგომა რომ შეეძლოთ, აუცილებელია მათთან საუბარი. როცა მეგობარი იჩაგრება, ჩვენ მეგობრები ვეხმარებით, მაგრამ სხვა რამეც საჭიროა ამის შესაჩერებლად. ვფიქრობ, ბულინგის ზრდა თანამედროვე ინტერნეტთამაშებსაც უკავშირდება. მაგალითად, ისეთი თამაშები, სადაც არის ადამიანის მოკვლა, ჩაგვრა, ეს ბავშვის ფსიქიკაზე ზეგავლენას ახდენს, შეიძლება ბავშვის ცხოვრებაც ახდენდეს ამაზე გავლენას, გაღიზიანებული იყოს და ჯავრი სხვა ბავშვზე იყაროს“ – გვეუბნება შალვა ხილაძე.
მოზარდი ამბობს, რომ ბულინგი დღეს ძალიან თვალშისაცემი პრობლემაა.
„განსაკუთრებით უფროსი ბიჭები აბულინგებენ პატარებს, რადგან ჰგონიათ, რომ თუ მათზე სუსტებს დაჩაგრავენ, სხვების თვალში მაგრები გამოჩნდებიან. მასწავლებლებიც გვეუბნებიან და მეც ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. ადამიანის, მით უმეტეს შენზე სუსტის დაჩაგვრა კი, ძალიან ცუდია. არ შეიძლება ვინმე ვინმეზე უპირატესი იყოს. ვფიქრობ, ბავშვებს თანადგომა უნდა ვასწავლოთ. მაგალითად, ბავშვებს, რომლებსაც ერთმანეთთან პრობლემა აქვთ, რამენაირად უნდა ვეცადოთ, რომ საერთო ენა გამონახონ“ – ამბობს შალვა.
შალვასთან ერთად ჟიურის რჩეულები გახდნენ თბილისის 32-ე სკოლის მოსწავლე ანა მაიუსრაძე და ახალციხის, ვალის მე-2 სკოლის მოსწავლე ნინო სირია. გამარჯვებულ მოსწავლეებს 200-200 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ საჩუქრად.
პირველი ადგილის მფლობელი კი ქუთაისის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლე ირინე ფრუიძე გახდა, მას საჩუქრად 500 ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადაეცა.
განათლების სამინისტრის ინფორმაციით, კონკურსის მიზანი იყო მოზარდებს გამოეხატათ დამოკიდებულება ძალადობის ყველა ფორმის, მათ შოროს ფიზიკური, ვერბალური, ფსიქოლოგიური, კიბერ და სხვა ტიპის ბულინგის მიმართ.
სასკოლო აქტივობების ფარგლებში ასევე გამოცხადებული იყო კომიქსების კონკურსი ჯანსაღი ცხოვრების წესზე.