მთავარი,სიახლეები

კომუნიკაციების კომისია და „ოცნება“ ცდილობენ „ბათუმელების“ დისკრედიტაციას – მედიაკოალიცია

06.07.2020
კომუნიკაციების კომისია და „ოცნება“ ცდილობენ „ბათუმელების“ დისკრედიტაციას – მედიაკოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ „გაზეთ ბათუმელებისა და „ნეტგაზეთის“ დისკრედიტაციის მცდელობას უწოდებს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პლატფორმაზე – „მედიაკრიტიკაზე“ გამოქვეყნებულ სტატიასა და „ბათუმელების“ ჟურნალისტზე, ჯაბა ანანიძეზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ლადო მგალობლიშვილის განცხადებას ფეისბუქზე. კოალიციის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო კვლავაც იყენებს თავის ბერკეტებს მედიის წინააღმდეგ.

„2020 წლის 5 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის დასაცავად, კომისიის მიერვე შექმნილ მედიაკრიტიკის პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ცალმხრივად გამჭვირვალე (ნეტ)გაზეთი“, სადაც ნეტგაზეთი მოხსენიებულია, როგორც ორმაგი სტანდარტისა და ფაქტებით მანიპულატორი მედია.

…ამავე დროს, „ქართული ოცნების“ გუნდის წევრის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის – ლადო მგალობლიშვილის მხრიდან პოლიტიკური თავდასხმის ობიექტი გახდა „ნეტგაზეთთან“ დაკავშირებული გამოცემა – „გაზეთი ბათუმელები“. დეპუტატი გამოქვეყნებული სტატიის გამო საჯაროდ თავს ესხმის მედიასაშუალებას, სათაურს კი ფეიკს უწოდებს [მგალობლიშვილის ჟურნალისტზე თავდასხმა გამოიწვია სათაურში გამოტანილმა ციტატამ, რომელიც მასვე ეკუთვნოდა – „ბათუმელების“ შენიშვნა].

აღსანიშნავია ისიც, რომ 2020 წლის 5 ივნისს იგივე პირი საჯარო ქსელის გამოყენებით თავს დაესხა ამავე მედიასაშუალების ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს. მას „ფეიკნიუსის შემქმნელი“ და „სამარცხვინო არაადამიანი“ უწოდა. მოგვიანებით, მმართველი პარტიის წევრმა საჯარო სტატუსი წაშალა. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა იგი არღვევს მედიასთან ურთიერთობის სტანდარტს და ცდილობს რეპუტაცია შეულახოს მედიის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად.

აღსანიშნავია, რომ ორივე თავდასხმის შინაარსი საერთოა. აღმოჩნდა, რომ კომუნიკაციების კომისიაც და მმართველი პარტიის წარმომადგენელიც ერთნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ მედიასაშუალებები, როგორც ფეიკნიუსების შემქმნელი და ამ გზით სურთ ობიექტური და მიუკერძოებელი პლატფორმების დისკრედიტაცია.

თავდასხმების იდენტური შინაარსი და დამთხვევა, კიდევ უფრო გვიძლიერებს ეჭვებს, რომ სახელმწიფო იყენებს ბერკეტებს გამორჩეულად მაღალი სტანდარტის მედიაპლატფორმების „გაზეთი ბათუმებელის“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ“ – აღნიშნულია კოალიციის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მედიაკრიტიკის ვებგვერდი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ არის შექმნილი. კრიტიკულ საკითხებზე მარეგულირებელი ორგანოს სხვა ამოცანების გამყარებისათვის მასალების დამთხვევა ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და კითხვის ნიშნებს მასალის აჩენს სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ.

„კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, პატივი სცეს მედიის მუშაობას და შექმნას გარემო, სადაც ჟურნალისტები და მედიასაშუალებები არ გახდებიან პოლიტიკური თავდასხმის და დისკრედიტაციის ობიექტები. მიგვაჩნია, რომ წინასარჩევნო პროცესების მოახლოება მმართველ პარტიას კიდევ უფრო უზრდის პოლიტიკური პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხებზე,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიაკლუბი, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი, ლიბერალური აკადემია თბილისი, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008