მთავარი,სიახლეები

აქვს თუ არა საქართველოს „რემდესივირის“ მიღების შანსი

30.04.2020 • 1935
აქვს თუ არა საქართველოს „რემდესივირის“ მიღების შანსი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 30 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეპარატი „რემდესივირი“, რომელიც ამ დრომდე იმედისმომცემ პრეპარატად მიიჩნევა Covid-19-ის სამკურნალოდ, საქართველოს უკვე შეკვეთილი აქვს მწარმოებელ კომპანია „გილეადისთვის“.

„გილეადი, რომელიც ჩვენ გვამარაგებს C ჰეპატიტის პრეპარატებით, გახლავთ გიგანტი კომპანია, რომელიც ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში არის ერთ-ერთი წამყვანი. ეს პრეპარატი მათ მიერ შექმნილია 2015 წელს, ებოლას ეპიდემიის დროს. არის რამდენიმე, ჯერჯერობით ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები, თუმცა, ამავე დროს, ძალიან დამაიმედებელი. ბოლოს ეს არის ძალიან დიდი მეცნიერის, ფაუჩის გუშინდელი გამოსვლა, რომელმაც თქვა, რომ „რემდესივირმა“ დიდ კვლევაში დაახლოებით 5-6 დღით შეამცირა  ვირუსის განულების მაჩვენებელი ორგანიზმში და, ამავე დროს, შეამცირა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. თუმცა, ძალიან ბევრი კვლევა მიდის ამ პრეპარატთან დაკავშირებით. საქართველოს ეს პრეპარატი უკვე შეკვეთილი აქვს გილიარდთან და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანას ექნება“  – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბრიფინგზე ამ პრეპარატის შესახებ კითხვა დაუსვეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს, თენგიზ ცერცვაძესაც.

„რემდესივირი თავიდანვე მოიაზრებოდა ფარულ ფავორიტად. შემდეგ, ერთხანს, ეს იმედები არ გამართლდა, იყო კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ რემდესივირი არც ისე ეფექტურია კოვიდის დროს, როგორც თავიდან ეგონათ. ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია, თქვენ იცით რომ ამერიკის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტის ავტორიტეტულმა დირექტორმა ფაუჩიმ, დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ რემდესივირი საკმაოდ ეფექტურია ამ დაავადებისას და შესაძლოა ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ყველა არ ეთანხმება ამას, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებზე, არის განსხვავებული აზრები, მაგრამ დღეს ჭარბობს აზრი, რომ რემდესივირი კარგია“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს, პრეპარატისთვის რიგში ჩადგომის შემთხვევაში მისი მიღების შანსი არ ექნებოდა, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, რადგან პრეპარატს პირველ რიგში საჭიროებენ ის ქვეყნები, სადაც გარდაცვალებისა და ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა, რადგან კომპანია „გილეადთან“ კავშირი აქვს საქართველოს მთავრობას [კომპანია საქართველოს აწვდის C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს უფასოდ], არის იმედი, რომ საქართველო მიიღებს ამ პრეპარატს.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/448235/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: