მთავარი,სიახლეები

კოვიდ 19-ის პანდემიის გახანგრძლივება ქალთა ჯანმრთელობაზე სავალალო გავლენას იქონიებს – UNFPA

29.04.2020 • 1425
კოვიდ 19-ის პანდემიის გახანგრძლივება ქალთა ჯანმრთელობაზე სავალალო გავლენას იქონიებს – UNFPA

გაეროს მოსახლეობის ფონდის ახალი პროგნოზით, კორონავირუსის ფართოდ გავრცელებასთან ერთად, შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში, შესაძლოა მილიონობით გაიზარდოს იმ ქალების რაოდენობა, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე. ქალები დადგებიან გენდერული ნიშნით ძალადობის და სხვა საზიანო პრაქტიკების რისკის ქვეშ.

კერძოდ, 47 მილიონზე მეტმა ქალმა შეიძლება დაკარგოს წვდომა კონტრაცეფციის საშუალებებზე, რაც უახლოეს თვეებში 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს.

გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტომ 27 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც ქალების მდგომარეობაზე COVID19-ის გავლენის მასშტაბი უზარმაზარია – პანდემიის შედეგად გადაიტვირთა ჯანდაცვის სისტემა, დაიხურა სამედიცინო დაწესებულებები, ქალებსა და გოგონებს სამედიცინო მომსახურების მხოლოდ შეზღუდულ პაკეტზე მიუწვდებათ ხელი; ვირუსით დაინფიცირების შიშით, ისინი ხშირად ამჯობინებენ მნიშვნელოვანი გეგმიური სამედიცინო შემოწმებები გამოტოვონ. სავარაუდოა, რომ მომარაგების გლობალურ ჯაჭვში არსებული  ხარვეზები კონტრაცეპტივების მნიშვნელოვან დეფიციტს გამოიწვევს, ასევე მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის ზრდაც, რადგან ქალებს გახანგრძლივებული დროით უწევთ სახლში დარჩენა.

„ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ნებისმიერ ფასად უნდა იქნას დაცული. სერვისების მიწოდება უნდა გაგრძელდეს; მარაგები უნდა შეივსოს, ხოლო იმ ადამიანებმა, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, დაცვა და მხარდაჭერა უნდა მიიღონ,“ – ამბობს ნატალია კანემი, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორი.

აღნიშნული კვლევა ჩატარდა UNFPA– ს მიერ, Avenir Health– ის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) და ვიქტორიას უნივერსიტეტის (ავსტრალია) მონაწილეობით.

კვლევის ძირითადი პროგნოზი ასეთია:

  • დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 114 ქვეყანაში მცხოვრებ 47 მილიონ ქალს არ ექნება წვდომა თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე, რაც 7 მილიონ არასასურველ ორსულობას გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და ჯანდაცვის სისტემებში სერიოზული შეფერხებები იარსებებს. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას მოსალოდნელია, რომ დამატებით  2 მილიონამდე ქალს არ ექნეს თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდებზე ხელმისაწვდომობა.
  • გენდერული ნიშნით ძალადობის 31 მილიონი დამატებითი შემთხვევა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მკაცრი იზოლაცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება. იზოლაციის პერიოდის ყოველი 3 თვით გახანგრძლივებისას, დამატებით მოსალოდნელია გენდერული ნიშნით ძალადობის 15 მილიონი შემთხვევის არსებობა.
  • COVID19-ის შედეგად, ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების თავიდან აცილების მიმართულებით მომუშავე პროგრამების შეფერხების გამო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, შესაძლოა, ქალთა სასქესო ორგანოებს დასახიჩრების 2 მილიონი ახალი შემთხვევა მოხდეს, რომელთა თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა.
  • COVID19 შეაფერხებს ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრისაკენ მიმართულ ძალისხმევას, რაც 2020-2030 წლებში გამოიწვევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების 13 მილიონ დამატებით შემთხვევას, რასაც, სხვა ვითარებაში, თავიდან ავირიდებდით.

გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) აქტიურად მუშაობს მთავრობებთან და პარტნიორებთან, რათა რეპროდუქციული ასაკის ქალთა და გოგონათა საჭიროებები დამკვიდრდეს პრიორიტეტებს შორის და ასევე, უპასუხოს გამოწვევებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში არსებული გადაუდებელი მდგომარეობის პირობებში.

„ჩვენთვის პირველი რიგის საზრუნავია ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე ყურადღების გამახვილება, ჯანდაცვის მუშაკების დასაცავად საჭირო აუცილებელი აღჭურვილობის შეძენა, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და რისკის შესახებ კომუნიკაციისა და სათემო ჩართულობის ხელშეწყობა,“ – აღნიშნულია გაეროს მოსახლეობის ფონდის პრესრელიზში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: