მთავარი,სიახლეები

ახალგახსნილი კაფე ყოველდღე ერთ ღარიბ ოჯახს უგზავნის სადილს

06.07.2020 • 3240
ახალგახსნილი კაფე ყოველდღე ერთ ღარიბ ოჯახს უგზავნის სადილს

„შენი ალბომი“  – ასე ჰქვია რამდენიმე დღის წინ გახსნილ კაფეს ბაღდათში, რომელიც ერთადერთი ადგილია ამ რაიონში ახალგაზრდებისთვის შესაფერისი, მსუბუქი, ღია, თავისუფალი გარემოთი – ხელმისაწვდომი ფასებით და ახალგაზრდებისგან შემდგარი ბენდის ცოცხალი მუსიკით. კაფეს მეპატრონეებმა გახსნის დღიდანვე გადაწყვიტეს ყოველდღე დაემზადებინათ და გაეგზავნათ სადილი ერთი ოჯახისთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. კაფეს მეპატრონე, თეონა გოგსაძე ამბობს, რომ ეს იქნება არა დღის ბოლოს დარჩენილი კერძები, არამედ სპეციალურად, ოჯახებისთვის ახალდამზადებული სადილი. ,,შენი ალბომის” მეპატრონე სამი დაა: თეონა, ლალი და ხათუნა გოგსაძეები.

„ყოველდღე, პირველიდან ორ საათამდე, ჩვენი „საოჯახო კალათისთვის“ ვამზადებთ ხაჭაპურს, პიცას, სხვადასხვა კერძს, აუცილებლად ნამცხვარს და ტკბილეულს. გვინდა, რომ ყველაფერი, რაც შესაძლებელია ცხელი იყოს, ასევე მივიტანოთ ადრესატამდე – ახალგაკეთებული. როცა წინა დღით ვგეგმავთ მეორე დღეს ვის ვესტუმროთ, ვარკვევთ, ამ ოჯახში ხომ არ არიან ჯანმრთელობის პრობლემის მქონეები, ვისაც სპეციალური საკვები ესაჭიროება ან დიეტას იცავენ, რომ შესაბამისი ულუფა მოვამზადოთ.

კაფე „შენი ალბომი”

ცხადია, ადამიანების საკვებით დახმარების საჭიროება კაფეს გახსნამდეც დავინახეთ. პანდემიის დასაწყისიდანვე ვიყავით გაწევრიანებული ჯგუფში, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ასაკოვნებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს უგროვებდა პროდუქტს და ფულს. მე და ჩემმა დებმა გადავწყვიტეთ ჩვენი ახალგახსნილი კაფეც საქველმოქმედო საქმეში ჩაბმულიყო,“ – ამბობს თეონა გოგსაძე.

კაფე „შენი ალბომის“ მეპატრონე იწვევს სხვა კაფე-რესტორნებსაც აქციაში ჩასართავად, მაგალითად, ბაღდათსა და კურორტ საირმეში მდებარე რესტორნებს, რომლებსაც გაცილებით მეტი რესურსი აქვთ, ყოველდღე დაეხმარონ თუნდაც ერთ ოჯახს სადილით.

კაფეს მეპატრონეები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველთა სიით ხელმძღვანელობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც 21 700 ადამიანი ცხოვრობს, საარსებო შემწეობას იღებს 2088 პირი, სოციალური დახმარების პაკეტით კი 1547 მოქალაქე სარგებლობს.

მას შემდეგ, რაც მზარეული ერთი ოჯახისთვის მოამზადებს სადილს 2 საათზე, მოდიან წინასწარ შეთანხმებული მოხალისეები, რომლებსაც ადრესატამდე მიაქვთ სადილი.

„რამდენიმე დღის წინ გვქონდა შემთხვევა, როცა ერთ-ერთმა მოხალისემ წაუღო სადილი სოციალურად დაუცველს. აღმოჩნდა, რომ მარტო იყო სახლში ეს ადამიანი, ინსულტი დაემართა და ჩვენმა მოხალისემ უგონოდ იპოვა, დროულად მიმართა სასწრაფო დახმარების სამსახურს, ექიმებმა ის გადაარჩინეს,“ – ჰყვება კაფეს მეპატრონე.

თეონა გოგსაძე, კაფე „შენი ალბომის” მეპატრონე

თეონა გოგსაძე ამბობს, რომ აქცია: სადილი ყოველდღე თითო ოჯახისთვის, ადგილზე მიტანით – გაგრძელდება მანამ, სანამ კაფე იარსებებს.

რამდენად რეალურია ახალგახსნილმა კაფემ დაძლიოს პანდემიით გამოწვეული კრიზისი? მეპატრონემ ამაზე გვიპასუხა, რომ სტუმრების რაოდენობა ყოველდღიურად მოლოდინს აჭარბებს, რასაც იმით ხსნის, რომ ადამიანებს პანდემიის პირობებში მობეზრდათ შინ ყოფნა და მოენატრათ ღია, სასიამოვნო გარემოში ერთმანეთის ნახვა.

ახლა მეპატრონეები ფიქრობენ, რომ დიდი მოთხოვნისა და სტუმართა სიმრავლის გამო კაფე გააფართოვონ, მოაწყონ ფანჩატურები ღია სივრცეში და ყოველდღე მეტი ოჯახის სადილით მომარაგებაზე აიღონ პასუხისმგებლობა.

კაფეში სულ 15 ადამიანია დასაქმებული, ამზადებენ ტრადიციულ და ევროპულ, ცხელ და ცივ კერძებს,სალათებსა და დესერტებს. კაფეს აქვს ადგილზე მიტანის სერვისი ბაღდათსა და ახლომახლო სოფლებში. აქ ყოველდღე, საღამოობით უკრავს ახალგაზრდებისგან შემდგარი ცოცხალი ბენდი.

კაფე ,,შენი ალბომის” მთავარი მზარეული, შმაგი გოგსაძე

რამდენიმე დღის წინ გახსნილ კაფეში უკვე 2 დაბადების დღე გადაიხადეს, თეონა გოგსაძის თქმით, აქ არ არის დათქმა, რომ აუცილებლად დიდი შეკვეთა უნდა მისცეს სტუმარმა, მიმსვლელს შეუძლია „შენს ალბომში“ მხოლოდ ფინჯანი ყავაც მიირთვას და გაატაროს იმდენი დრო კაფეში, რამდენიც სურს.

გადაბეჭდვის წესი