დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 30 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეპარატი „რემდესივირი“, რომელიც ამ დრომდე იმედისმომცემ პრეპარატად მიიჩნევა Covid-19-ის სამკურნალოდ, საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს მწარმოებელ კომპანია „გილეადისთვის“.
„გილეადი, რომელიც ჩვენ გვამარაგებს C ჰეპატიტის პრეპარატებით, გახლავთ გიგანტი კომპანია, რომელიც ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში არის ერთ-ერთი წამყვანი. ეს პრეპარატი მათ მიერ შექმნილია 2015 წელს, ებოლას ეპიდემიის დროს. არის რამდენიმე, ჯერჯერობით ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, თუმცა, ამავე დროს, ძალიან დამაიმედებელი. ბოლოს ეს არის ძალიან დიდი მეცნიერის, ფაუჩის გუშინდელი გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ „რემდესივირმა“ დიდ კვლევაში დაახლოებით 5-6 დღით შეამცირა ვირუსის განულების მაჩვენებელი ორგანიზმში და, ამავე დროს, შეამცირა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუმცა, ძალიან ბევრი კვლევა მიდის ამ პრეპარატთან დაკავშირებით. საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს გილიარდთან და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანას ექნება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბრიფინგზე ამ პრეპარატის შესახებ კითხვა დაუსვეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძესაც.
„რემდესივირი თავიდანვე მოიაზრებოდა ფარულ ფავორიტად. შემდეგ, ერთხანს, ეს იმედები არ გამართლდა, იყო კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ რემდესივირი არც ისე ეფექტურია კოვიდის დროს, როგორც თავიდან ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია, თქვენ იცით რომ ამერიკის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის ავტორიტეტულმა დირექტორმა ფაუჩიმ, დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ რემდესივირი საკმაოდ ეფექტურია ამ დაავადებისას და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ყველა არ ეთანხმება ამას, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებზე, არის განსხვავებული აზრები, მაგრამ დღეს ჭარბობს აზრი, რომ რემდესივირი კარგია“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, პრეპარატისთვის რიგში ჩადგომის შემთხვევაში მისი მიღების შანსი არ ექნებოდა, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, რადგან პრეპარატს პირველ რიგში საჭიროებენ ის ქვეყნები, სადაც გარდაცვალებისა და ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა, რადგან კომპანია „გილეადთან“ კავშირი აქვს საქართველოს მთავრობას [კომპანია საქართველოს აწვდის C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს უფასოდ], არის იმედი, რომ საქართველო მიიღებს ამ პრეპარატს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბრიფინგზე, ჯოგური იმუნიტეტის განხილვისას, ჯანმოს გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა განაცხადა, რომ საერთო შედეგების მიხედვით, ადამიანების რაოდენობა, რომელთაც სისხლში ამ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვთ ცოტაა.
„ეს ნიშნავს, რომ ვირუსის უკან მობრუნების რისკი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და კონტროლისა ზომები ძალიან მალე მოიხსნება“ – განაცხადა მაიკლ რაიანმა.
ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების, კერძოდ Covid-19-ის მართვის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა ჯოგურ იმუნიტეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მათ სხვადასხვა ქვეყანაში, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აქვთ კვლევები და ამ კვლევების შედეგები გამოქვეყნების წინა ეტაპზეა.
„ჩვენთან შემოსული შედეგების თანახმად ჩანს, რომ დაბალია პროცენტი იმ ადამიანებისა, რომელთაც ტესტირების შემდეგ სისხლში ანტისხეულები აღმოაჩნდათ. თუ ის ტესტები სანდოა, რაც მათ გამოიყენეს, ეს ნიშნავს, რომ დიდი ნაწილი მოსახლეობისა, კვლავ მგრძნობიარე/მოწყვლადი რჩება COVID-19-ის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ დაავადება შეიძლება კვლავ გავრცელდეს, ამიტომ არის აუცილებელი, გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების დაცვა.
ვფიქრობ, ცოტა კიდევ უნდა მოვიცადოთ, რომ გავიგოთ რამდენად კარგად მუშაობს ეს სეროლოგიური ტესტები.
ქვეყნებს, რომელებიც ამ მხრივ თანამშრომლობენ ჩვენთან, ვთხოვთ, რომ ახლა სინჯები შეინახონ საყინულეში, -20 გრადუს ტემპერატურაზე, მანამ სანამ დავასკვნით თუ, რომელი ტესტები მუშაობს უკეთ და რომელი იძლევა უფრო სანდო შედეგებს“ – განაცხადა მარია ვან კერჰოვმა.
პანდემიის მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ხელფასებითან ერთად დანამატებიც აიღეს. რა რაოდენობით აიღეს დანამატები მოსამართლეებმა და რატომ? – ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც დანამატების გაცემას უკავშირდებოდა, „ბათუმელებმა“ უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა. ბოლო ინსტანციის სასამართლომ, რომელიც კანონის დაცვის გარანტი უნდა იყოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ნაწილში, სრულყოფილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ოფიციალურ წერილში, რომელიც უზენაესი სასამართლოდან მივიღეთ, მხოლოდ ჯამური ციფრი წერია – „208 035 ლარი მოსამართლეების, ხოლო 305 642 ლარი აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის“.
სასამართლოდან მიღებულ წერილში არსად არის ნახსენები დანამატები მოსამართლეების ნაწილში.
საიდან ჩანს, რომ მოსამართლეებმა აიღეს დანამატებიც? – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების [სხვებისაც] ხელფასი კანონითაა განსაზღვრული: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის ხელფასი 7 ათასი ლარია, პირველი მოადგილის – 6500, მოადგილის – 6300, რიგითი მოსამართლის – 6 ათასი. უზენაეს სასამართლოში სულ 22 მოსამართლეა. თუ კანონით განსაზღვრულ ხელფასებს შევკრებთ, ჯამში 133 800 ლარს მივიღებთ. გამოდის, რომ მოსამართლეებმა ხელფასების გარდა, კიდევ 74 235 ლარი მიიღეს.
რადგან უზენაესმა სასამართლომ დეტალური ინფორმაცია არ მოგვაწოდა და არც შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომელიც დანამატების გაცემას უკავშირდება, უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურს დავუკავშირდით და ინფორმაციის დაზუსტება ვითხოვეთ. პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა ჩარკვიანმა გვირჩია, რომ ისევ საჯარო ინფორმაცია გამოგვეთხოვა. მას შემდეგ, რაც მას განვუმარტეთ, რომ დეტალური ინფორმაციას უკვე ვითხოვდით წინა წერილით, ხათუნა ჩარკვიანმა გვიპასუხა, რომ „დანამატი ყველა მოსამართლემ თანაბრად მიიღო“.
გამოდის, რომ უზენაესი სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს, ხელფასის გარდა, მარტში დანამატის სახით 3374 ლარი მიუღია.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მის მიერ 13 მარტს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა მარტში ხელფასი, ყოველთვიური დანამატი და ასევე ხელფასის 60 პროცენტი აიღეს.
საერთო სასამართლოების ნაწილია უზენაესი სასამართლოც, თუმცა ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესმდივანი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გიორგი მიქაუტაძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს წევრს, საერთო სასამართლოების მოსამართლეების შესახებ გამოცემული განკარგულება არ შეხებია და მარტში ხელფასის სახით მან მხოლოდ 6 ათასი ლარი მიიღო.
უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესმდივანმა აპრილის დასაწყისში მოიტყუა, როცა თქვა, რომ გიორგი მიქაუტაძეს მარტში დანამატი არ აუღია და მხოლოდ ხელფასი – 6 ათასი ლარი აიღო. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, დანამატი ყველა მოსამართლემ თანაბრად აიღო. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძემ მარტში გასამრჯელოს სახით მიიღო არა 6 ათასი, არამედ 9 374 ლარი.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გასამარჯელოს ნაწილი stopcov.ge-ს ანგარიშზე ჩარიცხეს – ჯამში 22 ათასი ლარია, ანუ თითო მოსამართლეს 1000 ლარი გაიღო პანდემიისგან დამდგარი ზიანისთვის.
აპრილში მოსამართლეებმა ისევ აიღეს თუ არა ორმაგი დანამატები, უცნობია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 13 აპრილს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.
ინფორმაცის მიღება პრესცენტრთანაც ვცადეთ, თუმცა დღეს აქ ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას აღარ უპასუხეს.
„თვალებს ნუ მიყლიპავ და ხელებს ნუ მიქნევ“, – უთხრა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს დღეს, 30 აპრილს გამართულ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.
აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს განიხილა ბიუჯეტის ხარჯების შემცირება. პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭო თავის ბიუჯეტს 100 ათასი ლარით იმცირებს, ძირითადად, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯების გამოთავისუფლების ხარჯზე.
ცვლილებები სხდომაზე საფინანსო -საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გია რომანაძემ წარადგინა.
სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა უმაღლესი საბჭოს წევრებს შესთავაზა საბჭოში არსებული ფრაქციები გაეუქმებინათ და ამით ბიუჯეტის უფრო მეტად შემცირება იქნებოდა შესაძლებელი.
„ნახევარი მილიონი ლარის გამოყოფა შეუძლია თავისუფლად უმაღლეს საბჭოს, მაგრამ ამას არ აკეთებთ. განსხვავებული ხელფასი, რომელიც ეძლევა ფრაქციის თავმჯდომარეს, სატრანსპორტო ხარჯი, რომელიც ფრაქციის წევრებისთვის არის გამოყოფილი, იქნეს მიმართული იმ ადამიანებისაკენ, ვისაც ახლა სჭირდება დახმარება“ – მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს.
სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში
ელგუჯა ბაგრატიონს დავით გაბაიძემ თავისი გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.
„შენ რომ კითხვებს სვამ, მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში მაგ სიგრძე კითხვები არ არსებობს” – შენიშვნა მისცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ელგუჯა ბაგრატიონს.
მოგვიანებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სხდომაზე დაძაბული სამუშაო გარემოს და ხმაურის გამო დროებით შესვენება გამოაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას კი დავით გაბაიძემ ისაუბრა, თუ რატომ არის შეუძლებელი ამ ეტაპზე უმაღლეს საბჭოში ფრაქციების გაუქმება.
დავით გაბაიძის განმარტებით, ფრაქციების გაუქმება ახლა ნიშნავს კრიზისის დროს გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომელსაც უმაღლესმა საბჭომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. შესაბამისად ვერანაირი თანხებია დაზოგვა ვერ მოხდება.
„არცერთი საქმიანი შენიშვნა მათი მხრიდან არ ყოფილა. დღეს ჩვენ გვესაუბრებიან ესენი, ფრაქციები გააუქმეთო, მაშინ როცა წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ასმათ დიასამიძემ და მურმან ბერიძემ ფორმალურად დატოვეს ნაციონალურ მოძრაობა, ზუსტად იმის გამო, რომ ფრაქციის თავმჯდომარე გამხდარიყო [ასმათ დიასამიძე], ” განაცხადა დავით გაბაიძემ.
სხდომა უმაღლეს საბჭოში განახლდა და გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის 100 ათასი ლარით შემცირებაზე დეპუტატებმა უკვე მიიღეს. ხმები ასე გადანაწილდა – 11 მომხრე, 6 – წინააღმდეგი.
მუსიკოსმა შოთა ადამაშვილმა ბოლოს ბარში 14 მარტს დაუკრა. მას შემდეგ, როგორც ყველა, დღემდე შინაა, თვითიზოლაციაში. შოთას მსგავსად პანდემიის გამო სამსახური არაერთმა მუსიკოსმა დაკარგა, რომელთა შემოსავლის მთავარი წყაროც კაფე-ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში დაკვრა იყო.
„ორი მუდმივი სამსახური მქონდა, ხანდახან ესეც არ იყო საკმარისი და ქუჩაში ვუკრავდი. ქირით ვცხოვრობ და დამატებითი შემოსავალი მჭირდებოდა. ბევრი ახალგაზრდა მუსიკოსია ჩემს ირგვლივ, ვინც ქირით ცხოვრობს და ხშირად ბარებში გამომუშავებული ხელფასი მათთვისაც არასაკმარისია. ამიტომ ქუჩაშიც ვუკრავთ ხოლმე. ახლა ასე ვეღარ დავუკრავთ“.
მუსიკოსი ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ უმუშევრობისთვის გამოყოფილ დახმარებას ვერ მიიღებს, რადგან ხელფასი მას, როგორც ბევრ სხვა მუსიკოსს, საბანკო ანგარიშზე არ ერიცხებოდა, ნაქირავები სახლის კომუნალურ გადასახადებსაც საკუთარი სახელით არ იხდიდა და დიასახლისს აძლევდა, შესაბამისად, საბანკო გადახდებით ვერ დაადასტურებს პანდემიამდე რომ ნამდვილად მუშაობდა.
„დღიურად გამოვიმუშავებდი, როგორც ბევრი სხვა მუსიკოსი. თუ რომელიმე დღეს ავად გავხდებოდი, დაუკრავდა სხვა, შესაბამისად, ის იღებდა ხელფასს. ფიქსირებული ხელფასი არ მქონდა. ბარები, სადაც ვმუშაობდი, დაიკეტა, არენდის გადასახადი აქვთ და აღარანაირი შემოსავალი. მე რაც მსმენია, ერთადერთი ბარი, რომელმაც შეძლო თანაშრომლებისთვის ხელფასი მუშაობის შეჩერების შემდეგაც შეენარჩუნებინა, „ვარშავა ბარი“ იყო – პოლონელი მეპატრონე ჰყავს. მათ ალბათ ჰქონდათ ამის საშუალება“ – ამბობს შოთა ადამაშვილი.
კრიზისის პირობებში, რახან ქუჩაში დაკვრაც პრობლემაა, გადაწყვიტა კონცერტები სოციალურ ქსელში გადმოეტანა და ყოველ შაბათს, საღამოს 10 საათზე საკუთარ ფეისბუქგვერდზექანთრის კონცერტებს აწყობს და ცოცხლად უკრავს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მუსიკოსს სიმბოლურად კონცერტის ერთგვარი „ბილეთის საფასური“ გადაურიცხოს საბანკო ან ფეიფალის ანგარიშზე. ასე შეაგროვა მან ბინის ქირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ.
„რთულია ლაივკონცერტით „ბილეთის საფასურს“ ელოდე მსმენელებისგან, თითქმის ყველა ჩემსავით უსამსახუროდ დარჩა. არ ვიცი როგორ მოხდა, რომ სამსახური დავკარგე, მაგრამ ამ ფორმით მაინც მიგროვდება რაღაც დანაზოგი, კრიზისის დასასრულამდე რომ მივიდე“.
მსოფლიო პანდემიის პირობებში ლაივკონცერტები, რომელსაც უფასოდ უსმენ ან სიმბოლურად მუსიკოსს თანხას ურიცხავ, ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ამის დასტურია ამერიკული ფეისბუქჯგუფი Socially Distans Fest, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა და უკვე 150 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ჯგუფის გვერდზე მუსიკოსებს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ ლაივი ჩართონ და დაუკრან, მიუთითონ ფეიფალის ანგარიში ან ნებისმიერი ამერიკული ქეშ აპი, სადაც მსმენელები სურვილის შემთხვევაში „ბილეთის“ სიმბოლურ თანხას ჩარიცხავენ. ჯგუფში ძირითადად ინგლისურენოვან რეპერტუარს უკრავენ, თუმცა ლაივების ჩართვა ჯგუფის ნებისმიერ წევრს შეუძლია.
მსგავსი მიზნით – დისტანციური კონცერტებისთვის შეიქმნა ასევე ქართული ფეისბუქჯგუფი არტიდეპრესანტი.
შოთა ადამაშვილმა ამ პლატფორმებზეც დაუკრა რამდენიმე ლაივი, თუმცა ამბობს, რომ ჯგუფებში ძირითადად ინდი როკის და ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლებს აქვთ შესაძლებლობა ლაივებით მსმენელების წრე გააფართოვონ.
ძირითადად საკუთარ ფეისბუქგვერდზე აწყობს კონცერტს ყოველ შაბათს, საღამოს 10 საათზე, ეს ოპტიმალური დროა, როცა ამერიკაშიც ღვიძავთ და ევროპაშიც. მუსიკოსმა ეს დრო სპეციალურად შეარჩია, რომ მის ამერიკელ და ევროპელ მეგობრებსაც შეძლებოდათ მოსმენა.
„კვირაში ერთი კონცერტით შემოვიფარგლები, რომ ხალხი არ გადავღალო. ქანთრი ვესტერნული ფილმებიდან და მისი საუნდტრეკებიდან შემიყვარდა, ეს ჟღერადობა ჩემია. ყველაზე დიდი სიამოვნებით ამ მუსიკას ვუკრავ.
მიუხედავად იმისა, რომ კრიზისია, ვუკრავ მხოლოდ იმას, რაც მიყვარს. არ მეგონა რომ ასეთ დღეებში ქანთრის ამდენი მსმენელი ეყოლებოდა, რამდენიც მყავს ხოლმე.
მთელი მსოფლიო უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა და ვცდილობ, ახალი შესაძლებლობები ვცადო. დღეს ყველა მუსიკოსი, ვინც ბარებში მუშაობს, გაჩერებულია და ფიქრობს, რა ქნას“ – ამბობს შოთა.
აჭარაში Covid-19-ის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აღებული 210 ანალიზიდან ერთს დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს და პირი იზოლაციაში იმყოფებოდა. ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია.
„მას აქვს მინიმალური კლინიკური ნიშნები“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
ქობულეთის კლასტერს უკვე 36 შემთხვევა უკავშირდება, მათგან 5 პირი განიკურნა და მათ კლინიკა დატოვეს.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკა „მედალფაში“ 31 პირს მკურნალობენ ახალი კორონავირუსის დიაგნოზით.
რაც შეეხება ცხელების ცენტრებს, ამჟამად ბათუმში 28 პირის კვლევის შედეგებს ელოდებიან.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 22-ით გაიზარდა და 539-ს მიაღწია. 30 აპრილის 10 საათის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 178 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 24 საათში 10-ით მოიმატა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, Horizon 2020 მარი სკლოდოვსკა-კიურის კონკურსზე – „ევროპელ მკვლევართა ღამე“ სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა – CAPTAIN: Science is the Captain გაიმარჯვა და 197 500 ევროს ღირებულების გრანტი მოიპოვა.
პროექტი, სახელწოდებით – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“, 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში საერთო-ევროპული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ჩატარებას გულისხმობს.
„ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პროგრამა Horizon 2020-ის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.
2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს 6 ქალაქში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება, რომლებიც სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გულისხმობს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მულტიდისციპლინური და მრავალდარგობრივია, მოიცავს როგორც სამეცნიერო და ინოვაციურ, ისე მუზეუმების, არქეოლოგიის, ასტრონომიის, მეღვინეობის, საკვებ-ტექნოლოგიების, ფეხბურთის, მწერლობისა და ისტორიის საკითხებს.
„ისტორიაში პირველად, საქართველოს „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ გამოჩნდება მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე, ევროკავშირის მიერ „ევროპელ მკვლევართა ღამისთვის“ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე“ – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.
პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის განხორციელებაში უნდა ჩაერთონ მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს სპეციალისტები, ასევე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები და სკოლები.
COVID-19-ით გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო ბათუმის მერია კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებსაც საიჯარო ვალდებულებები აქვთ, პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს, 30 აპრილს, ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილოს.
განკარგულების პროექტის მიხედვით იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი
ვალდებულების შესრულების ვადა 2020 წლის 1-ლი მარტიდან უკვე დაუდგათ, ან მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები [გარდა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა], უნდა მიმართონ მერიას პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით.
შესაბამისი აქტის საფუძველზე მათ მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო ან სარგებლობის საფასურის გადასახდელად არაუგვიანეს 2020 წლის 20 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ან დასარიცხი პირგასამტეხლოსგან.
დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება 2020 წლის 1-ლი ივლისიდან იმ პირების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოეშობა 2020 წლის 1-ელ ივლისამდე, ხოლო იმ პირებს, ვისი ვალდებულების შესრულების ვადა დადგება 2020 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ, ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის დღიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1988 წელს დაბადებული თ.თ. ბათუმში დააკავეს.
მას ბრალი ედება ოჯახში ძალადობასა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში .
სამინისტროს ინფორმაციით გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა არ შეასრულა იმ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომელიც სამართალდამცველებმა მის მიერ ცოლის – 1981 წელს დაბადებულ ნ.თ.-ს მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოსცეს, გარდა ამისა ბრალდებულმა მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი პირად ფეისბუქის გვერდზე საჯარო წერილს ავრცელებს და მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მიმართავს. მალხაზ რეხვიაშვილი წერს: „თუ თქვენ ჩაწერთ ხელშეკრულებაში, რომ სამსახურში დაგვიანების გამო თითოეულ გადაშორებულ წუთზე ერთი შოლტია, ეს არ ნიშნავს, რომ გექნებათ უფლება გამშოლტოთ“.
საქმე იმაშია, რომ მალხაზ რეხვიაშვილმა, თავისი კოლეგისა და ტელეწამყვანის თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნას გამოეხმაურა ფეისბუქში კრიტიკული პოსტით [თავის მხრივ თეონა თურმანიძე სხვა კოლეგის, სოფო ჟღენტის საქმიანობის შეზღუდვას გამოეხმაურა ფეისბუქში]. 28 აპრილს მაუწყებლის დირექტორის მიერ მალხაზ რეხვიაშვილისთვის გაგზავნილი წერილით ირკვევა, რომ გიორგი კოხრეიძე ამჯერად უკვე ამ ჟურნალისტს აფრთხილებს „დისციპლინურ პასუხისმგებლობის დაკისრებით“, თუ ის „დაუყოვნებლივი არ უარყოფს“ მის მიერ ფეისბუქში დაწერილი პოსტის შინაარს.
ამონარიდი გიორგი კოხრეიძის წერილიდან, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილმა 28 აპრილს მიიღო
გიორგი კოხრეიძის ხელმოწერილ ორგვერდიანი წერილის მიხედვით, მალხაზ რეხვიაშვილი ვალდებულია უარყოს მისი მიერ გავრცელებული ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში „მის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“.
ჟურნალისტმა და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ რეხვიაშვილმა ახლახანს გამოაქვეყნა საჯარო წერილი გიორგი კოხრეიძისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ვინაიდან ადმინისტრაციული მოკვლევა თეონა თურმანიძის საქმეზე ჯერ დასრულებული არ არის და, შესაბამისად, არ არის ცნობილი თქვენი მხრიდან რა სამართლებრივი საფუძველი იყო გამოყენებული ამ ადმინისტრაციულ დევნაში, ჩემი სტატუსის დროს მოხსენიებული ვარაუდი, თუ რითი იხელმძღვანელეთ, ვერ ჩაითვლება ტყუილად. მე, როგორც პროფკავშირის თავმჯდომარემ, დავაფიქსირე პოზიცია თანამშრომელზე, რომლის უფლებებსაც, ჩემი აზრით, თქვენ ლახავთ. მოგეხსენებათ, წინა სამ შემთხვევაზე, როცა იმავეს ვამბობდით პროფკავშირი და თქვენ არ იჯერებდით, უკვე ჩაგბარდათ სახალხო დამცველის დასკვნა. ომბუდსმენი იზიარებს იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც ჩვენ წარმოვადგენდით.
რატომ ვივარაუდე ისე, როგორც ვივარაუდე – თეონა თურმანიძის ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც თქვენ მოკვლევა დაიწყეთ, არ გამოდგება იმ ქმედების დასასჯელად, რომლის გამოც მოკვლევა დაიწყეთ. ვგულისხმობ – ხსენებულ მუხლში საუბარია სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე და საჯარო წესრიგის წინააღმდეგ ქმედებაზე, რომელიც მიმართულია დამსაქმებლის თანამშრომლის ან დამსაქმებლის დისკრედიტაციისკენ. მაუწყებლის მენეჯმენტის კრიტიკა არ წარმოადგენს ამ მუხლით აკრძალულ საგანს. ვინაიდან მუხლი კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს (გამოხატვის), საჭიროა სასამართლომ დაადგინოს დაირღვა თუ არა ზნეობის საყოველთაოდ აღიარებული ნორმა, საჯარო წესრიგი ან სამართალი. ამგვარად, პოსტის წერისას ვიხელმძღვანელე იმით, რომ ეს მუხლი ფიზიკურად ვერ იქნება გამოყენებული ამ შემთხვევაზე, ვინაიდან ის სასამართლომ უნდა განიხილოს. ერთადერთი ლოგიკური ახსნა თქვენი გადაწყვეტილებისა იყო უკუგების ძალით გამოგეყენებინათ სოციალურ ქსელში მაუწყებლის თანამშრომლების ქცევის რეგულირების შესახებ მიღებული ახალი წესი.
ის რომ ხელშეკრულებაში რაღაც წერია, არ ნიშნავს, რომ სწორია. თუ თქვენ ჩაწერთ ხელშეკრულებაში, რომ სამსახურში დაგვიანების გამო თითოეულ გადაშორებულ წუთზე ერთი შოლტია შიშველ ზურგზე, ეს არ ნიშნავს, რომ გექნებათ უფლება გამშოლტოთ. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ამ დათქმით – ზნეობის, სამართლისა და წესრიგის წინააღმდეგ – წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს და არამც და არამც შიდა დისციპლინური მოკვლევით გადაწყვეტად საკითხს.
თუ კარგად დააკვირდებით, კრიტიკული ჟურნალისტების დევნა მაუწყებელში და მათი უფლებების დარღვევა სახალხო დამცველმა უკვე დაადგინა. კრიტიკული ჟურნალისტების მხარდაჭერის გამო თქვენ აითვალწუნეთ სოფო ჟღენტი და შეუმცირეთ უფლებები. ამ ფაქტზე პოსტის გამო შეავიწროეთ თეონა თურმანიძე, ხოლო თეონა თურმანიძის მხარდამჭერი პოსტის გამო მოკვლევა დაიწყეთ ჩემზე. ვინ იქნება შემდეგი არ ვიცი – სამართლებრივი ასპექტები შეიძლება მოქალაქეებისთვის რთული ასახსნელია, თუმცა ამ მარტივ ჯაჭვს ყველა დაინახავს. რახან ასე მოგწონთ ჩემი სტატუსების ციტირება, ვპერიფრაზირებ: თავისუფალი მედიის კონტროლი არავის შერჩენია ამ ქვეყანაში, არც თქვენ შეგრჩებათ.
ზუსტად იგივე მიდგომები არის გამოსაყენებელი ჩემს შემთხვევაზეც. თქვენ ალბათ გულისხმობდით არა 2020 წლის, არამედ 2019 წლის ხელშეკრულებას, რომელშიც ნამდვილად არის ჩანაწერი, რომელზეც თქვენ მიუთითებთ, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ამგვარი ჩანაწერის ამოქმედება არ წარმოადგენს თქვენს კომპეტენციას. შესაბამისად, მინდა ოფიციალურად გაცნობოთ, რომ არ
ვიზიარებ თქვენ მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს და არ ვაპირებ უარვყო ის, რაც ვთქვი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი, როგორც ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ფუნქციაა, დავიცვა წევრთა უფლებები. სოციალურ ქსელში ამგვარი აქტივობის შეზღუდვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლას და ისჯება საქართველს სსკ-ს 166 მუხლის შესაბამისად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება სსკ-ს 142 მუხლის შესაბამისად, ხოლო დევნა სიტყვის, აზრის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება სსკ 156 მუხლის შესაბამისად. თქვენი საქმიანობის მთავარ მიზანს უკვე დიდი ხანია წარმოადგენს ჩვენი პროფკავშირის წევრების დევნა, შევიწროება და დისკრიმინაცია. გთხოვთ, შეწყვიტოთ იმგვარი ქმედებები, რომლებიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს.
ამას გარდა, მინდა მოგახსენოთ, რომ ჟურნალისტები, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია გამოხატოს საკუთარი კრიტიკული აზრი ან შეფასება საჯაროდ სხვადასხვა საკითხზე. ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით გვაქვს მონიჭებული. ჩემი მხრიდან გამოთქმული აზრი სრულად ექცევა კანონის ფარგლებში და დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. გარდა ამისა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს სასამართლო ადგენს და თქვენ, როგორც მაუწყებლის დირექტორს არ გაგაჩნიათ მისი ფუნქციების შეთავსების უფლებამოსილება.
გარდა ამისა, განგიმარტავთ, რომ ჩემს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შებოჭილი ხართ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით, რომელიც კრძალავს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც ამ მუხლში არ არის მითითებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მუხლი არ ითვალისწინებს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას აზრის საჯაროდ გამოხატვის გამო“.
_______
შეგახსენებთ, აჭარის მაუწყებელში დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს ან სამსახურიდან გაუშვეს რვა ჟურნალისტი. დირექტორის, გიორგი კოხრეიძის პოლიტიკას, ყველა ეს ჟურნალისტი აფასებდა, როგორც მაუწყებლობის პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.
ფანჯრიდან არც ხე ჩანს, არც ბუჩქი და არც ზღვა, მხოლოდ მეზობელი სახლის კედელი მოჩანს ან ფანჯარა, რომლის გამჭვირვალე შუშასაც მუქი ფარდა ფარავს – „მეზობელმა საძინებელში ან მისაღებ ოთახში რომ არ შეიხედოს.“ სახლში ცხელა, „ჰაერი არ არის“, „ჰაერი როგორ იქნება, ხე არ არის“, ზაფხულში ძალიან ჭირს, ზამთარში კი მზის შუქი საერთოდ არ აღწევს, ცივა და ბნელა.
აქ მცხოვრებლების მონათხრობით, განსაკუთრებით გაუსაძლისი ვითარება დაბალ სართულებზეა – ოცი ან მეტსართულიანი სახლების მერვე სართულამდე ბინებში, როცა ამ სახლის წინა და უკანა ხედს ისევ მაღალი სახლი ესაზღვრება. ამ სახლების დაბალ სართულებზე ნესტი მალევე ჩნდება და კედლები სველდება.
ამ სახლების ბინადრები ამბობენ, რომ შეცდნენ და ახლა ხვდებიან, რომ ბინის ყიდვის დროს უნდა დაინტერესებულიყვნენ, ექნებოდა თუ არა სახლს ეზო ხეებით ან ხეების გარეშე. ის, რომ ბევრი სახლის ეზო ჩაბეტონებული, მანქანების გასაჩერებელი ადგილია, ხოლო გამწვანებად ორი პალმა ან სამი ბუჩქი, ბევრგან კი ესეც არ არის, აღარ შეიცვლება და ეს მოცემულობა ბათუმში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა: „ ეზო არ არის“, „ხე არ არის“, „ნიავი არ არის“, „ჰაერი არ არის“…
ბოლო რამდენიმე წელში აშენებულ მრავალბინიან სახლებს, მიმდინარე სამშენებლო პროექტებს ან გაცემულ სამშენებლო ნებართვებს თუ გადავხედავთ, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამწვანების კოეფიციენტი უმეტესწილად უგულებელყოფილია.
მშენებლობის დაგეგმვისას, მისი შეთანხმებისა და ნებართვის გაცემისას, სხვა კოეფიციენტებთან ერთად ეგრეთ წოდებულ k3-ს ანუ გამწვანების კოეფიციენტის პარამეტრებს კანონი და მასზე დაქვემდებარებული აქტები აქამდეც ადგენდნენ, თუმცა ბოლო ათი წლის განმავლობაში ბათუმში აშენებული შენობებისა და კვარტალების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამწვანების კოეფიციენტი უგულებელყოფილი იყო და ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება.
ბათუმი, ანგისის ქუჩა – მრავალბინიანი სახლები ერთმანეთის მიყოლებითაქ რამდენიმე მრავალბინიან სახლს ერთი ჩაბეტონებული ეზო აქვს, სადაც „ცოტა სიმწვანისთვის“ ტროტუარზე გაზონი მოაწყვეს და რამდენიმე წიწვოვანი ბუჩქი დარგესშპს „ძმების სახლი“ ბათუმში მრავალბინიან სახლს აშენებს. კომპანიას მიწის ნაკვეთი მთლიანად აქვს ათვისებული ისე, რომ ადგილი გამწვანებისთვის არ გაუთვალისწინებია. ამ სახლის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ, გასულ წელს გასცა. ეს ერთადერთი სამშენებლო პროექტი არ არის ბათუმში, რომელსაც სამშენებლო ტერიტორია ისე აქვს ათვისებული, რომ გამწვანების კოეფიციენტი საერთოდ უგულებელყოფილია. იგივე შეიძლება ითქვას ამ პროექტის გვერდით მიმდინარე სამშენებლო პროექტზეც.26 მაისის ქუჩაზე, 14-სართულიანი სახლის ეზო, დაახლოებით 150 კვადრატული მეტრია. ეზოს გასწვრივ ვიწრო გაზონია მოწყობილი. ეს ეზო ბათუმში ახალაშენებული სახლების საუკეთესოდ გამწვანებულ ეზოდ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სხვაგან ეზოები საერთოდ არ გვხვდება ან მსგავსი პატარა ეზოებიც კი, მხოლოდ პარკინგისთვის აქვთ დატოვებული.
ფარნავაზ მეფის #101/103-ში კომპანია რვასართულიან, მრავალბინიან სახლს აშენებს. ამ კორპუსის მშენებლობის ნებართვა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ გასცა. მშენებელს საძირკვლის ჩაყრა უკვე დასრულებული აქვს, რომლის მიხედვითაც პროექტი გამწვანების კოეფიციენტით მოთხოვნილ მინიმალურ პარამეტრებსაც კი არ აკმაყოფილებს – ჩაყრილი საძირკვლის პარამეტრების მიხედვით, მშენებლები ითვისებენ ტერიტორიას ტროტუარამდე.
ახალი სამშენებლო კოდექსი, რომელიც გასული წლის ბოლოს შევიდა ძალაში, გამწვანების კოეფიციენტთან [k3] დაკავშირებით ახალ პარამეტრებს აწესებს. სამშენებლო პროექტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ფართობს k3 კოეფიციენტისთვის, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს წყალგამტარი. ასეთ ფართობად ვეღარ ჩაითვლება ჩაბეტონებული ეზო, მანქანების სადგომი ან სტადიონი, რომელიც არ იქნება წყალგამტარი და რომელზეც მხოლოდ ხელოვნური ხალიჩა იქნება გადაფარებული.
კოდექსის მიხედვით, ყველა დოკუმენტი, მათ შორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას, თუმცა მუნიციპალიტეტებს ევალებათ სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი ახალ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ამავე კოდექსთან შესაბამისია მთავრობის დადგენილებებიც.
ერთ-ერთი ასეთი დადგენილებით [#261] განისაზღვრა ფუნქციური ზონები. დადგენილია ოთხი ძირითადი ზონა: საცხოვრებელი, შერეული, ინდუსტრიული და სპეციალური. ეს ზონები თავის მხრივ ქვეზონებად არის ჩაშლილი. თითოეული ასეთი ზონისთვის დამტკიცდა k-1,k-2 და -k3 კოეფიციენტი. ამ კოეფიციენტების შეცვლა მუნიციპალიტეტს აღარ შეუძლია.
კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად, ბათუმის მერიამ ახალი ფუნქციური ზონები დაადგინა და შესაბამისი განკარგულების პროექტთან ერთად დასამტკიცებლად ბათუმის საკრებულოს გადაუგზავნა. საკრებულო ამ საკითხის განხილვას ხვალ, 30 აპრილს, სხდომაზე გეგმავს.
[toggle title=”დააწკაპუნეთ: ახალი ზონალური რუკის მიხედვით, რომელიც საკრებულოშია გადაგზავნილი, ბათუმში გვექნება შემდეგი ზონები მითითებული პარამეტრებით:”]საქმიანი ზონა (შზ-3, კ-1=0,5/0.7, კ-2=4.6-მდე, კ-3=0,2)
ცენტრის ზონა (შზ=2, კ=0.5/0,7, კ2=3.5-მდე, კ3=0,2)
კომერციული ზონა (შზ-5, კ-1=0.7,
მიწის ნაკვეთზე განაშენიანების მაქსიმალური სიმაღლე=15მ-მდე, კ-3=0,2)
დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-2, კ-1=0,5, კ-2=1.2 კ-3=0,3)
საშუალო ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-3, კ-1=0,5, კ-2=1,8-მდე, კ-3=0,3)
მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა (სზ-4, კ-1=0,5, კ-2=2,5, კ-3=0,3)
საწარმოო ზონა (იზ-1) კ3=0.2
საწარმოო ზონა (იზ-2) კ3=0.2
საკურორტო ზონა (შზ-4 კ-1=0,2 კ-3=0,8 სიმაღლე 15 მეტრი)
გონიო-აფსაროსის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის
არქეოლოგიური ზონა
სპეციალური ზონა (სპზ-2) კ3=0.2[/toggle]
ბათუმის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის მოადგილის, მამუკა რამიშვილის ინფორმაციით, ბათუმს ამ დრომდე გააჩნდა ორი რუკა – მიწათსარგებლობის, ზოგადი ზონირების და კონკრეტული ზონირების რუკა. მისივე განმარტებით, ახალი კოდექსით „შემოთავაზებული მატრიცის შესაბამისად განხორციელდა ამ რუკების თავსებადობის პროცედურა“.
გარდა ამისა, კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ზოგადი ზონირების რუკას დაერქვა გენგეგმა, ხოლო კონკრეტულ ზონირების რუკას – განაშენიანების გეგმა. ეს იგივეა, რაც კონკრეტული ზონირების რუკა, რომელიც იყო ნებართვის გაცემის საფუძველი, სანამ კოდექსი ამოქმედდებოდა. ეს დოკუმენტი ითვალისწინებს პარამეტრებს ქვეზონებისთვის k1, k2, k3 – რომლებიც დადგენილია ახალი კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად.
„ამით ვიხელმძღვანელებთ სანამ გვექნება გენერალური გეგმა. თუ მშენებელს სურს, რომ არსებულ განაშენიანებაში აიღოს ახალი მშენებლობის ნებართვა, კანონი გვეუბნება, რომ მან იმ კვარტალში ან იმ მიწის ნაკვეთზე, რომელსაც აგეგმარებს, 50 მეტრის რადიუსში უნდა იკვლიოს ტერიტორია და გამოიყვანოს დომინირებული კოეფიციენტები. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებულ სიმაღლეს ვერ ასცდება. კოდექსი გვეუბნება, რომ მხოლოდ ამ კვლევის საფუძველზე უნდა გაიცეს ნებართვა“, – განმარტავს მამუკა რამიშვილი.
თუ მშენებელი მოინდომებს კვარტალში კონკრეტული ზონისთვის დადგენილი კოეფიციენტების გადამეტებას, ამისთვის მას დასჭირდება განაშენიანების დეტალური გეგმა, რასაც ამტკიცებს საკრებულო. დეტალური გეგმის დამტკიცება შესაძლოა ასევე დავაკავშიროთ k3 კოეფიციენტთან: გადამეტების შემთხვევაში კანონი ითხოვს კომპენსირებას, ასეთი კომპენსირება კი უნდა მოხდეს გადაწყვეტილებით, რომელიც მოემსახურება საზოგადოებრივ ინტერესებს. მეტი გამწვანებული ფართობი კი ბათუმში საზოგადოების ინტერესის საგანია და ამას ითხოვს როგორც მოსახლეობა, ასევე ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
გარდა ამისა, დეტალური გეგმა მშენებელმა აუცილებლად უნდა მოამზადოს, თუ მას სურს მშენებლობა ისეთ ნაკვეთზე, სადაც არ არის განაშენიანება და ფართობი 7 000 ან მეტი კვადრატული მეტრია.
_____
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში „ბათუმის მწვანე კოეფიციენტი“, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი სტატიის შინაარსზე.
ხულოსა და ქედაში მცხოვრებ 100 ოჯახს თურქეთის საელჩომ, ასევე თურქეთის თანამშრომლობის და კოორდინაციის სააგენტო TIKA-მ საკვები პროდუქტები გადასცეს.
საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორების თქმით, მათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს პროდუქტი. ეს ოჯახები ხულოსა და ქედის მერიის წარმომადგენლებმა შეარჩიეს.
თურქეთის საელჩოსა და ორგანიზაცია TIKA-ს მსგავსი საქველმოქმედო აქცია ჰქონდათ გურიასა და სამეგრელოში. შემდეგ ჯერზე საკვები პროდუქტების გაცემა ბათუმში იგეგმება.
ქალები, რომლებიც ყოველდღე გადადიოდნენ თურქეთში და ქემალფაშაში მაღაზიებში მუშაობდნენ, უმუშევრები დარჩნენ. ეს ქალები თავიანთი ოჯახებისთვის მთავარი შემომტანები იყვნენ, უმრავლესობა 4-5 და მეტ სულს არჩენდა.
ახლა ზოგიერთი მათგანი მოხუცი მშობლების პენსიის იმედად დარჩა, ვისაც სახლში პენსიონერი არ ჰყავს – საერთოდ უფულოდაა.
„იცი, როგორი დაბნეული ვარ? არაფრის იმედი აღარ მაქვს. ვფიქრობ, რა უნდა ვქნა და გამოსავალს ვერ ვხედავ,“ – გვეუბნება თამილა ბოლქვაძე.
ის მარტოხელა დედაა და ორი შვილი ჰყავს. 14 მარტის შემდეგ, როცა თურქეთ-საქართველოს საზღვარი კორონავირუსის გამო გაურკვეველი დროით ჩაიკეტა, თამილა უმუშევარია.
„კრედოში“ მქონდა სესხი აღებული. სხვა ბანკებისგან განსხვავებით კრედომ არ გადაგვივადა. ბავშვების დახმარებას ვღებულობ და სესხი ამით გადავიხადე, მაგრამ ფული აღარ დამრჩა საკვებისთვის. პროდუქტი მოგვცეს და იმ პროდუქტს ვიზოგავ ახლა. ცოტას მამაჩემი მეხმარება. მაგრამ საკვების გარდა უამრავი რამ სჭირდებათ ბავშვებს. პამპერსი და ჰიგიენის ნივთები თუნდაც,“ – გვიყვება თამილა.
თამილა ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანიდან, რომლებიც სამუშაოდ თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ.
გურანდა თავდგირიძეც 7 წლის განმავბლობაში ყოველდღე კვეთდა საზღვარს და ქემალფაშაში, ტანსაცმლის მაღაზიაში მიდიოდა სამუშაოდ.
ორი შვილი ჰყავს. ნაქირავებში ცხოვრობს. ბინაში 200 ლარს იხდიდა, მაგრამ ახლა ქირის ფული არ აქვს. უმუშევარი დარჩა მისი ქმარიც. არ აქვს არანაირი შემოსავალი, არც გეგმა, როგორ შეიძლება გაუმკლავდეს გადასახადებს და არსებულ სიტუაციას.
„60 ლარის ვაუჩერი აქვთ ბავშვებს. სოციალურზე მაქვს დაწერილი განცხადება, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არაა. ამის გამო ვერც უფასო სასადილოთი ვსარგებლობთ. კი ვმუშაობდი, მაგრამ დანაზოგი ვერ გავაკეთე. ერთი პიროვნება დამეხმარა, პროდუქტი მოგვიტანეს და იმით გაგვაქვს თავი. ვინც ვმუშაობდით ქემალფაშაში, ყველა ჩემს დღეშია,“ – გვიყვება გურანდა თავდგირიძე.
დანაზოგი არ ჰქონია არც მაია მუთიძეს.
„რანაირად უნდა დამეზოგა? დიდი ოჯახი მყავს. შშმ ძმა, სამი ბავშვი და მოხუცი დედა. ახლა მხოლოდ დედაჩემის და ჩემი ძმის პენსიის იმედი მაქვს. რაც საზღვარი ჩაიკეტა, მეორე თვე მიდის უკვე. ჩემს დას და სიძეს ვთხოვდი დახმარებას, მაგრამ რამდენი უნდა ვთხოვო? გავედი რამდენიმე დღის წინ და დედაჩემის ოქრო დავალომბარდე, საჭმელი რომ მეყიდა,“ – გვიყვება მაია მუთიძე.
საზღვრის ჩაკეტვამდე ქემალფაშაში მუშაობდა ცირა ლეფსაიაც. ის ახლა უფულოდ, უბინაოდ და უიმედოდაა დარჩენილი.
„მეუღლე ციხეშია უკვე 8 წელია. მყავს ერთი შვილი, 14 წლის გოგო, რომელსაც მარტო ვზრდი. ქირით ვცხოვრობდი ბათუმში. ახლა დავცალე ბინა, დედ-მამამთილი გარდაცვლილი მყავს და ვცხოვრობ მაზლთან სახლში. მაზლს ორი პატარა შვილი ჰყავს, ისიც ხელოსანია და დარჩა უმუშევარი. ახლა მეც დავემატე შვილთან ერთად უმუშევარი და ვართ ასე.
გარდა ამისა, ჩემი გოგო ძალიან ძვირადღირებულ სამედიცინო კრემებს ხმარობს. ერთ-ერთ კლინიკაში გავიარეთ მკურნალობის კურსი, რომელიც 900 ლარი დამიჯდა – „კრედო ბანკის“ განვადება გავაკეთე. ახლა ეს ვალიც მაქვს.
ყველა სიკეთესთან ერთად სახელმწიფო დახმარებაც არ გვიწევს, რადგანაც არანაირი საბუთი არ არსებობს იმის, რომ თვითდასაქმებულ მოქალაქეთა რიცხვს ვეკუთვნი.
რა ვიცი, რომელი ერთი გიამბობთ. ვმუშაობდი და ამ პრობლემებზე ფიქრისთვის არ მეცალა. ახლა თითქოს ყველაფერმა ერთდროულად შემომიტია. ჩემზე ცუდ დღეშიც არიან სხვა გოგოები,“ – გვიყვება ცირა.
მიიღებენ თუ არა სახელმწიფოსგან დახმარებას – ეს არის კითხვა, რომელიც თითოეულ ადამიანს აწუხებს, ვინც თურქეთში მუშაობდა და საზღვარს ყოველდღიურად კვეთდა.
საქართველოს მთავრობამ უკვე დაუგზავნა მოქალაქეებს სმს შეტყობინება, სადაც მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა მიზნობრივი სოციალური დახმარება, რომელიც ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის მეორე ეტაპითაა გათვალისწინებული.
თურქეთში მომუშავე ადამიანებმა ჯერჯერობით არ იციან, თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადიან თუ არა. თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაცია მთავრობამ 300 ლარით განსაზღვრა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს დღეს, 29 მარტს, ჰკითხეს ჟურნალისტებმა იმ ადამიანების შესახებ, ვინც თურქეთში იყო დასაქმებული. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თქვა:
„თუ საზღვრის კვეთის დოკუმენტი მოგვცემს გარკვეულწილად ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ უცხოეთში, ისევ და ისევ კომისიური წესით, ვინაიდან ამ შემთხვევაში პროგრამულად და უფრო მარტივად ჩვენ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კომისიური წესით ჯანდაცვის სამინისტროში, ოღონდ არამხოლოდ ჩვენი უწყების წარმომადგენლები, არამედ როგორც ეკონომიკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ დავამუშავებთ ამ დოკუმენტაციას და რა თქმა უნდა, მაქსიმალური მიდგომა იქნება ის, რომ ამ ადამიანებსაც შევძლოთ და დავეხმაროთ“.
„კლიენტი თუ გამოჩნდა ვინმე, 10-15 პროცენტით დავუკლებ ალბათ ფასს, მაგრამ არავინ ჩანს,“ – ამბობს ამირან ბერიძე, სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორი. როგორ აისახა პანდემია ბინების ფასზე, ან გაიაფდება თუ არა ბინები? – ამ თემაზე საუბარი კომპანიების ნაწილს არ სურს, ნაწილი კი ამბობს, რომ მაისიდან დაახლოებით 10 პროცენტით უფრო იაფად გაყიდის ბინას ბათუმში.
„გუმბათი ჯგუფის“ დირექტორმა ასევე გვითხრა, რომ ამ ეტაპზე კომპანიის დამფუძნებლებთან არ უსაუბრია ფასის შემცირებაზე, რადგან გაყიდვები მთლიანად გაჩერებულია და კომპანიაში ჯერ სხვა საკითხებზე მსჯელობენ.
„ვინც იყიდა შიდაგანვადებით, ისინი ითხოვენ გადავადებას ან უკან დაბრუნებას, ეს საკითხია გადასაწყვეტი… უნდა განახლდეს მშენებლობა, მაგრამ ჯერ არ მოსულა ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს, რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები. ასევე, დასაზუსტებელია, გვექნება თუ არა საღამოს მუშაობის უფლება, რადგან კომენდანტის საათია. ამ საკითხებზე ვმუშაობთ,“ – აღნიშნა ამირან ბერიძემ „ბათუმელებთან“.
„მაისიდან გაიაფდება ბინები… უფრო პატარა კომპანიები გააიაფებენ, დიდებს აქვთ იმის რესურსი, რომ ამას გაუძლონ,“ – ასეთი მოლოდინი აქვს თენგიზ ბაკურიძეს. ის კომპანია „ბაკურის“ დამფუძნებელია. თენგიზ ბაკურიძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე დაახლოებით 10 პროცენტით გააიაფებს ბინებს, შემდეგ კი, ბაზარს დააკვირდება და შესაბამისად მოიქცევა.
„ჩვენ დაახლოებით 15 მაისს გავავრცელებთ ინფორმაციას ფასებთან დაკავშირებით,“ – გვითხრეს კომპანია „ემ კვადრატში“. კომპანიის პრესცენტრის წარმომადგენლის თქმით, ამ თარიღამდე ვერ გვეტყვიან, როგორ აისახა აქ ბინების ფასზე პანდემია.
„ფასები, რა თქმა უნდა, შეიცვლება… ახლა საკითხი დგას იმაზე, თუ როდის დაუბრუნდება პრეკრიზისულ სიტუაციამდე მოსახლეობის შემოსავლები. მეორადი უძრავი ქონების [ძველი საცხოვრებელი ბინების] მფლობელებს კი მოუწევთ ფასების დაკლება ან გაყიდვები შეჩერდება,“ – ასეთია უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრის, ვაჟა მებაღიშვილის მოლოდინი იმაზე, თუ როგორ აისახა პანდემია უძრავი ქონების ბაზარზე. იგი ასევე არის უძრავი ქონების კომპანიის, „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელი.
ვაჟა მებაღიშვილის თქმით, დეველოპერები ჯერ კიდევ ფიქრობენ და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.
„ნაწილი ფასების შემცირებას განიხილავს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ 2008 წლისგან განსხვავებით, როცა ასევე იყო ეკონომიკური კრიზისი, საცხოვრებელი ბინების ფასები „გაბერილი“ არ არის… დეველოპერები ცდილობენ საერთო სტრატეგია მოძებნონ. ფაქტია, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით გეგმარების მხრივ იქნება ცვლილებები. ნაწილმა კი ფასები უკვე შეამცირა, თუმცა უმნიშვნელოდ,“ – ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.
ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი მონაცემები, რამდენი პროცენტით შემცირდა გაყიდვები უძრავი ქონების ბაზარზე, ან რამდენით გაიაფდა საცხოვრებელი ბინები, როგორც ახალაშენებულ, ასევე ძველ კორპუსებში.
უძრავი ქონების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრის მონაცემებით, საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოშიც ყველაზე მეტად ძვირადღირებული, მდიდრული ბინების გაყიდვა შემცირდა, შესაბამისად, ფასებიც. კარგად დაგეგმილ ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებსა და აივნიან ბინებზე კი, შესაძლოა, მოთხოვნა გაიზარდოს კიდეც.
„იზოლაციის პირობებში მიხვდნენ ადამიანები, რომ სჭირდებათ სივრცეები, სადაც შეძლებენ ჰაერის ჩასუნთქვას, დასვენებას,“ – დასძენს ვაჟა მებაღიშვილი.
უცნობია, რამდენი პროცენტით, თუმცა არავინ დავობს იმაზე, რომ გაყიდვების მაჩვენებელი უძრავი ქონების ბაზარზე შემცირდა. ვაჟა მებაღიშვილის თქმით, ერთი მხრივ, ადამიანები მსგავს ვითარებაში თავს არიდებენ უძრავი ქონების შეძენას, მეორე მხრივ კი, გართულდა ბანკებიდან იპოთეკური სესხის აღება.
„…ჩემი ბოლო ინფორმაციით, შეზღუდულად გაიცემა იპოთეკური სესხები და 30 პროცენტით იპრესება შემოსავლები, რეფინანსირება შემცირდა 0,5 პროცენტით და კიდევ ელიან შემცირებას. სესხი ლარში 11 პროცენტად გაიცემა, ევროში 6 პროცენტია და დოლარში არის 8,4 პროცენტი. შესაბამისად, ვისაც სურს დღეს უძრავი ქონების შეძენა, მას უფრო მეტად უწევს დაფიქრება…
ვერ გეტყვით, რომ მასშტაბურად მოხდა ფასის დაკლება ამ ფონზე, ეს ასე არ არის – ძირითადად ყველა სახლში იყო. ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა და შემდეგ უკვე ამას ბაზარი არეგულირებს. ფასები, მაგალითად, უკვე შეამცირეს ბინის გამქირავებლებმა, მათ შორის, დღიურად გამქირავებლებმა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ვაჟა მებაღიშვილმა.
ის პირები, ვისაც აჭარის სარეზერვო ფონდიდან შეძენილი პროდუქტები გადაეცათ, განმეორებით სასურსათო კალათას კვლავ მიიღებენ, – ამის შესახებ „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობაში უთხრეს.
„სასურსათო კალათას მიიღებენ სხვებიც, თუმცა როდის და კონკრეტულად ვინ მიიღებს, კრიტერიუმების შერჩევაზე ვმუშაობთ მუნიციპალიტეტენთან ერთად და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, – გვითხრეს მთავრობის პრესსამსახურში.
10 ათასზე მეტ მოქალაქეს აჭარაში სასურსათო კალათა რომ გადაეცემა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 27 აპრილს განაცხადა.
სასურსათო პროდუქტს კვლავ სარეზერვო ფონდიდან შეიძენენ, რომელიც საგანგებო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით 3,8 მილიონი ლარით გაიზრდება. ბიუჯეტში ცვლილებები უმაღლესმა საბჭომ უახლოეს დღეებში უნდა დაამტკიცოს.
აჭარის 2020 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მარტის ბოლოს 367 332 ლარის ფარგლებში შეიძინეს პროდუქტები, რომლებიც აჭარაში 7 ათასამდე პირს დაურიგდა.
„სასურსათო კალათა“ დაურიგდა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით, აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მარტოხელა პენსიონერებს და საწოლს მიჯაჭვულ მოქალაქეებს.
სასურსათო კალათა შედგებოდა შემდეგი პროდუქტებისგან: ხორბლის ფქვილი – 5 კგ, შაქარი – 2 კგ, მარილი – 0,9 კგ, ბრინჯი – 2,4 კგ, წიწიბურა – 4 კგ, მაკარონი – 3 კგ,ზეთი – 2 ლ, შვრიის ფანტელი – 0,5 კგ.
COVID-19-ის პანდემიის გამო გამოცხადებულმა ფიზიკურმა დისტანცირებამ და კარანტინმა რადიკალურად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. შეამოწმე, როგორ გახსოვს ერთ დროს თითქოს უმნიშვნელო ხმები.
საქართველოს განათლების სამინისტრო 2020-2021 სასწავლო წლისთვის 3 665 900 ლარის ინგლისურის სახელმძღვანელოებს ყიდულობს.
სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, სახელმძღვანელოები მეცხრე და მეთორმეტე კლასებისთვის არის გათვალისწინებული.
ხელშეკრულების მიხერდვით, შპს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენმა“ 73 300 ათასი სახელმძღვანელო და 103 700 რვეული ახალი სასწავლო წლისთვის არაუგვიანეს 23 სექტემბრისა უნდა მიაწოდოს სამინისტროს.
წიგნების შესყიდვაზე 1 535 300 ლარია გათვალისწინებული, ხოლო რვეულებზე – 2 130 600 ლარი. შესაბამისად, ინგლისურის წიგნსა და რვეულში სახელმწიფო 21-21 ლარს დახარჯავს.
„შპს „ინგლიშ ბუქ ედუქეიშენი”, კომპანია MacMilla Education-ი, Pearson-ისა და Oxford University Press-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქრთველოში“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
აქვე საუბარია იმაზე, რომ მე-9 და მე-12 კლასების სახელმძღვანელოებზე გრიფირება 2020 წლისთვის უნდა გამოცხადდეს, მანამდე კი „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას დაუშვებელია სხვა სახელმძღვანელოს გამოყენება“, – ნათქვამია შესყიდვის დოკუმენტში.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 17:20 საათზე საათზე, აჭარაში მიწისძვრა მოხდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 4.1 (ML) მაგნიტუდა იყო, სიღრმე – 14 კილომეტრი.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ქედა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქოქოლეთი იყო. მიწისძვრა იგრძნობოდა ბათუმშიც.
განახლება: ინფორმაციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრმა მონაცემები დააზუსტა. ახალი მონაცემებით, მიწისძვრა საქართველო-თურქეთის საზღვრიდან 5 კილომეტრში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მოხდა. შეიცვალა მიწისძვრის სიმძლავრის მონაცემებიც. თავდაპირველი ინფორმაციით მიწისძვრის სიმძლავრე 3.9 მაგნიტუდა იყო, განახლებული ინფორმაციით – 4.1.
ბათუმის მასშტაბით საყოფაცხოვრებო აბონენტებს მოხმარებული წყლის საფასური სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) სრულად დაუფინანსდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების ფარგლებში იქნა მიღებული – ამ განცხადებას „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.
„ბათუმის წყალში“ განმარტეს, რომ შეღავათი ეხება ნებისმიერ საყოფაცხოვრებო მომხმარებელს, მიუხედავად იმისა, მან ისარგებლა თუ არა შეღავათებით დენსა და გაზზე.
„შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. შეღავათი არ შეეხება კომერციულ ობიექტებს, არც ძველ დავალიანებებს [მათ შორის ფიზიკური პირების შემთხვევაში].
მოქალაქეებს, რომელთაც აღნიშნული შეღავათის გამოყენება არ სურთ იმ მოტივით, რომ მათ აქვთ გადახდის შესაძლებლობა და სურთ, გამოთავისუფლებული თანხები მიმართული იყოს სხვა მნიშვნელოვანი პროგრამებისკენ, აპრილისა და მაისის სუბსიდიაზე უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზე. აპრილის კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის ბოლო ვადაა 2020 წლის 11 მაისი“, – აცხადებს „ბათუმის წყალი“.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ მთავრობას ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი დაუწუნა. ოპოზიციის განცხადებით, პრიორიტეტების დოკუმენტში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები კრიზისსა და სიღარიბის დაძლევაზე.
ენმ-ის წევრი უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე ამბობს, რომ ორი მთავარი პრობლემა – კრიზისი და სიღარიბე, რომლებიც გამოწვია კორონავირუსის პანდემიამ, ნახსენები არ არის.
მან დღეს, 29 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე კითხვები დაუსვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს სიღარიბის დაძლევაზე და მოსახლეობის ის ჯგუფები ჩამოთვალა, ვისაც სოციალური შეღავათები არ შეეხო.
„როგორ აპირებთ ან საერთოდ აპირებთ თუ არა დაეხმაროთ სტუდენტებს, რომლებიც მუშაობდნენ და ასე იხდიდნენ სწავლის საფასურს?
უნდა დაეხმაროთ თუ არა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს, რომლებიც ვერ მუშაობდნენ, ან იმ ადამიანებს, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ და პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ძიძები, რომლებიც პანდემიის გამო ოჯახებში ვეღარ მივიდნენ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასევე, იმ მოქალაქეებს თუ დაეხმარებით, ვისზეც არ გავრცელდა, ვთქვათ, კომუნალური შეღავათები მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის ნაცვლად თხევად გაზს მოიხმარს და ა.შ“ – იკითხა გია აბულაძემ კომიტეტის სხდომაზე, რაზეც უმრავლესობის წევრებმა კითხვებითვე უპასუხეს.
ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვა აჭარის უმაღლეს საბჭოში. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„20 დღე რომ გაჩერდნენ და ვერ იმუშავეს, იმ ტაქსისტების დახმარებას ითხოვთ? ყველას უჭირს და როგორ ფიქრობთ, 350 მილიონით ტაქსისტებსაც უნდა დავეხმაროთ და სხვებსაც?“ – განაცხადა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ.
უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ წულაძემ ოპოზიციის წევრს ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების დაფინანსების სქემა მოსთხოვა.
თქვენ თუ გაქვთ სქემა, როგორ უნდა დაფინანსდნენ ეს ადამიანები, სახელმწიფო მზად არის ამ ხალხს დაეხმაროს, – განაცხადა მან.
„სტუდენტი რომ დააფინანსოთ, რა დოკუმენტს ითხოვთ ამისთვის?“ – ჰკითხა მას გია აბულაძემ. მისი თქმით, დაახლოებით 50 ათას სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს და ეს რიცხვი პანდემიის გამო შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი რომანაძე ოპოზიციის შენიშვნებს პოპულისტურს ეძახის.
გია აბულაძის თქმით, აჭარის მთავრობამ თავის რესურსებში უნდა გამონახოს ამ ჯგუფების დაფინანსების წყარო. „ორი ხელოვნურად შექმნილი ფრაქცია რომ გაქვთ უმაღლეს საბჭოში, გააუქმეთ. ასევე, სამინისტროებში, მთავრობაში და ა.შ. შეამცირეთ პერსონალური ავტომანქანების რაოდენობა. სერიოზული პრობლემები აქვთ ოჯახებს, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ამ ოჯახებისთვის უნდა აამოქმედოთ მედიკამენტების და ბავშვთა კვების პროგრამა. თვითდასაქმებული ადამიანები არ უნდა დარჩნენ სახელმწიფოს დახმარების გარეშე“, – განაცხადა გია აბულაძემ კომიტეტის სხდომაზე.
უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა წევრმა მერაბ ბლადაძემ კი ჯანდაცვის პროგრამის გაზრდაზე ისაუბრა. „ონკოლოგიური პაციენტების დიდი ნაწილი ითხოვს მედიკამენტის „ერბიტუქსის“ და ამავე ჯგუფის წამლების დაფინანსებას, რომელიც 3 735 ლარი ღირს.
სახელმწიფო დაზღვევა 70 პროცენტს აფინანსებს, თუმცა დარჩენილი 1120 ლარის გადახდა მაინც უჭირს პაციენტს. წერენ განცხადებას მთავრობის თავმჯდომარის სახელზე, ჩვენს სახელზე და შემდეგ მაინც აფინანსებს ამ წამალს სახელმწიფო, ამიტომ ამ ადამიანებისთვის ბიოროკრატიული ბარიერები რომ გამარტივდეს, იქნებ ჩასვათ ბიუჯეტში ამ წამლების დაფინანსება“, – განაცხადა ბლადაძემ.
გია აბულაძის თქმით კი, ასევე არასწორი იყო რეკლამირების ბიუჯეტის სრული გაუქმება, რადგან ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ეს პროცესი უნდა გაგრძელებულიყო.
„იმპორტიორები, იქნება ეს ტექსტილი თუ სამშენებლო მასალები, საქონლის რეალიზაციის შემდგომ უნდა დაიბეგრონ. 2014 წლამდე ეს შეღავათი არსებობდა სისტემაში და კრიზისულ პერიოდშიც შესაძლებელია მისი გამოყენება. შეგვიძლია ამაზე ინიციატივა მოვამზადოთ“, – განაცხადა მან.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ოპოზიციის წინადადებაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამებში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესები გათვალისწინებულია.
„თუ ერთი პროგრამით ვერ მიიღებს დახმარებას, შესაძლოა მეორე პროგრამა შეეხოს ადამიანს. იგივე სტუდენტები, თუ შეუძლიათ წარმოადგინონ დოკუმენტი, რომ მუშაობდნენ, იქნება ეს კაფე თუ სხვა, ცენტრალურ ხელისუფლების დახმარების პროგრამაში მოხვდებიან“.
აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილი კრიზისული ბიუჯეტის გეგმა კომიტეტებში განხილვის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად რამდენიმე დღეში წარედგინება.
ბოლო მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 841 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ერთ დღე-ღამეში გადაიცვალა 108 ადამიანი, რაც ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ახალი კორონავირუსით ქვეყანაში სულ 972 პაციენტი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა რუსეთში 100 ათასს აღწევს. ამ მონაცემებით რუსეთი Covid19-ით დაზარალებული ქვეყნების ათეულში მერვე ადგილზეა საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და თურქეთის შემდეგ.
რუსეთში ვირუსი ყველაზე სწრაფად მოსკოვში გავრცელდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაზე მეტი სწორედ მოსკოვშია – 50 ათასზე მეტი შემთხვევა.
რუსეთში ახლა აკვირდებიან 200 ათასამდე ადამიანს Covid19-ის სიმპტომების გამო. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 3 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. მათივე ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილ ინფიცირებულთა 44%-ს დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება არ ჰქონია.
___________
ფოტო: ევროპის პრესსფოტო სააგენტო. EPA/YURI KOCHETKOV
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ რაიანმა ჯანმოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ უცნობია, როდის იქნება ვირუსის მეორე ტალღა. შესაბამისად, თითოეულმა ქვეყანამ, კონკრეტული შეზღუდვების მოხსნის დადებითი ეფექტების განხილვისას, ასევე უნდა შეისწავლოს ამ ღონისძიებების გატარების შედეგად დაავადების შემობრუნების პოტენციური ნეგატიური ეფექტი.
„ეს უნდა განისაზღვროს კონტექსტის მიხედვით – მოსახლეობის რა რაოდენობა ცხოვრობს ქალაქში და რა რაოდენობა – სოფლად, სად არიან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები მოცემულ საზოგადოებაში,“ – აღნიშნა მაიკლ რაიანმა.
მისივე თქმით, ახლა მთავარი გამოწვევაა, რა სტრატეგიით დავიწყოთ გამოსვლა შეზღუდვებიდან ისე, რომ არ გამოვიწვიოთ დაავადების მობრუნება:
„შეიძლება იყოს ვირუსის მეორე ტალღა. ეს ტალღა შეიძლება იყოს ახლა, ერთ ან ორ თვეში. არ ვიცით, რა მოხდება 2-4-5 თვეში, როცა დაავადების ხელახალი აღმასვლის მომსწრე შეიძლება გავხდეთ. საგანგებო მდგომარეობებმა და სხვადასხვა სახის შეზღუდვამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ვირუსს და თუკი ამ წინააღმდეგობას მოვხსნით ძალიან სწრაფად, ვირუსს შეუძლია უკან დაბრუნდეს,“ – განაცხადა რაინმა.
ჯანმო ამბობს, რომ შეზღუდვების შემსუბუქებისას კვლავ დიდი სიფრთხილე მართებთ მოქალაქეებს.
„შემზღუდავი ზომები უნდა შეიცვალოს ფიზიკური დისტანცირების, პირადი ჰიგიენისა და საზოგადოებრივი ჩართულობის შესახებ ახალი სოციალური კონტრაქტით. ეს უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისეთი ძლიერი ზომების თანხლებით, როგორიცაა შემთხვევების გამოვლენა, იზოლაცია, მკურნალობა, კონტაქტების მოძიება”, – ამბობს მაიკლ რაიანი.
„პურის ფქვილის ტომარა დღეს სულ ბოლომდე დავცალე, რა ვაჭამო შვილებს? ერთი 10 წლისაა, მეორე – 12 წლის, ინტერნეტის ლიმიტიც ამოიწურა, გაკვეთილებს ვეღარ დაესწრებიან,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები შორენა აბაშიძე. ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც 12 აპრილიდან საკარანტინო ზონაა, ადამიანები საკვებს ითხოვენ. ეს ოჯახები სოციალურად დაუცველები არ არიან, მაგრამ უმუშევრად დარჩენამ ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა.
ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ ცხელ ხაზზე ზარებს ვეღარ აუდიან და შესაძლოა, სარეზერვო ფონდი გამოიყენონ.
„ჩემი მეუღლე მშენებლობაზე მუშაობდა, დედამთილი – ბათუმში, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში, ეს მაღაზია ახლა გაიხსნა, მაგრამ დედამთილს სოფლიდან არ უშვებენ, კარანტინია და ვერ გაგიშვებთო… შესაძლოა, ეს სამუშაო ადგილი საერთოდ დაკარგოს და ნერვიულობს ძალიან.
მე არ ვმუშაობდი, შვილებს ვზრდი. დახმარებას ვინ მოგვცემდა, ორი ადამიანი მუშაობდა ოჯახიდან. ახლა ყველა სახლში ვართ და არ ვიცით, რა გავაკეთოთ… ცხელ ხაზზე რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ არაფერი, არავინ მოსულა. ვისაც უნდა, მოვიდეს და გადამამოწმოს, თუ მაქვს რამე,“ – ამბობს შორენა აბაშიძე.
საკვები პროდუქტებით დახმარებას ითხოვს ნონა ჯორბენაძეც. ისიც სოფელ ლეღვაში ცხოვრობს.
„…სოციალური დახმარება ორი წლის წინ მომიხსნეს, როცა ბინა მოგვცეს ბათუმში, როგორც ეკომიგრანტს… ბინა ვერ გავარემონტეთ, ვერაფერში ვსარგებლობ. სახლთან მეწყერია ისევ, წყალი ჩამოდის, გვაწვიმს…
ჩემი ქმარი მუშაობდა მხოლოდ, სადაც რამე გამოჩნდებოდა, იქ მიდიოდა. ხან თურქეთში ჩაის კრეფდა, ხან თხილს… ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს, მოხუცი მამამთილი მოსავლელია.
ორი-სამი დღის საკვები დამრჩა. მერე არ ვიცი, ვეღარ ვფიქრობ…“ – უთხრა ნონა ჯორბენაძემ „ბათუმელებს“.
ქობულეთის სოფლებში და, მათ შორის, საკარანტინე ზონაში დახმარება ბევრს რომ სჭირდება, ამას ქობულეთის მერიაშიც ადასტურებენ. მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისგან გამოყოფილი საკვები პროდუქტების 1300 ამანათი, პირველ რიგში, გადასცეს იმ ოჯახებს, სადაც 70 წელს გადაცილებული ხანდაზმულები ცხოვრობენ. ასევე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ, შშმ პირებს, საწოლს მიჯაჭვულებს და მარტოხელა პენსიონერებს.
ქობულეთის მერიის პრესცენტრის მონაცემებით, კონკრეტულად საკარანტინო ზონაში 1060 საკვები პროდუქტის ამანათი გაიცა, რომელიც კერძო სექტორმა მოამზადა. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ოჯახებს, რომლებსაც ამანათები დაურიგეს, ისევ სჭირდებათ საკვები. ამ ჯგუფებს სხვებიც ემატებიან, რისთვისაც დამატებითი სახსრების მოძიებაა საჭირო. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, მერიამ საკვების შესაძენად სარეზერვო ფონდი გამოიყენოს.
მთავარი ფოტო: ნონა ჯორბენაძის სახლი, სოფელი ლეღვა, ქობულეთი.
განიცდის თუ არა მუტაციას COVID19-ის გამომწვევი ვირუსი? ამის შესახებ განმარტება ჯანმოს ბოლო ბრიფინგზე ჯანმოს ჯანმრთელობის გადაუდებელი დახმარების პროგრამების ხელმძღვანელმა მარია ვან კერჰოვმა გააკეთა.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ ვირუსოლოგების ლაბორატორიათა გლობალურ ქსელთან მთელი მსოფლიო მასშტაბით. ისინი დეტალურად სწავლობენ და აკვირდებიან იმ ვირუსების გენის თანმიმდევრობას, რომლებიც ცირკულირებენ მთელს მსოფლიოში. ამ დროისთვის ცნობილია მთლიანი გენის სულ ცოტა 10 000 თანმიმდევრობა. ჩვენ ვეძებთ ცვლილებებს ვირუსში, რომ დავინახოთ, ნიშნავს თუ არა ესა თუ ის ცვლილება იმას, რომ ვირუსმა განიცადა მუტაცია; რომ დავინახოთ ცვლილებები ამ ვირუსში გადადების და ადამიანების დაინფიცირების მხრივ ან მისი უნარი – გამოიწვიოს დაავადების მძიმე მიმდინარეობა. ჯერჯერობით ეს ვირუსი [COVID-19] შედარებით სტაბილურია,“ – თქვა მარია ვან კერჰოვმა.
მისივე თქმით, ვირუსში შეინიშნება ცვლილებები, რაც ნებისმიერ ვირუსთან არის მოსალოდნელი და ეს ცვლილებებიც ამ მოსალოდნელი ნიშნულების დიაპაზონში ექცევა. მარია ვან კერჰოვის განმარტებით, არანაირი განსხვავება არ შეინიშნება COVID19-ში, რომლებიც გვხვდება სხვადასხვა ქვეყანაში:
„ეს მიგვითითებს იმაზე, რომ მისი ქცევა/უნარი არ შეცვლილა გადადებისა და ადამიანების მძიმედ დასნებოვნების ნაწილში”.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 29 აპრილის [14 სთ] მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით [COVID-19] ინფიცირების 3 126 806 შემთხვევა, მათ შორის 217 555 ადამიანი გარდაიცვალა.
ბათუმის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს საკითხს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის მიწის 21 ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.
ამ ნაკვეთებს [სულ 1489 კვ.მ] შემდგომში აჭარის მთავრობა საკუთრებაში გადასცემს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომელიც აქ ახალი ელექტროგადამცემი ხაზისთვის ანძების მშენებლობას გეგმავს.
„ბათუმის მერიაში შემოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2020 წლის 21 აპრილის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდა ქალაქ ბათუმის სამრეწველო ზონის ტერიტორიის დაგეგმარება, სხვადასხვა საწარმოის ამოქმედების, სამრეწველო ზონის განვითარების ხელშეწყობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეთხოვა მოსაზრების წარმოდგენა ე.წ. სამრეწველო ზონის საპროექტო არეალში უკვე არსებული ანძების მდინარის [ჭოროხის] მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე მონაცვლეობასთან დაკავშირებით“, – წერია მერიის განმარტებით ბარათში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, 2019 წლის მაისში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინა ბათუმში, ახალი სამრეწველო ზონის პროექტის არეალში, ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ანძების განთავსებისათვის შერჩეული ამ 21 მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რის შემდეგაც ისინი ბათუმის საკუთრებად დარეგისტრირდა.
ამ ნაკვეთების გადაცემის მიზანი კი „ახალი სამრეწველო ზონის განვითარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საქმეში აჭარის მთავრობისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ხელშეწყობაა“, – წერია განმარტებით ბარათში.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ელექტროგადამცემ საჰაერო და მიწისქვეშა ხაზს [ეგხ „ჭარნალს“] ბათუმის ენერგომომარაგებისთვის აშენებს, რაშიც დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.
110 კვ ძაბვის ახალი ხაზი გაივლის ბათუმის „ახალ სამრეწველო ზონას“[ანუ მდინარე ჭოროხის გასწვრივ], შემდეგ ადლიის ნაგავსაყარის ტერიტორიას, გამწმენდი ნაგებობისა და ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს, შემდეგ გადაკვეთს ადლიის ქუჩას, გაივლის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩას, ზღვისპირის ქუჩას და მრავალსართულიანი სახლების სამშენებლო უბანს.
ბათუმში და, ზოგადად, ქვეყანაში, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდება, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს.
სხვადასხვა აკრძალვის პარალელურად ქვეყანაში 31 მარტიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა, 17 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, სრულად აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა [ზოგი გამონაკლისის გარდა].
ბათუმის შემთხვევაში შევადარეთ ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები 17 აპრილამდე და შემდეგ პერიოდში. 27 აპრილიდან კი ტრანსპორტის [მსუბუქი ავტომანქანების და ტაქსების] მოძრაობა უკვე დაშვებულია.
მონაცემები აღებულია გარემოს ეროვნული სააგენტოსგან, რომელიც სპეციალური ავტომატური სადგურების მეშვეობით აკონტროლებს ჰაერის ხარისხს.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური არის ბათუმშიც, რომელიც 24 საათის განმავლობაში აფიქსირებს დამაბინძურებლების შემცველობას ჰაერში.
[red_box]NO2 – აზოტის დიოქსიდი[/red_box]
ეს მოწითალო-ყავისფერი, მაღალი რეაქციის უნარის მქონე აირია, რომელიც საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება. მისი უმთავრესი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი. ასევე, მრეწველობის სექტორი და შინამეურნეობებში მოხმარებული საწვავი.
ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 40-მდე ითვლება ძალიან კარგ მაჩვენებლად, 40-100 კი – კარგი მაჩვენებელია.
მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ეს მაჩვენებელი ბათუმში ხშირად იყო 40-ზე მეტი, მარტში კი 95,2-იც დაფიქსირდა [ანუ საშუალო მაჩვენებელთან მიახლოებული].
15 აპრილს ბათუმში NO2-ის შემცველობა ჰაერში 62 იყო, 17 აპრილს, დილით – 33,27, ხოლო 18 აპრილს, როცა მანქანების მოძრაობა სრულად იყო აკრძალული – ეს მაჩვენებელი 8,15-მდე ჩამოვიდა, შემდეგ კი 7,92-იც იყო. 27 აპრილს, როცა მსუბუქი ავტომანქანები ამოძრავდა, ამ მაჩვენებელმა 54,85-ს მიაღწია [წინა დღით კი 18 დაფიქსირდა].
2019 წლის აპრილში კი, ბათუმში, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი, მთელი თვის განმავლობაში, 42-დან 69-მდე მერყეობდა.
აზოტის დიოქსიდს ახასიათებს რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება (მაგალითად, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება).
[gray_box]PM – მტვრის მყარი ნაწილაკები[/gray_box]
ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით, მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა PM10 და PM2.5.
ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება.
[highlight color=”red”] PM2.5[/highlight] – ჰაერში ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 20-მდე არის კარგი, 20-ის ზემოთ კი – საშუალო და ცუდი.
მაგალითად, 15 აპრილისთვის ბათუმში ეს მაჩვენებელი იყო 34,64 [ანუ ცუდი] თუმცა, 17 აპრილს ის 12-მდე ჩამოვიდა [ანუ იყო კარგი]. 21 აპრილს კი – 9,86, ანუ ძალიან კარგი იყო. თუმცა 27 აპრილს ამ მაჩვენებელმა 18-ს გადააჭარბა.
[highlight color=”red”] PM10[/highlight] – ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 35-მდე არის ძალიან კარგი და კარგი, თუმცა, იგივე 15 აპრილს ბათუმში 78,93 [ანუ ცუდი მაჩვენებელი] დაფიქსირდა. 17 აპრილს კი 17,44-მდე ჩამოვიდა. მომდევნო დღეებშიც შენარჩუნებული იყო ძირითადად, ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუმცა 27 აპრილს საღამოს, ეს მაჩვენებელი თითქმის 33-მდე გაიზარდა.
ამ ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
SO2 – გოგირდის დიოქსიდი
ეს უფერო აირი წყლის ორთქლში გახსნისას გარდაიქმნება გოგირდმჟავად. იგი ურთიერთქმედებს ჰაერში არსებულ სხვა ნივთიერებებთან და მეორად მყარ ნაწილაკებს წარმოქმნის. მისი წყაროებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, გოგირდმჟავას წარმოება, გოგირდის შემცველი მადნების დნობა და ლოკომოტივებში, გემებისა და ავტომობილებში მაღალი გოგირდის შემცველობის საწვავის წვა, თუმცა მისი ჰაერში გაფრქვევების მთავარი წყარო თბოელექტროსადგურების მიერ წიაღისეული საწვავის (ქვანახშირი, მაზუთი და ა.შ.) წვაა.
ბოლო პერიოდში ბათუმში ჰაერში გოგირდის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი ძალიან კარგი ფიქსირდებოდა, თუმცა თუ 15 აპრილს ეს მაჩვენებელი იყო 1,26, უკვე 17 აპრილიდან ის 0-ზე ჩამოვიდა. 27 აპრილს კი 2,4 დაფიქსირდა [2019 წლის აპრილში, მაქსიმალური მაჩვენებელი 3,12 იყო].
SO2-ს ახასიათებს თვალების გაღიზიანება, ცრემლიანობის მომატება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება
CO – ნახშირჟანგი
CO უფერო და უსუნო აირია. ნახშირჟანგის უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია, ასევე შინამეურნეობაში გათბობის, საკვების მომზადებისა და თბილი წყლისთვის შეშისა და ბუნებრივი აირის მოხმარება.
ბათუმის შემთხვევაში ბოლო პერიოდში ნახშირჟანგის დიდი შემცველობა ჰაერში შესაბამის სადგურზე არ დაფიქსირებულა. 1,46 იყო თებერვალში, 1,91 – მარტში. მარტის ბოლოდან კი, მისი შემცველობა ჰაერში 0-ია. ეს მაჩვენებელი ცუდია, როცა 10-ს გადააჭარბებს.
ნახშირჟანგის ზემოქმედების შედეგია თავის ტკივილი, მენტალური ცნობიერების დაქვეითება, გულის შეტევა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო ძალიან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში სიკვდილი. ატმოსფერულ ჰაერში ნახშირჟანგის ძალიან მაღალი კონცენტრაციები პრაქტიკულად ვერ მყარდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას, გადაადგილების და სხვა ტიპის შეზღუდვებს მოიცავს, ჰაერის ხარისხზე მთელ ქვეყანაში დადებითად აისახა.
„პირველად არის, როცა გამოჯანმრთელებულებსა და ინფიცირებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია,“ – განაცხადა დღეს, 29 აპრილს, მარინა ეზუგბაიამ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.
„გუშინ ამ დროისთვის ჩვენ გვქონდა 511 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა სულ 6 ახალი შემთხვევა და არის 517 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულები ქვეყნის მასშტაბით დაგვემატა 12. დღეს, თუ გამოვაკლებთ გამოჯანმრთელებულებს, ქოვიდ ცენტრებში მკურნალობს 349 პაციენტი,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.
29 აპრილის მონაცემებით [13 სთ] საქართველოში კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 168 ადამიანი, გარდაიცვალა – 6.
ოფიციალური მონაცემებით, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 549 პირი, კარანტინის რეჟიმში კი იმყოფება 5153 მოქალაქე.
გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალი პროგნოზით, კორონავირუსის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა მილიონობით გაიზარდოს იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე. ქალები დადგებიან გენდერული ნიშნით ძალადობის და სხვა საზიანო პრაქტიკების რისკის ქვეშ.
კერძოდ, 47 მილიონზე მეტმა ქალმა შეიძლება დაკარგოს წვდომა კონტრაცეფციის საშუალებებზე, რაც უახლოეს თვეებში 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს.
გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტომ 27 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ქალების მდგომარეობაზე COVID19-ის გავლენის მასშტაბი უზარმაზარია – პანდემიის შედეგად გადაიტვირთა ჯანდაცვის სისტემა, დაიხურა სამედიცინო დაწესებულებები, ქალებსა და გოგონებს სამედიცინო მომსახურების მხოლოდ შეზღუდულ პაკეტზე მიუწვდებათ ხელი; ვირუსით დაინფიცირების შიშით, ისინი ხშირად ამჯობინებენ მნიშვნელოვანი გეგმიური სამედიცინო შემოწმებები გამოტოვონ. სავარაუდოა, რომ მომარაგების გლობალურ ჯაჭვში არსებული ხარვეზები კონტრაცეპტივების მნიშვნელოვან დეფიციტს გამოიწვევს, ასევე მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდაც, რადგან ქალებს გახანგრძლივებული დროით უწევთ სახლში დარჩენა.
„ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ნებისმიერ ფასად უნდა იქნას დაცული. სერვისების მიწოდება უნდა გაგრძელდეს; მარაგები უნდა შეივსოს, ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, დაცვა და მხარდაჭერა უნდა მიიღონ,“ – ამბობს ნატალია კანემი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი.
აღნიშნული კვლევა ჩატარდა UNFPA– ს მიერ, Avenir Health– ის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) და ვიქტორიას უნივერსიტეტის (ავსტრალია) მონაწილეობით.
კვლევის ძირითადი პროგნოზი ასეთია:
დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 114 ქვეყანაში მცხოვრებ 47 მილიონ ქალს არ ექნება წვდომა თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე, რაც 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯანდაცვის სისტემებში სერიოზული შეფერხებები იარსებებს. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას მოსალოდნელია, რომ დამატებით 2 მილიონამდე ქალს არ ექნეს თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა.
გენდერული ნიშნით ძალადობის 31 მილიონი დამატებითი შემთხვევა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას, დამატებით მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის 15 მილიონი შემთხვევის არსებობა.
COVID19-ის შედეგად, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების თავიდან აცილების მიმართულებით მომუშავე პროგრამების შეფერხების გამო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, ქალთა სასქესო ორგანოებს დასახიჩრების 2 მილიონი ახალი შემთხვევა მოხდეს, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.
COVID19 შეაფერხებს ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც 2020-2030 წლებში გამოიწვევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების 13 მილიონ დამატებით შემთხვევას, რასაც, სხვა ვითარებაში, თავიდან ავირიდებდით.
გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიურად მუშაობს მთავრობებთან და პარტნიორებთან, რათა რეპროდუქციული ასაკის ქალთა და გოგონათა საჭიროებები დამკვიდრდეს პრიორიტეტებს შორის და ასევე, უპასუხოს გამოწვევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული გადაუდებელი მდგომარეობის პირობებში.
„ჩვენთვის პირველი რიგის საზრუნავია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ყურადღების გამახვილება, ჯანდაცვის მუშაკების დასაცავად საჭირო აუცილებელი აღჭურვილობის შეძენა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და რისკის შესახებ კომუნიკაციისა და სათემო ჩართულობის ხელშეწყობა,“ – აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის პრესრელიზში.
შს სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ, 28 აპრილის 21 საათიდან 29 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70 მოქალაქე დააჯარიმა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 1 პირი დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო სულ 16 მოქალაქე დააჯარიმა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.
Mastercard საქართველოში, საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია Bolt-თან თანამშრომლობით, მედიკოსების მხარდასაჭერ კამპანიას იწყებს.
Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი საქართველოში, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პრაქტიკა, მსოფლიო მასშტაბით, მინიმუმადე დაიყვანოს.
საქართველო მუდმივად მზადაა ციფრული ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სიახლეების მისაღებად, სწორედ ამიტომ, Mastecard-მა ქვეყანაში წარმატებულად განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება – როგორიცაა საბანკო ოპერაციების სრულიად ელექტრონიზირება – გადახდის ისეთი მრავალფეროვანი, სანდო, სწრაფი და უსაფრთხო მეთოდებით, როგორებიცაა: უკონტაქტო ბარათით გადახდა ; Apple Pay; Tap On Phone.
Mastercard უკვე დიდი ხანია ტექნოლოგიებსა და წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას იყენებს, რათა თითოეული ინდივიდისა თუ სისტემის გაძლიერებას შეუწყოს ხელი.
ამავე მიზეზით, კომპანია შეუერთდა გლობალურ ინიციატივას, ბილ და მელინდა გეიტსების ფონდთან და Wellcome-თან ერთად, COVID-19 პანდემიის სამკურნალო მედიკამენტების შექმნისა და ხელმისაწვდომობის დასაჩქარებლად.
უკონტაქტო გადახდების ლიმიტი კი მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც, 45 ლარიდან 100 ლარამდე გაზარდა, რითაც ბარათის მფლობელებსა თუ საცალო მოვაჭრეეებს შესაძლებლობა მისცა, გადახდები გაცილებით უფრო მარტივად, სწრაფად და რაც მთავარია, უსაფრთხოდ განახორიელონ, ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე.
ასევე, Wolt-თან თანამშრომლობით, აპლიკაციაში ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა ნებისმიერ შეკვეთა სრულიად უფასოდ მიიღონ, მიტანის საფასური მათ აპლიკაციის ანგარიშზე უბრუნდებათ.
ახლა უკვე Mastercad Bolt-ის საშუალებით ფრონტის წინა ხაზზე, ინფექციურ სავადმყოფოსა და ცხელების ცენტრებში, Covid19 პანდემიის წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო პერსონალის ინდივიდუალურ, სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს და მათ ტრანსპორტირების ხარჯებს სრულიად დაფარავს.
პროექტი საქართველოს სამ დიდ ქალაქს: თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს მოიცავს და იმ კლინიკების თანამშრომლებს მოემსახურება, რომლებშიც ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვიან.
“პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩვენს მთავარ ძალას სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, დღეს, მათი კეთილდღეობა Mastercard-ისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“ აღნიშნა Mastercard-ის რეგიონულმა დირექტორმა – იგორ სტეპანოვმა.
მისივე თქმით: „კომპანია მუდმივად აკვირდება ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების არეალს და შესაბამის ნაბიჯებს დგამს, რათა შეამსუბუქოს ის სირთულეები, რომლებსაც ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.”
ამ კამპანიის ფარგლებში Bolt-ის აპლიკაციაში სპეციალური ბიზნეს ექაუნთი შეიქმნება – Mastercard for Medics. ჩართული კლინიკების სია, კამპანიის დაფარვის ზონები და ყველა საჭირო ინფორმაცია ლინკზეა მოცემული https://docdro.id/rorN9kd. ინფორმაცია ასევე დეტალურად იქნება განთავსებული Mastercard-ის Facebook გვერდზე https://www.facebook.com/MastercardGeorgia.
Mastercard-ის შესახებ
მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა. შემოგვიერთდით Twitter@MasterCardNews-ზე, ჩაერთეთ საკითხების განხილვაში ბლოგზე „ტრანზაქციის მიღმა“ (Beyond the Transaction Blog) და გამოიწერეთ უახლესი ამბები „Engagement Bureau“-დან (https://newsroom.mastercard.com)
აჭარაში Covid19-ით ინფიცირებული კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმთელდა, შესაბამისად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 24- მდე გაიზარდა.
გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, დღეს აჭარაში Covid19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 97 ლაბორატორიული ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.
ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ 30 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
35 დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის კლასტერს და მონაცემები არც ამ მხრივ გაზრდილა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ კლასტერთან დაკონტაქტებული პირების თითქმის ოთხმოცი პროცენტი უკვე შესწავლილია და კვლევა ისევ გრძელდება.
ქობულეთში თვითიზოლაციის პერიოდი დასრულდა სოფელ გვარაში, 29-30 აპრილს კი ეს პერიოდი დასრულდება ლეღვასა და მუხაესტატეში.
ბათუმის მერია ზოგიერთი ფიზიკური და იურიდიული პირის დასუფთავების გადასახადისგან გათავისუფლებას განიხილავს. მერიის ინფორმაციით, ეს დაწესებულებები კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო დისტანციურად მუშაობდნენ. შესაბამისად, მათ დასუფთავების მოსაკრებელი არ უნდა დაერიცხოთ.
დადგენილების პროექტის მიხედვით, ქალაქში მოქმედი დაწესებულებები სამი თვის – მარტის, აპრილის და მაისის მოსაკრებელს არ გადაიხდიან.
თუ ამ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მხარს დაუჭერს და დაამტკიცებს, ბიუჯეტის შემოსულობები, საშუალოდ, 332 000 ლარით შემცირდება.
იმ დაწესებულებებს კი, რომლებსაც გათვალისწინებულ პერიოდზე უკვე გადახდილი აქვთ მოსაკრებელი, გადახდილი თანხა აესახებათ სააბონენტო ბარათზე. ამავე დადგენილების პროექტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებაზე უარი განაცხადონ.
უარის თქმის შესახებ კი, მათ განცხადებით უნდა მიმართონ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას ან შპს „სანდასუფთავებას“.
[toggle title=”დააწკაპუნეთ და ნახეთ საქმიანობის სფეროები, რომლებიც შესაძლოა ბათუმში დასუფთავების გადასახადისგან გაათავისუფლონ”]მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
ოფისები, სააგენტოები (გარდა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრულ
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც არ ეზღუდებათ ეკონომიკური საქმიანობა)
კინოთეატრები და თეატრები
სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა‐ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები
სასტუმროები (გარდა იმ ობიექტებისა, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ ფუნქციონირება)
სტადიონები, სპორტულ‐გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების
გარდა)
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები (გარდა აფთიაქებისა და ზოომაღაზიებისა)
აგრარული და შერეული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები
რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ ხუთი ქართველი მეზღვაური თურქეთიდან საქართველოში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევითა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, ასევე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან კოორდინაციით, დღეს, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად და არსებული აკრძალვების მიუხედავად, შესაძლებელი გახდა ქართველი მეზღვაურების თურქეთის ტერიტორიაზე შემოყვანა და ქალაქ იალოვადან სამშობლოში გამომგზავრება,“ – ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
მთავარი ფოტო: მეზღვაურები საქართველოში გამომგზავრების წინ /თურქეთში საქართველოს საელჩო
ხულოში, სოფელ ირემაძეებში ქვეითთა საბრძოლო მანქანა სოფლის რელიქვიაა.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, საბრძოლო მანქანა სოფელში 90-იანებში აიტანეს. ის ასლან აბაშიძის ე.წ. სპეცრაზმის საკუთრება იყო.
ირემაძეებში მცხოვრები ლევან გობაძე ამბობს, რომ თავადაც იყო სპეცრაზმის წევრი.
„ოცკაციანი სპეცრაზმი ვიყავით, იარაღი გვქონდა, ყველაფერი. ვმუშაობდით ერთად. იმ დროისთვის, ყაჩაღად იყო ქვეყანა გადაქცეული. ვპატრულირებდით გოდერძის უღელტეხილზე, ღორჯომის გადმოსასვლელებსაც ვაკონტროლებდით. ვაქცევდით ყურადღებას, ვინმე არ შემოსულიყო,“ – იხსენებს ლევან გობაძე.
ლევან გობაძის ინფორმაციით, ვარდების რევოლუციის შემდეგ სოფელში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი ბარამიძე ავიდა და სპეცრაზმმა იარაღი მას ჩააბარა.
„ამ პერესტროიკამ გააუქმა სპეცრაზმი, დავიშალეთ. სპეცრაზმის ბიჭები ახლა ოჯახებში არიან. ზოგი მუშაობს, ზოგი არ მუშაობს, გლეხურ მეურნეობას ეწევიან, როგორც მე, ისე,“ – ამბობს ლევან გობაძე.
მისივე თქმით, ქვეითთა საბრძოლო მანქანა სპეცრაზმს არასდროს გამოუყენებია. იარაღის ჩაბარების შემდეგ კი საბრძოლო მანქანა სოფელში დარჩა.
ზუსტად მათი რაოდენობა არასდროს არავის დაუთვლია, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ათასობით ქართველი თურქეთში ჩაის კრეფით ირჩენდა თავს – სეზონი მაისში იწყებოდა. ჩაის მკრეფავებს არც ხელშეკრულება ჰქონდათ და არც შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, დღეს მათ არც თვითდასაქმებულად მიიჩნევს ვინმე. ჩაის მკრეფავები ახლა წინასწარ დარდობენ ზამთარს. დარდობენ თურქი დამსაქმებლებიც: „საზღვარი თუ არ გაიხსნა, ვინ მოკრეფს ამდენ ჩაის?“ – კითხულობენ ისინი.
„…2000 წლიდან დავდივარ თურქეთში ჩაის საკრეფად, ერთი წელიც არ ჩამიგდია,“ – გვიყვება „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები სულიკო გუნდაძე. სხვების მსგავსად იცის, რომ წელს თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი ჩავარდა.
„ვისთანაც ვმუშაობდი, დამირეკა, კარანტინი გამოცხადდა და რა უნდა იქნას, არ ვიციო… ძალიან რთული იყო მუშაობა, დილის ექვსზე გავდიოდი და საღამომდე ვმუშაობდი, მარა ეს იყო ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო. თვეში დაახლოებით 1000 ლირამდე გამომქონდა. გამოვდიოდი, ცოტას დავისვენებდი და ისევ მივდიოდი.
მარტო მე ხომ არა? მთელ საქართველოს იქ ნახავდი: გურიიდან გინდოდა, სამეგრელოდან, რომ გავიგონებდი ქართულ ლაპარაკს, ვეცნობოდი ახლო-მახლო ბიჭებს. ხომ იცი, როგორ გიხარია უცხო მხარეში ქართველის ნახვა?
რამდენი ბავშვიც მუშაობდა, ასე 16-17 წლის იქნებოდნენ. გაჭირვება აწი ნახეთ, თურქეთის საზღვარი თუ არ გაიხსნა. ტელევიზორებიდან ყველაფერს აცხადებენ დახმარება იქნებაო, მაგრამ ჩემს ოჯახში არ მოსულა ჯერ არაფერი. ვართ ასე – უმუშევრად დარჩენილები,“ – გვითხრა სულიკო გუნდაძემ.
„ჩვენი დახმარება არ განიხილება, არავის უხსენებია ეს… ჩავედი ბოსტანში და ვამუშავებ, მაგრამ ამით ვერ გავიტანთ თავს, წინ ზამთარია. ჩემი ოჯახის შემოსავალიც ეს იყო – ჩაის კრეფა თურქეთში. მე და ჩემი ძმა მაისის დასაწყისში თურქეთში მივდიოდით,“ – ამბობს ქობულეთში მცხოვრები რუსლან ნოღაიდელი. ის ყოველ სეზონზე დაახლოებით 100 ადამიანის თურქეთში გადაყვანას უკეთებდა ორგანიზებას – დამსაქმებელს აკავშირებდა ჩაის მკრეფავებს და თავადაც მუშაობდა.
რუსლანს ახლა ყოველდღიურად ურეკავს ჩაის პლანტაციების თურქი მესაკუთრე, რომელსაც იმედი აქვს, რომ მალე საზღვარი გაიხსნება.
არავის არასდროს დაუთვლია, რამდენი ადამიანი გადადის თურქეთში ჩაის საკრეფად
„რუსლანი ჩემთან მუშაობდა… ერთ კვირაში მოსაკრეფია უკვე ჩაი. თუ არ ჩამოვლენ საქართველოდან, არ ვიცი, როგორ მოიკრიფება ამდენი ჩაი… მე იმედი მაქვს, რომ გაიხსნება სარფის საზღვარი. შეიძლება ერთ კვირაში არა, მაგრამ მალე გაიხსნება. ისე არ ვიცი, როგორ მოვკრეფთ ამხელა მოსავალს,“ – გვითხრა ერჰან ქოსიოღლუმ, რომელსაც თურქეთში სოციალური ქსელით დავუკავშირდით. ერჰანი თურქეთში, სოფელი დემირისარიში ცხოვრობს.
ერჰანის თქმით, ახლა ჩაის ბუჩქების დამუშავების დროა, რასაც მისი ოჯახი საკუთარი ძალებით ახერხებს, ჩაის მასობრივი კრეფა კი, რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს.
უმუშევრად დარჩა ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები რამაზ ჯინჭარაძეც.
„სეზონზე ჯამში 5 ათას ლირამდე გამომდიოდა, მთელი ზამთრის პროდუქტებს მაგით ვყიდულობდი… ამბობენ, რთულია იქ მუშაობაო. რთულია, მაგრამ მართლა მიხაროდა იქ წასვლა, ვიცოდი, რომ ვიმუშავებდი და ფულს ავიღებდი. ახლა არ ვიცი, რა უნდა ვქნა, ვერავინ გვთავაზობს გამოსავალს,“ – გვითხრა რამაზმა.
ჩაის საკრეფად რამდენი ადამიანი გადადიოდა თურქეთში, ეს ციფრი უცნობია, თუმცა დაახლოებით სამი წლის წინ კავშირ „ინტელექტს“ ჰქონდა პროექტი ამ კონკრეტული ადამიანების კონსულტაციისთვის. მაშინ ამ პროექტის ფარგლებში იურიდიული კონსულტაცია აჭარაში მცხოვრებმა 2 ათასამდე პირმა გაიარა. ისინი პერიოდულად თურქეთში გადადიოდნენ ჩაის საკრეფად.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ხვალ, 29 აპრილს, ბათუმში 12:20 საათიდან 18:00 საათამდე ტბელ აბუსერიძის, ფიროსმანის, გუდიაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, შუქის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელსაც.
16:00-იდან 19:00 საათამდე მონაკვეთში, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება სოფლებს: ბუკნარი, ოჩხამური, წყავროკა, მუხაესტატესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე დაბა ჩაქვის ნაწილს.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, შუქის გათიშვა მიმდინარე გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება.