მთავარი,სიახლეები

9 374 ლარი ერთ მოსამართლეს – უზენაესში დანამატი და ხელფასი პანდემიის დროსაც აიღეს

30.04.2020 • 3377
9 374 ლარი ერთ მოსამართლეს – უზენაესში დანამატი და ხელფასი პანდემიის დროსაც აიღეს

პანდემიის მიუხედავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ხელფასებითან ერთად დანამატებიც აიღეს. რა რაოდენობით აიღეს დანამატები მოსამართლეებმა და რატომ? – ყველა სამართლებრივი აქტი, რომელიც დანამატების გაცემას უკავშირდებოდა, „ბათუმელებმა“ უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა. ბოლო ინსტანციის სასამართლომ, რომელიც კანონის დაცვის გარანტი უნდა იყოს საჯარო ინფორმაციის გაცემის ნაწილში, სრულყოფილი ინფორმაცია არ მოგვაწოდა. ოფიციალურ წერილში, რომელიც უზენაესი სასამართლოდან მივიღეთ, მხოლოდ ჯამური ციფრი წერია – „208 035 ლარი მოსამართლეების, ხოლო 305 642 ლარი აპარატის თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის“.

სასამართლოდან მიღებულ წერილში არსად არის ნახსენები დანამატები მოსამართლეების ნაწილში.

საიდან ჩანს, რომ მოსამართლეებმა აიღეს დანამატებიც? – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების [სხვებისაც] ხელფასი კანონითაა განსაზღვრული: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო ქადაგიძის ხელფასი 7 ათასი ლარია, პირველი მოადგილის – 6500, მოადგილის – 6300, რიგითი მოსამართლის – 6 ათასი. უზენაეს სასამართლოში სულ 22 მოსამართლეა. თუ კანონით განსაზღვრულ ხელფასებს შევკრებთ, ჯამში 133 800 ლარს მივიღებთ. გამოდის, რომ მოსამართლეებმა ხელფასების გარდა, კიდევ 74 235 ლარი მიიღეს.

რადგან უზენაესმა სასამართლომ დეტალური ინფორმაცია არ მოგვაწოდა და არც შესაბამისი სამართლებრივი აქტები, რომელიც დანამატების გაცემას უკავშირდება, უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურს დავუკავშირდით და ინფორმაციის დაზუსტება ვითხოვეთ. პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა ჩარკვიანმა გვირჩია, რომ ისევ საჯარო ინფორმაცია გამოგვეთხოვა. მას შემდეგ, რაც მას განვუმარტეთ, რომ დეტალური ინფორმაციას უკვე ვითხოვდით წინა წერილით, ხათუნა ჩარკვიანმა გვიპასუხა, რომ „დანამატი ყველა მოსამართლემ თანაბრად მიიღო“.

გამოდის, რომ უზენაესი სასამართლოს თითოეულ მოსამართლეს, ხელფასის გარდა, მარტში დანამატის სახით 3374 ლარი მიუღია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. მის მიერ 13 მარტს ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა მარტში ხელფასი, ყოველთვიური დანამატი და ასევე ხელფასის 60 პროცენტი აიღეს.

საერთო სასამართლოების ნაწილია უზენაესი სასამართლოც, თუმცა ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესმდივანი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ გიორგი მიქაუტაძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს წევრს, საერთო სასამართლოების მოსამართლეების შესახებ გამოცემული განკარგულება არ შეხებია და მარტში ხელფასის სახით მან მხოლოდ 6 ათასი ლარი მიიღო.

უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით კი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესმდივანმა აპრილის დასაწყისში მოიტყუა, როცა თქვა, რომ გიორგი მიქაუტაძეს მარტში დანამატი არ აუღია და მხოლოდ ხელფასი – 6 ათასი ლარი აიღო. უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით, დანამატი ყველა მოსამართლემ თანაბრად აიღო. შესაბამისად, გიორგი მიქაუტაძემ მარტში გასამრჯელოს სახით მიიღო არა 6 ათასი, არამედ 9 374 ლარი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა გასამარჯელოს ნაწილი stopcov.ge-ს ანგარიშზე ჩარიცხეს – ჯამში 22 ათასი ლარია, ანუ თითო მოსამართლეს 1000 ლარი გაიღო პანდემიისგან დამდგარი ზიანისთვის.

აპრილში მოსამართლეებმა ისევ აიღეს თუ არა ორმაგი დანამატები, უცნობია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 13 აპრილს მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

ინფორმაცის მიღება პრესცენტრთანაც ვცადეთ, თუმცა დღეს აქ ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას აღარ უპასუხეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: