მთავარი,სიახლეები

„არ შეიძლება ბავშვს ყოველდღე სოსისი მისცე“ – ბავშვების უფლებები კარანტინში

06.07.2020 •
„არ შეიძლება ბავშვს ყოველდღე სოსისი მისცე“ – ბავშვების უფლებები კარანტინში

დღეს, 6 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა საკარანტინო სივრცეებში არასრულწლოვნების მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ამ საკითხზე ბევრი კითხვა გაჩნდა. ჩიქოვანის განცხადებით, ბავშვების კარანტინში განთავსება „ყოველი შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით ხდება“.

„ვცდილობთ, მაქსიმალურად მივიღოთ მხედველობაში ყველა ის საჭიროება, რომელიც ასეთ შემთხვევაში იარსებებს. ეს არის ასაკი, სხვა კონკრეტული გარემოებები და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან ყველა ეს შემთხვევა არის მაქსიმალურად შესწავლილი“, – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

მისივე განმარტებით, სახელმწიფომ გადაწყვიტა ასეთი ოჯახები განთავსდნენ ისეთ სივრცეში, რომელიც მათთვის იქნება ადეკვატური.

„აქვე გეტყვით, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭომ დაავალა ოპერატიულ შტაბს, რომ ბავშვებთან დაკავშირებით დამატებით შეიმუშაოს რეკომენდაციები, რომელიც ასევე გახდება საჯარო“.

ის, რომ საკარანტინო ზონაში ბავშვების უფლებები ირღვევა და სახელმწიფოს არ აქვს მათთვის აუცილებელი საჭიროებები გათვალისწინებული, ამის შესახებ „ბათუმელებთან“ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი საუბრობს.

ის აშშ-დან დაბრუნების შემდეგ არასრულწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად კარანტინში გადაიყვანეს. არგანაშვილის თქმით, საკარანტინო სივრცეში ბავშვის უფლებები დარღვეულია, რის გამოც მან  სასამართლოს უკვე მიმართა.

„საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვი სადაც არის განთავსებული, უნდა იყოს დაცული ბავშვის რაიმე სტანდარტი. ეს სტანდარტი უნდა შეეხებოდეს მინიმუმ იმას, რომ სივრცე უნდა იყოს საკმარისი, კვება უნდა იყოს ბავშვისთვის ადეკვატური.

ბავშვს ასევე სჭირდება განვითარების პირობები. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, გამორჩა ჩვენს მთავრობას, როცა იღებდა დადგენილებას, რადგან კარანტინში ბავშვის შესაფერისი არანაირი პირობა არ არის“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

მისი თქმით, მთავრობის დადგენილებაში არსებობს მუხლი, სადაც წერია, რომ არასრულწლოვნის შემთხვევაში, უნდა განიხილონ მისი თვითიზოლაციაში ანუ სახლში გადაყვანის საკითხი. „პრობლემაა ის, რომ ეს მუხლი არ მუშაობს. ყველა მშობელი ავსებს თვითიზოლაციის მოთხოვნას, შემდეგ კი მაინც იღებენ „არას“, რასაც არ მოჰყვება განმარტება.

მე როგორც მომწერეს, შშმ ბავშვებიც დატოვეს კარანტინში და არ მაქვს ახსნა, რატომ არ განიხილავენ ამ საკითხს. ერთადერთი ახსნა ის არის, რომ არასერიოზულად უდგებიან ბავშვის თავისუფლების შეზღუდვას“, – ამბობს არგანაშვილი.

მისი თქმით, არ მას ჩაჰბარებია არანაირი დოკუმენტი, სადაც ეწერებოდა, რომ იმსჯელეს ბავშვის მდგომარეობაზე და გადაწყვიტეს, უნდა გაეშვათ თვითიზოლაციაში თუ არა.

„უარესი, როცა ჟურნალისტებმა დასვეს კითხვები, მათ უთხრეს, რომ „შეაფასეს ვითარება“, მაგრამ როგორ შეაფასეს, ამაზე პასუხი არ აქვთ. ბავშვს არ შეხვედრიან, ვიღაც ზის კაბინეტში და როგორც სტატისტიკურ მოცემულობას, ასე უდგება. არანაირი ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა“, – ამბობს არგანაშვილი.

მისი განმარტებით, ეს არის დარღვევა და შესაძლოა ბავშვისთის მძიმე შედეგებით დასრულდეს. „უმძიმესად მოქმედებს ფსიქიკაზე, ძალიან სერიოზული სტრესი და შფოთვითი აშლილობა ეწყებათ, დეპრესიულები ხდებიან. მომმართეს სხვა ადამიანებმაც და ჩემს კედელზეც დავწერე ფეისბუქში, რომ ბავშვებისთვის დამამშვიდებლების მიცემა მოუწიათ, რადგან ცუდად გახდნენ საკარანტინო სივრცეში. ბავშვისთვის ასეთი ზიანის მიყენება არის ძალიან სერიოზული დარღვევა“, – გვეუბნება ანა.

მისი თქმით, ბავშვებისთვის კარანტინში შეზღუდულია სივრცე და არსად წერია, როგორი ოთახი უნდა მისცენ ბავშვს, აივანი უნდა ჰქონდეს თუ არა. „ჩვენს შემთხვევაში ბავშვი ძალიან იღლება, 7-8 ნაბიჯია ერთი კედლიდან მეორე კედლამდე და ბავშვი იწყებს სირბილს კედლიდან კედლამდე, იმდენად ენატრება მოძრაობა“.

საკარანტინო სივრცეში მყოფს უფლება არ აქვს დატოვოს მისთვის განკუთვნილი სივრცე და გამოვიდეს სასტუმროს ჰოლში ან ეზოში.

„ბავშვის ბუნების უგულებელყოფაა ეს, რადგან ბავშვი არის მოძრავი, მას სჭირდება ბურთი, ველოსიპედი, თამაში“.

არგანაშვილის თქმით, ასევე სერიოზული დარღვევაა ბავშვის კვება, რადგან გათვალისწინებული არ არის ბავშვის მენიუ.

„უფროსები შეიძლება სოსისს, ძეხვს ვჭამთ,  მაგრამ ჩემი შვილი არ ჭამს. მე აკრძალული მაქვს, რადგან ეს არ არის ჯანსაღი კვება. ყოველდღიურად არ შეიძლება სოსისი მისცე ბავშვს. სხვა სასტუმროებშიც, როგორც სხვები წერდნენ, მაიონეზიანი მოუხარშავი კომბოსტო მიჰქონდათ, რასაც 2 წლამდე ბავშვი ვერ შეჭამს და ბავშვი რჩება მშიერი“.

ასეთ შემთხვევაში მშობელს უწევს  სერვისის გამოძახება, თუმცა ყველგან არც ესაა ხელმისაწვდომი. „ვინც თბილისში არ არის, იქ არც მსგავსი სერვისებია. თავიდან ახალციხეში ვიყავით და იქ მითხრეს, სასტუმროდან ვიღაც გაგეგზავნება და მოგიტანს საჭმელსო. სად, როდის გამეგზავნება. ან იქნებ არ მინდა, რომ ვინმე შევაწუხო, წიწიბურა რომ მომიტანოს და რომც მოიტანოს, სასტუმროში ვერ მოვხარშავ“.

არგანაშვილის თქმით, სასტუმროში არც ტანსაცმლის გარეცხვის საშუალებაა, რის გამოც ტანსაცმელს ხელსაბანში რეცხავენ. „ჩემთვის ჰიგიენური არ არის და ალბათ არც სხვებისთვის. ამ ყველაფრიდან გამოსავალი იქნებოდა, რომ თვითიზოლაციაში გადაეყვანათ ბავშვი“.

ანა არგანაშვილი ასევე საუბრობს იმაზე, რომ თვითიზოლაციაში გადასაყვანი ადამიანების სია წინასწარ აქვთ შედგენილი.

„შერჩევითად გადაჰყავთ კარანტინიდან თვითიზოლაციაში, ნაცნობობით და ეს არ არის სამართლებრივი სახელმწიფო. თუ არ გვაქვს უფლება, მაშინ ნურავინ ნუ გადავა კარანტინიდან თვითიზოლაციაში.

როცა შემოვედი საზღვარზე, მითხრეს, არ ხარ თვითიზოლაციის სიაში და გადადით კარანტინშიო. მით უმეტეს, მე დავწერე მოთხოვნა თვითიზოლაციაში გადაყვანაზე. მე ვერ მოვძებნი ასეთ კონტაქტებს და ვერ მივანიჭებ ჩემს შვილს პრივილეგიას, მაშინ ყველა ბავშვი უნდა გავიდეს. მინიმუმ 5 ბავშვია ამ სასტუმროში, მე რასაც ვხედავ“, – გვეუბნება ანა.

ანა არგანაშვილმა საკარანტინო სივრცეში ბავშვის უფლებების დარღვევის თაობაზე სასამართლოს მეორედ მიმართა. „პირველად ხარვეზი დაადგინა – მომწერა [სასამართლომ], ის აქტი, რითაც კარანტინში გადაყვანა გადაწყდა რა ნომერიაო. არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე. ახლა ხელმეორედ მივმართე“, – ამბობს ის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: