მთავარი,სიახლეები

„თვალებს ნუ მიყლიპავ“ – დეპუტატი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს

30.04.2020 • 2397
„თვალებს ნუ მიყლიპავ“ – დეპუტატი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს

„თვალებს ნუ მიყლიპავ და ხელებს ნუ მიქნევ“, – უთხრა უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს დღეს, 30 აპრილს გამართულ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე.

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს განიხილა ბიუჯეტის ხარჯების შემცირება. პროექტის მიხედვით, უმაღლესი საბჭო თავის ბიუჯეტს 100 ათასი ლარით იმცირებს, ძირითადად, სამივლინებო და სატრანსპორტო ხარჯების გამოთავისუფლების ხარჯზე.

ცვლილებები სხდომაზე საფინანსო -საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გია რომანაძემ წარადგინა.

სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელგუჯა ბაგრატიონმა უმაღლესი საბჭოს წევრებს შესთავაზა საბჭოში არსებული ფრაქციები გაეუქმებინათ და ამით ბიუჯეტის უფრო მეტად შემცირება იქნებოდა შესაძლებელი.

„ნახევარი მილიონი ლარის გამოყოფა შეუძლია თავისუფლად უმაღლეს საბჭოს, მაგრამ ამას არ აკეთებთ. განსხვავებული ხელფასი, რომელიც ეძლევა ფრაქციის თავმჯდომარეს, სატრანსპორტო ხარჯი, რომელიც ფრაქციის წევრებისთვის არის გამოყოფილი, იქნეს მიმართული იმ ადამიანებისაკენ, ვისაც ახლა სჭირდება დახმარება“ – მიმართა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს.

სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

ელგუჯა ბაგრატიონს დავით გაბაიძემ თავისი გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.

„შენ რომ კითხვებს სვამ, მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში მაგ სიგრძე კითხვები არ არსებობს” –  შენიშვნა მისცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ ელგუჯა ბაგრატიონს.

მოგვიანებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სხდომაზე დაძაბული სამუშაო გარემოს და ხმაურის გამო დროებით შესვენება გამოაცხადა. ჟურნალისტებთან საუბრისას კი დავით გაბაიძემ ისაუბრა, თუ რატომ არის შეუძლებელი ამ ეტაპზე უმაღლეს საბჭოში ფრაქციების გაუქმება.

დავით გაბაიძის განმარტებით, ფრაქციების გაუქმება ახლა ნიშნავს კრიზისის დროს გათავისუფლებულ თანამშრომლებს, რომელსაც უმაღლესმა საბჭომ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. შესაბამისად ვერანაირი თანხებია დაზოგვა ვერ მოხდება.

„არცერთი საქმიანი შენიშვნა მათი მხრიდან არ ყოფილა. დღეს ჩვენ გვესაუბრებიან ესენი, ფრაქციები გააუქმეთო, მაშინ როცა წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ასმათ დიასამიძემ და მურმან ბერიძემ ფორმალურად დატოვეს ნაციონალურ მოძრაობა, ზუსტად იმის გამო, რომ ფრაქციის თავმჯდომარე გამხდარიყო [ასმათ დიასამიძე], ” განაცხადა დავით გაბაიძემ.

სხდომა უმაღლეს საბჭოში განახლდა და გადაწყვეტილება უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის 100 ათასი ლარით შემცირებაზე დეპუტატებმა უკვე მიიღეს. ხმები ასე გადანაწილდა – 11 მომხრე, 6 – წინააღმდეგი.

სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: