ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სოფელ მარადიდში 7 მესაკუთრეს ჰესის გამო მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

29.12.2019
სოფელ მარადიდში 7 მესაკუთრეს ჰესის გამო მიწის ნაკვეთებს ექსპროპრიაციით ჩამოართმევენ

„კირნათი ჰესის“ მშენებლობის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში ამჯერად 2 მიწის ნაკვეთი დაექვემდებარა ექსპროპრიაციას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება აღნიშნული ქონების [მიწა, მრავალწლიანი ნარგავები] ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით 7 ფიზიკურ პირთან.

მარადიდში მიწის ამ 2 ნაკვეთის მესაკუთრეები არიან გიორგი, ეზიზე, ლეილა, მაგული, მარიკა, მევლუდ და ნათელა დიდმანიძეები. მდინარე ჭოროხის მიმდებარედ არსებული ამ ნაკვეთების საერთო ფართობი 1639 კვ/მეტრია.

2019 წლის 3 დეკემბერს გამოქვეყნებული ბრძანების მიხედვით, სოფელ მარადიდში ექსპროპრიაციას 34 პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაექვემდებარა –  ჯამში 24 309 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთები და 4 859,5 კვ/მ ფართობის შენობა-ნაგებობები.

11 დეკემბერს მარადიდის მოსახლეობამ აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მოაწყო. ქონების მესაკუთრეებმა ექსპროპრიაციის პირობები გააპროტესტეს.

სამინისტროს ინფორმაციით:

„2011 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყო ჰიდროელექტროსადგურების – „კირნათისა“ და „ხელვაჩაური 1” -ის მშენებლობა. ამასთან, „ხელვაჩაური 1 ჰესის“ მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს „კირნათი ჰესის“ პროექტის დასრულება.

ზემოთ დასახელებული მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპანიას აღმოუჩინოს მხარდაჭერა ელექტროსადგურებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დღეის მდგომარეობით [2019 წლის 11 დეკემბერი], როგორც სახელმწიფოსაგან, ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და კირნათი ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების (ზედ არსებული შენობა-ნაგებობების, მრავალწლიანი ნარგავების) გამოსყიდვა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: