მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ქალაქი დაბერდა და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ – მიმართვა აჭარის განათლების სამინისტროს

06.07.2020 • 2308
ქალაქი დაბერდა და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ – მიმართვა აჭარის განათლების სამინისტროს

ავტორი: ლევან გელიაშვილი [ერედელი],  პროექტის – Art Up | Street Gallery-ის და Black Sea Sound-ის დამფუძნებელი

_____________________

დღეიდან ვწყვეტ თანამშრომლობას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან რადგან მათი მხრიდან საქმის, განსაკუთრებით კი, თანამედროვე ხელოვნებისა და მუსიკის მიმართ დამოკიდებულება გახდა სრულიად აუტანელი, არასერიოზული და არაკომპეტენტური. რაც მთავარია, ეს ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდა პანდემიის დროს გამოვლენილი მათი უმოქმედობით. ყველაფერს აქვს კონკრეტული მიზეზები. ვეცდები, მოკლედ ავხსნა:

წლებია ვიბრძვი ბათუმში თანამედროვე ხელოვნების და მუსიკის განვითარებისთვის. ვერაფრით ვერ გაგაგებინეთ სამინისტროს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ალტერნატიული სივრცეების არსებობა, განსხვავებული, გაბედული პროექტების კეთება, ქალაქის წარმოჩენა არა მხოლოდ საიუბილეო გამოფენებით და კლასიკური მუსიკის საღამოებით, ან საკუთარ გემოვნებაზე მორგებული პროექტებით, არამედ თანამედროვე სივრცეებით და ახალგაზრდებისთვის საინტერესო აქტივობებით.

არ დამეზარა და დავითვალე ბოლო სამ თვეში აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფეისბუქგვერდზე დადებული პოსტები, რომელიც რაიმე ფორმით ეხებოდა კულტურის თემატიკას. ჯამში 9 პოსტია, აქედან 8 შეეხება კულტურის სფეროს უხუცესებისთვის იუბილეს მილოცვას.

როდესაც ღიად დავიწყეთ არსებულ პრობლემებზე საუბარი, არც კი გამოგვეხმაურეთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან 2 თვის შემდეგ ანგარიში დადეთ, სადაც თავად აღიარეთ, რომ არაფერი არ გაგიკეთებიათ. კულტურის აქტივობის გრაფაში მხოლოდ ის გიწერიათ, რომ 500-მდე პოსტი დადეს თქვენმა სსიპ-ებმა შინაარსით #დარჩისახლში, რაც არის სირცხვილი.

სამინისტროს მისამართით გამოთქმული კრიტიკის გამო, ბევრჯერ მიგვრძნია მიუღებლობა და გაუცხოება, იაფფასიანი ჭორებით იმიჯზე ჩრდილის მიყენებაც უცდიათ. სხვათაშორის, ამაზე მოქმედ მინისტრსაც ვესაუბრე, თუმცა არაფერი შეცვლილა. კრიტიკის მიზანი იყო, არის და იქნება არა პიროვნებებზე დარტყმა, არამედ ცვლილებების მოთხოვნა, რადგან სახელმწიფო უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა პირიქით. სამწუხაროდ, ეს ბევრს არ ესმის.

არაფერს ვამბობ კულტურის განვითარების გეგმაზე და მის ქვეპროგრამაზე, რომელიც შეეხება თანამედროვე მიმართულებების განვითარების ხელშეწყობას. ფურცელზე დაწერილი ფიქციაა, რომელიც თავისი შინაარსით და სულისკვეთებით, ერთეული გამონაკლისების გარდა არასდროს განხორციელებულა. გადაგიხედავთ მაინც დაფინანსებული პროექტებისთვის ან შეგიმოწმებიათ, როგორ მიდიოდა მათი შესრულება? რა ხარისხით, რა შინაარსით? პირადად მე კარგად მახსოვს 2019 წელს დაფინანსებული პროექტი, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს რომ რუსული დროშები გვიფრიალეს.

ყველა იცნობთ ჩემ ორ პროექტს Art Up | Street Gallery-ის და Black Sea Sound-ს, რომელიც ბათუმში დაიბადა და წლებია ხორციელდება. ასევე იცით, რომ 10 წელზე მეტი, ჩემი პირადი ბიუჯეტით და სახსრებით ვაკეთებდი პროექტებს ახალგაზრდების მხარდასაჭერად.

Art Up | Street Gallery 2017 წლიდან სრულიად დამოუკიდებლად აგრძელებს არსებობას და ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ, რომ ეს პროექტი, რომელიც ალტერნატიულ, არატრადიციულ საგამოფენო სივრცეებს ქმნის სხვადასხვა ქვეყნებში და ცდილობს ქართველი თანამედროვე არტისტები გააცნოს მსოფლიოს, გამხდარიყო მდგრადი და წარმატებული. დღეს, ბათუმის გარდა ვართ თბილისში (Fabrika-ში) და ტალინში (Telliskivi Creative City-ში). ორგანიზება გავუწიეთ 40-მდე ქართველი და უცხოელი არტისტის გამოფენას. წელს შემოდგომიდან დაგეგმილია გამოფენები კიდევ ორ ქვეყანაში, იტალიასა და ესპანეთში, ოთხ საგამოფენო ლოკაციაზე, Covid 19-ის მიუხედავად. აღარ მოვყვები სხვა დეტალებს, უბრალოდ შეიხედეთ Art Up-ის ფეისბუქ გვერდზე და იქ ნახავთ ყველაფერს.

წელს, Art Up | Street Gallery-ის სახელით შევიტანეთ განაცხადი სამინისტროს მიერ გამოცხადებული თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსში. ვითხოვდით საგამოფენო ბოქსების გამოცვლას, რადგან 4 წლისაა და გაიცვითა, ვგეგმავდით ორენოვანი სტატიების მომზადებას ქართველ ხელოვანებზე და მათ გავრცელებას ჩვენ პარტნიორ ქვეყნებში, გამოფენების ორგანიზებას როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ და სხვა, რა თქმა უნდა Covid 19-ის საპრევენიო ღონისძიებების დაცვით. პროექტი არ დააფინანსეს.

რაც შეეხება საავტორო მუსიკის ფესტივალს Black Sea Sound-ს, ის 2014 წლიდან იმართება ბათუმში და ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ადგილობრივი ახალგაზრდა მუსიკოსისთვის. Black Sea Sound-საც ვაჩერებ, რადგან თქვენი დამოკიდებულება ყველანაირ ზღვარს გაცდა. თქვენ არ გადარდებთ მუსიკოსები, არ გაინტერესებთ მათი მდგომარეობა, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ. რა საპასუხო კომენტარებიც გააკეთეთ, ეგეც საკმარისია.

ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ დაფინანსების მათხოვრობას ჩემი პროექტი არ აპირებს, ისევ მუსიკოსების ღირსების დასაცავად. აქვე ვამბობ, რომ არსად არ მივდივარ, ყველაფერს უფრო მეტი ყურადღებით დავაკვირდები.

და ბოლოს, როდესაც ამბობთ, რომ რეგიონიდან გარბიან ახალგაზრდები, მიზეზები ეძებეთ საკუთარ ქმედებებში და არა ამ ახალგაზრდებში, რომლებსაც ვერაფერს აძლევთ. ქალაქი დაბერდა და თქვენ ამას ვერ ამჩნევთ, რადგან ზუსტად ასეთი მოგწონთ.

__________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: