მთავარი,სიახლეები

რა ქნან ქალებმა, რომლებიც ყოველდღე თურქეთში გადადიოდნენ სამუშაოდ

29.04.2020 • 3606
რა ქნან ქალებმა, რომლებიც ყოველდღე თურქეთში გადადიოდნენ სამუშაოდ

ქალები, რომლებიც ყოველდღე გადადიოდნენ თურქეთში და ქემალფაშაში მაღაზიებში მუშაობდნენ, უმუშევრები დარჩნენ. ეს ქალები თავიანთი ოჯახებისთვის მთავარი შემომტანები იყვნენ, უმრავლესობა 4-5 და მეტ სულს არჩენდა.

ახლა ზოგიერთი მათგანი მოხუცი მშობლების პენსიის იმედად დარჩა, ვისაც სახლში პენსიონერი არ ჰყავს – საერთოდ უფულოდაა.

„იცი, როგორი დაბნეული ვარ? არაფრის იმედი აღარ მაქვს. ვფიქრობ, რა უნდა ვქნა და გამოსავალს ვერ ვხედავ,“ – გვეუბნება თამილა ბოლქვაძე.

ის მარტოხელა დედაა და ორი შვილი ჰყავს. 14 მარტის შემდეგ, როცა თურქეთ-საქართველოს საზღვარი კორონავირუსის გამო გაურკვეველი დროით ჩაიკეტა, თამილა უმუშევარია.

„კრედოში“ მქონდა სესხი აღებული. სხვა ბანკებისგან განსხვავებით კრედომ არ გადაგვივადა. ბავშვების დახმარებას ვღებულობ და სესხი ამით გადავიხადე, მაგრამ ფული აღარ დამრჩა საკვებისთვის. პროდუქტი მოგვცეს და იმ პროდუქტს ვიზოგავ ახლა. ცოტას მამაჩემი მეხმარება. მაგრამ საკვების გარდა უამრავი რამ სჭირდებათ ბავშვებს. პამპერსი და ჰიგიენის ნივთები თუნდაც,“ –  გვიყვება თამილა.

თამილა ერთ-ერთია იმ ასობით ადამიანიდან, რომლებიც სამუშაოდ თურქეთში ყოველდღიურად გადადიოდნენ.

გურანდა თავდგირიძეც 7 წლის განმავბლობაში ყოველდღე კვეთდა საზღვარს და ქემალფაშაში, ტანსაცმლის მაღაზიაში მიდიოდა სამუშაოდ.

ორი შვილი ჰყავს. ნაქირავებში ცხოვრობს. ბინაში 200 ლარს იხდიდა, მაგრამ ახლა ქირის ფული არ აქვს. უმუშევარი დარჩა მისი ქმარიც. არ აქვს არანაირი შემოსავალი, არც გეგმა, როგორ შეიძლება გაუმკლავდეს გადასახადებს და არსებულ სიტუაციას.

„60 ლარის ვაუჩერი აქვთ ბავშვებს. სოციალურზე მაქვს დაწერილი განცხადება, მაგრამ ჯერჯერობით პასუხი არაა. ამის გამო ვერც უფასო სასადილოთი ვსარგებლობთ. კი ვმუშაობდი, მაგრამ დანაზოგი ვერ გავაკეთე. ერთი პიროვნება დამეხმარა, პროდუქტი მოგვიტანეს და იმით გაგვაქვს თავი. ვინც ვმუშაობდით ქემალფაშაში, ყველა ჩემს დღეშია,“ – გვიყვება გურანდა თავდგირიძე.

დანაზოგი არ ჰქონია არც მაია მუთიძეს.

„რანაირად უნდა დამეზოგა? დიდი ოჯახი მყავს. შშმ ძმა, სამი ბავშვი და მოხუცი დედა. ახლა მხოლოდ დედაჩემის და ჩემი ძმის პენსიის იმედი მაქვს. რაც საზღვარი ჩაიკეტა, მეორე თვე მიდის უკვე. ჩემს დას და სიძეს ვთხოვდი დახმარებას, მაგრამ რამდენი უნდა ვთხოვო? გავედი რამდენიმე დღის წინ და დედაჩემის ოქრო დავალომბარდე, საჭმელი რომ მეყიდა,“ – გვიყვება მაია მუთიძე.

საზღვრის ჩაკეტვამდე ქემალფაშაში მუშაობდა ცირა ლეფსაიაც. ის ახლა უფულოდ, უბინაოდ და უიმედოდაა დარჩენილი.

„მეუღლე ციხეშია უკვე 8 წელია. მყავს ერთი შვილი, 14 წლის გოგო, რომელსაც მარტო ვზრდი. ქირით ვცხოვრობდი ბათუმში. ახლა დავცალე ბინა, დედ-მამამთილი გარდაცვლილი მყავს და ვცხოვრობ მაზლთან სახლში. მაზლს ორი პატარა შვილი ჰყავს, ისიც ხელოსანია და დარჩა უმუშევარი. ახლა მეც დავემატე შვილთან ერთად უმუშევარი და ვართ ასე.

გარდა ამისა, ჩემი გოგო ძალიან ძვირადღირებულ სამედიცინო კრემებს ხმარობს. ერთ-ერთ კლინიკაში გავიარეთ მკურნალობის კურსი, რომელიც 900 ლარი დამიჯდა – „კრედო ბანკის“ განვადება გავაკეთე. ახლა ეს ვალიც მაქვს.

ყველა სიკეთესთან ერთად სახელმწიფო დახმარებაც არ გვიწევს, რადგანაც არანაირი საბუთი არ არსებობს იმის, რომ თვითდასაქმებულ მოქალაქეთა რიცხვს ვეკუთვნი.

რა ვიცი, რომელი ერთი გიამბობთ. ვმუშაობდი და ამ პრობლემებზე ფიქრისთვის არ მეცალა. ახლა თითქოს ყველაფერმა ერთდროულად შემომიტია. ჩემზე ცუდ დღეშიც არიან სხვა გოგოები,“ –  გვიყვება ცირა.

მიიღებენ თუ არა სახელმწიფოსგან დახმარებას – ეს არის კითხვა, რომელიც თითოეულ ადამიანს აწუხებს, ვინც თურქეთში მუშაობდა და საზღვარს ყოველდღიურად კვეთდა.

საქართველოს მთავრობამ უკვე დაუგზავნა მოქალაქეებს სმს შეტყობინება, სადაც მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მიიღონ მოქალაქეებმა მიზნობრივი სოციალური დახმარება, რომელიც ხელისუფლების ანტიკრიზისული სოციალურ-ეკონომიკური გეგმის მეორე ეტაპითაა გათვალისწინებული.

თურქეთში მომუშავე ადამიანებმა ჯერჯერობით არ იციან, თვითდასაქმებულთა კატეგორიაში გადიან თუ არა. თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაცია მთავრობამ 300 ლარით განსაზღვრა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს დღეს, 29 მარტს, ჰკითხეს ჟურნალისტებმა იმ ადამიანების შესახებ, ვინც თურქეთში იყო დასაქმებული. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა თქვა:

„თუ საზღვრის კვეთის დოკუმენტი მოგვცემს გარკვეულწილად ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ეს ადამიანები დასაქმებულები იყვნენ უცხოეთში, ისევ და ისევ კომისიური წესით, ვინაიდან ამ შემთხვევაში პროგრამულად და უფრო მარტივად ჩვენ გადაწყვეტილებებს ვერ მივიღებთ. კომისიური წესით ჯანდაცვის სამინისტროში, ოღონდ არამხოლოდ ჩვენი უწყების წარმომადგენლები, არამედ როგორც ეკონომიკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ დავამუშავებთ ამ დოკუმენტაციას და რა თქმა უნდა, მაქსიმალური მიდგომა იქნება ის, რომ ამ ადამიანებსაც შევძლოთ და დავეხმაროთ“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: