ბათუმი,მთავარი,სიახლეები

როგორი იყო ჰაერის ხარისხი უმანქანო ბათუმში და როგორია ახლა

29.04.2020 • 2742
როგორი იყო ჰაერის ხარისხი უმანქანო ბათუმში და როგორია ახლა

ბათუმში და, ზოგადად, ქვეყანაში, პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული შეზღუდვების პარალელურად საგრძნობლად გაუმჯობესდა ჰაერის ხარისხი. ჰაერში იმ რაოდენობით და ის დამაბინძურებლები ვეღარ ხვდება, რაც თან ახლავს მშენებლობებსა თუ ტრანსპორტის გამონაბოლქვს.

სხვადასხვა აკრძალვის პარალელურად ქვეყანაში 31 მარტიდან კომენდანტის საათი გამოცხადდა, 17 აპრილიდან 27 აპრილამდე კი, სრულად აიკრძალა ტრანსპორტის მოძრაობა [ზოგი გამონაკლისის გარდა].

ბათუმის შემთხვევაში შევადარეთ ჰაერის ხარისხის მაჩვენებლები 17 აპრილამდე და შემდეგ პერიოდში. 27 აპრილიდან კი ტრანსპორტის [მსუბუქი ავტომანქანების და ტაქსების] მოძრაობა უკვე დაშვებულია.

მონაცემები აღებულია გარემოს ეროვნული სააგენტოსგან, რომელიც სპეციალური ავტომატური სადგურების მეშვეობით აკონტროლებს ჰაერის ხარისხს.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგური არის ბათუმშიც, რომელიც 24 საათის განმავლობაში აფიქსირებს დამაბინძურებლების შემცველობას ჰაერში.

[red_box]NO2 – აზოტის დიოქსიდი[/red_box]

ეს მოწითალო-ყავისფერი, მაღალი რეაქციის უნარის მქონე აირია, რომელიც საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება. მისი უმთავრესი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი. ასევე, მრეწველობის სექტორი და შინამეურნეობებში მოხმარებული საწვავი.

ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 40-მდე ითვლება ძალიან კარგ მაჩვენებლად, 40-100 კი – კარგი მაჩვენებელია.

მიმდინარე წლის თებერვალ-მარტში ეს მაჩვენებელი ბათუმში ხშირად იყო 40-ზე მეტი, მარტში კი 95,2-იც დაფიქსირდა [ანუ საშუალო მაჩვენებელთან მიახლოებული].

15 აპრილს ბათუმში NO2-ის შემცველობა ჰაერში 62 იყო, 17 აპრილს, დილით – 33,27, ხოლო 18 აპრილს, როცა მანქანების მოძრაობა სრულად იყო აკრძალული – ეს მაჩვენებელი 8,15-მდე ჩამოვიდა, შემდეგ კი 7,92-იც იყო. 27 აპრილს, როცა მსუბუქი ავტომანქანები ამოძრავდა, ამ მაჩვენებელმა 54,85-ს მიაღწია [წინა დღით კი 18 დაფიქსირდა].

2019 წლის აპრილში კი, ბათუმში, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი, მთელი თვის განმავლობაში, 42-დან 69-მდე მერყეობდა.

აზოტის დიოქსიდს ახასიათებს რესპირატორული ინფექციებისადმი მაღალი მგრძნობელობა, სასუნთქი სისტემის გაღიზიანება (მაგალითად, ხველა, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება).

[gray_box]PM – მტვრის მყარი ნაწილაკები[/gray_box]

ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით, მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა PM10 და PM2.5.

ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამაბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად. საქართველოსთვის მყარი ნაწილაკების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება.

[highlight color=”red”] PM2.5[/highlight] – ჰაერში ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 20-მდე არის კარგი, 20-ის ზემოთ კი – საშუალო და ცუდი.

მაგალითად, 15 აპრილისთვის ბათუმში ეს მაჩვენებელი იყო 34,64 [ანუ ცუდი] თუმცა, 17 აპრილს ის 12-მდე ჩამოვიდა [ანუ იყო კარგი]. 21 აპრილს კი – 9,86, ანუ ძალიან კარგი იყო. თუმცა 27 აპრილს ამ მაჩვენებელმა 18-ს გადააჭარბა.

[highlight color=”red”] PM10[/highlight] – ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 35-მდე არის ძალიან კარგი და კარგი, თუმცა, იგივე 15 აპრილს ბათუმში 78,93 [ანუ ცუდი მაჩვენებელი] დაფიქსირდა. 17 აპრილს კი 17,44-მდე ჩამოვიდა. მომდევნო დღეებშიც შენარჩუნებული იყო ძირითადად, ძალიან კარგი მაჩვენებელი, თუმცა 27 აპრილს საღამოს, ეს მაჩვენებელი თითქმის 33-მდე გაიზარდა.

ამ ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფით ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

SO2 – გოგირდის დიოქსიდი

ეს უფერო აირი წყლის ორთქლში გახსნისას გარდაიქმნება გოგირდმჟავად. იგი ურთიერთქმედებს ჰაერში არსებულ სხვა ნივთიერებებთან და მეორად მყარ ნაწილაკებს წარმოქმნის. მისი წყაროებია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, გოგირდმჟავას წარმოება, გოგირდის შემცველი მადნების დნობა და ლოკომოტივებში, გემებისა და ავტომობილებში მაღალი გოგირდის შემცველობის საწვავის წვა, თუმცა მისი ჰაერში გაფრქვევების მთავარი წყარო თბოელექტროსადგურების მიერ წიაღისეული საწვავის (ქვანახშირი, მაზუთი და ა.შ.) წვაა.

ბოლო პერიოდში ბათუმში ჰაერში გოგირდის დიოქსიდის შემცველობის მაჩვენებელი ძალიან კარგი ფიქსირდებოდა, თუმცა თუ 15 აპრილს ეს მაჩვენებელი იყო 1,26, უკვე 17 აპრილიდან ის 0-ზე ჩამოვიდა. 27 აპრილს კი 2,4 დაფიქსირდა [2019 წლის აპრილში,  მაქსიმალური მაჩვენებელი 3,12 იყო].

SO2-ს ახასიათებს თვალების გაღიზიანება, ცრემლიანობის მომატება, სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში, სუნთქვის გახშირება, სასუნთქი სისტემის დაზიანება

CO – ნახშირჟანგი

CO უფერო და უსუნო აირია. ნახშირჟანგის უმთავრესი წყარო ავტომობილების გამონაბოლქვია, ასევე შინამეურნეობაში გათბობის, საკვების მომზადებისა და თბილი წყლისთვის შეშისა და ბუნებრივი აირის მოხმარება.

ბათუმის შემთხვევაში ბოლო პერიოდში ნახშირჟანგის დიდი შემცველობა ჰაერში შესაბამის სადგურზე არ დაფიქსირებულა. 1,46 იყო თებერვალში, 1,91 – მარტში. მარტის ბოლოდან კი, მისი შემცველობა ჰაერში 0-ია. ეს მაჩვენებელი ცუდია, როცა 10-ს გადააჭარბებს.

ნახშირჟანგის ზემოქმედების შედეგია თავის ტკივილი, მენტალური ცნობიერების დაქვეითება, გულის შეტევა, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ნაყოფის განვითარების შეფერხება, ხოლო ძალიან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში სიკვდილი. ატმოსფერულ ჰაერში ნახშირჟანგის ძალიან მაღალი კონცენტრაციები პრაქტიკულად ვერ მყარდება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას, გადაადგილების და სხვა ტიპის შეზღუდვებს მოიცავს, ჰაერის ხარისხზე მთელ ქვეყანაში დადებითად აისახა.

[red_box]ამ თემაზე: საქართველოში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა[/red_box]

ბათუმში, 29 აპრილის ბოლო მონაცემებით, ჰაერში დამაბინძურებლების შემცველობის მაჩვენებელია: PM10 – 26.33, PM2.5 – 15.45, NO2 – 30.49, O3 – 26,43, SO2 – 0.84, CO – 0.00

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

გრაფიკი – დამაბინძურებლების კონცენტრაცია ბათუმში, რომელსაც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული ავტომატური სადგური ასახავს:

წყარო: გარემოს ეროვნული სააგენტო

მთავარი ფოტო: ტბელ აბუსერიძის ქუჩა ბათუმში 27 აპრილს, როცა დილიდან მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა დაუშვეს / 27.04.2020 / ფოტო: „ბათუმელები“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: