განათლება,მთავარი,სიახლეები

დოკუმენტური ფილმი 11 მოზარდის შესახებ, რომლებიც თემში ცხოვრებას ცვლიან

28.12.2019 • 3552
დოკუმენტური ფილმი 11 მოზარდის შესახებ, რომლებიც თემში ცხოვრებას ცვლიან

დღეს 28 დეკემბერს, ბათუმში კინოთეატრ „აპოლოში“, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები 11 ახალგაზრდას შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა, რომლებიც თავიანთ თემში გამოირჩევიან სამოქალაქო აქტივიზმით, შემოქმედებითობით და აძლევენ მოტივაციას თანატოლებს, იმ გამოწვევებისა და თუ სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, რომელიც მათ რეგიონებში არსებობს. ფილმში მოხვდა ბათუმელი ლუკა ხინკილაძეც, რომელიც 19 წლის წარმატებული მზარეულია. თუმცა ლუკა პრეზენტაციას ვერ დაესწრო, რადგან როგორც ფილმის ავტორები გვეუბნებიან, თბილისში საკუთარ რესტორანს ხსნის და ამ დროისთვის ამ საქმითაა დაკავებული.

ანილ კარამოვი მარნეულში ცხოვრობს, 19 წლისაა და ბავშვებს ჭადრაკს ასწავლის. ის ამბობს, რომ რეგიონში ცხოვრება რთულია, რადგან საქართველოში რეგიონები ნაკლებად არის განვითარებული და ახალგაზრებს საინტერესოს ვერაფერს სთავაზობს განვითარებისთვის. „ამიტომ, შევეცადე ჭადრაკი მესწავლებინა ახალგაზრდებისთვის და ამით სხვებისთვისაც მიმეცა გარკვეული სტიმული“-გვეუბნება ის.

ანანო და თათია ისაკაძეები ტყუპები არიან, ტყიბულში ცხოვრობენ და თანატოლებში აქტიური ცხოვრებისთვის მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნავენ. „გვაქვს კლუბები, სადაც ახალგაზრდები  გვყავს ჩართული. ვაწყობთ დისკუსიებს მნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის გენდერული თანასწორობს საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე და გვინდა რომ ამით მაინც გამოვაცოცხლოთ ჩვენი ქალაქი“-გვეუბნებიან გოგონები.

დემეტრე ფარჯიანი, მესტიის რაიონში, სოფელ ლატალში ცხოვრობს, 17 წლისაა. დემეტრეც მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს მოტივაცია სჭირდებათ, რადგან სოფელი მათ ბევრს არაფერს სთავაზობს.

„ერთი წლის განავლობაში 250-მდე ახალგაზრდა ჩავრთე სამოტივაციო გუნდში და ბოლოს თვითონ, დამოუკიდებლად დაიწყეს პროექტების და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება“. დემეტრეს უნდა რომ ექიმი გამოვიდეს, რადგან ამბობს, რომ რეგიონში პროფესიონალი ექიმების დეფიციტია, თუმცა ასევე აინტერესებს დიპლომატიაც.

16 წლის სოფიო ჩიხლაძე თბილისში ცხოვრობს. მას მეცნიერება აინტერესებს. ის იმ გუნდის წევრია, რომელმაც ათასწლეულის ინოვაციების კონკურსში გაიმარჯვა და ერთი კვირით აშშ-ში, NASA-ს ცენტრში გაემგზავრა.

„ჩვენმა გუნდმა გამოიგონა მექანიზმი, რომელიც ბიოლოგებს ახალი მედიკამენტის გამოცდაში დაეხმარება. ასევე მაქვს ჩემი სტარტაპი, რომელსაც „ლამპა“ ჰქვია და სანათებს ვაწარმოებთ, რომელიც ტელეფონით იმართება“.

სოფიო ჩიხლაძე მალე მასწავლებლობასაც დაიწყებს ამერიკული სკოლის რობოტიკის აკადემიაში, სადაც დევნილ ბავშვებს სტემ-ის საგნებს შეასწავლის.

ახალგაზრდების შესახებ დოკუმენტური ფილმი მედიასაშუალება SOVA NEWS-მა გადაიღო, ეს არის რუსულენოვანი მედია, რომელიც დასავლური ფონდების ხელშეწყობით ფუნქციონირებს. როგორც მათი წარმომადგენლები გვეუბნებიან, მედია მხარს უჭერს პლურალიზმს და კრეატიულობას რუსულენოვან მედიასივრცეში.

„ამ ფილმში ვაჩვენეთ ახალგაზრდები, რომლებიც თავინათ რეგიონებში სირთულეების, სოციალური პრობლემების თუ სხვა გამოწვევების მიუხედავად აღწევენ წარმატებას.

ეს ის ბავშვები არიან, ვისაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს, რადგან მედიის ყურადღებას სხვა ამბები უფრო იპყრობს. გვინდა ვაჩვენოთ ახალგაზრდები, ვინც შესაძლოა იქცნენ სხვების მოტივაციის წყარო, მიუხედავად რთული ცხოვრებისა და გარემო პირობებისა“-ამბობს სოვა ნიუსის ჟურნალისტი, სოფია თეთრაძე.

მისი თქმით, ფილმი მომზადებულია Creative Content Support Fund-ის მხარდაჭერით, რომლის შტაბ-ბინა ბრიუსელშია, ხოლო წარმომადგენლობა კიევში.

 

მთავარ ფოტოზე: ანილ კარამოვი, ანანო და თათია ისაკაძეები, სოფიო ჩიხლაძე და დემეტრე ფარჯიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: