მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტის საჯარო წერილი აჭარის მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს

29.04.2020 • 2513
ჟურნალისტის საჯარო წერილი აჭარის მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი, გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი პირად ფეისბუქის გვერდზე საჯარო წერილს ავრცელებს და მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს მიმართავს. მალხაზ რეხვიაშვილი წერს: „თუ თქვენ ჩაწერთ ხელშეკრულებაში, რომ სამსახურში დაგვიანების გამო თითოეულ გადაშორებულ წუთზე ერთი შოლტია, ეს არ ნიშნავს, რომ გექნებათ უფლება გამშოლტოთ“.

საქმე იმაშია, რომ მალხაზ რეხვიაშვილმა, თავისი კოლეგისა და ტელეწამყვანის თეონა თურმანიძის ეთერიდან მოხსნას გამოეხმაურა ფეისბუქში კრიტიკული პოსტით [თავის მხრივ თეონა თურმანიძე სხვა კოლეგის, სოფო ჟღენტის საქმიანობის შეზღუდვას გამოეხმაურა ფეისბუქში]. 28 აპრილს მაუწყებლის დირექტორის მიერ მალხაზ რეხვიაშვილისთვის გაგზავნილი წერილით ირკვევა, რომ გიორგი კოხრეიძე ამჯერად უკვე ამ ჟურნალისტს აფრთხილებს „დისციპლინურ პასუხისმგებლობის დაკისრებით“, თუ ის „დაუყოვნებლივი არ უარყოფს“ მის მიერ ფეისბუქში დაწერილი პოსტის შინაარს.

ამონარიდი გიორგი კოხრეიძის წერილიდან, რომელიც მალხაზ რეხვიაშვილმა 28 აპრილს მიიღო

გიორგი კოხრეიძის ხელმოწერილ ორგვერდიანი წერილის მიხედვით, მალხაზ რეხვიაშვილი ვალდებულია უარყოს მისი მიერ გავრცელებული ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში „მის მიმართ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები“.

ჟურნალისტმა და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ რეხვიაშვილმა ახლახანს გამოაქვეყნა საჯარო წერილი გიორგი კოხრეიძისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

  • ვინაიდან ადმინისტრაციული მოკვლევა თეონა თურმანიძის საქმეზე ჯერ დასრულებული არ არის და, შესაბამისად, არ არის ცნობილი თქვენი მხრიდან რა სამართლებრივი საფუძველი იყო გამოყენებული ამ ადმინისტრაციულ დევნაში, ჩემი სტატუსის დროს მოხსენიებული ვარაუდი, თუ რითი იხელმძღვანელეთ, ვერ ჩაითვლება ტყუილად. მე, როგორც პროფკავშირის თავმჯდომარემ, დავაფიქსირე პოზიცია თანამშრომელზე, რომლის უფლებებსაც, ჩემი აზრით, თქვენ ლახავთ. მოგეხსენებათ, წინა სამ შემთხვევაზე, როცა იმავეს ვამბობდით პროფკავშირი და თქვენ არ იჯერებდით, უკვე ჩაგბარდათ სახალხო დამცველის დასკვნა. ომბუდსმენი იზიარებს იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რომელთაც ჩვენ წარმოვადგენდით.

 

  • რატომ ვივარაუდე ისე, როგორც ვივარაუდე – თეონა თურმანიძის ხელშეკრულების ის მუხლი, რომლითაც თქვენ მოკვლევა დაიწყეთ, არ გამოდგება იმ ქმედების დასასჯელად, რომლის გამოც მოკვლევა დაიწყეთ. ვგულისხმობ – ხსენებულ მუხლში საუბარია სამართლისა და ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებზე და საჯარო წესრიგის წინააღმდეგ ქმედებაზე, რომელიც მიმართულია დამსაქმებლის თანამშრომლის ან დამსაქმებლის დისკრედიტაციისკენ. მაუწყებლის მენეჯმენტის კრიტიკა არ წარმოადგენს ამ მუხლით აკრძალულ საგანს. ვინაიდან მუხლი კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს (გამოხატვის), საჭიროა სასამართლომ დაადგინოს დაირღვა თუ არა ზნეობის საყოველთაოდ აღიარებული ნორმა, საჯარო წესრიგი ან სამართალი. ამგვარად, პოსტის წერისას ვიხელმძღვანელე იმით, რომ ეს მუხლი ფიზიკურად ვერ იქნება გამოყენებული ამ შემთხვევაზე, ვინაიდან ის სასამართლომ უნდა განიხილოს. ერთადერთი ლოგიკური ახსნა თქვენი გადაწყვეტილებისა იყო უკუგების ძალით გამოგეყენებინათ სოციალურ ქსელში მაუწყებლის თანამშრომლების ქცევის რეგულირების შესახებ მიღებული ახალი წესი.

 

  • ის რომ ხელშეკრულებაში რაღაც წერია, არ ნიშნავს, რომ სწორია. თუ თქვენ ჩაწერთ ხელშეკრულებაში, რომ სამსახურში დაგვიანების გამო თითოეულ გადაშორებულ წუთზე ერთი შოლტია შიშველ ზურგზე, ეს არ ნიშნავს, რომ გექნებათ უფლება გამშოლტოთ. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ამ დათქმით – ზნეობის, სამართლისა და წესრიგის წინააღმდეგ – წარმოადგენს სასამართლოს მსჯელობის საგანს და არამც და არამც შიდა დისციპლინური მოკვლევით გადაწყვეტად საკითხს.

 

  • თუ კარგად დააკვირდებით, კრიტიკული ჟურნალისტების დევნა მაუწყებელში და მათი უფლებების დარღვევა სახალხო დამცველმა უკვე დაადგინა. კრიტიკული ჟურნალისტების მხარდაჭერის გამო თქვენ აითვალწუნეთ სოფო ჟღენტი და შეუმცირეთ უფლებები. ამ ფაქტზე პოსტის გამო შეავიწროეთ თეონა თურმანიძე, ხოლო თეონა თურმანიძის მხარდამჭერი პოსტის გამო მოკვლევა დაიწყეთ ჩემზე. ვინ იქნება შემდეგი არ ვიცი – სამართლებრივი ასპექტები შეიძლება მოქალაქეებისთვის რთული ასახსნელია, თუმცა ამ მარტივ ჯაჭვს ყველა დაინახავს. რახან ასე მოგწონთ ჩემი სტატუსების ციტირება, ვპერიფრაზირებ: თავისუფალი მედიის კონტროლი არავის შერჩენია ამ ქვეყანაში, არც თქვენ შეგრჩებათ.

 

  • ზუსტად იგივე მიდგომები არის გამოსაყენებელი ჩემს შემთხვევაზეც. თქვენ ალბათ გულისხმობდით არა 2020 წლის, არამედ 2019 წლის ხელშეკრულებას, რომელშიც ნამდვილად არის ჩანაწერი, რომელზეც თქვენ მიუთითებთ, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ამგვარი ჩანაწერის ამოქმედება არ წარმოადგენს თქვენს კომპეტენციას. შესაბამისად, მინდა ოფიციალურად გაცნობოთ, რომ არ
    ვიზიარებ თქვენ მიერ წარმოდგენილ არგუმენტებს და არ ვაპირებ უარვყო ის, რაც ვთქვი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი, როგორც ალტერნატიული პროფესიული კავშირის თავმჯდომარის ფუნქციაა, დავიცვა წევრთა უფლებები. სოციალურ ქსელში ამგვარი აქტივობის შეზღუდვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლას და ისჯება საქართველს სსკ-ს 166 მუხლის შესაბამისად, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება სსკ-ს 142 მუხლის შესაბამისად, ხოლო დევნა სიტყვის, აზრის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის მოღვაწეობასთან დაკავშირებით ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება სსკ 156 მუხლის შესაბამისად. თქვენი საქმიანობის მთავარ მიზანს უკვე დიდი ხანია წარმოადგენს ჩვენი პროფკავშირის წევრების დევნა, შევიწროება და დისკრიმინაცია. გთხოვთ, შეწყვიტოთ იმგვარი ქმედებები, რომლებიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით, მივმართოთ სამართალდამცავ უწყებებს.

 

  • ამას გარდა, მინდა მოგახსენოთ, რომ ჟურნალისტები, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანი უფლებამოსილია გამოხატოს საკუთარი კრიტიკული აზრი ან შეფასება საჯაროდ სხვადასხვა საკითხზე. ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით გვაქვს მონიჭებული. ჩემი მხრიდან გამოთქმული აზრი სრულად ექცევა კანონის ფარგლებში და დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. გარდა ამისა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს სასამართლო ადგენს და თქვენ, როგორც მაუწყებლის დირექტორს არ გაგაჩნიათ მისი ფუნქციების შეთავსების უფლებამოსილება.

 

  • გარდა ამისა, განგიმარტავთ, რომ ჩემს მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შებოჭილი ხართ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლით, რომელიც კრძალავს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც ამ მუხლში არ არის მითითებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მუხლი არ ითვალისწინებს პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას აზრის საჯაროდ გამოხატვის გამო“.

_______

შეგახსენებთ, აჭარის მაუწყებელში დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს ჩამოაშორეს ან სამსახურიდან გაუშვეს რვა ჟურნალისტი. დირექტორის, გიორგი კოხრეიძის პოლიტიკას, ყველა ეს ჟურნალისტი აფასებდა, როგორც მაუწყებლობის პოლიტიკის შეცვლის მცდელობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: