მთავარი,სიახლეები

“მაგრამ ეს გამოჩნდება, ქალბატონო ევა,”- დავა მოსამართლეების ფარულად შერჩევაზე

06.07.2020 • 1797
“მაგრამ ეს გამოჩნდება, ქალბატონო ევა,”- დავა მოსამართლეების ფარულად შერჩევაზე

“ფარული კენჭისყრა ტარდება იმისთვის, რომ რაღაც დაიფაროს… ეს ფარულობა იძლევა შესაძლებლობას, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ შეთანხმებით,”- მიმართა მოსამართლეებს სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სახალხო დამცველის სარჩელს განიხილავს.

ომბუდსმენი მოითხოვს არაკონსტიტუციურად მიიჩნიონ ის სამართლებრივი ნორმები, რომლებითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს არჩევს. სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ დადგენილი წესი ვერ უზრუნველყოფს საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.

კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა წარდგენის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას. იმავდროულად, გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების გამო, კანდიდატთა შერჩევისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილების მიღების პროცესში შებოჭილი არ არის ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა კანდიდატის კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა.

დღევანდელ პლენუმს მხოლოდ ერთი მოსამართლე არ ესწრება – ვასილ როინიშვილის აცილება სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, რადგან ის საკონსტიტუციომდე უზენაესის მოსამართლეობას გასაჩივრებული წესით აპირებდა.

გიორგი ბურჯანაძემ პლენუმს შეახსენა საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ვენეციის კომისიის კრიტიკული პოზიციები.

“ეს არ იძლევა გამჭვირვალედ პროფესიონალი და კვალიფიციური მოსამართლეების შერჩევის საშუალებას… იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმიტომ არის ჩართული ამ პროცესში, რომ უფრო გაჯანსაღდეს პროცესი, რადგან პარლამენტი პოლიტიკური ორგანოა,” – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილემ გაიხსენა შემთხვევა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე – მაია კოპალეიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდა, ხოლო ვინც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია, ის “სამხედრო მწყობრით” აირჩია.

“ღია რომ ყოფილიყო? რას ცვლის ეს ფარულობა,” – იკითხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ.

“დიახ, ღიას დროს რატომ ვერ შეთანხმდებოდნენ?” – მიაჩერდა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მოსამართლე ევა გოცირიძეც.

“შეთანხმდებოდნენ, ქალბატონო ევა, მაგრამ ეს გამოჩნდებოდა… ამის გაკეთების შანსი იქნებოდა ნაკლები,” – უპასუხა მოსამართლეებს გიორგი ბურჯანაძემ.

“რატომ არ შეიძლება შეთანხმდნენ, შეთანხმების არაკონსტიტუციურობას რაში ხედავთ?” – უკან არ დაიხია ევა გოცირიძემ და ვიდრე პასუხს მიიღებდა, მოსამართლე მანანა კობახიძეც ჩაერთო დიალოგში.

“თუ 15 კანდიდატი კეთილსინდისიერია და კომპეტენტური, რატომ ფიქრობთ, რომ აქ რადიკალური პოზიციები ყოფილიყო? ეს ხომ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება,” – იკითხა მანანა კობახიძემ.

ამ დროს მოსამართლე მერაბ ტურავა მოსამართლეების ვარსკვლავებზე შედარების ხასიათზე დადგა:

“თუ, მაგალითად, ხედავ, რომ ხუთივე ვარსკვლავია, ისაუბრეს შიგნით და თქვეს, რომ აი, ხელიდან არ უნდა გაუშვან…” – აღნიშნა მერაბ ტურავამ.

“ჩვენც ფარულად ავირჩიეთ თავმჯდომარე,” – დასძინა მოსამართლე მანანა კობახიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რამდენიმე დღის წინ აირჩიეს მერაბ ტურავა.

“ყველას გამოვურთე მიკროფონი და თქვენ გისმენთ ახლა,” – თქვა მერაბ ტურავამ და კოლეგებს გახედა.

“თქვენს შემთხვევაში, წინასწარ წარდგენა ნაწილობრივ საჯაროს ხდის ამ პროცესს… ამაზეც უნდა ვიფიქროთ… მე, როგორც მოქალაქეს, უნდა მესმოდეს, რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება…” – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ. მან ისევ საკონსტიტუციოს ყოფილ მოსამართლეზე – მაია კოპალეიშვილზე გააკეთა აქცენტი, რომელიც, მისი შეფასებით, ერთ-ერთი საუკეთესო იურისტია ადმინისტრაციულ სამართალში და ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას ვერც გაასაჩივრებდა – გაუგებარია რის გამო შეარჩია უზენაესის მოსამართლეობის 20 კანდიდატი და მათ შორის 5 ისეთი, ვისაც კეთილსინდისიერების კრიტერიუმში მაღალი შეფასება არ ჰქონდა.

თავის სიტყვაში მოსამართლეების შერჩევის პროცედურა დეტალურად აღწერა პარლამენტის იურისტმა, რუსუდან უღლაურმა.

“ეს პროცედურები ვიცით, იქნებ, ეს ნაწილი გამოტოვოთ და რაც არის დავის საგანი, იმაზე გვესაუბროთ,” – შეაწყვეტინა გამოსვლა მომხსენებელს მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა, მას სხვა მოსამართლეებიც დაეთანხმნენ, თუმცა პარლამენტის იურისტმა მაინც წინასწარ მომზადებული ტექსტის მოსამართლეებისთვის ბოლომდე გაცნობა გადაწყვიტა.

“კოოპერატივიზმის საფრთხე გამორიცხულია,” – ხაზი გაუსვა თავის გამოსვლაში პარლამენტის იურისტმა, რუსუდან უღლაურმა “სასამართლო კლანზე” საპასუხოდ. ის მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა უზენაესის მოსამართლეების შერჩევა პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დააკისრა და ეს უზრუნველყოფს კვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევას.

“რომელ წერტილზეც თქვენ გაჩერდით ახლა, იმ წერტილიდან გავაგრძელოთ,” – მიმართა მომხსენებელს მოსამართლე მერაბ ტურავამ და სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: