აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციამ მთავრობას ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი დაუწუნა. ოპოზიციის განცხადებით, პრიორიტეტების დოკუმენტში არც ერთი სიტყვა არ არის ნახსენები კრიზისსა და სიღარიბის დაძლევაზე.
ენმ-ის წევრი უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე ამბობს, რომ ორი მთავარი პრობლემა – კრიზისი და სიღარიბე, რომლებიც გამოწვია კორონავირუსის პანდემიამ, ნახსენები არ არის.
მან დღეს, 29 აპრილს, კომიტეტის სხდომაზე კითხვები დაუსვა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს სიღარიბის დაძლევაზე და მოსახლეობის ის ჯგუფები ჩამოთვალა, ვისაც სოციალური შეღავათები არ შეეხო.
„როგორ აპირებთ ან საერთოდ აპირებთ თუ არა დაეხმაროთ სტუდენტებს, რომლებიც მუშაობდნენ და ასე იხდიდნენ სწავლის საფასურს?
უნდა დაეხმაროთ თუ არა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს, რომლებიც ვერ მუშაობდნენ, ან იმ ადამიანებს, რომლებიც თურქეთში მუშაობდნენ და პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ძიძები, რომლებიც პანდემიის გამო ოჯახებში ვეღარ მივიდნენ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასევე, იმ მოქალაქეებს თუ დაეხმარებით, ვისზეც არ გავრცელდა, ვთქვათ, კომუნალური შეღავათები მხოლოდ იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის ნაცვლად თხევად გაზს მოიხმარს და ა.შ“ – იკითხა გია აბულაძემ კომიტეტის სხდომაზე, რაზეც უმრავლესობის წევრებმა კითხვებითვე უპასუხეს.
„20 დღე რომ გაჩერდნენ და ვერ იმუშავეს, იმ ტაქსისტების დახმარებას ითხოვთ? ყველას უჭირს და როგორ ფიქრობთ, 350 მილიონით ტაქსისტებსაც უნდა დავეხმაროთ და სხვებსაც?“ – განაცხადა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი რომანაძემ.
უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ვახტანგ წულაძემ ოპოზიციის წევრს ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფების დაფინანსების სქემა მოსთხოვა.
თქვენ თუ გაქვთ სქემა, როგორ უნდა დაფინანსდნენ ეს ადამიანები, სახელმწიფო მზად არის ამ ხალხს დაეხმაროს, – განაცხადა მან.
„სტუდენტი რომ დააფინანსოთ, რა დოკუმენტს ითხოვთ ამისთვის?“ – ჰკითხა მას გია აბულაძემ. მისი თქმით, დაახლოებით 50 ათას სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს და ეს რიცხვი პანდემიის გამო შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს.
გია აბულაძის თქმით, აჭარის მთავრობამ თავის რესურსებში უნდა გამონახოს ამ ჯგუფების დაფინანსების წყარო. „ორი ხელოვნურად შექმნილი ფრაქცია რომ გაქვთ უმაღლეს საბჭოში, გააუქმეთ. ასევე, სამინისტროებში, მთავრობაში და ა.შ. შეამცირეთ პერსონალური ავტომანქანების რაოდენობა. სერიოზული პრობლემები აქვთ ოჯახებს, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ამ ოჯახებისთვის უნდა აამოქმედოთ მედიკამენტების და ბავშვთა კვების პროგრამა. თვითდასაქმებული ადამიანები არ უნდა დარჩნენ სახელმწიფოს დახმარების გარეშე“, – განაცხადა გია აბულაძემ კომიტეტის სხდომაზე.
უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა წევრმა მერაბ ბლადაძემ კი ჯანდაცვის პროგრამის გაზრდაზე ისაუბრა. „ონკოლოგიური პაციენტების დიდი ნაწილი ითხოვს მედიკამენტის „ერბიტუქსის“ და ამავე ჯგუფის წამლების დაფინანსებას, რომელიც 3 735 ლარი ღირს.
სახელმწიფო დაზღვევა 70 პროცენტს აფინანსებს, თუმცა დარჩენილი 1120 ლარის გადახდა მაინც უჭირს პაციენტს. წერენ განცხადებას მთავრობის თავმჯდომარის სახელზე, ჩვენს სახელზე და შემდეგ მაინც აფინანსებს ამ წამალს სახელმწიფო, ამიტომ ამ ადამიანებისთვის ბიოროკრატიული ბარიერები რომ გამარტივდეს, იქნებ ჩასვათ ბიუჯეტში ამ წამლების დაფინანსება“, – განაცხადა ბლადაძემ.
გია აბულაძის თქმით კი, ასევე არასწორი იყო რეკლამირების ბიუჯეტის სრული გაუქმება, რადგან ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ეს პროცესი უნდა გაგრძელებულიყო.
„იმპორტიორები, იქნება ეს ტექსტილი თუ სამშენებლო მასალები, საქონლის რეალიზაციის შემდგომ უნდა დაიბეგრონ. 2014 წლამდე ეს შეღავათი არსებობდა სისტემაში და კრიზისულ პერიოდშიც შესაძლებელია მისი გამოყენება. შეგვიძლია ამაზე ინიციატივა მოვამზადოთ“, – განაცხადა მან.
ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ ოპოზიციის წინადადებაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო პროგრამებში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესები გათვალისწინებულია.
„თუ ერთი პროგრამით ვერ მიიღებს დახმარებას, შესაძლოა მეორე პროგრამა შეეხოს ადამიანს. იგივე სტუდენტები, თუ შეუძლიათ წარმოადგინონ დოკუმენტი, რომ მუშაობდნენ, იქნება ეს კაფე თუ სხვა, ცენტრალურ ხელისუფლების დახმარების პროგრამაში მოხვდებიან“.
აჭარის მთავრობის მიერ წარმოდგენილი კრიზისული ბიუჯეტის გეგმა კომიტეტებში განხილვის შემდეგ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად რამდენიმე დღეში წარედგინება.