ეროვნულ გამოცდებს 24 პატიმარი აბარებს, მათ შორის 6 არასრულწლოვანია

საქართველოს პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებს საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი 24 პირი აბარებს.

„პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია,“ – ინფორმაციას საქართველოს პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, უმეტესად უნალექო, მოღრუბლული და ცხელი ამინდი ბათუმში შენარჩუნდება დღეს, 7 ივლისს და ხვალაც. სინოპტიკოსების ცნობით, ხვალ, საღამოს 8-9 საათის შემდეგ მოსალოდნელია წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 30 – 35 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია.

აჭარის რეგიონალურ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში გვითხრეს, რომ ზღვის წყლის ეს ტემპერატურა ამ პერიოდისათვის ნორმალურია. ბოლო წლებში ზღვის წყლის ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2010 წელს დაფიქსირდა, +33 გრადუსი.

9-10 ივლისს ბათუმში და აჭარის მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა,ზოგან – ძლიერი.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

დისტანცია ატრაქციონებზეც უნდა დაიცვათ, არის გამონაკლისიც – სავალდებულო რეკომენდაციები

6 ივლისიდან მოიხსნა გასართობ პარკებში განთავსებულ ატრაქციონებზე აკრძალვები და მათი მუშაობა დაშვებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. დასვენებისა და გართობის პარკებში არსებული ატრაქციონების ოპერირებისთვის რეკომენდაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 4 ივლისს დაამტკიცა და ის დღეს, 7 ივლისს, გამოქვეყნდა.

ამ რეკომენდაციებით, გარდა კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა, აუცილებელი იქნება, ვიზიტორები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განთავსდნენ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია [არანაკლებ 2 მ];  გასართობ ატრაქციონებზე დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50% უნდა დაიტვირთოს.

არის გამონაკლისიც. რეკომენდაციის მიხედვით, ერთი ოჯახის წევრები [მშობლები, და-ძმა] შესაძლებელია ატრაქციონზე მოთავსდნენ დისტანციის დაცვის გარეშე.

კვლავ აკრძალულია დახურული სივრცის მქონე ატრაქციონების საქმიანობის განახლება.

[toggle title=”ატრაქციონების ოპერირებისთვის სავალდებულო რეკომენდაციები სრულად ნახეთ აქ:“]

დასვენებისა და გართობის პარკებში არსებული ატრაქციონების ოპერირებისთვის სავალდებულოა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

  • პარკის და თითოეული ატრაქციონის შესასვლელში თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეოტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით ვიზიტორთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;
  • ყოველი ატრაქციონის შესასვლელში პერსონალისა და ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას განათავსეთ სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.

პერსონალს მიაწოდეთ ინფორმაცია:

  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებასა და მათ შემდგომ განკარგვაზე (შენახვა, მოცილება, ნარჩენების კონტეინერში განთავსება);
  • სადეზინფექციო საშუალებების სწორად გამოყენებაზე;

ატრაქციონების შესასვლელებთან ვიზიტორებისა და პერსონალის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური ნარჩენებისთვის უზრუნველყავით დახურული კონტეინერების განთავსება (სატერფულით გახსნის შესაძლებლობით), რომლებშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პოლიეთილენის პარკი. ნარჩენების პარკი ამოიღეთ და განკარგეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით  ასეთი ნარჩენების  დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

გამოიყენეთ სანიტარული შესვენებები ყოველ 2 (ორი) საათში ერთხელ, რათა მოხდეს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის, თითოეული ატრაქციონის სახელურების)  დამუშავება შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

პერსონალი უზრუნველყავით:

  • კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით – დამცავი გამჭვირვალე ბარიერებითა და ნიღბით – მესამე პირებთან ურთიერთობის შემთხვევაში;
  • სანიტარული კვანძები უზრუნველყავით ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები);
  • ლოდინის რეჟიმში მყოფი ვიზიტორების ნაკადი აკონტროლეთ შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
  • ვიზიტორები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განათავსეთ იმგვარად, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ);
  • კარუსელებზე, საბავშვო მატარებლებზე, ე.წ ,,მხტუნავ ბაყაყზე“, ,,ბროკომელაზე“ და სხვა გასართობ ატრაქციონებზე დატვირთეთ დასაჯდომი ადგილების არა უმეტეს 50%;

გამონაკლისი:  ერთი ოჯახის წევრები (მშობლები, და-ძმა) შესაძლებელია მოთავსდნენ დისტანციის დაცვის გარეშე.

ყოველი დღის ბოლოს უზრუნველყავით ატრაქციონებისა და დამხმარე სივრცეების სველი წესით დალაგება და დეზინფექცია „ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო  ბრძანების სათანადო დანართის შესაბამისად.

საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექცია:

  • საპირფარეშოს სველი წესითა და სარეცხი საშუალებებით დალაგება და დეზინფექცია ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ ორსაათიანი ინტერვალებით;
  • სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
  • სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

დამლაგებლის ეკიპირებისთვის აუცილებელია:

ნიღაბი; ერთჯერადი ხალათი; სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი); თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).

პერსონალის ვალდებულებები:

  • ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას,
  • შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:
  • თქვენს სამუშაო ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები;
  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, ხოლო დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ. იმ შემთხევაში, თუ ვერ ხერხდება ხელის დაბანა, ხელის ჰიგიენის ჩასატარებლად გამოიყენეთ სულ მცირე 60%-70% სპირტის შემცველი ხელის საწმენდი სადეზინფექციო საშუალებები;
  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს;
  • მოერიდეთ სხვა დასაქმებულებთან/მესამე პირებთან შეხებას;
  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ).

[/toggle]

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ატრაქციონების მფლობელებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება, რის შემდეგადაც ბულვარში ატრაქციონები მუშაობას განაახლებენ.

პანდემიის პირობების მიუხედავად, ბათუმის მერია შეეცდება ბულვარში არსებული ატრაქციონი, „ეშმაკის ბორბალი“ და მასთან არსებულ 1419 კვ.მ. ტერიტორია ელექტრონული აუქციონით გაასხვისოს. ყოფილ მოიჯარეს, შპს „პანორამა 2018“-ს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა. ამ ქონებით სარგებლობის წლიური საიჯარო ფასი 383 000 ლარი იქნება.

ამ თემაზე:

როგორ უნდა მოიქცეთ ზღვაზე – ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეკომენდაციები

 

3 მძღოლია, 2 მოქალაქე კი კარანტინიდანაა – ეზუგბაია კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

„ხუთივე შემოტანილი შემთხვევაა, აქედან სამი სატვირთო მანქანის მძღოლია, დანარჩენი 2 სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც კარანტიში იმყოფებოდნენ,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს კოვიდცენტრებში მკურნალობს 105 პაციენტი.

7 ივლისის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 958 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 838 ადამიანი, 15 კი გარდაცვალა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ჯემალ სურმანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია მოინახულა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის 6 ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს:

[checklist]

  • მიმდინარეობს ქედქედის და ფერიის ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა. შენობებში გათვალისწინებულია ასევე სპორტული და სააქტო დარბაზები;
  • მიმდინარეობს მახოს საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის მშენებლობა. ამავე შენობაში გათვალისწინებულია სააქტო დარბაზიც.

[/checklist]

ყველა შენობა იქნება ადაპტირებული, მოეწყობა ლიფტი. შენობები აღიჭურვება სასკოლო და სხვა საჭირო ინვენტარით. სამუშაოების დასრულება 2021 წელს იგეგმება. მიმდინარეობს ზემო ახალშენის და ჯოჭოს სკოლების სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიმდინარეობს თხილნარის N1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის რემოდელირება.

ზემოაღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება აღემატება 7 მლნ. ლარს.

სამინისტრო რესურსცენტრებთან ერთად აქტიურად ახორციელებს სკოლების მიერ სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგს, რათა ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაში შეხვდეს ახალ სასწავლო წელს.

ვარდისფერი თოვლი იტალიის ალპებში

იტალიიის ალპებში თოვლი ვარდისფერი გახდა, რისი მიზეზიც მიკროსკოპული წყალმცენარეა, რომელიც ჩვეულებრივ გრენლანდიაში გვხდება, იმ ადგილებში, სადაც ახლა ყინული დნება. მეცნიერების აზრით, ვარდისფერი თოვლი შემთხვევითი არ არის და ეს კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება.

ვარდისფერი თოვლი არ არის კარგი სიახლე – წერს მედია, რადგან ფერის შეცვლილას ყინული კარგავს სითბოს არეკვლის უნარს და უფრო სწრაფად დნება.

ფერადი თოვლი ახალი მოვლენა არ არის. არის შემთხვევები, როცა საჰარის უდაბნოს მტვერი ცალკეულ რეგიონებში იწვევს თოვლის გაფერადებას. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 2018 წელს საქართველოშიც, როცა კურორტ გოდერძიზე თოვლმა ფერი შეიცვალა და ვარდისფერი გახდა.

ამავე თემაზე:

ვარდისფერი თოვლი გოდერძიზე

აჭარაში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 151 ფაქტი გამოვლინდა

2020 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1 532 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის, 63 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 609 ფაქტი გამოვლინდა კახეთში. იმერეთში დაფიქსირდა 199 ფაქტი, აჭარაში – 151, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 138, ქვემო ქართლში – 131, შიდა ქართლში – 112, სამცხე-ჯავახეთში – 111, მცხეთა-მთიანეთში – 39, გურიაში – 25, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი 11 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ექვსი თვის განმავლობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო ტყითსარგებლობის 6 ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 2 700 მ3-მდე ხე-ტყე.

დეპარტამენტის ცნობით, ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 149 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 57 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სვანეთში ხანძარს 110 მეხანძრე და 3 ვერტმფრენი აქრობს – მესამე დღე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.

საგანგებოს ცნობით, დილიდან ადგილზე მობილიზებულია დამატებითი ძალები.

სვანეთში ამჟამად მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

მუშაობა განაახლეს შინაგან სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. პროცესში დღეს, 7 ივლისს, დილიდან ჩაერთო მესამე ვერტმფრენი.

ხანძრის ქრობის სამუშაოებს ართულებს რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოები ადგილზე მესამე დღეა მიმდინარეობს.

_______

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბათუმში 319 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 319 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 35 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, 5 პაციენტს მკურნალობენ, რომლებსაც დადასტურებული აქვთ კორონავირუსის დიაგნოზი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 24 315 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 2179 პირი.

_______________

ფოტოზე: NCDC- აჭარის სამმართველოს სამედიცინო პერსონალი ლაბორატორიაში. წყარო: nplg.gov.ge

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 7 ივლისის მონაცემები

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი.

დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ კორონავირუსის 958 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან გამოჯანმრთელდა 838 ადამიანი, 15 კი გარდაცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202.

ყალბი 100-დოლარიანების გასაღებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დაკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქ. თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა,“ – აცხადებს საგამოძიებო.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

ბათუმში სარემონტო მასალების მაღაზიათა ქსელის – „ზოდის“ ფილიალი გაიხსნა

ბათუმში, აეროპორტის გზატკ. #20-ში სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “ზოდი“ გაიხსნა. კომპანიის ძირითადი მიმართულებები შიდა და გარე კარების, ბუნებრივი ქვების, აბაზანის აქსესუარების, ასევე ბუნებრივი და ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაციაა.

საქართველოში „ზოდი“ 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

ბათუმში, აეროპორტის გზატკ. #20-ში სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი “ზოდი“ გაიხსნა
ბათუმში, აეროპორტის გზატკ. #20-ში სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „ზოდი“ გაიხსნა

„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბათუმის ფილიალის გახსნა. ეს რეგიონში ჩვენი პირველი ფილიალია და მაქსიმალური ძალისხმევა ჩავდეთ გუნდის თითოეულმა წევრმა, რომ შეგვექმნა სივრცე, სადაც მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს ყველაფერი, რაც რემონტისთვის სჭირდება: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ჯაკუზები, აბაზანები, ონკანები, აბაზანის აქსესუარები, ბუნებრივი და ხელოვნური მოსაპირკეთებელი მასალები ერთ სივრცეში. გახსნასთან დაკავშირებით, 5 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით ბათუმის ფილიალის ყველა მომხმარებელი მიიღებს 15%-იან ფასდაკლებას“ – აღნიშნა „ზოდი“-ს მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნატა ნოღაიდელმა.


გამოცდილი და პროფესიონალი გუნდით „ზოდი“ უკვე 12 წელია  ერთ–ერთი უმსხვილესი მოთამაშეა კონკურენტულ ბაზარზე, რაც განპირობებულია მომხმარებლის ნდობით, მომსახურების მაღალი ხარისხით, სრული სერვისითა და ხელმისაწვდომი ფასებით. მის საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც ევროპული სტანდარტების შესაბამისი დაზგა-დანადგარებით  მზადდება მომხმარებლისთვის სასურველი დიზაინის უნიკალური ნაკეთობები: ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელ ფილები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ, 2019 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში „ზოდი  ქართული ქვის საწარმო გახსნა. საწარმო, რომელიც 9 200 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული (აქედან 8 000 მ2 სასაწყობე ფართია) აღჭურვილია იტალიური, თურქული და ჩინური თანამედროვე დანადგარებით, მისი წლიური წარმადობა 50 000 მ2-ია.

9 წლის ბავშვზე ძალადობის მუხლით დედა დააკავეს

შს სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს დედა, რომელმაც არასრულწლოვან შვილზე იძალადა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილ  ძალადობას გულისხმობს.

გამოძიების ვერსიით, 9 წლის ბავშვზე დედამ ფიზიკურად იძალადა, შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბავშვი ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც. დაკავებულ ქალს კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

„არასრულწლოვანი უკვე იმყოფება უსაფრთხო გარემოში. სოცმუშაკები არიან ჩართულები და საპროცესო წარმომადგენლობა დაიწყეს,” – მოგვწერეს „ბათუმელებს“ შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრიდან.

 

ამავე თემაზე:

9 წლის ბავშვზე დედისგან ძალადობისთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს

ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესყიდვაზე აკადემიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 23 ათასი ლარია.

რას გეგმავს საზღვაო აკადემია – ტენდერის მიხედვით მიმწოდებელს ევალება:

[checklist]

  • კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქ. N53-ში მდებარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბალანსზე რიცხული ორსართულიანი შენობის [საერთო ფართობი 1015.5 კვ.მ] გამაგრება/გაძლიერება/რემონტის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა [შენობის მე-2 სართულზე უნდა განთავსდეს საკონფერენციო დარბაზი].
  • საპროექტო დოკუმენტაციაში გათვლისწინებული უნდა იყოს აკადემიის ძირითადი კორპუსისა და აღნიშნული ორსართულიანი შენობის დაკავშირება გადასასვლელით  [კორიდორით];
  • აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ 430,3 კვ.მ ერთსართულიან შენობაზე [სასწავლო საამქროები] დამატებითი ფართობის დაშენების [სტუდენტური სივრცის მოწყობის მიზნით] და ორივე სართულის გამაგრება/გაძლიერება/რემონტის სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
  • დაახლოებით 450 კვ.მ-ზე მრავალფუნქციური ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედნის [ფეხბურთი, კალათბურთი და ფრენბურთი, ასევე დაახლოებით 100 მაყურებლამდე ტრიბუნის პროექტირება] საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა;
  • მეზღვაურთა საწვრთნელი აუზისა და მრავალფუნქციური მოედნის მიმდაბარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა.

[/checklist]

პროექტის საბოლოო ვერსია შეთანხმებული უნდა იქნეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან.

ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვისათვის და შემსყიდველს უნდა მიაწოდოს შეთანხმებული პროექტი მშენებლობის გამცემი უწყებებიდან [აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ან/და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია], ასევე მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვებს გავლილი უნდა ჰქონდეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის მიერ ექსპერტიზა და გაცემული უნდა იყოს დადებითი საექსპერტო დასკვნა“.

 

 

ჯიპები ბათუმის ტროტუარებზე [ფოტო]

ეს ორი ჯიპი დღეს, 6 ივლისს, „ბათუმელებმა“ სხვადასხვა ქუჩაზე გადაიღო. ორივე ტროტუარზე დგას, სახეზეა პარკირების წესის დარღვევა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125​3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ბათუმის ტერიტორიაზე თვითმმართველი ერთეულის მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას – 200 ლარის ოდენობით.

ფოტო: „ბათუმელები“
ფოტო: „ბათუმელები“

ახალგახსნილი კაფე ყოველდღე ერთ ღარიბ ოჯახს უგზავნის სადილს

„შენი ალბომი“  – ასე ჰქვია რამდენიმე დღის წინ გახსნილ კაფეს ბაღდათში, რომელიც ერთადერთი ადგილია ამ რაიონში ახალგაზრდებისთვის შესაფერისი, მსუბუქი, ღია, თავისუფალი გარემოთი – ხელმისაწვდომი ფასებით და ახალგაზრდებისგან შემდგარი ბენდის ცოცხალი მუსიკით. კაფეს მეპატრონეებმა გახსნის დღიდანვე გადაწყვიტეს ყოველდღე დაემზადებინათ და გაეგზავნათ სადილი ერთი ოჯახისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. კაფეს მეპატრონე, თეონა გოგსაძე ამბობს, რომ ეს იქნება არა დღის ბოლოს დარჩენილი კერძები, არამედ სპეციალურად, ოჯახებისთვის ახალდამზადებული სადილი. ,,შენი ალბომის” მეპატრონე სამი დაა: თეონა, ლალი და ხათუნა გოგსაძეები.

„ყოველდღე, პირველიდან ორ საათამდე, ჩვენი „საოჯახო კალათისთვის“ ვამზადებთ ხაჭაპურს, პიცას, სხვადასხვა კერძს, აუცილებლად ნამცხვარს და ტკბილეულს. გვინდა, რომ ყველაფერი, რაც შესაძლებელია ცხელი იყოს, ასევე მივიტანოთ ადრესატამდე – ახალგაკეთებული. როცა წინა დღით ვგეგმავთ მეორე დღეს ვის ვესტუმროთ, ვარკვევთ, ამ ოჯახში ხომ არ არიან ჯანმრთელობის პრობლემის მქონეები, ვისაც სპეციალური საკვები ესაჭიროება ან დიეტას იცავენ, რომ შესაბამისი ულუფა მოვამზადოთ.

კაფე „შენი ალბომი”

ცხადია, ადამიანების საკვებით დახმარების საჭიროება კაფეს გახსნამდეც დავინახეთ. პანდემიის დასაწყისიდანვე ვიყავით გაწევრიანებული ჯგუფში, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ასაკოვნებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს უგროვებდა პროდუქტს და ფულს. მე და ჩემმა დებმა გადავწყვიტეთ ჩვენი ახალგახსნილი კაფეც საქველმოქმედო საქმეში ჩაბმულიყო,“ – ამბობს თეონა გოგსაძე.

კაფე „შენი ალბომის“ მეპატრონე იწვევს სხვა კაფე-რესტორნებსაც აქციაში ჩასართავად, მაგალითად, ბაღდათსა და კურორტ საირმეში მდებარე რესტორნებს, რომლებსაც გაცილებით მეტი რესურსი აქვთ, ყოველდღე დაეხმარონ თუნდაც ერთ ოჯახს სადილით.

კაფეს მეპატრონეები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველთა სიით ხელმძღვანელობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც 21 700 ადამიანი ცხოვრობს, საარსებო შემწეობას იღებს 2088 პირი, სოციალური დახმარების პაკეტით კი 1547 მოქალაქე სარგებლობს.

მას შემდეგ, რაც მზარეული ერთი ოჯახისთვის მოამზადებს სადილს 2 საათზე, მოდიან წინასწარ შეთანხმებული მოხალისეები, რომლებსაც ადრესატამდე მიაქვთ სადილი.

„რამდენიმე დღის წინ გვქონდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა მოხალისემ წაუღო სადილი სოციალურად დაუცველს. აღმოჩნდა, რომ მარტო იყო სახლში ეს ადამიანი, ინსულტი დაემართა და ჩვენმა მოხალისემ უგონოდ იპოვა, დროულად მიმართა სასწრაფო დახმარების სამსახურს, ექიმებმა ის გადაარჩინეს,“ – ჰყვება კაფეს მეპატრონე.

თეონა გოგსაძე, კაფე „შენი ალბომის” მეპატრონე

თეონა გოგსაძე ამბობს, რომ აქცია: სადილი ყოველდღე თითო ოჯახისთვის, ადგილზე მიტანით – გაგრძელდება მანამ, სანამ კაფე იარსებებს.

რამდენად რეალურია ახალგახსნილმა კაფემ დაძლიოს პანდემიით გამოწვეული კრიზისი? მეპატრონემ ამაზე გვიპასუხა, რომ სტუმრების რაოდენობა ყოველდღიურად მოლოდინს აჭარბებს, რასაც იმით ხსნის, რომ ადამიანებს პანდემიის პირობებში მობეზრდათ შინ ყოფნა და მოენატრათ ღია, სასიამოვნო გარემოში ერთმანეთის ნახვა.

ახლა მეპატრონეები ფიქრობენ, რომ დიდი მოთხოვნისა და სტუმართა სიმრავლის გამო კაფე გააფართოვონ, მოაწყონ ფანჩატურები ღია სივრცეში და ყოველდღე მეტი ოჯახის სადილით მომარაგებაზე აიღონ პასუხისმგებლობა.

კაფეში სულ 15 ადამიანია დასაქმებული, ამზადებენ ტრადიციულ და ევროპულ, ცხელ და ცივ კერძებს,სალათებსა და დესერტებს. კაფეს აქვს ადგილზე მიტანის სერვისი ბაღდათსა და ახლომახლო სოფლებში. აქ ყოველდღე, საღამოობით უკრავს ახალგაზრდებისგან შემდგარი ცოცხალი ბენდი.

კაფე ,,შენი ალბომის” მთავარი მზარეული, შმაგი გოგსაძე

რამდენიმე დღის წინ გახსნილ კაფეში უკვე 2 დაბადების დღე გადაიხადეს, თეონა გოგსაძის თქმით, აქ არ არის დათქმა, რომ აუცილებლად დიდი შეკვეთა უნდა მისცეს სტუმარმა, მიმსვლელს შეუძლია „შენს ალბომში“ მხოლოდ ფინჯანი ყავაც მიირთვას და გაატაროს იმდენი დრო კაფეში, რამდენიც სურს.

ახალი შეზღუდვები ისრაელში – საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს.

„კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელის მთავრობამ 6 ივლისს ახალი შეზღუდვები დაამტკიცა.

დაიხურა სადღესასწაულო დარბაზები, ბარები, ღამის კლუბები, სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები და საკონცერტო დარბაზები.

რესტორნებში დამსწრეთა რაოდენობა 20-მდე შეიზღუდა, ხოლო ღია და დახურულ სივრცეში ნებადართული ზღვარი 30 ადამიანს შეადგენს,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა.

ისრაელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება. ჯონ ჯოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში Covid19-ით ინფიცირების 30 162 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 332 ადამიანი.

ქალაქი დაბერდა და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ – მიმართვა აჭარის განათლების სამინისტროს

ავტორი: ლევან გელიაშვილი [ერედელი],  პროექტის – Art Up | Street Gallery-ის და Black Sea Sound-ის დამფუძნებელი

_____________________

დღეიდან ვწყვეტ თანამშრომლობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან რადგან მათი მხრიდან საქმის, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ დამოკიდებულება გახდა სრულიად აუტანელი, არასერიოზული და არაკომპეტენტური. რაც მთავარია, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდა პანდემიის დროს გამოვლენილი მათი უმოქმედობით. ყველაფერს აქვს კონკრეტული მიზეზები. ვეცდები, მოკლედ ავხსნა:

წლებია ვიბრძვი ბათუმში თანამედროვე ხელოვნების და მუსიკის განვითარებისთვის. ვერაფრით ვერ გაგაგებინეთ სამინისტროს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ალტერნატიული სივრცეების არსებობა, განსხვავებული, გაბედული პროექტების კეთება, ქალაქის წარმოჩენა არა მხოლოდ საიუბილეო გამოფენებით და კლასიკური მუსიკის საღამოებით, ან საკუთარ გემოვნებაზე მორგებული პროექტებით, არამედ თანამედროვე სივრცეებით და ახალგაზრდებისთვის საინტერესო აქტივობებით.

არ დამეზარა და დავითვალე ბოლო სამ თვეში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე დადებული პოსტები, რომელიც რაიმე ფორმით ეხებოდა კულტურის თემატიკას. ჯამში 9 პოსტია, აქედან 8 შეეხება კულტურის სფეროს უხუცესებისთვის იუბილეს მილოცვას.

როდესაც ღიად დავიწყეთ არსებულ პრობლემებზე საუბარი, არც კი გამოგვეხმაურეთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 2 თვის შემდეგ ანგარიში დადეთ, სადაც თავად აღიარეთ, რომ არაფერი არ გაგიკეთებიათ. კულტურის აქტივობის გრაფაში მხოლოდ ის გიწერიათ, რომ 500-მდე პოსტი დადეს თქვენმა სსიპ-ებმა შინაარსით #დარჩისახლში, რაც არის სირცხვილი.

სამინისტროს მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო, ბევრჯერ მიგვრძნია მიუღებლობა და გაუცხოება, იაფფასიანი ჭორებით იმიჯზე ჩრდილის მიყენებაც უცდიათ. სხვათაშორის, ამაზე მოქმედ მინისტრსაც ვესაუბრე, თუმცა არაფერი შეცვლილა. კრიტიკის მიზანი იყო, არის და იქნება არა პიროვნებებზე დარტყმა, არამედ ცვლილებების მოთხოვნა, რადგან სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით. სამწუხაროდ, ეს ბევრს არ ესმის.

არაფერს ვამბობ კულტურის განვითარების გეგმაზე და მის ქვეპროგრამაზე, რომელიც შეეხება თანამედროვე მიმართულებების განვითარების ხელშეწყობას. ფურცელზე დაწერილი ფიქციაა, რომელიც თავისი შინაარსით და სულისკვეთებით, ერთეული გამონაკლისების გარდა არასდროს განხორციელებულა. გადაგიხედავთ მაინც დაფინანსებული პროექტებისთვის ან შეგიმოწმებიათ, როგორ მიდიოდა მათი შესრულება? რა ხარისხით, რა შინაარსით? პირადად მე კარგად მახსოვს 2019 წელს დაფინანსებული პროექტი, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს რომ რუსული დროშები გვიფრიალეს.

ყველა იცნობთ ჩემ ორ პროექტს Art Up | Street Gallery-ის და Black Sea Sound-ს, რომელიც ბათუმში დაიბადა და წლებია ხორციელდება. ასევე იცით, რომ 10 წელზე მეტი, ჩემი პირადი ბიუჯეტით და სახსრებით ვაკეთებდი პროექტებს ახალგაზრდების მხარდასაჭერად.

Art Up | Street Gallery 2017 წლიდან სრულიად დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას და ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ, რომ ეს პროექტი, რომელიც ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს ქმნის სხვადასხვა ქვეყნებში და ცდილობს ქართველი თანამედროვე არტისტები გააცნოს მსოფლიოს, გამხდარიყო მდგრადი და წარმატებული. დღეს, ბათუმის გარდა ვართ თბილისში (Fabrika-ში) და ტალინში (Telliskivi Creative City-ში). ორგანიზება გავუწიეთ 40-მდე ქართველი და უცხოელი არტისტის გამოფენას. წელს შემოდგომიდან დაგეგმილია გამოფენები კიდევ ორ ქვეყანაში, იტალიასა და ესპანეთში, ოთხ საგამოფენო ლოკაციაზე, Covid 19-ის მიუხედავად. აღარ მოვყვები სხვა დეტალებს, უბრალოდ შეიხედეთ Art Up-ის ფეისბუქ გვერდზე და იქ ნახავთ ყველაფერს.

წელს, Art Up | Street Gallery-ის სახელით შევიტანეთ განაცხადი სამინისტროს მიერ გამოცხადებული თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსში. ვითხოვდით საგამოფენო ბოქსების გამოცვლას, რადგან 4 წლისაა და გაიცვითა, ვგეგმავდით ორენოვანი სტატიების მომზადებას ქართველ ხელოვანებზე და მათ გავრცელებას ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, გამოფენების ორგანიზებას როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ და სხვა, რა თქმა უნდა Covid 19-ის საპრევენიო ღონისძიებების დაცვით. პროექტი არ დააფინანსეს.

რაც შეეხება საავტორო მუსიკის ფესტივალს Black Sea Sound-ს, ის 2014 წლიდან იმართება ბათუმში და ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის. Black Sea Sound-საც ვაჩერებ, რადგან თქვენი დამოკიდებულება ყველანაირ ზღვარს გაცდა. თქვენ არ გადარდებთ მუსიკოსები, არ გაინტერესებთ მათი მდგომარეობა, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. რა საპასუხო კომენტარებიც გააკეთეთ, ეგეც საკმარისია.

ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ დაფინანსების მათხოვრობას ჩემი პროექტი არ აპირებს, ისევ მუსიკოსების ღირსების დასაცავად. აქვე ვამბობ, რომ არსად არ მივდივარ, ყველაფერს უფრო მეტი ყურადღებით დავაკვირდები.

და ბოლოს, როდესაც ამბობთ, რომ რეგიონიდან გარბიან ახალგაზრდები, მიზეზები ეძებეთ საკუთარ ქმედებებში და არა ამ ახალგაზრდებში, რომლებსაც ვერაფერს აძლევთ. ქალაქი დაბერდა და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ, რადგან ზუსტად ასეთი მოგწონთ.

__________________

კომუნიკაციების კომისია და „ოცნება“ ცდილობენ „ბათუმელების“ დისკრედიტაციას – მედიაკოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ „გაზეთ ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პლატფორმაზე – „მედიაკრიტიკაზე“ გამოქვეყნებულ სტატიასა და „ბათუმელების“ ჟურნალისტზე, ჯაბა ანანიძეზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებას ფეისბუქზე. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ.

„2020 წლის 5 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად, კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი“, სადაც ნეტგაზეთი მოხსენიებულია, როგორც ორმაგი სტანდარტისა და ფაქტებით მანიპულატორი მედია.

…ამავე დროს, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის – ლადო მგალობლიშვილის მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა „ნეტგაზეთთან“ დაკავშირებული გამოცემა – „გაზეთი ბათუმელები“. დეპუტატი გამოქვეყნებული სტატიის გამო საჯაროდ თავს ესხმის მედიასაშუალებას, სათაურს კი ფეიკს უწოდებს [მგალობლიშვილის ჟურნალისტზე თავდასხმა გამოიწვია სათაურში გამოტანილმა ციტატამ, რომელიც მასვე ეკუთვნოდა – „ბათუმელების“ შენიშვნა].

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის 5 ივნისს იგივე პირი საჯარო ქსელის გამოყენებით თავს დაესხა ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს. მას „ფეიკნიუსის შემქმნელი“ და „სამარცხვინო არაადამიანი“ უწოდა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის წევრმა საჯარო სტატუსი წაშალა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი არღვევს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტს და ცდილობს რეპუტაცია შეულახოს მედიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად.

აღსანიშნავია, რომ ორივე თავდასხმის შინაარსი საერთოა. აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისიაც და მმართველი პარტიის წარმომადგენელიც ერთნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ მედიასაშუალებები, როგორც ფეიკნიუსების შემქმნელი და ამ გზით სურთ ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების დისკრედიტაცია.

თავდასხმების იდენტური შინაარსი და დამთხვევა, კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მედიაპლატფორმების „გაზეთი ბათუმებელის“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ“ – აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მედიაკრიტიკის ვებგვერდი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ არის შექმნილი. კრიტიკულ საკითხებზე მარეგულირებელი ორგანოს სხვა ამოცანების გამყარებისათვის მასალების დამთხვევა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და კითხვის ნიშნებს მასალის აჩენს სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ.

„კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, პატივი სცეს მედიის მუშაობას და შექმნას გარემო, სადაც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები არ გახდებიან პოლიტიკური თავდასხმის და დისკრედიტაციის ობიექტები. მიგვაჩნია, რომ წინასარჩევნო პროცესების მოახლოება მმართველ პარტიას კიდევ უფრო უზრდის პოლიტიკური პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხებზე,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI.

მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრისთვის 1 მილიონი დაიხარჯება 

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრი აშენდება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 56 ათას 600 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, 6 ივლისს, გამოაცხადა.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვეში, სამინისტროს მიერ წარდგენილი სამუშაოების შესრულების ფინანსური გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 26 ივლისს დაიწყება და 31 ივლისს დასრულდება.

სამინისტრო 2020 წლის ბიუჯეტიდან 300 000 ლარს აანაზღაურებს, ხოლო დარჩენილი [სახელშეკრულებო] თანხა ანაზღაურდება 2021 წლის ბიუჯეტიდან.

მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრი მდინარე აჭარისწყალზე მდებარე რკინის ხიდთან ახლოს აშენდება. ამ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა.

ხიდი მდინარე აჭარისწყალზე და ვიზიტორთა ცენტრი / ფოტომონტაჟი ტენდერიდან

სატენდერო დოკუმენტაციაში დევს კულტურული მემკვიდრეობის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საინფორმაციო ცენტრის „საპროექტო ტერიტორიასა და ძეგლს შორის მდებარეობს საავტომობილო გზა და ახალი ხიდი. შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიას ძეგლის ტერიტორიასთან უშუალო კავშირი არ აქვს… საპროექტო შენობის არქიტექტურულ დაგეგმარებითი გადაწყვეტა და მისი განთავსება ტერიტორიაზე არ არღვევს ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალსა და ვიზუალური დაცვის არეალის მოთხოვნებს“.

ფოტომონტაჟი ტენდერიდან

სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის, ასევე, ზედა ჩხუტუნეთის კულტურის სახლისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს კონკურსი გამოაცხადა.

საკონკურსო თანხა 110 100 ლარი იყო, ხელშეკრულება კი, 2019 წლის ნოემბერში, შპს „არტსტუდიო-პროექტი“-სთან 118 000 ლარზე გაფორმდა [დღგ-ს ჩათვლით]. საინფორმაციო ცენტრი, ამ კომპანიის მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით აშენდება.

ამ თემაზე:

მომზადდა თუ არა მაჭახელას ხეობის კონცეფცია, რაშიც ბიუჯეტიდან 454 300 ლარია გადახდილი

მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი ცალკე მოათავსეს, 2 იმავე მიზეზით არ დაუშვეს გამოცდაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან სამი აბიტურიენტი მოხსნეს. ორი დაგვიანების გამო, ერთს კი ტელეფონი აღმოაჩნდა. „გამოცდის ბოლოს დაფიქსირდა ერთი ასეთი შემთხვევა“, – ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე.

მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი განთავსდა ცალკე გამოყოფილ სივრცეში, თუმცა ორი აბიტურიენტი, იმავე მიზეზით, არ დაუშვეს გამოცდაზე.

სოფიო გორგოძის ინფორმაციით, „არ დაიშვა ექიმის გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე და მიეცათ რეკომენდაცია, რომ გაიკეთონ PCR ტესტი.“

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 6 ივლისს, დაიწყო.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებს.

პროგრესის საზაფხულო სკოლაში მიღება დაიწყო 

საერთაშორისო სკოლა “პროგრესი” იწყებს ახალ სასწავლო ონლაინპროექტს – “საზაფხულო სკოლა”!
▸ სასწავლო მოდულები ჩატარდება ონლაინპლატფორმების გამოყენებით;
▸ სკოლა გაგრძელდება 27 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით;
▸ გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ;
▸ გაკვეთილის ხანგრძლივობა – 90 წუთი;
▸ კურსზე მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა – 8-10.

რა ისწავლება საზაფხულო სკოლაში 

▸ English SpeakUp
▸ Sprich Deutsch
▸ ქართული (as a Foreign Language)
▸ STEM
▸ ბიზნესის უნარ-ჩვევები
▸ ემოციური ინტელექტის განვითარება
▸ ლიტერატურა და კრეატიული აზროვნება
▸ ციფრული მედია და მედიაწიგნიერება

რა ღირს სწავლა საზაფხულო სკოლაში 

▸ თითოეული კურსის ღირებულებაა – 100₾.
▸ ერთზე მეტი კურსის არჩევის შემთხვევაში თითოეულ კურსზე მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას.
▸ დედმამიშვილები თითოეულ კურსზე მიიღებენ 10%-იან ფასდაკლებას.
▸ შეღავათით ისარგებლებენ სკოლა პროგრესის მოსწავლეები და პროგრესული სკოლის კურსდამთავრებულები.

რეგისტრაციისთვის და მეტი ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე:
https://schoolprogress.ge/home/summerschool/

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 17 ივლისი, 2020.

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ:
▸ https://m.me/ProgressKutaisi
▸ info@schoolprogress.ge

„არ შეიძლება ბავშვს ყოველდღე სოსისი მისცე“ – ბავშვების უფლებები კარანტინში

დღეს, 6 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა საკარანტინო სივრცეებში არასრულწლოვნების მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ საკითხზე ბევრი კითხვა გაჩნდა. ჩიქოვანის განცხადებით, ბავშვების კარანტინში განთავსება „ყოველი შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით ხდება“.

„ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს. ეს არის ასაკი, სხვა კონკრეტული გარემოებები და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან ყველა ეს შემთხვევა არის მაქსიმალურად შესწავლილი“, – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

მისივე განმარტებით, სახელმწიფომ გადაწყვიტა ასეთი ოჯახები განთავსდნენ ისეთ სივრცეში, რომელიც მათთვის იქნება ადეკვატური.

„აქვე გეტყვით, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭომ დაავალა ოპერატიულ შტაბს, რომ ბავშვებთან დაკავშირებით დამატებით შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომელიც ასევე გახდება საჯარო“.

ის, რომ საკარანტინო ზონაში ბავშვების უფლებები ირღვევა და სახელმწიფოს არ აქვს მათთვის აუცილებელი საჭიროებები გათვალისწინებული, ამის შესახებ „ბათუმელებთან“ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი საუბრობს.

ის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად კარანტინში გადაიყვანეს. არგანაშვილის თქმით, საკარანტინო სივრცეში ბავშვის უფლებები დარღვეულია, რის გამოც მან  სასამართლოს უკვე მიმართა.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვი სადაც არის განთავსებული, უნდა იყოს დაცული ბავშვის რაიმე სტანდარტი. ეს სტანდარტი უნდა შეეხებოდეს მინიმუმ იმას, რომ სივრცე უნდა იყოს საკმარისი, კვება უნდა იყოს ბავშვისთვის ადეკვატური.

ბავშვს ასევე სჭირდება განვითარების პირობები. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გამორჩა ჩვენს მთავრობას, როცა იღებდა დადგენილებას, რადგან კარანტინში ბავშვის შესაფერისი არანაირი პირობა არ არის“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, მთავრობის დადგენილებაში არსებობს მუხლი, სადაც წერია, რომ არასრულწლოვნის შემთხვევაში, უნდა განიხილონ მისი თვითიზოლაციაში ანუ სახლში გადაყვანის საკითხი. „პრობლემაა ის, რომ ეს მუხლი არ მუშაობს. ყველა მშობელი ავსებს თვითიზოლაციის მოთხოვნას, შემდეგ კი მაინც იღებენ „არას“, რასაც არ მოჰყვება განმარტება.

მე როგორც მომწერეს, შშმ ბავშვებიც დატოვეს კარანტინში და არ მაქვს ახსნა, რატომ არ განიხილავენ ამ საკითხს. ერთადერთი ახსნა ის არის, რომ არასერიოზულად უდგებიან ბავშვის თავისუფლების შეზღუდვას“, – ამბობს არგანაშვილი.

მისი თქმით, არ მას ჩაჰბარებია არანაირი დოკუმენტი, სადაც ეწერებოდა, რომ იმსჯელეს ბავშვის მდგომარეობაზე და გადაწყვიტეს, უნდა გაეშვათ თვითიზოლაციაში თუ არა.

„უარესი, როცა ჟურნალისტებმა დასვეს კითხვები, მათ უთხრეს, რომ „შეაფასეს ვითარება“, მაგრამ როგორ შეაფასეს, ამაზე პასუხი არ აქვთ. ბავშვს არ შეხვედრიან, ვიღაც ზის კაბინეტში და როგორც სტატისტიკურ მოცემულობას, ასე უდგება. არანაირი ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა“, – ამბობს არგანაშვილი.

მისი განმარტებით, ეს არის დარღვევა და შესაძლოა ბავშვისთის მძიმე შედეგებით დასრულდეს. „უმძიმესად მოქმედებს ფსიქიკაზე, ძალიან სერიოზული სტრესი და შფოთვითი აშლილობა ეწყებათ, დეპრესიულები ხდებიან. მომმართეს სხვა ადამიანებმაც და ჩემს კედელზეც დავწერე ფეისბუქში, რომ ბავშვებისთვის დამამშვიდებლების მიცემა მოუწიათ, რადგან ცუდად გახდნენ საკარანტინო სივრცეში. ბავშვისთვის ასეთი ზიანის მიყენება არის ძალიან სერიოზული დარღვევა“, – გვეუბნება ანა.

მისი თქმით, ბავშვებისთვის კარანტინში შეზღუდულია სივრცე და არსად წერია, როგორი ოთახი უნდა მისცენ ბავშვს, აივანი უნდა ჰქონდეს თუ არა. „ჩვენს შემთხვევაში ბავშვი ძალიან იღლება, 7-8 ნაბიჯია ერთი კედლიდან მეორე კედლამდე და ბავშვი იწყებს სირბილს კედლიდან კედლამდე, იმდენად ენატრება მოძრაობა“.

საკარანტინო სივრცეში მყოფს უფლება არ აქვს დატოვოს მისთვის განკუთვნილი სივრცე და გამოვიდეს სასტუმროს ჰოლში ან ეზოში.

„ბავშვის ბუნების უგულებელყოფაა ეს, რადგან ბავშვი არის მოძრავი, მას სჭირდება ბურთი, ველოსიპედი, თამაში“.

არგანაშვილის თქმით, ასევე სერიოზული დარღვევაა ბავშვის კვება, რადგან გათვალისწინებული არ არის ბავშვის მენიუ.

„უფროსები შეიძლება სოსისს, ძეხვს ვჭამთ,  მაგრამ ჩემი შვილი არ ჭამს. მე აკრძალული მაქვს, რადგან ეს არ არის ჯანსაღი კვება. ყოველდღიურად არ შეიძლება სოსისი მისცე ბავშვს. სხვა სასტუმროებშიც, როგორც სხვები წერდნენ, მაიონეზიანი მოუხარშავი კომბოსტო მიჰქონდათ, რასაც 2 წლამდე ბავშვი ვერ შეჭამს და ბავშვი რჩება მშიერი“.

ასეთ შემთხვევაში მშობელს უწევს  სერვისის გამოძახება, თუმცა ყველგან არც ესაა ხელმისაწვდომი. „ვინც თბილისში არ არის, იქ არც მსგავსი სერვისებია. თავიდან ახალციხეში ვიყავით და იქ მითხრეს, სასტუმროდან ვიღაც გაგეგზავნება და მოგიტანს საჭმელსო. სად, როდის გამეგზავნება. ან იქნებ არ მინდა, რომ ვინმე შევაწუხო, წიწიბურა რომ მომიტანოს და რომც მოიტანოს, სასტუმროში ვერ მოვხარშავ“.

არგანაშვილის თქმით, სასტუმროში არც ტანსაცმლის გარეცხვის საშუალებაა, რის გამოც ტანსაცმელს ხელსაბანში რეცხავენ. „ჩემთვის ჰიგიენური არ არის და ალბათ არც სხვებისთვის. ამ ყველაფრიდან გამოსავალი იქნებოდა, რომ თვითიზოლაციაში გადაეყვანათ ბავშვი“.

ანა არგანაშვილი ასევე საუბრობს იმაზე, რომ თვითიზოლაციაში გადასაყვანი ადამიანების სია წინასწარ აქვთ შედგენილი.

„შერჩევითად გადაჰყავთ კარანტინიდან თვითიზოლაციაში, ნაცნობობით და ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფო. თუ არ გვაქვს უფლება, მაშინ ნურავინ ნუ გადავა კარანტინიდან თვითიზოლაციაში.

როცა შემოვედი საზღვარზე, მითხრეს, არ ხარ თვითიზოლაციის სიაში და გადადით კარანტინშიო. მით უმეტეს, მე დავწერე მოთხოვნა თვითიზოლაციაში გადაყვანაზე. მე ვერ მოვძებნი ასეთ კონტაქტებს და ვერ მივანიჭებ ჩემს შვილს პრივილეგიას, მაშინ ყველა ბავშვი უნდა გავიდეს. მინიმუმ 5 ბავშვია ამ სასტუმროში, მე რასაც ვხედავ“, – გვეუბნება ანა.

ანა არგანაშვილმა საკარანტინო სივრცეში ბავშვის უფლებების დარღვევის თაობაზე სასამართლოს მეორედ მიმართა. „პირველად ხარვეზი დაადგინა – მომწერა [სასამართლომ], ის აქტი, რითაც კარანტინში გადაყვანა გადაწყდა რა ნომერიაო. არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე. ახლა ხელმეორედ მივმართე“, – ამბობს ის.

სვანეთში ხანძარია – ჩაქრობას ქარი, სიცხე და რელიეფი ართულებს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი აქრობს.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა სამუშაოებს ქარი, სიცხე და რელიეფი ართულებს.

112-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შემოვიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. 

________

ფოტო: საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახური

“მაგრამ ეს გამოჩნდება, ქალბატონო ევა,”- დავა მოსამართლეების ფარულად შერჩევაზე

“ფარული კენჭისყრა ტარდება იმისთვის, რომ რაღაც დაიფაროს… ეს ფარულობა იძლევა შესაძლებლობას, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ შეთანხმებით,”- მიმართა მოსამართლეებს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს.

ომბუდსმენი მოითხოვს არაკონსტიტუციურად მიიჩნიონ ის სამართლებრივი ნორმები, რომლებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევს. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.

კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას. იმავდროულად, გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების გამო, კანდიდატთა შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების მიღების პროცესში შებოჭილი არ არის ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა.

დღევანდელ პლენუმს მხოლოდ ერთი მოსამართლე არ ესწრება – ვასილ როინიშვილის აცილება სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რადგან ის საკონსტიტუციომდე უზენაესის მოსამართლეობას გასაჩივრებული წესით აპირებდა.

გიორგი ბურჯანაძემ პლენუმს შეახსენა საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ვენეციის კომისიის კრიტიკული პოზიციები.

“ეს არ იძლევა გამჭვირვალედ პროფესიონალი და კვალიფიციური მოსამართლეების შერჩევის საშუალებას… იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმიტომ არის ჩართული ამ პროცესში, რომ უფრო გაჯანსაღდეს პროცესი, რადგან პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა,” – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილემ გაიხსენა შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე – მაია კოპალეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდა, ხოლო ვინც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია, ის “სამხედრო მწყობრით” აირჩია.

“ღია რომ ყოფილიყო? რას ცვლის ეს ფარულობა,” – იკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ.

“დიახ, ღიას დროს რატომ ვერ შეთანხმდებოდნენ?” – მიაჩერდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოსამართლე ევა გოცირიძეც.

“შეთანხმდებოდნენ, ქალბატონო ევა, მაგრამ ეს გამოჩნდებოდა… ამის გაკეთების შანსი იქნებოდა ნაკლები,” – უპასუხა მოსამართლეებს გიორგი ბურჯანაძემ.

“რატომ არ შეიძლება შეთანხმდნენ, შეთანხმების არაკონსტიტუციურობას რაში ხედავთ?” – უკან არ დაიხია ევა გოცირიძემ და ვიდრე პასუხს მიიღებდა, მოსამართლე მანანა კობახიძეც ჩაერთო დიალოგში.

“თუ 15 კანდიდატი კეთილსინდისიერია და კომპეტენტური, რატომ ფიქრობთ, რომ აქ რადიკალური პოზიციები ყოფილიყო? ეს ხომ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება,” – იკითხა მანანა კობახიძემ.

ამ დროს მოსამართლე მერაბ ტურავა მოსამართლეების ვარსკვლავებზე შედარების ხასიათზე დადგა:

“თუ, მაგალითად, ხედავ, რომ ხუთივე ვარსკვლავია, ისაუბრეს შიგნით და თქვეს, რომ აი, ხელიდან არ უნდა გაუშვან…” – აღნიშნა მერაბ ტურავამ.

“ჩვენც ფარულად ავირჩიეთ თავმჯდომარე,” – დასძინა მოსამართლე მანანა კობახიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რამდენიმე დღის წინ აირჩიეს მერაბ ტურავა.

“ყველას გამოვურთე მიკროფონი და თქვენ გისმენთ ახლა,” – თქვა მერაბ ტურავამ და კოლეგებს გახედა.

“თქვენს შემთხვევაში, წინასწარ წარდგენა ნაწილობრივ საჯაროს ხდის ამ პროცესს… ამაზეც უნდა ვიფიქროთ… მე, როგორც მოქალაქეს, უნდა მესმოდეს, რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება…” – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ. მან ისევ საკონსტიტუციოს ყოფილ მოსამართლეზე – მაია კოპალეიშვილზე გააკეთა აქცენტი, რომელიც, მისი შეფასებით, ერთ-ერთი საუკეთესო იურისტია ადმინისტრაციულ სამართალში და ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ვერც გაასაჩივრებდა – გაუგებარია რის გამო შეარჩია უზენაესის მოსამართლეობის 20 კანდიდატი და მათ შორის 5 ისეთი, ვისაც კეთილსინდისიერების კრიტერიუმში მაღალი შეფასება არ ჰქონდა.

თავის სიტყვაში მოსამართლეების შერჩევის პროცედურა დეტალურად აღწერა პარლამენტის იურისტმა, რუსუდან უღლაურმა.

“ეს პროცედურები ვიცით, იქნებ, ეს ნაწილი გამოტოვოთ და რაც არის დავის საგანი, იმაზე გვესაუბროთ,” – შეაწყვეტინა გამოსვლა მომხსენებელს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა, მას სხვა მოსამართლეებიც დაეთანხმნენ, თუმცა პარლამენტის იურისტმა მაინც წინასწარ მომზადებული ტექსტის მოსამართლეებისთვის ბოლომდე გაცნობა გადაწყვიტა.

“კოოპერატივიზმის საფრთხე გამორიცხულია,” – ხაზი გაუსვა თავის გამოსვლაში პარლამენტის იურისტმა, რუსუდან უღლაურმა “სასამართლო კლანზე” საპასუხოდ. ის მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა უზენაესის მოსამართლეების შერჩევა პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დააკისრა და ეს უზრუნველყოფს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევას.

“რომელ წერტილზეც თქვენ გაჩერდით ახლა, იმ წერტილიდან გავაგრძელოთ,” – მიმართა მომხსენებელს მოსამართლე მერაბ ტურავამ და სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

სკოლის დირექტორის გათავისუფლება აჭარის განათლების მინისტრს შეუძლია – ახალი უფლებები

დღეიდან, 6 ივლისიდან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დამატებითი უფლებებით ისარგებლებს. სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილებები აჭარის მთავრობამ შეიტანა.

ახალი ცვლილებით, აჭარის განათლების სამინისტრო:

[checklist]

  • გასცემს თანხმობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით სამუშაო დატვირთვასთან დაკავშირებით გათვალისწინებული შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებაზე;
  • გასცემს თანხმობას საჯარო სკოლაში პარალელური კლასების არსებობისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი, კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობიდან გამონაკლისის დაშვებაზე;
  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი რეგისტრაციის ვადების გასვლის შემდეგ, ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, გასცემს თანხმობას/უარს საჯარო და კერძო სკოლების პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე;“

[/checklist]

 

ამასთან, სამინისტრო დღეიდან უფლებამოსილია:

[checklist]

  • საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციის, მოსწავლეთა თვითმმართველობისა და დისციპლინური კომიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების დარღვევის შემთხვევაში აღნიშნულ საჯარო სკოლას მისცეს წერილობითი გაფრთხილება ან/და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართოს შესაბამისი დასაბუთებული წარდგინებით დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე;
  • დაითხოვოს სამეურვეო საბჭო, თუ საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს საქმიანობის გამო დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა;
  • ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს;
  • დაითხოვს სამეურვეო საბჭოს ან/და ვადამდე შეუწყვეტს უფლებამოსილებას დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

[/checklist]

ახალი ცვლილებით, სამინისტროს სისტემაში შემავალი შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების გარკვეული პუნქტები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

[checklist]

  • სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელება, მარწმუნებელი და საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, აუდიტის შემდეგი სახეების გამოყენებით: სისტემური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი, ფინანსური აუდიტი და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტი;
  • სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;
  • სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებების ან/და კორესპონდენციების განხილვა, შესწავლის შედეგად დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა;
  • მოქმედი კანონმდებლობითა და შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით დისციპლინური წარმოების ჩატარება.

[/checklist]

 

 

 

ცოლის მკვლელობის ბრალდებით სურამში 34 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სურამში 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილაზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მეუღლეებს – თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება, შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

9 წლის ბავშვზე დედისგან ძალადობისთვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურში დედამ 9 წლის შვილზე ფიზიკურად იძალადა. „ბათუმელების“ ინფორმაცით, გოგო 9 წლისაა, ის ნაცემი იყო და ჰქონდა ნაკბენიც.

“არასრულწლოვანი უკვე იმყოფება უსაფრთხო გარემოში. სოცმუშაკები არიან ჩართულები და საპროცესო წარმომადგენლობა დაიწყეს,” – მოგვწერეს შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრიდან.

გამოძიება დაწყებულია არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი ოჯახში ძალადობის მუხლით.

შენიშვნა: თავდაპირველად წყაროზე დაყრდნობით  ჩვენ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძალადობის ფაქტზე დაკავებულია დედა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და ამ დრომდე ბავშვის დედა დაკავებული არ არის. 

 

სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები იხსნება

საქართველოში სპორტული დარბაზები და საცურაო აუზები გაიხსნება მას შემდეგ, როცა გაივლიან შესაბამის ინსპექტირებას – ამის შესახებ დღეს, 6 ივლისს, ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ინფორმაციით, სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებში ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვება, უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხელოვნური ვენტილაციის პირობებში კი, შესაბამისი პროტოკოლი იქნება შემუშავებული. მთავრობის ინფორმაციით, ეს პროტოკოლი დღეს გამოქვეყნდება.

ასევე, სპორტული დარბაზები, დალაგების შემდგომ, უნდა განიავდეს ორპირი ქარის პრინციპით; საშხაპეები უნდა იყოს გამოყოფილი ტიხრებით; კარადები უნდა იყოს გამოტოვებული [ერთი თავისუფალი კარადა]; პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით.

წესდება ლიმიტი ჯგუფურ ვარჯიშებზე – ჯგუფში უნდა იყოს არაუმეტეს 10 ადამიანი.

რაც შეეხება აუზებს, უნდა ჩატარდეს წყლის კვლევა კოლიბაქტერიებზე.

შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი, რბილი მასალის გამოყენება, ყოველი გამოყენების შემდგომ შეზლონგის დეზინფექცია სავალდებულოა.

7-9 ივლისს ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2020 წლის 7 ივლისის 08:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 14 ივლისის 08:00 სთ-დან 16 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში – გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

მოძრაობას ზედამხედველობას გაუწევს საპატრულო პოლიცია.

თვითდასაქმებულებს არასრული დოკუმენტების განახლება 15 ივლისამდე შეუძლიათ – კომპენსაცია

საქართველოში თვითდასაქმებულებს, რომლებიც 2020 წლის 1-ელ ივლისამდე 300 ლარი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირდნენ, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთული აქვთ არასრულად ან არის დასაზუსტებელი, უფლება აქვთ, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა.

საზღვარგარეთ თვითდასაქმებულთაგან განსხვავებით, საქართველოში თვითდასაქმებულებს ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციისას გარკვეული დოკუმენტების/ცნობების ატვირთვაც ევალებოდათ.

დარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს ატვირთული დოკუმენტების დაზუსტებაზე ან ახალი დოკუმენტების ატვირთვის შესახებ სმს-შეტყობინებები დასაქმების სააგენტოსგან უნდა მიეღოთ.

„იმ თვითდასქამებულს, რომელსაც მიუვიდა შეტყობინება დოკუმენტის დაზუსტებაზე, მას ამის გაკეთება შეუძლია ელექტრონულად. ყველა დარეგისტრირებულ თვითდასაქმებულს აქვს თავისი „მომხმარებლის გვერდი“ და დამატებითი თუ დაზუსტებული დოკუმენტაცია შეუძლიათ ატვირთონ ამ გვერდიდან“, – უთხრეს „ბათუმელებს“ დასაქმების სააგენტოში.

დაზუსტებული დოკუმენტაციის ასატვირთად გადადით ამ ბმულზე.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 165 626 თვითდასაქმებული. აქედან, სააგენტოს ცნობით, 300 ლარი კომპენსაცია მიიღო 104 547-მა თვითდასაქმებულმა, სულ გადაირიცხა 31 364 100 ლარი. სააგენტო აცხადებს, რომ კომპენსაციის თანხა მოქალაქეებს ეტაპობრივად ერიცხებათ.

მას, ვინც დარეგისტრირდა, მაგრამ კომპენსაცია დღემდე არ დარიცხვია, ინფორმაციის მისაღებად, როგორც დასაქმების სააგენტოში გვითხრეს, შეუძლია დარეკოს ჯანდაცვის ცხელ ხაზზე – 1505

რაც შეეხება, საზღვარგარეთ თვითდასაქმებულებს, მათი რეგისტრაცია გრძელდება 2020 წლის 15 ივლისამდე;

კომპენსაციის მიმღებ პირებად  რეგისტრაციის უფლება აქვთ:

  • საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რის გამოც 2019 წელს უფიქსირდებათ საზღვრის კვეთა არანაკლებ 60-ჯერ, ან/და
  • 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში უფიქსირდებათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა 30-იდან 120 კალენდარული დღის ჩათვლით.

ამ თემაზე ვცლად:

თურქეთში დასაქმებულები 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

ფინკა ბანკმა „სოლიდარობის ფონდში“ 5000 ლარი გადარიცხა

„სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს შეიქმნა და მისი მიზანი ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და 22 წლამდე ახალგაზრდების მკურნალობასა და დიაგნოსტირების დაფინანსებაა. აღსანიშნავია, რომ ფონდში მობილიზებული თანხების სრული 100% ხმარდება სამედიცინო სერვისების დაფინანსებას.

არსებულმა კორონავირუსის პანდემიამ მთელი მსოფლიო კრიზისის წინაშე დააყენა. ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულმა შეზღუდვებმა ნეგატიური ფინანსური გავლენა იქონია თითქმის ყველა სექტორზე, მათ შორის-საქველმოქმედო დონაციებზეც, რაც ფონდში შემცირებულ შემოწირულობებზეც აისახა. თითოეული ბენეფიციარის გადასარჩენად კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია  საზოგადოების გაერთიანება და „სოლიდარობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერა.

ფინკა ბანკის მენეჯმენტისა და თანამშრომლების გადაწყვეტილებით „სოლიდარობის ფონდში“ 5000 ლარი გადაირიცხება. ამით გამოვხატავთ ჩვენს მხარდაჭერასა და თანადგომას ყველა იმ ადამიანისადმი, რომელიც ამ მძიმე სენთან ბრძოლაშია ჩართული.

ინდოეთი მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებით

ინდოეთი უკვე მესამე ქვეყანაა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ქვეყანაში 697 413 შემთხვევაა დადასტურებული. ამ მონაცემებით ინდოეთმა გაუსწრო რუსეთს, სადაც დადასტურებულია Covid19-ის 686 777 შემთხვევა.

დღევანდელი მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით 19 693 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა – 424 433 ადამიანი.

6 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა შემდეგ ქვეყნებში:

  • ამერიკის შეერთებული შტატები – 2, 888, 729
  • ბრაზილია – 1,603,055
  • ინდოეთი – 697, 413
  • რუსეთი – 686, 777
  • პერუ – 302, 718
  • ჩილე – 295, 532
  • დიდი ბრიტანეთი – 286, 932
  • მექსიკა – 256, 848
  • ესპანეთი – 250, 545
  • იტალია – 241, 611

2020 წლის იანვარში ჩინეთში ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში Covid19-ით დაინფიცირდა 11 458 291 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.

ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა  534 460 ადამიანი.

_________________

ფოტოზე: ინდოეთი, მუმბაი. ჯანდაცვის მუშაკი სიცხეს უზომავს ბავშვს. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/DIVYAKANT SOLANKI

კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა 24 საათში – დღევანდელი მონაცემები

6 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID19-ის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 ადამიანი.

ჯამში ქვეყანაში 26 თებერვლიდან დღემდე COVID19-ის 953 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 830 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 – გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 3828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 192.

ზღვის წყალი 27 გრადუსამდე გათბა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ივლისის 21 საათიდან 7 ივლისის 21 საათამდე  აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 29 – 34 გრადუსი
  • ღამით: 20 – 25 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი 
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 27 გრადუსია.

ზეგ, 8 ივლისს, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, მომდევნო 2 დღეს კი მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

_____________

ფოტო: „ბათუმელები“/ნინო კახიშვილი

ბათუმში კოორონავირუსზე 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 514 ლაბორატორიული კვლევის შედეგი, უარყოფითია.

ამავე წყაროს ცნობით, ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 26 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 23 996 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 2075 პირი. კარანტინი დატოვა 9593-მა პირმა.

Exit mobile version