მთავარი,სიახლეები

„ვერ ვმუშაობთ, საკვები გვითავდება“ – ქობულეთის ჩაკეტილ სოფლებში დახმარებას ითხოვენ

29.04.2020 • 1151
„ვერ ვმუშაობთ, საკვები გვითავდება“ – ქობულეთის ჩაკეტილ სოფლებში დახმარებას ითხოვენ

„პურის ფქვილის ტომარა დღეს სულ ბოლომდე დავცალე, რა ვაჭამო შვილებს? ერთი 10 წლისაა, მეორე – 12 წლის, ინტერნეტის ლიმიტიც ამოიწურა, გაკვეთილებს ვეღარ დაესწრებიან,“ – გვიყვება ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრები შორენა აბაშიძე. ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც 12 აპრილიდან საკარანტინო ზონაა, ადამიანები საკვებს ითხოვენ. ეს ოჯახები სოციალურად დაუცველები არ არიან, მაგრამ უმუშევრად დარჩენამ ისინი შემოსავლის გარეშე დატოვა.

ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ ცხელ ხაზზე ზარებს ვეღარ აუდიან და შესაძლოა, სარეზერვო ფონდი გამოიყენონ.

„ჩემი მეუღლე მშენებლობაზე მუშაობდა, დედამთილი – ბათუმში, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში, ეს მაღაზია ახლა გაიხსნა, მაგრამ დედამთილს სოფლიდან არ უშვებენ, კარანტინია და ვერ გაგიშვებთო… შესაძლოა, ეს სამუშაო ადგილი საერთოდ დაკარგოს და ნერვიულობს ძალიან.

მე არ ვმუშაობდი, შვილებს ვზრდი. დახმარებას ვინ მოგვცემდა, ორი ადამიანი მუშაობდა ოჯახიდან. ახლა ყველა სახლში ვართ და არ ვიცით, რა გავაკეთოთ… ცხელ ხაზზე რამდენჯერმე დავრეკე, მაგრამ არაფერი, არავინ მოსულა. ვისაც უნდა, მოვიდეს და გადამამოწმოს, თუ მაქვს რამე,“ – ამბობს შორენა აბაშიძე.

საკვები პროდუქტებით დახმარებას ითხოვს ნონა ჯორბენაძეც. ისიც სოფელ ლეღვაში ცხოვრობს.

„…სოციალური დახმარება ორი წლის წინ მომიხსნეს, როცა ბინა მოგვცეს ბათუმში, როგორც ეკომიგრანტს… ბინა ვერ გავარემონტეთ, ვერაფერში ვსარგებლობ. სახლთან მეწყერია ისევ, წყალი ჩამოდის, გვაწვიმს…

ჩემი ქმარი მუშაობდა მხოლოდ, სადაც რამე გამოჩნდებოდა, იქ მიდიოდა. ხან თურქეთში ჩაის კრეფდა, ხან თხილს… ორი მცირეწლოვანი შვილი გვყავს, მოხუცი მამამთილი მოსავლელია.

ორი-სამი დღის საკვები დამრჩა. მერე არ ვიცი, ვეღარ ვფიქრობ…“ – უთხრა ნონა ჯორბენაძემ „ბათუმელებს“.

ქობულეთის სოფლებში და, მათ შორის, საკარანტინე ზონაში  დახმარება ბევრს რომ სჭირდება, ამას ქობულეთის მერიაშიც ადასტურებენ. მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისგან გამოყოფილი საკვები პროდუქტების 1300 ამანათი, პირველ რიგში, გადასცეს იმ ოჯახებს, სადაც 70 წელს გადაცილებული ხანდაზმულები ცხოვრობენ. ასევე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა აქვთ, შშმ პირებს, საწოლს მიჯაჭვულებს და მარტოხელა პენსიონერებს.

ქობულეთის მერიის პრესცენტრის მონაცემებით, კონკრეტულად საკარანტინო ზონაში 1060 საკვები პროდუქტის ამანათი გაიცა, რომელიც კერძო სექტორმა მოამზადა. მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ოჯახებს, რომლებსაც ამანათები დაურიგეს, ისევ სჭირდებათ საკვები. ამ ჯგუფებს სხვებიც ემატებიან, რისთვისაც დამატებითი სახსრების მოძიებაა საჭირო. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, არაა გამორიცხული, მერიამ საკვების შესაძენად სარეზერვო ფონდი გამოიყენოს.

მთავარი ფოტო: ნონა ჯორბენაძის სახლი, სოფელი ლეღვა, ქობულეთი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: