მთავარი,სიახლეები

შაბათის ქანთრი – უმუშევრად დარჩენილი მუსიკოსის ლაივკონცერტები ფეისბუქზე

30.04.2020 • 2113
შაბათის ქანთრი – უმუშევრად დარჩენილი მუსიკოსის ლაივკონცერტები ფეისბუქზე

მუსიკოსმა შოთა ადამაშვილმა ბოლოს ბარში 14 მარტს დაუკრა. მას შემდეგ, როგორც ყველა, დღემდე შინაა, თვითიზოლაციაში. შოთას მსგავსად პანდემიის გამო სამსახური არაერთმა მუსიკოსმა დაკარგა, რომელთა შემოსავლის მთავარი წყაროც კაფე-ბარებში, რესტორნებსა და კლუბებში დაკვრა იყო.

„ორი მუდმივი სამსახური მქონდა, ხანდახან ესეც არ იყო საკმარისი და ქუჩაში ვუკრავდი. ქირით ვცხოვრობ და დამატებითი შემოსავალი მჭირდებოდა. ბევრი ახალგაზრდა  მუსიკოსია ჩემს ირგვლივ, ვინც ქირით ცხოვრობს და ხშირად ბარებში გამომუშავებული ხელფასი მათთვისაც არასაკმარისია. ამიტომ ქუჩაშიც ვუკრავთ ხოლმე. ახლა ასე ვეღარ დავუკრავთ“.

მუსიკოსი ფიქრობს, რომ მთავრობის მიერ უმუშევრობისთვის გამოყოფილ დახმარებას ვერ მიიღებს, რადგან ხელფასი მას, როგორც ბევრ სხვა მუსიკოსს, საბანკო ანგარიშზე არ ერიცხებოდა, ნაქირავები სახლის კომუნალურ გადასახადებსაც საკუთარი სახელით არ იხდიდა და დიასახლისს აძლევდა, შესაბამისად, საბანკო გადახდებით ვერ დაადასტურებს პანდემიამდე რომ ნამდვილად მუშაობდა.

„დღიურად გამოვიმუშავებდი, როგორც ბევრი სხვა მუსიკოსი. თუ რომელიმე დღეს ავად გავხდებოდი, დაუკრავდა სხვა, შესაბამისად, ის იღებდა ხელფასს. ფიქსირებული ხელფასი არ მქონდა. ბარები, სადაც ვმუშაობდი, დაიკეტა, არენდის გადასახადი აქვთ და აღარანაირი შემოსავალი. მე რაც მსმენია, ერთადერთი ბარი, რომელმაც შეძლო თანაშრომლებისთვის ხელფასი მუშაობის შეჩერების შემდეგაც შეენარჩუნებინა, „ვარშავა ბარი“ იყო – პოლონელი მეპატრონე ჰყავს. მათ ალბათ ჰქონდათ ამის საშუალება“ – ამბობს შოთა ადამაშვილი.

კრიზისის პირობებში, რახან ქუჩაში დაკვრაც პრობლემაა, გადაწყვიტა კონცერტები სოციალურ ქსელში გადმოეტანა და ყოველ შაბათს, საღამოს 10 საათზე საკუთარ ფეისბუქგვერდზე ქანთრის კონცერტებს აწყობს და ცოცხლად უკრავს. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მუსიკოსს სიმბოლურად კონცერტის ერთგვარი „ბილეთის საფასური“ გადაურიცხოს საბანკო ან ფეიფალის ანგარიშზე. ასე შეაგროვა მან ბინის ქირა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ.

შოთა ადამაშვილი პირდაპირ ეთერში სახლიდან. რუბრიკა 27 გრადუსი

Posted by არტიდეპრესანტი•Artidepressant on პარასკევი, 20 მარტი, 2020

„რთულია ლაივკონცერტით „ბილეთის საფასურს“ ელოდე მსმენელებისგან, თითქმის ყველა ჩემსავით უსამსახუროდ დარჩა. არ ვიცი როგორ მოხდა, რომ სამსახური დავკარგე, მაგრამ ამ ფორმით მაინც მიგროვდება რაღაც დანაზოგი, კრიზისის დასასრულამდე რომ მივიდე“.

მსოფლიო პანდემიის პირობებში ლაივკონცერტები, რომელსაც უფასოდ უსმენ ან სიმბოლურად მუსიკოსს თანხას ურიცხავ, ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. ამის დასტურია ამერიკული ფეისბუქჯგუფი Socially Distans Fest, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა და უკვე 150 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ჯგუფის გვერდზე მუსიკოსებს ნებისმიერი ქვეყნიდან შეუძლიათ ლაივი ჩართონ და დაუკრან, მიუთითონ ფეიფალის ანგარიში ან ნებისმიერი ამერიკული ქეშ აპი, სადაც მსმენელები სურვილის შემთხვევაში „ბილეთის“ სიმბოლურ თანხას ჩარიცხავენ. ჯგუფში ძირითადად ინგლისურენოვან რეპერტუარს უკრავენ, თუმცა ლაივების ჩართვა ჯგუფის ნებისმიერ წევრს შეუძლია.

მსგავსი მიზნით – დისტანციური კონცერტებისთვის შეიქმნა ასევე ქართული ფეისბუქჯგუფი არტიდეპრესანტი.

შოთა ადამაშვილმა ამ პლატფორმებზეც დაუკრა რამდენიმე ლაივი, თუმცა ამბობს, რომ ჯგუფებში ძირითადად ინდი როკის და ალტერნატიული მუსიკის შემსრულებლებს აქვთ შესაძლებლობა ლაივებით მსმენელების წრე გააფართოვონ.

ძირითადად საკუთარ ფეისბუქგვერდზე აწყობს კონცერტს ყოველ შაბათს, საღამოს 10 საათზე, ეს ოპტიმალური დროა, როცა ამერიკაშიც ღვიძავთ და ევროპაშიც. მუსიკოსმა ეს დრო სპეციალურად შეარჩია, რომ მის ამერიკელ და ევროპელ მეგობრებსაც შეძლებოდათ მოსმენა.

„კვირაში ერთი კონცერტით შემოვიფარგლები, რომ ხალხი არ გადავღალო. ქანთრი ვესტერნული ფილმებიდან და მისი საუნდტრეკებიდან შემიყვარდა, ეს ჟღერადობა ჩემია. ყველაზე დიდი სიამოვნებით ამ მუსიკას ვუკრავ.

მიუხედავად იმისა, რომ კრიზისია, ვუკრავ მხოლოდ იმას, რაც მიყვარს. არ მეგონა რომ ასეთ დღეებში ქანთრის ამდენი მსმენელი ეყოლებოდა, რამდენიც მყავს ხოლმე.

მთელი მსოფლიო უჩვეულო მდგომარეობაში აღმოჩნდა და ვცდილობ, ახალი შესაძლებლობები ვცადო. დღეს ყველა მუსიკოსი, ვინც ბარებში მუშაობს, გაჩერებულია და ფიქრობს, რა ქნას“ – ამბობს შოთა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: