ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებზე დასაბუთების გარეშე 50 400 ლარი გაიცა – აუდიტი

29.12.2019 • 4089
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრებზე დასაბუთების გარეშე 50 400 ლარი გაიცა – აუდიტი

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ჯამში გასცა 50 400 ლარი. აღნიშნული ქმედება შეუსაბამოა საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ნორმებთან,“ – აცხადებს აუდიტი.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, კანონმდებლობა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის
საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურებას. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი ანაზღაურებს საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობის ხარჯებს, ასევე საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად გაწეულ ხარჯებს, თუმცა მერიის მიერ აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

აუდიტის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის თანახმად, საკრებულოს წევრთათვის ასანაზღაურებელი ასეთი ხარჯების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის 15%-ს, ანუ 2018 წლისათვის 525 ლარს.

„წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს, 2018 წელს, ხარჯების ანაზღაურების სახით, სულ მიღებული აქვთ 50 400 ლარი. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად. თანხების გაცემის საფუძველია საკრებულოს მომართვა, საკრებულოს წევრზე ანაზღაურების გაცემის შესახებ, რაც არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტისთვის დადგენილ კრიტერიუმებს,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციით: „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ დაუშვას საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე… ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან, რაც უზრუნველყოფს საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრის საქმიანობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი მიზნების დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას“.

ხელვაჩაურის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტმა 2019 წლის 27 დეკემბერს გამოაქვეყნა.

„აუდიტის მიგნებებით გამოვლენილ იქნა არამიზნობრივად და არაეფექტიანად გაწეული ხარჯები, უხარისხოდ შესრულებული და შეუსრულებელი სამუშაოები, საგარანტიო პირობების გამოუყენებლობის ფაქტები, ასევე დაქვემდებარებულ იურიდიული პირების საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზები და სხვ., რაც დასტურია იმისა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი სათანადო შიდა კონტროლის სისტემა, რაც უარყოფითად აისახება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საქმიანობისა და გაწეული ხარჯების გამჭვირვალობაზე, ეფექტიანობასა და პროდუქტიულობაზე. აღნიშნულის დასტურია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წინამდებარე და გასული წლების ანგარიშებით გამოვლენილი დარღვევები/ნაკლოვანებები, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები“ – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტი ასევე აცხადებს, რომ „წინა წლებში გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამოსასწორებლად მუნიციპალიტეტის მიერ გატარებულია სხვადასხვა ღონისძიება, თუმცა არის საკითხები, რომელთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტს არ გაუტარებია საკმარისი და შესაფერისი ღონისძიებები და რომლებიც ასევე დაფიქსირებულია მიმდინარე აუდიტის ფარგლებში“.

მთავარი ფოტო: ხელვაჩაურის საკრებულო / ფოტო: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ამ თემაზე:

ხელვაჩაურში შტატგარეშე თანამშრომლები უფუნქციო ობიექტებზეა დასაქმებული – აუდიტის ანგარიში

ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა ადრე გაყიდულ ნაკვეთებთან, სადაც სასტუმრო შენდება – აუდიტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: