მთავარი,რეკლამა,სიახლეები

„შენი იდეა ბათუმს”- პროექტი, რომლითაც ცვლი ქალაქს

31.12.2019 • 3516
„შენი იდეა ბათუმს”- პროექტი, რომლითაც ცვლი ქალაქს

ფრანების ფესტივალმა უკვე გაალამაზა ბათუმის ზღვის სანაპირო ფერადი სანახაობით მიმდინარე წლის ზაფხულში; სულ ცოტა ხანში ბათუმგორაზე წარწერა ,,ბათუმი“ განათდება; ქალაქს ექნება ნატვრის ხე, სადაც ყველას – ადგილობრივებსა თუ სტუმრებს შეეძლებათ ბათუმს ტოტებზე შებმულ ლენტებად დაუტოვონ ოცნებები; მოეწყობა ნახევრად ღია ტიპის ქართული ჭიდაობის მოედანი, დარბაზი; ქუჩის კალათბურთის პოპულარიზაციისა და სპორტის ამ სახეობით მოზარდების დასაინტერესებლად დაიგეგმება შეჯიბრებები;

„შენი იდეა ბათუმს” – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც ზემოთ ჩამოთვლილი სიახლეები შეემატება ქალაქს 2019-2020 წლებში. ეს ინიციატივები იმითაა გამორჩეული, რომ  ბათუმელებმა თავად მისცეს ხმა იმ იდეების განხორციელებას, რომლებიც, მათი აზრით, ქალაქისთვის იყო მნიშვნელოვანი. იდეები ქალაქის მცხოვრებლებმა წარადგინეს ვებგვერდზე www.idea.batumi.ge .

ზემოთ ჩამოთვლილი პროექტებიდან ფრანების ფესტივალი 2019 წლის სექტემბერში ჩატარდა, მოქალაქეთა ხმის მიცემის პრინციპით გამარჯვებული დანარჩენი 4 იდეა კი რეალობად 2020 წელს იქცევა.

ზოგადად, მონაწილეობითი ბიუჯეტი ქალაქის მართვაში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეს პრინციპი უკვე დაინერგა, ყოველწლიურად იზრდება ქალაქის ბიუჯეტის  დაგეგმვის პროცესში ჩართული მოქალაქეების რიცხვი.

როგორც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი, ნათია აფხაზავა განმარტავს, მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესი მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტია, რაც თანდათანობით მიიღწევა. „მნიშვნელოვანია, მერიას გრძელვადიანი ხედვა ჰქონდეს და მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესი მისი პოლიტიკის დღის წესრიგის ნაწილი გახდეს, ამის გარეშე პროექტის შედეგიანობაზე საუბარი გაგვიჭირდება“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

მისივე თქმით, მერიის ყველა სამსახურის უნდა ჰქონდეს მზაობა და კოორდინაცია ერთმანეთთან, რომ გამარჯვებული პროექტები დროულად და წარმატებით განხორციელდეს.

მნიშველოვანია ასევე ვადები, რომ პროექტის რეალობად ქცევის თითოეულ სტადიას დაეთმოს უფრო დიდი დრო, მერიაში კი უნდა შეიქმნას კონკრეტული ინსტრუმენტები მონაწილეობითი ბიუჯეტის პროცესისა და შედეგის შესაფასებლად.

ნათია აფხაზავა

ნათია აფხაზავა

ქეთი დოჭვირი ერთ-ერთია, ვინც ჯერ დარეგისტრირდა, შემდეგ კი ონლაინ ხმა მისცა მისთვის სასურველ იდეას ვებპლატფორმაზე https://idea.batumi.ge/.

როგორც ქეთი ამბობს, ხმის მიცემის პროცესი საკმაოდ გართულებული იყო და ცოტათი გაუჭირდა ამ პროცესში ჩართვა:

„საკმაოდ რთული პროცედურაა რიგითი მოქალაქისთვის.  უნდა მიხვიდე მერიაში, ჯერ დარეგისტრირდე, მერე კი ონლაინ უნდა მისცე ხმა. მესმის, რომ ეს არის თავდაცვის დამატებითი მექანიზმი – ხმები რომ არ გაყალბდეს, მაგრამ პროცესი გასამარტივებელია.

თავად პროექტი ძალიან მომწონს, ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს შეუძლია თავისი იდეა წარადგინოს და მიიღოს დაფინანსება. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო იდეები – კულტურული, სპორტული და ბევრი პროექტი გადავიდა საბოლოო ეტაპზე.

ვისურვებდი მაქსიმალურად გამარტივდეს სამომავლოდ ხმის მიცემის პროცესი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი  ჩაერთოს პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ – ამბობს ქეთი დოჭვირი.

ქეთი დოჭვირი

ქეთი დოჭვირი

ქეთის მსგავსად ვებპლატფორმაზე ,,შენი იდეა ბათუმს“ ამჯერად  3000-ზე მეტი პირია დარეგისტრირებული და მათგან 1000-ზე მეტმა ადგილობრივმა მოქალაქემ მისცა ხმა იდეებს გამარჯვებულების გამოსავლენად – ეს რიცხვი, მართალია, ბათუმში მცხოვრებთა 1%-ია და სასურველი იქნებოდა მეტი ჩართულობა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი 2019 წელს პირველად ჩატარდა, ნორმალური მაჩვენებელია.

როგორც ბათუმის მერის მოადგილე, ჯაბა ტუღუში ამბობს, მონაწილეობითი ბიუჯეტისთვის გამოყოფილი თანხა თუ 2019 წელს 120 ათას ლარს შეადგენდა,  2020 წლის ბიუჯეტში ამისთვის ნახევარი მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი.

„ბათუმის მერია პასუხისმგებელია მონაწილეობითი ბიუჯეტირების განხორციელებაზე, ფინანსების გამოყოფაზე, პროცესის საინფორმაციო მხარდაჭერაზე და ასე შემდეგ.

პროექტს ,,შენი იდეა ბათუმს“ გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი, მისი მთავარი მიზანია თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა უშუალო ჩართულობის მექანიზმის ჩამოყალიბება. მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული ბიუჯეტის შემუშავება, საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ამაღლება“-ამბობს ჯაბა ტუღუში.

ჯაბა ტუღუში

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ახორციელებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. მხარდამჭერები არიან: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

გასულ კვირას პროექტმა ,,შენი იდეა ბათუმს“ ჯილდო მიიღო საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო.

გასულ კვირას პროექტმა ,,შენი იდეა ბათუმს“ ჯილდო მიიღო საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსში, რომელიც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით მოეწყო.

პროექტი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და 2020 წლისთვის იდეების მიღება წინასწარ გამოცხადდება. იდეის წარსადგენად და ხმის მისაცემად საჭიროა ელექტრონული ხელმოწერით რეგისტრაცია პლატფორმაზე – https://idea.batumi.ge/ შესაძლებელი ასევე მერიაში და მერიის სერვისცენტრებში ადგილზე რეგისტრაცია.

ეს არის შენი გზა, შენი გადაწყვეტილება, შენი ქალაქისთვის!

გადაბეჭდვის წესი