მთავარი,სიახლეები

რამდენად გააიაფებს საცხოვრებელ ბინებს პანდემია?

29.04.2020 • 3958
რამდენად გააიაფებს საცხოვრებელ ბინებს პანდემია?

„კლიენტი თუ გამოჩნდა ვინმე, 10-15 პროცენტით დავუკლებ ალბათ ფასს, მაგრამ არავინ ჩანს,“ – ამბობს ამირან ბერიძე, სამშენებლო კომპანია „გუმბათი ჯგუფის“ დირექტორი. როგორ აისახა პანდემია ბინების ფასზე, ან გაიაფდება თუ არა ბინები? – ამ თემაზე საუბარი კომპანიების ნაწილს არ სურს, ნაწილი კი ამბობს, რომ მაისიდან დაახლოებით 10 პროცენტით უფრო იაფად გაყიდის ბინას ბათუმში.

„გუმბათი ჯგუფის“ დირექტორმა ასევე გვითხრა, რომ ამ ეტაპზე კომპანიის დამფუძნებლებთან არ უსაუბრია ფასის შემცირებაზე, რადგან გაყიდვები მთლიანად გაჩერებულია და კომპანიაში ჯერ სხვა საკითხებზე მსჯელობენ.

„ვინც იყიდა შიდაგანვადებით, ისინი ითხოვენ გადავადებას ან უკან დაბრუნებას, ეს საკითხია გადასაწყვეტი… უნდა განახლდეს მშენებლობა, მაგრამ ჯერ არ მოსულა ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს, რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები. ასევე, დასაზუსტებელია, გვექნება თუ არა საღამოს მუშაობის უფლება, რადგან კომენდანტის საათია. ამ საკითხებზე ვმუშაობთ,“ – აღნიშნა ამირან ბერიძემ „ბათუმელებთან“.

„მაისიდან გაიაფდება ბინები… უფრო პატარა კომპანიები გააიაფებენ, დიდებს აქვთ იმის რესურსი, რომ ამას გაუძლონ,“ – ასეთი მოლოდინი აქვს თენგიზ ბაკურიძეს. ის კომპანია „ბაკურის“ დამფუძნებელია. თენგიზ ბაკურიძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე დაახლოებით 10 პროცენტით გააიაფებს ბინებს, შემდეგ კი, ბაზარს დააკვირდება და შესაბამისად მოიქცევა.

„ჩვენ დაახლოებით 15 მაისს გავავრცელებთ ინფორმაციას ფასებთან დაკავშირებით,“ – გვითხრეს კომპანია „ემ კვადრატში“. კომპანიის პრესცენტრის წარმომადგენლის თქმით, ამ თარიღამდე ვერ გვეტყვიან, როგორ აისახა აქ ბინების ფასზე პანდემია.

„ფასები, რა თქმა უნდა, შეიცვლება… ახლა საკითხი დგას იმაზე, თუ როდის დაუბრუნდება პრეკრიზისულ სიტუაციამდე მოსახლეობის შემოსავლები. მეორადი უძრავი ქონების [ძველი საცხოვრებელი ბინების] მფლობელებს კი მოუწევთ ფასების დაკლება ან გაყიდვები შეჩერდება,“ – ასეთია უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრის, ვაჟა მებაღიშვილის მოლოდინი იმაზე, თუ როგორ აისახა პანდემია უძრავი ქონების ბაზარზე. იგი ასევე არის უძრავი ქონების კომპანიის, „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელი.

ვაჟა მებაღიშვილის თქმით, დეველოპერები ჯერ კიდევ ფიქრობენ და კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

„ნაწილი ფასების შემცირებას განიხილავს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ 2008 წლისგან განსხვავებით, როცა ასევე იყო ეკონომიკური კრიზისი, საცხოვრებელი ბინების ფასები „გაბერილი“ არ არის… დეველოპერები ცდილობენ საერთო სტრატეგია მოძებნონ. ფაქტია, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით გეგმარების მხრივ იქნება ცვლილებები. ნაწილმა კი ფასები უკვე შეამცირა, თუმცა უმნიშვნელოდ,“ – ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.

ამ დრომდე არ არსებობს ზუსტი მონაცემები, რამდენი პროცენტით შემცირდა გაყიდვები უძრავი ქონების ბაზარზე, ან რამდენით გაიაფდა საცხოვრებელი ბინები, როგორც ახალაშენებულ, ასევე ძველ კორპუსებში.

უძრავი ქონების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრის მონაცემებით, საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოშიც ყველაზე მეტად ძვირადღირებული, მდიდრული ბინების გაყიდვა შემცირდა, შესაბამისად, ფასებიც. კარგად დაგეგმილ ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებსა და აივნიან ბინებზე კი, შესაძლოა, მოთხოვნა გაიზარდოს კიდეც.

„იზოლაციის პირობებში მიხვდნენ ადამიანები, რომ სჭირდებათ სივრცეები, სადაც შეძლებენ ჰაერის ჩასუნთქვას, დასვენებას,“ – დასძენს ვაჟა მებაღიშვილი.

უცნობია, რამდენი პროცენტით, თუმცა არავინ დავობს იმაზე, რომ გაყიდვების მაჩვენებელი უძრავი ქონების ბაზარზე შემცირდა. ვაჟა მებაღიშვილის თქმით, ერთი მხრივ, ადამიანები მსგავს ვითარებაში თავს არიდებენ უძრავი ქონების შეძენას, მეორე მხრივ კი, გართულდა ბანკებიდან იპოთეკური სესხის აღება.

„…ჩემი ბოლო ინფორმაციით, შეზღუდულად გაიცემა იპოთეკური სესხები და 30 პროცენტით იპრესება შემოსავლები, რეფინანსირება შემცირდა 0,5 პროცენტით და კიდევ ელიან შემცირებას. სესხი ლარში 11 პროცენტად გაიცემა, ევროში 6 პროცენტია და დოლარში არის 8,4 პროცენტი. შესაბამისად, ვისაც სურს დღეს უძრავი ქონების შეძენა, მას უფრო მეტად უწევს დაფიქრება…

ვერ გეტყვით, რომ მასშტაბურად მოხდა ფასის დაკლება ამ ფონზე, ეს ასე არ არის – ძირითადად ყველა სახლში იყო. ფასს განსაზღვრავს მოთხოვნა და შემდეგ უკვე ამას ბაზარი არეგულირებს. ფასები, მაგალითად, უკვე შეამცირეს ბინის გამქირავებლებმა, მათ შორის, დღიურად გამქირავებლებმა,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ვაჟა მებაღიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: