ბათუმი,მთავარი,სიახლეები

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმში მიწის 21 ნაკვეთს გადასცემენ

29.04.2020 • 1666
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბათუმში  მიწის 21 ნაკვეთს გადასცემენ

ბათუმის საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს საკითხს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის მიწის 21 ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

ამ ნაკვეთებს [სულ 1489 კვ.მ] შემდგომში აჭარის მთავრობა საკუთრებაში გადასცემს „ენერგო-პრო ჯორჯიას“, რომელიც აქ ახალი ელექტროგადამცემი ხაზისთვის ანძების მშენებლობას გეგმავს.

„ბათუმის მერიაში შემოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2020 წლის 21 აპრილის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელდა ქალაქ ბათუმის სამრეწველო ზონის ტერიტორიის დაგეგმარება, სხვადასხვა საწარმოის ამოქმედების, სამრეწველო ზონის განვითარების ხელშეწყობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეთხოვა მოსაზრების წარმოდგენა ე.წ. სამრეწველო ზონის საპროექტო არეალში უკვე არსებული ანძების მდინარის [ჭოროხის] მიმდებარედ არსებულ ტერიტორიაზე მონაცვლეობასთან დაკავშირებით“, – წერია მერიის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ენერგო-პრო ჯორჯიამ“, 2019 წლის მაისში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარუდგინა ბათუმში, ახალი სამრეწველო ზონის პროექტის არეალში, ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ანძების განთავსებისათვის შერჩეული ამ 21 მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზები, რის შემდეგაც ისინი ბათუმის საკუთრებად დარეგისტრირდა.

ამ ნაკვეთების გადაცემის მიზანი კი „ახალი სამრეწველო ზონის განვითარებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის საქმეში აჭარის მთავრობისა და სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ხელშეწყობაა“, – წერია განმარტებით ბარათში.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ელექტროგადამცემ საჰაერო და მიწისქვეშა ხაზს [ეგხ „ჭარნალს“] ბათუმის ენერგომომარაგებისთვის აშენებს, რაშიც დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

110 კვ ძაბვის ახალი ხაზი გაივლის ბათუმის „ახალ სამრეწველო ზონას“[ანუ მდინარე ჭოროხის გასწვრივ], შემდეგ ადლიის ნაგავსაყარის ტერიტორიას, გამწმენდი ნაგებობისა და ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს, შემდეგ გადაკვეთს ადლიის ქუჩას, გაივლის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩას, ზღვისპირის ქუჩას და მრავალსართულიანი სახლების სამშენებლო უბანს.

ამ თემაზე ვრცლად ნახეთ ბმულზე:

ბათუმის დენით მომარაგებისთვის „ერგე 1“ საკმარისი არ არის – იგეგმება ახალი ხაზის მშენებლობა

 

მთავარი ფოტო: ბათუმის სამრეწველო ზონა / სატელიტის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: