მთავარი,სიახლეები

ჩაის მკრეფავები წინასწარ დარდობენ ზამთარს – „ჩვენი დახმარება არავის უხსენებია“

28.04.2020 • 3726
ჩაის მკრეფავები წინასწარ დარდობენ ზამთარს – „ჩვენი დახმარება არავის უხსენებია“

ზუსტად მათი რაოდენობა არასდროს არავის დაუთვლია, თუმცა ყველამ ვიცით, რომ ათასობით ქართველი თურქეთში ჩაის კრეფით ირჩენდა თავს – სეზონი მაისში იწყებოდა. ჩაის მკრეფავებს არც ხელშეკრულება ჰქონდათ და არც შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, დღეს მათ არც თვითდასაქმებულად მიიჩნევს ვინმე. ჩაის მკრეფავები ახლა წინასწარ დარდობენ ზამთარს. დარდობენ თურქი დამსაქმებლებიც: „საზღვარი თუ არ გაიხსნა, ვინ მოკრეფს ამდენ ჩაის?“ – კითხულობენ ისინი.

„…2000 წლიდან დავდივარ თურქეთში ჩაის საკრეფად, ერთი წელიც არ ჩამიგდია,“ – გვიყვება „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები სულიკო გუნდაძე. სხვების მსგავსად იცის, რომ წელს თურქეთში ჩაის კრეფის სეზონი ჩავარდა.

„ვისთანაც ვმუშაობდი, დამირეკა, კარანტინი გამოცხადდა და რა უნდა იქნას, არ ვიციო…  ძალიან რთული იყო მუშაობა, დილის ექვსზე გავდიოდი და საღამომდე ვმუშაობდი, მარა ეს იყო ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო. თვეში დაახლოებით 1000 ლირამდე გამომქონდა. გამოვდიოდი, ცოტას დავისვენებდი და ისევ მივდიოდი.

მარტო მე ხომ არა? მთელ საქართველოს იქ ნახავდი: გურიიდან გინდოდა, სამეგრელოდან, რომ გავიგონებდი ქართულ ლაპარაკს, ვეცნობოდი ახლო-მახლო ბიჭებს. ხომ იცი, როგორ გიხარია უცხო მხარეში ქართველის ნახვა?

რამდენი ბავშვიც მუშაობდა, ასე 16-17 წლის იქნებოდნენ. გაჭირვება აწი ნახეთ, თურქეთის საზღვარი თუ არ გაიხსნა. ტელევიზორებიდან ყველაფერს აცხადებენ დახმარება იქნებაო, მაგრამ ჩემს ოჯახში არ მოსულა ჯერ არაფერი. ვართ ასე – უმუშევრად დარჩენილები,“ – გვითხრა სულიკო გუნდაძემ.

„ჩვენი დახმარება არ განიხილება, არავის უხსენებია ეს… ჩავედი ბოსტანში და ვამუშავებ, მაგრამ ამით ვერ გავიტანთ თავს, წინ ზამთარია. ჩემი ოჯახის შემოსავალიც ეს იყო – ჩაის კრეფა თურქეთში. მე და ჩემი ძმა მაისის დასაწყისში თურქეთში მივდიოდით,“ – ამბობს ქობულეთში მცხოვრები რუსლან ნოღაიდელი. ის ყოველ სეზონზე დაახლოებით 100 ადამიანის თურქეთში გადაყვანას უკეთებდა ორგანიზებას – დამსაქმებელს აკავშირებდა ჩაის მკრეფავებს და თავადაც მუშაობდა.

რუსლანს ახლა ყოველდღიურად ურეკავს ჩაის პლანტაციების თურქი მესაკუთრე, რომელსაც იმედი აქვს, რომ მალე საზღვარი გაიხსნება.

არავის არასდროს დაუთვლია, რამდენი ადამიანი გადადის თურქეთში ჩაის საკრეფად

„რუსლანი ჩემთან მუშაობდა… ერთ კვირაში მოსაკრეფია უკვე ჩაი. თუ არ ჩამოვლენ საქართველოდან, არ ვიცი, როგორ მოიკრიფება ამდენი ჩაი… მე იმედი მაქვს, რომ გაიხსნება სარფის საზღვარი. შეიძლება ერთ კვირაში არა, მაგრამ მალე გაიხსნება. ისე არ ვიცი, როგორ მოვკრეფთ ამხელა მოსავალს,“ – გვითხრა ერჰან ქოსიოღლუმ, რომელსაც თურქეთში სოციალური ქსელით დავუკავშირდით. ერჰანი თურქეთში, სოფელი დემირისარიში ცხოვრობს.

ერჰანის თქმით, ახლა ჩაის ბუჩქების დამუშავების დროა, რასაც მისი ოჯახი საკუთარი ძალებით ახერხებს, ჩაის მასობრივი კრეფა კი, რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს.

უმუშევრად დარჩა ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები რამაზ ჯინჭარაძეც.

„სეზონზე ჯამში 5 ათას ლირამდე გამომდიოდა, მთელი ზამთრის პროდუქტებს მაგით ვყიდულობდი… ამბობენ, რთულია იქ მუშაობაო. რთულია, მაგრამ მართლა მიხაროდა იქ წასვლა, ვიცოდი, რომ ვიმუშავებდი და ფულს ავიღებდი. ახლა არ ვიცი, რა უნდა ვქნა, ვერავინ გვთავაზობს გამოსავალს,“ – გვითხრა რამაზმა.

ჩაის საკრეფად რამდენი ადამიანი გადადიოდა თურქეთში, ეს ციფრი უცნობია, თუმცა დაახლოებით სამი წლის წინ კავშირ „ინტელექტს“ ჰქონდა პროექტი ამ კონკრეტული ადამიანების კონსულტაციისთვის. მაშინ ამ პროექტის ფარგლებში იურიდიული კონსულტაცია აჭარაში მცხოვრებმა 2 ათასამდე პირმა გაიარა. ისინი პერიოდულად თურქეთში გადადიოდნენ ჩაის საკრეფად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: