ბათუმი,კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრისთვის 1 მილიონი დაიხარჯება 

06.07.2020 • 3674
მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრისთვის 1 მილიონი დაიხარჯება 

ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრი აშენდება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 56 ათას 600 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, 6 ივლისს, გამოაცხადა.

ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვეში, სამინისტროს მიერ წარდგენილი სამუშაოების შესრულების ფინანსური გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 26 ივლისს დაიწყება და 31 ივლისს დასრულდება.

სამინისტრო 2020 წლის ბიუჯეტიდან 300 000 ლარს აანაზღაურებს, ხოლო დარჩენილი [სახელშეკრულებო] თანხა ანაზღაურდება 2021 წლის ბიუჯეტიდან.

მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრი მდინარე აჭარისწყალზე მდებარე რკინის ხიდთან ახლოს აშენდება. ამ ხიდს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა.

ხიდი მდინარე აჭარისწყალზე და ვიზიტორთა ცენტრი / ფოტომონტაჟი ტენდერიდან

სატენდერო დოკუმენტაციაში დევს კულტურული მემკვიდრეობის დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საინფორმაციო ცენტრის „საპროექტო ტერიტორიასა და ძეგლს შორის მდებარეობს საავტომობილო გზა და ახალი ხიდი. შესაბამისად, საპროექტო ტერიტორიას ძეგლის ტერიტორიასთან უშუალო კავშირი არ აქვს… საპროექტო შენობის არქიტექტურულ დაგეგმარებითი გადაწყვეტა და მისი განთავსება ტერიტორიაზე არ არღვევს ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალსა და ვიზუალური დაცვის არეალის მოთხოვნებს“.

ფოტომონტაჟი ტენდერიდან

სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ხეობის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრის, ასევე, ზედა ჩხუტუნეთის კულტურის სახლისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს კონკურსი გამოაცხადა.

საკონკურსო თანხა 110 100 ლარი იყო, ხელშეკრულება კი, 2019 წლის ნოემბერში, შპს „არტსტუდიო-პროექტი“-სთან 118 000 ლარზე გაფორმდა [დღგ-ს ჩათვლით]. საინფორმაციო ცენტრი, ამ კომპანიის მიერ შედგენილი პროექტის მიხედვით აშენდება.

ამ თემაზე:

მომზადდა თუ არა მაჭახელას ხეობის კონცეფცია, რაშიც ბიუჯეტიდან 454 300 ლარია გადახდილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: