ბათუმი,მთავარი,სიახლეები

საზღვაო აკადემიის ეზოში მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისთვის ორსართულიან შენობას ააშენებენ

29.12.2019 • 3899
საზღვაო აკადემიის ეზოში მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისთვის ორსართულიან შენობას ააშენებენ

ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ეზოში მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისთვის ორსართულიან შენობას ააგებს. აუზის მშენებლობაზე აკადემიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 516 317 ლარია.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობა, რომელიც ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, საზღვაო აკადემიას საწვრთნელი აუზის მშენებლობაზე სააგენტოს ნებართვა აქვს.

საპროექტო ტერიტორია საზღვაო აკადემიის ეზოში, სადაც აუზი უნდა აშენდეს

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე და მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტაზე დგომის შესახებ კონვენციის (STCW) შესაბამისად საჭიროებს საწვრთნელი აუზის მშენებლობას, გარდა ამისა ავტორიზაციის მიღების მთავარი და გადამწყვეტი პირობაა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის უნივერსიტეტს გააჩნდეს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად მოწყობილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
აღნიშნული პროექტის განხორციელებით გარდა იმისა, რომ დაკმაყოფილდება ავტორიზაციის სტანდარტი, ასევე განახლებული ინფრასტრუქტურის საშუალებით უნივერსიტეტს ექნება შესაძლებლობა მოამზადოს სტუდენტები, როგორც უმაღლეს საგანმნათლებლო პროგრამებზე, ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე,“ – აცხადებს აკადემია.

აუზის მშენებლობისთვის გათვალისწინებულია: აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან – 1 100 000 ლარი, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიზნობრივი გრანტი – 300 000 ლარის ფარგლებში და საგანმანათლებლო მომსახურებიდან და სხვა ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები – 116 319 ლარის ფარგლებში.

აუზი ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა აშენდეს. წინადადებების მიღება 2020 წლის 10 იანვარს დაიწყება და 15 იანვარს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც „სასწავლო დანიშნულების ორსართულიანი ნაგებობის აგება ხელს არ შეუშლის საზღვაო აკადემიის ისტორიული შენობის აღქმას.“

ამონარიდი ხელოვნებათმცოდნეობითი კვლევის შედეგებიდან

აუზის შენობა, რომელსაც ბათუმის საზაღვაო აკადემიის ეზოში ააშენებენ / ფოტოილუსტრაცია საპროექტო დოკუმენტებიდან

პროექტის მიხედვით:

„საპროექტო შენობა მოეწყობა აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ მოედნის ადგილას. შენობა სასწავლო დანიშნულებისაა და წარმოადგენს 2-სართულიან ნაგებობას რომლის ფასადიც ორიენტირებულია დელფინარიუმის მხრიდან.

შენობის პირველ სართულზე განთავსდება: ჰოლი, სან. კვანძები, საშხაპე გასახდელთან ერთად. დამხმარე სათავსო, ტექნიკური ოთახი აუზის აგრეგატის დასამონტაჟებლად, შენობის I სართულის შიდა საერთო ფართობი აუზის ჩათვლით 489.3 კვ.მ-მდე. ხოლო მოშენების ფართობი არის 592 კვ.მ; I სართულის სიმაღლე არის 2.80 მეტრი, შენობის მეორე სართულზე ასასვლელად გამოყენებულია მონოლითური რკინა ბეტონის კიბე.

შენობის მეორე სართულზე განთავსდება: კიბის უჯრედი, აუზი [12მ X 22მ] და ბაქანი; II სართულის შიდა საერთო ფართობი აუზის ჩათვლით 532.1 კვ.მ-მდე, ხოლო მოშენების ფართობი არის 592 კვ.მ; II სართულის სიმაღლე არის 6.20 მეტრი, შენობის სახურავის მოსაწყობად გამოყენებულია ლითონის ფერმები ხოლო გადახურვისათვის სენდვიჩ პანელის ფილები“.

ამავე თემაზე:

ბათუმის საზღვაო აკადემია ფოთის ფილიალის შენობის რეაბილიტაციას იწყებს – 5.8-მილიონიანი ტენდერი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: