მთავარი,სიახლეები

კაცის სხეულში 26 გრამი „ჰეროინი“ კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩინეს

30.12.2019 • 3082
კაცის სხეულში 26 გრამი „ჰეროინი“ კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩინეს

8 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსლან რ.-ს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ შეუფარდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის. მის სხეულში „ჰეროინი“ კომპიუტერული ტომოგრაფიით აღმოაჩინეს.

შემთხვევა 2019 წლის მარტში მოხდა. სამართალდამცველებმა რუსლანი მარგარიტა ხ.-სთან ერთად მაშინ შეაჩერეს ჩხრეკისთვის, როცა მათ სარფის საბაჟო გადმოკვეთეს და ბათუმისკენ მოდიოდნენ. საქმის მასალების მიხედვით, პოლიციელებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ წყვილს ნარკოტიკი შემოჰქონდა, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნარკოტიკი ვერ აღმოაჩინეს. სამართალდამცველები აღწერენ, რომ რუსლან რ. მათ საკუთარი ნებით გაჰყვა საავადმყოფოში.

რუსლანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა.

„ჩაუტარდა მუცლის ღრუს და მუცლის ღრუს ქვედა ნაწილის კომპიუტერული ტომოგრაფია, დათვალიერებისას სწორ ნაწლავში გამოვლინდა 6 ცალი ოვალური ფორმის უცხო სხეული შიგთავსით,“ – აღნიშნულია განაჩენში.

განაჩენის მიხედვით, ტომოგრაფიის შემდეგ საქმეში ექიმი-პროქტოლოგი ჩაერთო, რომელმაც რუსლანის სწორი ნაწლავიდან 6 ცალი შენაფუთი ამოიღო „ოვალური ფორმის შავი ფერის მწებავი ლენტი. ერთი ცალი შენაფუთი გახსნილ იქნა, რომელშიც აღმოჩენილ იქნა მოყვითალო ფერის ფხვნილისებრი მასა…“

აღმოჩენილი ფხვნილი „ჰეროინი“ აღმოჩნდა, ჯამში – 26, 3519 გრამი. ეს განსაკუთრებით დიდი ოდენობაა. ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელი 8-დან 20 წლამდეა, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთაა.

ექსპერტიზის დასკვნის გარდა, მოსამართლე მოწმე პოლიციელების ჩვენებებს დაეყრდნო. მისთვის ჩვენება ბრალდებულს არ მიუცია. მან დუმილი არჩია.

მთავარი ფოტო: ნეტგაზეთის არქივი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: