განათლება,მთავარი,სიახლეები

საქართველოში პირველად გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალი – სამინისტრო

30.04.2020 • 2489
საქართველოში პირველად გაიმართება მეცნიერებისა და ინოვაციის ფესტივალი – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის, Horizon 2020 მარი სკლოდოვსკა-კიურის კონკურსზე – „ევროპელ მკვლევართა ღამე“ სამინისტროს მიერ წარდგენილმა პროექტმა – CAPTAIN: Science is the Captain გაიმარჯვა და 197 500 ევროს  ღირებულების გრანტი მოიპოვა.

პროექტი, სახელწოდებით – „კაპიტანი: მეცნიერება კაპიტანია“, 2020 წლის შემოდგომაზე საქართველოში საერთო-ევროპული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ჩატარებას გულისხმობს.

„ევროპელ მკვლევართა ღამე“ ევროპული მეცნიერებისა და ინოვაციების ფართო მასშტაბის ფესტივალია, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და პროგრამა Horizon 2020-ის ასოცირებული ქვეყნების ათეულობით ქალაქში 2005 წლიდან იმართება.

2020 წლის შემოდგომაზე საქართველოს 6 ქალაქში ფართომასშტაბიანი ღონისძიებები გაიმართება, რომლებიც სახალისო, გასართობი, კულტურული, სპორტული და  შემეცნებითი აქტივობების ჩატარებას გულისხმობს.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებული აქტივობები მულტიდისციპლინური და მრავალდარგობრივია, მოიცავს როგორც სამეცნიერო და ინოვაციურ, ისე მუზეუმების, არქეოლოგიის, ასტრონომიის, მეღვინეობის, საკვებ-ტექნოლოგიების, ფეხბურთის, მწერლობისა და ისტორიის საკითხებს.

„ისტორიაში პირველად, საქართველოს „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი“ გამოჩნდება მიმდინარე საფესტივალო ღონისძიებების რუკაზე, ევროკავშირის მიერ „ევროპელ მკვლევართა ღამისთვის“ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე“ – ნათქვამია სამინისტროს პრესრელიზში.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. პროექტის განხორციელებაში უნდა ჩაერთონ მეცნიერების, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროს სპეციალისტები, ასევე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, უნივერსიტეტები და სკოლები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: