ლენი კრავიცის კონცერტი საქართველოში გაუქმდა, როგორ დავიბრუნოთ ბილეთის თანხა

ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის კონცერტი, რომელიც საქართველოში 2021 წელს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად დაწერა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ლენი კრავიცის კონცერტი საქართველოში ევროპის ტურნეს, HERE TO LOVE-ის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო.

ტურნე კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო გაუქმდა. მუსიკოსი სოციალურ ქსელში ევროპელ მსმენელებს მიმართავს და წერს, რომ იმედოვნებს, უახლოეს მომავალში შეხვდება მსმენელს უსაფრთხო გარემოში.

ლენი კრავიცის კონცერტზე ბილეთები 95-დან 550-მდე ლარი ღირდა. TKT.GE-ის ინფორმაციით, მუსიკოსის 2021 წლის კონცერტის ბილეთების უმეტესობა უკვე გაყიდული იყო. მათივე ცნობით, გადახდილი თანხა (საკომისიოს ჩათვლით) ბარათზე ავტომატურად დაუბრუნდებათ მყიდველებს 15 ივლისიდან, 3 სამუშაო დღეში.

მათ კი, ვინც ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა ბილეთი ფილარმონიის სალაროებში, 15 ივლისიდან დაუკავშირდებიან.

ვინც სოლო ლაუნჯში შეიძინა ბილეთი ხელზე, უნდა დაუკავშირდეს ამავე სალაროს.

„ახალი რესპუბლიკურის გამწოვების ხმაური აღარ გვაძინებს“ [ვიდეო]

„უკვე ორი დღეა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში გამწოვი სისტემა ჩართეს, ისეთი ხმაურია, აღარ გვძინავს… დღისით ხმას ავტომანქანების მოძრაობა შედარებით ახშობს, ღამით კი, აუტანელი ხმაურია,“ – ამბობენ გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლები. მათი თქმით, ამის შესახებ უკვე აცნობეს საავადმყოფოს ადმინისტრაციას, რომელიც მოქალაქეებს პრობლემის შესწავლას დაჰპირდა.

„წუხელ დამირეკეს ამ პრობლემით, მოვიკვლევთ ინფორმაციას და შემდეგ გიპასუხებთ,“ – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ ეკუთვნის, რომელსაც ზედამხედველობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უწევს. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ კითხვას შპს-ს დირექტორი უპასუხებს.

ჯაბა სურმანიძემ, შპს “აჭარის პროექტების მართვის კომპანიის” ხელმძღვანელმა, ჩვენთან კომუნიკაცია მოუცლელობის მიზეზით წერილობით არჩია. მის მიერ მოწერილი პასუხის მიხედვით, პრობლემა არ არსებობს და „სისტემა გამართულად მუშაობს“.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არის თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, სადაც დამონტაჟებულია სხვადასხვა ტექნოლოგიური და საინჟინრო სისტემები. საავადმყოფოში ყველა სისტემის მონტაჟი არსებული პროექტის მიხედვით განხორციელდა და ტექნოლოგიურმა/საინჟინრო სისტემებმა გაიარა შესაბამისი სატესტო რეჟიმი. კლინიკაში 21 000 კვ. მეტრი სამომხმარებლო [გამოყენებადი] ფართისთვის საჭირო ცენტრალური გათბობა-გაგრილების უახლესი სისტემა დამონტაჟდა, რომელიც ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია. აღნიშნულმა სისტემამ სატესტო რეჟიმი უკვე გაიარა და ისინი გამართულად ფუნქციონირებს,“ – მოგვწერა ჯაბა სურმანიძემ.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა და ხმაურის დონეს იმ შემთხვევაში შეისწავლიან, თუკი ვინმე ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკავს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მეზობლად, მაღალ სართულზე მცხოვრებმა პირმა, ვიდეოც გამოგვიგზავნა, სადაც ისმის სავენტილაციო სისტემის მუშაობით გამოწვეული ხმაური.

 

გრილი და წვიმიანი ამინდი ბათუმში რამდენიმე დღე შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 ივლისის 21 საათიდან 10 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმაც.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23– 28 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 28 გრადუსია, მოსალოდნელია 4-5-ბალიანი ღელვა.

მომდევნო 2 დღეს, 11-12 ივლისს, საღამოს და ღამის საათებში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია შტორმის გამო – საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

„შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია.

გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვებისა და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპიროს ზოლსა და წყალში.

შტორმის ჩადგომის შემდეგ, როდესაც წყალში შესვლა ნებადართული იქნება, სანაპირო ზოლზე აღიმართება თეთრი ალმები,“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თვითდასაქმებულთა რეგისტრაცია პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა და სოციალურ დახმარებას საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებიც მიიღებენ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 9 ივლისს, განაცხადა.

გახარიას განცხადებით, სახელმწიფოსგან დახმარება უკვე მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც სამსახური დაკარგა.

„მოგეხსენებათ, დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი რიგი სოციალური დახმარებების პაკეტი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან იყვნენ თვითდასაქმებულები და ოჯახში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოძიება, ამ ადამიანებისთვის ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა არის ის, რომ მივეხმაროთ ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ ან ის საერთოდ დაკარგეს“, – განაცხადა პრემიერმა.

თვითდასაქმებულებზე კომეპნსაცია გაიცემა ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობით.

 

მაღალი ტემპერატურის გამო გამოცდებიდან მოხსნილი აბიტურიენტები ისევ დაუშვეს

6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან მოხსნილი 2 აბიტურიენტი, ისევ შეძლებს გამოცდების ჩაბარებას. გამოცდაზე გამოცხადებისას მათ 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, რის გამოც, გამოცდებიდან მოხსნეს.

იმ დღეს გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა, რომ აბიტურიენტები გამოცდაზე არ დაუშვეს ექიმის გადაწყვეტილებით და მათ „მიეცათ რეკომენდაცია, რომ გაიკეთონ PCR ტესტი.“

ცენტრის ინფორმაციით, PCR ტესტით აბიტურიენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

განათლების მინისტრის 8 ივლისს გამოცემული ბრძანებით, ცვლილება შევიდა ერთიანი გამოცდების ჩატარების დებულებაში, რის შედეგადაც აღნიშნულ აბიტურიენტებს შესაძლებლობა მიეცათ, ხელმეორედ ჩართულიყვნენ ეროვნულ გამოცდებში.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რა ფორმით ჩააბარებს აღნიშნული ორი აბიტურიენტი გამოტოვებულ გამოცდას, ცენტრში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია კონფინდენციალურია. ცენტრში არც იმაზე გვიპასუხეს, აღნიშნული აბიტურიენტები რომელი საგამოცდო ცენტრიდან მოხსნეს.

____________________________________

მთავარი ფოტო: ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020

ავტომანქანის ძველი ნომრის შეცვლა 2021 წლის მარტის ბოლომდე სავალდებული აღარ არის

სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის ვადა 2021 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა.

ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

„მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.

ძველი ნიმუშის ნომრებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1-ელ სექტემბრამდე ჰქონდა. სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ძველი სანომრე ნიშნის ახლით შეცვლა, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირს, 72 ლარი დაუჯდება [ბანკის საკომისიოს ჩათვლით]. თუმცა, ეს საფასური არ ეხება ფასიან ნომრებს.

ამ თემაზე:

მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება ოშაბათიდან განახლდება

ბათუმში 591 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 ივლისის მონაცემებით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 591 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 47 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, 5 კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 25 363 პირს.

დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 2 147 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულია 12 მილიონზე მეტი ადამიანი

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 9 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 12 მილიონს აღემატება.

2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 12 041 795 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია.

იანვრიდან დღემდე, ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 549 477 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 132 309 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 67 964 – ბრაზილიაში და 44 602 – დიდ ბრიტანეთში.

კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 3 055 0812 ადამიანი, ასევე, ბრაზილია – 1 713 160 დაინფიცირებული და  ინდოეთი – 767 296 დაინფიცირებული.

მსოფლიო სტატისტიკის თანახმად, კორონავირუსისგან განიკურნა 6 587 439 ადამიანი.

__________________________

ფოტოზე: ბრაზილია, კოპაკაბანას სანაპირო, აქციაზე აქტივისტი ასობით ჯვარით მიანიშნებს იმ შეცდომაზე, რაც ბრაზილიის ხელისუფლებამ დაუშვა კორონავირუსთან ბრძოლაში. ქვეყნის პრეზიდენტი, ბოლსონარო თავიდან აცხადებდა, რომ კორონავირუსი უბრალო გრიპი იყო და მთავრობამ არ მიიღო შესაბამისი ზომები სიტუაციის სამართავად. ბრაზილია ახლა პანდემიის ერთ-ერთი ეპიცენტრია, კორონავირუსი დაუდასტურდა ქვეყნის პრეზიდენტს, ბოლსონაროსაც. ფოტო: ევროპის პრესპოტო სააგენტო. EPA/ANTONIO LACERDA

18 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ

საქართველოს მთავრობამ 18 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის ნებართვა დართო.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლის კუთხით, 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს.

ეს შეზღუდვა, მთავრობის დადგენილებით, 9 ივლისიდან მოიხსნა შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისა და ამ ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე:

  • გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
  • საფრანგეთის რესპუბლიკა
  • ლატვიის რესპუბლიკა
  • ლიეტუვის რესპუბლიკა
  • ესტონეთის რესპუბლიკა
  • ესპანეთის სამეფო
  • ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო
  • ნიდერლანდების სამეფო
  • პოლონეთის რესპუბლიკა
  • პორტუგალიის რესპუბლიკა
  • რუმინეთის რესპუბლიკა
  • საბერძნეთის რესპუბლიკა
  • შვედეთის სამეფო
  • ხორვატიის რესპუბლიკა
  • იტალიის რესპუბლიკა
  • კვიპროსის რესპუბლიკა
  • სლოვენიის რესპუბლიკა
  • ისლანდიის რესპუბლიკა

„ნაცვალგების პრინციპისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ დანართით განსაზღვრული ქვეყნების ჩამონათვალი ექვემდებარება პერიოდულ გადასინჯვას,“ – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

ამასთან, გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში, საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს.

ამ ქვეყნების მოქალაქეები, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე ავსებენ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტას, სადაც უნდა მიუთითონ ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.

ისინი სასაზღვრო პუნქტებზე ექვემდებარებიან თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, მათ უტარდებათ PCR კვლევა.

ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები ექვემდებარებიან იზოლაციას/კარანტინს, თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობა უფიქსირდებათ აღნიშნული 5 ქვეყნის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში; ასევე, თუ ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

ამ თემაზე:

საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

მთავარი ფოტო: ბათუმის აეროპორტი / ფოტო არქივიდან

 

საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა – 9 ივლისის მონაცემები

9 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, განიკურნა 3 პაციენტი.

9 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 968 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 844 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 პაციენტი გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 4425 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 222.

selftravel.ge – უფასო ვებგვერდი ტურიზმის მხარდასაჭერად

selftravel.ge არის პლატფორმა, რომელიც ტურისტული სექტორის ძირითად წარმომადგენლებს – სასტუმროების, რესტორნებისა და ტრანსპორტის მფლობელებს გაუადვილებს ბიზნესის მართვას და განვითარებას.

ტურისტულმა ობიექტებმა თავიანთი სერვისები  პოტენციურ სტუმრებს რომ გააცნონ და შესთავაზონ, მათ სჭირდებათ ვებგვერდი, რომელიც ადვილად მოიძებნება. მართალია, კომპანიებს შეუძლიათ თავად შექმნან თავიანთი ვებგვერდი, მაგრამ ბიზნესში არსებობს მნიშვნელოვანი ცნება – “destination”, რაც გულისხმობს სივრცეს, სადაც მომხმარებლები იყრიან თავს. სწორედ Selftravel.ge-ს დახმარებით ტურისტული ობიექტი მიიღებს უფასო ვებგვერდს და ამავდროულად სივრცეს, სადაც პოტენციური ტურისტები არიან თავმოყრილი.

აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსებული ობიექტის ვებგვერდი მუდმივად იქნება მომხმარებლის განკარგულებაში სამ ენაზე (ქართული, ინგლისური, რუსული) უფასოდ მანამ, სანამ თავად არ წაშლის. აღნიშნული ვებგვერდის მართვა და რედაქტირებაც დამოუკიდებლად შეუძლიათ თავად მომხმარებლებს.

ასეთი ვებგვერდის გახსნა ყველას შეუძლია დამოუკიდებლად და მარტივად ტურიზმისა და სერვისების პლატფორმაზე www.selftravel.ge, რისთვისაც საჭიროა რეგისტრაციის გავლა – ელ-ფოსტისა და საკონტაქტო მობილურის მითითება, ობიექტის შესაბამისი პუნქტების მონიშვნა, ფოტოების ატვირთვა და ა.შ.

გარდა იმისა, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს, ნებისმიერი ტიპის სასტუმროებს, რესტორნებსა და ტრანსპორტის მფლობელებს ვთავაზობთ უფასო ვებგვერდს და “destination”-ს, ამ გვერდის მნიშვნელოვანი უპირატესობა არის ის, რომ მას აქვს ისეთი ფუნქციები, რომლებიც ამარტივებს ტურისტული სერვისის მიმწოდებლებსა და მათ კლიენტებს შორის კომუნიკაციას.

ვებგვერდის საკომუნიკაციო ფუნქციები, ერთი მხრივ, მომხმარებელს აძლევს საშუალებას დარეკოს პირდაპირ საიტიდან, ობიექტებს მისწეროს ტექსტი, დაჯავშნოს სერვისი (მაგალითად, მაგიდა რესტორანში), შეინახოს საინტერესო ობიექტი ფავორიტებში და დაგეგმოს მოგზაურობა, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს უადვილებს საკუთარ მომხმარებლებთან კომუნიკაციას.

 

მაგალითად, ყველა ტურისტულ ობიექტს ჰყავს საკუთარი მომხმარებელი, მისი სტუმარი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ობიექტმა მასთან არ გაწყვიტოს კავშირი, დროთა განმავლობაში შეახსენოს თავი, მიაწოდოს სიახლე და გაითვალისწინოს მათი შენიშვნები.
ამისათვის www.selfTravel-ზე განთავსებული ობიექტის ვებგვერდი ავტომატურად ინახავს ყველა მომხმარებლის რეკვიზიტებს, მიღებული მომსახურების შეფასებასა და კონტაქტებს, განხორციელებულ ჯავშნებს, პოტენციური კლიენტების გზავნილებს, ვებგვერდის ნახვების სტატისტიკას და სხვა.

ობიექტის საკონტაქტო ტელეფონზე სმს-ების სახით და ელ-ფოსტის მისამართზე ავტომატურად ერთდროულად შემოდის დამსვენებელთა წერილები, ინფორმაცია სტუმრების მიერ განხორციელებული შეკვეთების შესახებ და ეს ყველაფერი ინახება ობიექტის ვებგვერდის კაბინეტშიც.

selftravel.ge-ის ონლაინსივრცე მოიცავს როგორც ზემოთ აღწერილ და სხვა მრავალ უფასო სერვისს, ასევე დამატებით ფასიან სერვისებსაც.

ფასიანი სერვისების სახით ამჟამად წარმოდგენილი გვაქვს სპეციალური სარეკლამო პაკეტები, რომლებიც ემსახურება კონკრეტული ტურისტული ობიექტის პოპულარიზაციასა და მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას პოტენციური კლიენტებისთვის.

ტურიზმისა და სერვისების პლატფორმა მარტივად გამოიყენება როგორც კომპიუტერის, ასევე ტელეფონის მეშვეობითაც და მასში ჩართული ყველა ტურისტული ობიექტი ერთმანეთს აძლიერებს.

როგორ სრულდება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებები – ახალი ანგარიში

როგორ სრულდება ასოცირების შეთანხმების შემდეგ აღებული ვალდებულებები – 20 მიმართულებით შედეგებზე ხვალ, 9 ივლისს, იმსჯელებენ ონლაინპლატფორმაზე -„საქართველოს მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგის იმპლემენტაცია 2020 წლისთვის“.

მოსამართლეების შერჩევა, რუსული დეზინფორმაცია, პრობლემა აჭარის ტელევიზიაში, ქართული პროდუქტების გატანა ევროპის ბაზარზე, დისკრიმინაციასთან ბრძოლა – ეს და სხვა საკითხები იმ ანგარიშში მოხვდა, რომელიც საქართველოში მოქმედმა 14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოამზადა. ონლაინპლატფორმის ორგანიზატორები „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ და „სამართლიანი არჩევნები“ არიან.

კონკრეტული 20 მიმართულება 2017 წელს გაწერეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რაც ძირითადი გზამკვლევია აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გასაძლიერებლად. „საქართველოსთვის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიციური სახელმწიფოსთვის, შედეგების წარმატებულად შესრულება გააღრმავებს რეფორმების პროცესს და ხელს შეუწყობს ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას,“ – ასე იწყება ანგარიში, რომელსაც ხვალ განიხილავენ.

ვრცელი ანგარიშის სამუშაო ვერსიიდან ჩვენ რამდენიმე შედეგს გაგაცნობთ:

ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ჩვენ კონკრეტული შედეგი უნდა დაგვედო, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერება და მედიის პლურალიზმის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა იყო.

„Freedom House-ის მსოფლიოში თავისუფლების 2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო კვლავ რჩება ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში. კიდევ ერთ ანგარიშში, კერძოდ, IREX-ის მედიის მდგრადობის ინდექსში (MSI), გამოთქმულია წუხილი ხელისუფლების მცდელობის გამო, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, რის გამოც ქვეყნის მაჩვენებელი 2018 წლის 2.31-დან 2019 წელს 2.25-მდე მცირედით შემცირდა… რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოს ფუნქციონირებადი და შედარებით თავისუფალი პლურალისტური მედიაგარემო აქვს. თუმცა, ვითარება კვლავ მყიფეა და პოლიტიკურ და მედიამფლობელობის ცვლილებებთან მიმართ მოწყვლადია,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

აქვე ნახავთ ამბავს აჭარის ტელევიზიაზე, იმაზე, თუ როგორ ჩამოაშორეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები ტელევიზიას და რომ ეს „პოლიტიკურ ზეწოლად“ შეაფასა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

„…პრობლემები შეექმნა კიდევ ერთ, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ სატელევიზიო არხს – აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა (ODHIR) და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)5 შეფასებებით, მიუკერძოებელი მედიასაშუალებაა. პრობლემები დაიწყო 2019 წელს არხის გენერალური დირექტორის იმპიჩმენტით და მისი თანამდებობიდან გადაყენებით, რასაც ახალი ამბების სამსახურში საკვანძო თანამშრომლების ჩანაცვლება და ჟურნალისტების ქუჩის საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, რა დროსაც კომპანიის გენერალურ დირექტორს ცენზურაში ადანაშაულებდნენ,“ – აღნიშნულია ანგარიშში აჭარის ტელევიზიის შესახებ.

ამ ნაწილში მოხვდა პროსახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების ყალბი ფეისბუქგვერდების წაშლა და რუსულ პროპაგანდასთან მუშაობაც. სამოქალაქო სექტორის შეფასებით, არ ჩანს მკაფიოდ, რამდენად ეფექტურია ხელისუფლება ამ მიმართულებით. ანგარიშის ავტორები მიმართავენ პარლამენტს, რომ შეიქმნას ფორმატი, სადაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება და შეთანხმდებიან „ყველაზე ეფექტურ მოდელზე“.

როგორ იყენებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას ეკონომიკური განვითარების და სავაჭრო ურთიერთობების კუთხით? – ეს საკითხიც მოხვდა ანგარიშში.

„2014- 2020 წლების პერიოდში საქართველომ 57%-ით გაზარდა ევროკავშირში მისი ექსპორტის მოცულობა… ევროკავშირთან ვაჭრობის გარკვეული დივერსიფიკაციის და ევროპის ბაზრებზე ექსპორტიორი ქვეყნების რიცხვის ზრდის მიუხედავად, მოცულობის ზრდა მიმდინარეობს ნელი ტემპით და რეალურად ექსპორტის ძირითად წყაროს წარმოადგენს ნედლეული და დაუმუშავებელი საქონელი…

საქართველო აქტიურად ცდილობს გაზარდოს მისი ექსპორტის მოცულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და გარკვეულწილად მიაღწია წარმატებას, თუმცა ქვეყნის ექსპორტის ბაზა არ არის ფართო და არ შეუძლია ეკონომიკური ან ტექნოლოგიური განვითარების მხარდაჭერა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან იმპორტის ტენდენცია კლებულობს სავარაუდოდ რუსული კომპანიების მხრიდან კონკურენციის გამო, რომელთაც მკვეთრად გაზარდეს გაყიდვები საქართველოში,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში ნახავთ მსოფლიო ბანკის მონაცემებსაც, რომლის მიხედვითაც  2010-2019 წლებში, საქართველოს მშპ წლიურად საშუალოდ 4.8%-ით იზრდებოდა, რამაც ათი წლის განმავლობში უმუშევრობის დონე თითქმის გაანახევრა 37.4%-დან 20.1%-მდე 2018 წელს. აქვე ხაზგასმულია ისიც, რომ დაფინანსების წყაროები შეზღუდულია და კონკურენცია – დაბალი.

„…საქართველოში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი არსებობს სხვა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. შესაბამისად, მცირე და საშუალო საწარმოებს ურჩევნიათ დოლარში სესხის აღება ასეთ შემთხვევებში დაბალი საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე,“ – წერია ანგარიშში.

სამოქალაქო ორგანიზაციები აფასებენ გენდერული თანასწორობის და დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით ვალდებულებების შესრულებასაც.

„2017 წლის მაისში საქართველომ მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის, ე.წ. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, რასაც ითვალისწინებდა 20 შედეგი 2020 წლისთვის ჩარჩო და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების 2017-2020 წლების დღის წესრიგი. საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, რომელიც სტამბოლის კონვენციის 90%-ს ფარავს, ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალების დაცვა.

2019 წლის მაისში, სტამბოლის კონვენციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, საქართველოს პარლამენტმა აკრძალა სექსუალური ძალადობა. ცვლილებები შეეხო რამდენიმე კანონსაც. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით “სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს”. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა მუხლი, რომელიც სექსუალური შევიწრობისთვის ჯარიმას – 300 ლარის ოდენობით განსაზღვრავს,“ – წერია ანგარიშში.

სამოქალაქო ორგანიზაციები ასევე პოზიტიურად აფასებენ საკრებულოებში 2018 წელს გენდერული თანასწორობის საბჭოების შექმნას.

რაც შეეხება გამოწვევებს – ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ გაუპატიურების განმარტება ისევ არ არის „სტამბოლის კონვენციასთან“ და „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციასთან“ შესაბამისობაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი გაუპატიურებას განმარტავს, როგორც ძალადობრივ აქტს ან ძალადობის მუქარას, სადაც თანხმობის არარსებობა დანაშაულის მთავარი საკითხი არ არის. ამასთანავე, გაუპატიურება ქორწინებაში ღიად კრიმინალიზებული არ არის და არ მიიჩნევა დამამძიმებელ გარემოებად.

„სტამბოლის კონვენციის“ მიერ ქალთა დაცვისათვის განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია გაუპატიურების დეფინიციის ცვლილება და ქორწინებაში გაუპატიურების დამატება,“ – ეს ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში წერია.

რეკომენდაციაა ესეც: „პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს გენდერული კვოტირების შესახებ კანონმდებლობა ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის უზრუნველსყოფად. შრომის ანაზღაურებაში არსებული სხვაობის შესამცირებლად, უნდა შემუშავდეს სახელმწიფო სტრატეგია და უნდა გაუმჯობესდეს დათვლის მეთოდოლოგია, უნდა გაიზარდოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფინანსური და ადამიანური რესურსები იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ოჯახური და გენდერული ნიშნით ძალადობაზე ეფექტური რეაგირება.

ანტიკორუფციული მექანიზმის ნაწილში სამოქალაქო ორგანიზაციები თვლიან, რომ „სერიოზულ პრობლემად რჩება კომპლექსური, ელიტური კორუფცია“ და ეს განსაკუთრებით შესამჩნევია მაშინ, როცა „სამართალდამცავი ორგანოები შეუსაბამოდ რეაგირებენ გახმაურებულ კორუფციულ საქმეებზე“.

ანგარიშში გაკრიტიკებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის არსებული წესი, რაც „ნათლად მიუთითებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ ფუნდამენტური პრობლემებზე, კანდიდატების არაობიექტურად შეფასების ფაქტებზე, ან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კვალიფიკაციის ნაკლებობაზე. ღია საპარლამენტო მოსმენებზე კანდიდატების უმეტესობამ ვერ შეძლო დაემტკიცებინა საკუთარი კეთილსინდისიერება და კომპეტენცია… საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს ეფექტური, გამჭვირვალე, მნიშვნელოვანი და არა ფრაგმენტული და ზედაპირული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და უნდა უზრუნველყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ეფექტურად დაცვა,“ – თვლიან ანგარიშის ავტორები.

რა შეიცვალა თავად სამოქალაქო ორგანიზაციების მუშაობის ეფექტურობის კუთხით? – ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე სამოქალაქო ორგანიზაციების გავლენა. ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობს და სახელმწიფო ორგანოებთან კომუნიკაცია აქვს საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების 61 პროცენტს, თუმცა მათგან მხოლოდ 36 პროცენტი აცხადებს, რომ ბოლო 4 წელიწადში „მიაღწიეს წარმატებას ისეთი კონკრეტული შედეგების მიღებაში, როგორიცაა ცვლილებები პოლიტიკაში, ან კანონმდებლობაში“.

„CSO Meter-ის მიერ საქართველოსა და ასევე მოლდოვას შესახებ 2019 წელს გამოქვეყნებული ანგარიშები იძლევა მეტნაკლებად მსგავს შედეგებს შესაბამის მთავრობებთან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საკონსულტაციო ორგანოებში მუშაობის შეფასებისას. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე-სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისას ხდებოდა თუ არა საკონსულტაციო ორგანოს გადაწყვეტილების გათვალისწინება, მოლდოვას სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხოლოდ 45.5%-მა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების 21 47.7% -მა გასცა დადებითი პასუხი,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

სამოქალაქო ორგანიზაციები აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ ბოლო დროს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ, „ქართული ოცნების“ მხრიდან სიტყვიერი შეტევის სამიზნე გახდნენ და ბრალს სდებენ პოლიტიკურ მიკერძოებასა და არაობიექტურობაში.

„მეზღვაურებს დოკუმენტების მომზადების სანაცვლოდ, ჩვენი სახელით ფულს სძალავენ“ – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თაღლითური ჯგუფები კორონავირუსის პანდემიით სარგებლობენ და მეზღვაურებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დოკუმენტების მომზადებას ჰპირდებიან.

„ბოლო პერიოდში არსებული სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან დოკუმენტების მოგვარების მიზნით მეზღვაურებს სძალავენ ფულად თანხას,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მოუწოდებს, არ ენდონ თაღლითურ ჯგუფებს, რადგან მეზღვაურთა სამშობლოში როტაციას სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებს.

სააგენტოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეზღვაურების როტაციის პროცესი  ქართველი მეზღვაურებისათვის სპეციალურად შექმნილი დერეფნების მეშვეობით ხორციელდება. ამ ე.წ. „მწვანე დერეფნებით“ უზრუნველყოფენ მეზღვაურების როგორც გემიდან დაბრუნებას, ასევე გემზე სამუშაოდ წასვლას.

„დერეფნებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ დადასტურებული კონტრაქტის პირობებში, რომლის ნამდვილობაც მოწმდება უშუალოდ გემთმფლობელთან, და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხორციელდება მხოლოდ დადასტურებელი დასაქმების შემთხვევაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებასა და გემებზე დასაქმებაში, რისი დასტურიცაა ის 1200-მდე ქართველი მეზღვაური, რომლებიც შეფერხების გარეშე დაბრუნდნენ ქვეყანაში ან გაემგზავრნენ ქვეყნიდან, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების და საქართველოს საკონსულო სამსახურების 24- საათიანი მუშაობის შედეგად,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

მეზღვაურთათვის სააგენტოს სახელით თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შესაბამის ორგანოებს მიმართა. სააგენტოში კი ცხელი ხაზი აამოქმედა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს მოქალაქე 1200-მდე მეზღვაურს და სხვა ქვეყნის მოქალაქე 100-მდე მეზღვაურს დაეხმარა.

4 ბათუმელი გირაოთი გაათავისუფლეს – ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების მცდელობის საქმე

„აფეთქებით 2 პირის მკვლელობის საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ბრალდებული დღეს, 8 ივლისს, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამ საქმეზე სულ 6 ბრალდებულია. სასამართლომ ის ბრალდებულები გაუშვა გირაოთი – 5 – 5 ათასი ლარით, ვინც დანაშაულის ჩადენა აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას აპირებს.

„დაცვის მხარემ დავაყენეთ ეს შუამდგომლობა და დაგვთანხმდნენ პროკურორებიც… ჩვენ ხვალ მივმართავთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით და არასაპატიმრო სასჯელებზე,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე, რომელიც ამ საქმეზე ბრალდებული გოჩა თავდუმაძის ინტერესებს იცავს. გოჩა თავდუმაძე აჭარის უშიშროების ყოფილი თანამშრომელია.

სასამართლომ გირაოს საფუძველზე კიდევ სამი ბათუმელი გაათავისუფლა – როლანდ ბერიძე [მეტსახელად ჩაკია], იური მჟავანაძე და ნუგზარ ბეჟანიძე. ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, ისინიც საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ და პატიმრობაში ორი ბრალდებული დარჩა, ვინც დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს.

გამოძიება ბათუმელ ბრალდებულებს ასაფეთქებელი მოწყობილობის ჯგუფურად, უკანონოდ დამზადებას ედავება.

ადვოკატის თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლებულ ბრალდებულებს ჟურნალისტებთან საუბარი ამ საქმის დეტალებზე არ სურთ.

ეს ბრალდებულები 2020 წლის 30 იანვარს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ჯგუფი თბილისში ძმების – გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობას ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გეგმავდა.

ამ თემაზე:

რა წერია ძმები ფეიქრიშვილების „აფეთქების საქმეში“ და რას ამბობენ დაკავებულები

შავი ზღვის სანაპიროზე უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარეა

საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, ფოთი-გრიგოლეთი-ურეკის ტერიტორიაზე, უჩვეულოდ ჭარბი რაოდენობის წყალმცენარე დაფიქსირდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე გაეცნენ ვითარებას, აღებული იქნა სინჯები წყალმცენარეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების, და, ასევე, წყლის ხარისხის ქიმიური და ბიოლოგიური კვლევის მიზნით.

სააგენტოს ცნობით, კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წყალმცენარეები შავი ზღვის სანაპიროზე

__________________

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

რას აპირებს წინასაარჩევნოდ გიორგი ვაშაძე ბათუმში

„შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი ჩვენს გუნდს ბათუმში“ – მოქალაქეებს ამ შინაარსის შეტყობინება „ახალი საქართველოსგან“ მისდით, კონკრეტულად კი პლატფორმიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შეთავაზება გულისხმობს ანაზღაურებასაც, კონკრეტულად კი, „სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის რეალურ დროში რეალური პოლიტიკის კეთებასა და სხვადასხვა აქტივობებს სათანადო ანაზღაურებითა და ხელსაყრელი გრაფიკით.“

„ეს არ არის ანაზღაურებადი, პროექტული მიდგომა გვაქვს და ბევრ საქმეს ვაკეთებთ მოხალისეობრივად, კონკრეტულ პროექტზე ვინც იმუშავებს, მას ექნება კონკრეტული ანაზღაურება ჩვენი პარტიის შემოწირულობებიდან,“ – გვითხრა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლით“ ბათუმში უკვე 635 ადამიანი დაინტერესდა, თბილისში – დაახლოებით 4 ათასი.

გიორგი ვაშაძეს ამ პროექტსა და ბათუმში მისი პარტიის წინასაარჩევნო აქტივობაზეც ვესაუბრეთ.

„სტრატეგია აღმაშენებელი აერთიანებს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ქვეყნის განვითარების გეგმა, რომელზე მუშაობაც გასული წლიდან დავიწყეთ. ჩვენ ახლა რეგიონებში დავიწყეთ ადამიანებთან მისვლა, მათ შორის, აჭარაში, სადაც გვაქვს ამბიციური გეგმები… შემუშავდება კომპლექსური განვითარების სტრატეგია, სადაც ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, მაღალმთიან აჭარას ექნება საკუთარი, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი.

ჩვენ ვარჩევთ ადამიანებს პატიოსნების, სამშობლოს სიყვარულის მიხედვით და ასევე – უნდა ეცალოს, გულწრფელად ჩაერთოს საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, დასაქმებულია, უმუშევარი თუ ბიზნესსექტორის წარმომადგენელი,“ – გვითხრა გიორგი ვაშაძემ.

აპლიკაციაში, რომლის შევსებასაც „ახალი საქართველო“ მოქალაქეებს სთავაზობს, აღნიშნულია, რომ „სამუშაო“ გულისხმობს: 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის პროფესიონალ, ენერგიულ და პატრიოტ გუნდთან ერთად საარჩევნო პროცესების დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე ხალხისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იდეების შეგროვებას, სათანადო პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას.

გიორგი ვაშაძის თქმით, ამ დროისთვის პარტიას ბათუმში თავისი გუნდის ჩამოყალიბება დასრულებული არ აქვს და მხარდამჭერების გუნდს ლიდერები სავარაუდოდ თვის ბოლოს წარმოადგენენ.

„ჩვენ გვაქვს ახალგაზრდული ჯგუფი, რომელსაც ვაფართოვებთ, არის ბექა დიასამიძე და მის გარშემო სხვა ახალგაზრდები…“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ბექა დიასამიძე 2016 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ბლოკიდან „ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. მაშინ „ახალი საქართველო“ ამ ბლოკში იყო გაერთიანებული.

გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ ბრძოლას ამჯერად გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად აპირებს და ამბობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის რეგიონში მის პარტიას ცალკე არ ეყოლება.

„ჩვენ პროპორციული მიმართულებით ვიმუშავებთ, მაჟორიტარობის კანდიდატებს აჭარაში არ ვგეგმავთ ცალკე, მაჟორიტარობის კუთხით ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ, საბოლოო სტრატეგიაზე თვის ბოლოს ჩამოვყალიბდებით,“ – დასძინა გიორგი ვაშაძემ „ბათუმელებთან“.

ბათუმში 457 ანალიზის პასუხი კორონავირუსზე, უარყოფითია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ლაბორატორიებში ჩატარებული 457 ლაბორატორიული კვლევის შედეგი კორონავირუსზე, უარყოფითია.

ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 43 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ამჟამად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეგიონის კოვიდკლინიკაში, 5 კოვიდინფიცირებულ პაციენტს მკურნალობენ.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 24 772 პირს.დღეს არსებული მონაცემებით, აჭარაში კარანტინში იმყოფება 2157 პირი.

ბათუმში კვირის ბოლომდე იწვიმებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ივლისის 21 საათიდან 9 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ზოგან – 17-22 მ/წმ-ში.

9 ივლისს მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა:

  • აჭარის სანაპირო და შიდამთიან რაიონებში –დღისით 23-28 გრადუსი სითბო, ღამით – ღამით 18-23 გრადუსი
  • მაღალ მთაში – დღისით 15-20 გრადუსი სითბო, ღამით 8-13 გრადუსი

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი ღელვა. ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

პარასკევს და შაბათს [10 და 11 ივლისს], ბათუმსა და მთლიანად აჭარაში, რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, მოსალოდნელია საღამოს და ღამის საათებში დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.

ალდაგის სადაზღვევო გარანტია – უწყვეტი პარტნიორობა განვითარებისთვის  

სადაზღვევო გარანტია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაა. გარანტიის წარდგენა, უმთავრესად, საერთასორისო და ადგილობრივ ტენდერებში მონაწილე კომპანიებს მოეთხოვებათ დამკვეთის მიმართ ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობის უზრუნველსაყოფად.

ალდაგი პირველი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც კორპორატიული კლიენტებისთვის გარანტიების გაცემა დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ კომპანიას სახელმწიფო სთხოვს გარანტიის წარდგენას, ალდაგი მას ამ გარანტიით უზრუნველყოფს ანუ საკუთარ თავზე იღებს თანხის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ აღებული ვალდებულება დროულად და სათანახოდ არ შესრულდება.

სადაზღვევო გარანტიების კუთხით ალდაგს რამდენიმე ახალი შეთავაზება აქვს კორპორატიული ბაზრისთვის. ამ თემაზე ალდაგის ფინანსური რისკების დაზღვევის მიმართულების ხელმძღვანელს, ირაკლი ტიკარაძეს ვესაუბრეთ.

რა შემთხვევაში სჭირდებათ კომპანიებს გარანტია სადაზღვევო კომპანიისგან? 

გარანტიის მრავალი სახეობა არსებობს. ის, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვმუშაობთ, არის გარანტიები სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებისთვის. სახელმწიფოს გარანტია სჭირდება იმისათვის, რომ ხელშეკრულების არშესრულების შემთხვევაში, არსებობდეს თანხის გადამხდელი სუბიექტი. გარდა სატენდერო წინადადების გარანტიისა, არსებობს საბაჟო გარანტია (ე.წ. customs bond), რომელიც გულისხმობს დადგენილი საბაჟო გადასახადებისა და მოსაკრებლის გადახდას იმ შემთხვევაში, თუ ეს ფინანსური ვალდებულება არ შესრულდა. გარდა ამისა, არსებობს სხვა ტიპის გარანტიები: გარანტიები: საავანსო გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ავანსად გაცემული თანხის დაბრუნებას იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელმა დანიშნულებისამებრ არ განკარგა მიღებული თანხა. ასევე კორპორატიულ ბაზარს ვთავაზობთ  ხელშეკრულების შესრულების გარანტიებს, ასევე გადახდის გარანტიას, რომელიც გულისხმობს თანხის ანაზღაურებას, თუ მიწოდებული საქონლის ან მომსახურების თანხის დროული გადახდა არ განხორციელდა. არის ასევე ხარისხის გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შემდეგ წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის ვალდებულებას. თითოეული ეს გარანტია უზრუნველყოფს სხვადასხვა მოცემულობაში კომპანიების მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არშესრულების რისკს მესამე პირის წინაშე.

ცნობილია, რომ კორპორატიულ კლიენტებს მსგავსი გარანტიის მიღება ბანკიდანაც შეუძლიათ, რა უპირატესობა აქვს სადაზღვევო კომპანიისგან გაცემულ გარანტიას? როგორ უწევთ კონკურენციას ბანკებს ამ მიმრთულებით?

სადღეისოდ საქართველოში საბანკო რეგულაციები გაცილებით მკაცრია, ვიდრე სადაზღვევო რეგულაციები, შესაბამისად გარანტიის გაცემისას სადაზღვევო სფერო უფრო მოქნილია. ბანკები, ცხადია, უფლებამოსილი არიან გასცენ გარანტიები, მაგრამ მათი ძირითდი საქმიანობა, აქტიური ოპერაციების ჭრილში, კრედიტებია, ამიტომ კლიენტს აფასებენ კრედიტუნარიანობის კუთხით. შესაბამისად  გარანტიის გაცემისას სტანდარტი და მიდგომა უფრო მკაცრია. ცხადია, სადაზღვევო კომპანიები დაახლოებით იგივე კრიტერიუმებით აფასებენ კომპანიებს -აკეთებენ ფინანსურ ანალიზს და რისკების ანალიზს, თუმცა ბანკებთან შედარებით უფრო მოქნილები არიან. პროცედურაც უფრო მარტივი და სწრაფია, ვიდრე ბანკების შემთხვევბში. მეორე მხრივ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა სადაზღვევო კომპანიას შეუძლია გასცეს სადაზღვევო გარანტია ბრმად. სამწუხაროდ, იყო ასეთი შემთხვევები გასული წლების განმავლობაში, როდესაც სადაზღვევო გარანტიები გაიცემოდა შესაბამისი ფინანსური ანალიზის გარეშე, რაც ხშირ შემთხვევაში მათ გაპრობლემებას იწვევდა. სამწუხაროდ, გარანტად წარმოდგენილი ზოგიერთი კომპანია თავს არიდებდა ვალდებულებების შესრულებას, ეს კი აფერხებდა ბენეფიციარისთვის ფინანსური ზარალის ანაზღაურებას,  რამაც მთლიანად სექტორის რეპუტაციაზე იმოქმედა და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ზოგიერთი მსხვილი დონორი გარკვეული პროექტების შესრულებისას შემსრულებელი კომპანიისგან ითხოვს უშუალოდ საბანკო დაწესებულებიდან  გაცემულ გარანტიას. ასეთ შემთხვევაში ალდაგს თავისი სტაბილური კლიენტებისთვის, რა თქმა უნდა, აქვს გამოსავალი – ჩვენ მათ კონტრგარანტიებს ვთავაზობთ, ანუ ჩვენი გავლით ვაძლევთ პარტნიორი კომერციული ბანკის გარანტიას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდა ვახსენო, არის ალდაგის  სტაბილურობა და კაპიტალის კუთხით მისი მდგომარეობა. ჩვენ 30 წელია ბაზარზე ვართ, ფინანსური რისკების სახეობაში გვყავს ძალიან სერიოზული მსხვილი გადაზღვევის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც ჩვენს კლიენტებს შეგვიძლია გავყვეთ მსხვილ პროექტებში ანუ გავცეთ გარანტიები მსხვილ თანხებზე. ცხადია, რომ მცირე სადაზღვევო კომპანიები  მოცულობითი გარანტიების გაპრობლემების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფებენ სათანადო ლიკვიდობას, რაც ბენეფიციარისთვის პოტენციურ რისკებს ზრდის. შესაბამისად  სახელმწიფოც თავის მხრივ უფრო დაცულად გრძნობს თავს, როდესაც კომპანიას წარმოდგენილი აქვს გარანტია ალდაგისგან, ეს ნიშნავს რომ ვალდებულების შესრულების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგება და მეორე მხრივ, ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვისაც ეს საკმაოდ მომგებიანი სიტუაციაა. დღეისათვის მოქმედი გარანტიების პორტფელში დაახლოებიტ 400 კლიენტი გვყავს, ჯამური საგარანტიო დაფარვა დაახლოებით 45 მლნ. ლარია. 2003 წლიდან დღემდე 15,000-მდე გარანტია და ფინანსური რისკების დაზღვევის პოლისი, ჯამურად 3 მილიარდი ლარის მოცულობის რისკი.

რა შეიცვალა გარანტიების ბაზარზე ბოლო წლების განმავლობაში?

წლიდან წლამდე გარანტიებზე მოთხოვნა იზრდება. ჩვენი დაკვირვებით, ეს ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის ხარჯზე. მეორე მხრივ, გამარტივებული პროცედურების გამო, შემცირებულია საბაჟო გარანტიები, თუმცა როგორც ვთქვი, მოთხოვნა მზარდია. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გარკვეულ სექტორებში გარანტიები მოითხოვება გარკვეულ ვალდებულებებთან მიმართებაში, მაგალითად ტუროპერატორებს და ტურაგენტებს უახლოეს მომავალში ექნებათ ვალდებულება შეიძინონ გარანტიის სავალდებულო პაკეტი, რომელიც გულისხმობს მათი გადამხდელუუნარობის შემთხვევაში კერძო პირებისთვის თანხის ანაზღაურებას. გარდა ამისა, საერთო საბაჟო სივრცეში გადაადგილების შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიებს ვალდებულება ექნებათ შეიძინონ საგარანტიო პროდუქტები და ა.შ. ზოგადად საინტერესო პროექტებია დაგეგმილი, პოტენციალი არსებობს ახალი პროდუქტების შექმნის კუთხითაც. გვიხარია, რომ ალდაგს წლების განმავლობაში ბევრ მნიშვნელოვან პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული და მრავალი ახალი პროდუქტი განხორციელდა ფინანსური რისკების დაზღვევის მიმართულებით, დაწყებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციბეის პორტფელის დაზღვევიდან, დამთავრებული სამშენებლო სექტორში ფინანსური რისკების დაზღვევით (performance bond) რომლის დახმარებითაც ადამიანებმა შეძლეს შეეძინათ ბინები საბაზრო ფასებზე გაცილებით დაბალ ფასად და რაც მნისვნელოვანია დამატებითი უზრუნველყოფის გერშე, . ბევრი ახალი ინიციატივა გვაქვს და მომავალშიც გვექნება,  ვაპირებთ უწყვეტ რეჟიმში მივსდიოთ ბაზარის მოთხოვნილებას და საჭირო დროს ინოვაციური და მოქნილი შეთავაზებებით შესაბამისი მხარდაჭერა გაუწიოთ ბაზარს.

სუდანელი ლტოლვილების სახლში შეხიზნული აგვისტოს ომის ვეტერანი [ვიდეო]

ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ყოფილი ჯარისკაცი თამაზ ნადირაძე უცხოელებს შეხვდა. ცოლ-ქმარი სამი მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში იდგა და ტრანსპორტს ელოდებოდა.  ღამდებოდა, წვიმდა და ციოდა. თამაზი იხსენებს, რომ მგზავრებს ტაქსის ფული არ აღმოაჩნდათ, ავტობუსები კი უკვე აღარ მოძრაობდნენ. „შემეცოდა, პატარა ბავშვებით იყვნენ. არ მინდა ფული, ისე წაგიყვანთ-მეთქი ვუთხარი და ავიყვანე“.

მგზავრები სუდანელი ლტოლვილები იყვნენ, ტაქსის მძღოლი კი აგვისტოს ომის ვეტერანი.

ამ დღის შემდეგ თამაზ ნადირაძის ცხოვრებაც შეიცვალა. სწორედ ამ ერთმა მგზავრობამ გადაწყვიტა, თუ სად იქნებოდა მისი დროებითი, მაგრამ მყუდრო ბინა.

თამაზ ნადირაძე ჯარში მსახურობდა, სადაც ფეხი დაუზიანდა. მარჯვენა ფეხზე 5 ოპერაცია დასჭირდა, თუმცა პრობლემა ისევ აქვს. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, არტილერიაში მემიზნე იყო. ამბობს, რომ აფეთქებების ხმა ახლაც ჩაესმის ყურში.  „რაღაც დამიზიანდა ალბათ, რადგან ომის შემდეგ, მეტყველებაზეც შემექმნა პრობლემა. ზოგჯერ კარგად ვმეტყველებ, ზოგჯერ შეფერხებით,“ – გვეუბნება ის.

ომის ვეტერანს საკუთარი სახლი არ აქვს.  წარმოშობით გურჯაანიდანაა, თუმცა 11 წელია ბათუმში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. საკუთარი სახლი არც მის მეუღლეს აქვს, ამიტომ ნაქირავებიდან ნაქირავებში უწევთ გადასვლა.

„მშიერიც ვყოფილვართ, სიცივეშიც, 3 თვე შუქიც არ გვქონია“ – ამბობს ვეტერანის მეუღლე თამილა შავაძე, რომელიც ცდილობს საარსებო თანხა დღიური სამუშაოთი იშოვოს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ფიზიკური მუშაობა უჭირს თამაზ ნადირაძესაც.

„ოპერაციის შემდეგ მძიმეს აწევა აღარ შემიძლია. სამსახური არ მაქვს, არც სოციალური შემწეობა. საკუთარი საწოლიც კი არ მაქვს, რომ დავიძინო, მაგრამ მაინც მაღალი ქულები მომდის. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო მაძლევს, როგორც ვეტერანს, თვეში 22 ლარი და 5-კილოიანია გაზის ბალონია. რა გავაკეთო ამ ფულით, ბინა ვიქირავო, შუქის ფული გადავიხადო თუ საკვები ვიყიდო?“ – ამბობს თამაზ ნადირაძე.

თამაზ ნადირაძე და მისი მეუღლე სუდანელმა ლტოლვილებმა, მეისუნ ალტაჰერ ავდალამ და მისმა მეუღლემ შეიფარეს ნაქირავებ ბინაში.

საცხოვრებელი ფართობის გამოყოფის მოთხოვნით ნადირაძე წერილს წერილზე გზავნის. ხან ვეტერანთა ორგანიზაციას მიმართავს დახმარებისთვის, ხან აჭარის მთავრობას და მერიას, თუმცა პასუხად მხოლოდ უარს იღებს -„ახლა არ გვაქვს.“

კორონავირუსის პანდემიამდე თამაზ ნადირაძემ ცოლისძმისგან ავტომანქანა ითხოვა და ტაქსიზე დაიწყო მუშაობა, თუმცა მალე კორონავირუსის გამო შეზღუდვები დაწესდა. თამაზი მაინც მადლიერია, რომ სწორედ ტაქსიზე მუშაობის დროს გაიცნო ადამიანები, რომლებმაც ყველაზე მძიმე დროს გაუწოდეს დახმარების ხელი.

„უცხო ადამიანებმა კარი გაგვიღეს და ლუკმა გაგვიყვეს. სახლში შუქი ამ ხალხის წყალობით ავანთეთ. როცა კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა და ყველაფერი ჩაიკეტა, ვეღარც ტაქსიზე ვმუშაობდი. შემოსავლის გარეშე დავრჩით, საჭმლის ფულიც კი არ გვქონდა. აჭარის მთავრობას, ქალაქის მერს ლაშა კომახიძეს თავის ფეისბუქზეც მივწერეთ, რომ ერთი სასურსათო კალათა მაინც გამოეგზავნათ, მაგრამ არავინ არ მოგვაქცია ყურადღება.  ერთი კალათა შეგენანათ? აი, ამ ადამიანებმა კი სახლის კარი გაგვიღეს,“ – ამბობს თამაზ ნადირაძე სუდანელ მეგობრებზე. „ეს ხალხი ღმერთის საჩუქარია ჩვენთვის“- ამბობს მისი მეუღლეც.

სუდანელი ლტოლვილებიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ ბათუმში. ამის მიუხედავად, მათ ახალშეძენილი ქართველი მეგობრები ოჯახში უსასყიდლოდ შეიფარეს.

„მეორე დღეს მეისუნის მეუღლემ მომძებნა და მგზავრობის ფული მომიტანა, მაგრამ არ გამოვართვი. ვუთხარი, მე ხომ უფასოდ წამოგიყვანეთ-მეთქი. ამის შემდეგ დავმეგობრდით,“ – გვეუბნება თამაზი. როცა ის და მისი მეუღლე თავიანთ გაჭირვებაზე ყვებიან, მეისუნს თვალები ცრემლით ევსება. განიცდის ახალშეძენილი ქართველი მეგობრების მდგომარეობას და ამბობს, რომ სახელმწიფო ნამდვილად უნდა დაეხმაროს მათ. „მით უმეტეს, ვეტერან ადამიანს, რომელიც ომში იყო,“- გვეუბნება მეისუნი.

თამაზ ნადირაძე ამბობს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ადამიანებზე, რომელმაც ომი გამოიარეს.

„გამოვიდნენ და მითხრან, ვეტერანს საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის თუ არა? თუ არ ეკუთვნის, ისიც მითხრან… მალე აგვისტო მოვა, მივლენ მემორიალთან, ყვავილებს მიიტანენ, ცრემლებს ჩამოყრიან და შედეგი რაა, 22 ლარი?!“ – გვეუბნება ის.

თამაზ ნადირაძე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ბათუმში.

„სხვა ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეგვიფაროს, ჩვენი ტკივილი გულთან მიიტანოს და ჩვენმა სახელმწიფომ არა? წამლის ფული არ მაქვს, რომ ვიმკურნალო. იქნებ შვილიც გაგვიჩნდეს. ახლა თირკმელზე მაქვს პრობლემა და შეიძლება თირკმელი დავკარგო. როგორ ვიარსებოთ?“ – ამბობს თამილა.

თამაზ ნადირაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ხალხი მარტო არჩევნებისთვის უნდა, „მივაღწევ კი არჩევნებამდე. თუ ქუჩაში აღმოვჩნდი, მოვკვდები, აბა, რა იქნება.  მეც ხომ მინდა არსებობა“ – გვეუბნება ის.

თამაზ ნადირაძეს სურს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს ვეტერანების მიმართ.

„საბუთს რომ მაძლევ, ვეტერანი კაცი ასეთ მდგომარეობაში უნდა ვიყო? რისი ვეტერანი ვარ, უსახლკაროების ვეტერანი ვარ? რა უნდა გავაკეთო, თავჩაღუნული მივდივარ. მომხედეთ, არ დამტოვოთ ქუჩაში“ – მიმართავს სუდანელი ლტოლვილების ნაქირავებ ბინაში შეხიზნული ქართველი ომის ვეტერანი მთავრობას.

ვიდეო:

6 წელი მიუსაჯეს დაცვის თანამშრომელს, რომელმაც თავშესაფარში მცხოვრების გაუპატიურება სცადა 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, სიღნაღის სასამართლომ  ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ვ.დ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 14 ოქტომბერს სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ.-მ, ძალადობის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა.

ვ.დ. 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გაუპატიურების მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ვ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

თურქეთში დასაქმებული ქალები დავით გაბაიძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია ბათუმში [LIVE]

დღეს, 8 ივლისს, ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თურქეთში დასაქმებული ქალები შეიკრიბნენ. ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

თურქეთში დასაქმებული ქალები აჭარაში უკვე მეხუთედ ითხოვენ თურქეთთან საზღვრის გახსნას ან კომპენსაციას მთავრობისგან. ისინი აცხადებენ, რომ მარტის შემდეგ შემოსავლების გარეშე დარჩნენ, მთავრობა კი მათ პრობლემებს ვერ ხედავს.

თურქეთში დასაქმებული მოქალაქეების ბათუმში გამართული აქციების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ თვითდასაქმებულ მოქალაქეებზე გასცეს 300-ლარიანი კომპენსაცია, თუმცა დღეს აქციაზე რამდენიმე ქალმა განაცხადა, რომ ისინი, მართალია, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მისაღებად, მაგრამ თანხა ჯერ არ მიუღიათ. ასევე, ქალები მიიჩნევენ, რომ ერთჯერადი კომპენსაცია საკმარისი არ არის, რადგან ისინი თვეებია ვერ მუშაობენ და ვერც მთავრობისგან იღებენ პასუხს, როდის გაიხსნება საზღვარი, რომ თურქეთში მუშაობა შეძლონ.

დღეს აქციის მონაწილეებს შეხვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი მერაბ ბლადაძე. მან განაცხადა, რომ ეთანხმება აქციის მონაწილეების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დახმარება ყოველთვიური უნდა იყოს. ასევე, მერაბ ბლადაძის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაზე იმყოფება.

აქციაზე ითქვა, რომ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მზადაა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი, თუმცა მას აქციის მონაწილეებთან შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე სურს.

აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ამ წუთებშიც [14:25 სთ.] გრძელდება.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა: 

ბათუმში 8 თეთრი ელექტროავტობუსი ივლის

8 ელექტროავტობუსი ბათუმის ქუჩებში შემოდგომაზე უნდა გამოჩნდეს – დღეს, 8 ივლისს, ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ ფეისბუქზე ბათუმისთვის აწყობილი ელექტროავტობუსის ვიდეოც გაავრცელა.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, ელექტროავტობუსები თეთრი ფერის იქნება.

8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია  „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ელექტროავტობუსების პროექტისთვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯება: „აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია“. ამ თანხაში შედის ელექტროავტობუსების დასამუხტი აპარატურა.

ბათუმის უნივერსიტეტში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის სწავლება დაიწყეს

„რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა თითოეული მოქალაქის მოვალეობაა… იცვლება ბრძოლის წესები და მეთოდები – რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ახორციელებს როგორც ღია, ასევე ფარულ აგრესიას და მედია, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელი, რუსებს საკმაოდ კარგად აქვთ ათვისებული. ეს უკვე აღიარებულია, რომ რუსული საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი სოციალური ქსელია. ამიტომ ეს ბრძოლა ჩვენთვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი მანველიძე. ის ახლა უნივერსიტეტში ასწავლის ახალ არჩევით საგანს – სტრატეგიული კომუნიკაცია.

ახალი საგნის სწავლება ბსუ-ში დაიწყო სამოქალაქო ორგანიზაციის – „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის”ორგანიზებით და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელშეწყობით. კურსისთვის სახელმძღვანელოების შეძენა ბრიტანეთის საელჩოს დახმარებით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში საუკეთესო თემის ავტორი სტუდენტები სტიპენდიითაც ჯილდოვდებიან – 375 აშშ დოლარი.

ირაკლი მანველიძე გვიყვება, რომ პირველ ეტაპზე ეს სასწავლო კურსი 30-მა სტუდენტმა აირჩია, აპრილში დაგეგმილი იყო საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმის მოწყობაც, თუმცა იგი პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

„…სავალდებულო კურსის ცვლილება ითხოვს აკრედიტაციას, ჩვენ 2021 წელს გვიწევს პროგრამების აკრედიტაცია. ვფიქრობთ, რომ ეს სასწავლო კურსი სავალდებულო გახდება ევროპისმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობების და საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამებზე,“ – ამბობს ირაკლი მანველიძე.

კურსის ხელმძღვანელის თქმით, სტუდენტებმა თემები ტროლების ომებზე უკვე მოამზადეს, ასევე მედიაწიგნიერების როლსა და პროპაგანდაზე, როგორც საგარეო ურთიერთობის ინსტრუმენტზე.

ასოცირებულ პროფესორს, ირაკლი მანველიძეს ვკითხეთ, სახელმწიფო უწყებებში სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახურების მუშაობის ეფექტურობაზეც. ზოგიერთი ექსპერტის და, მათ შორის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის აზრით, ეს სამსახურები სათანადოდ ვერ მუშაობენ. ირაკლი მანველიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებები ამ კუთხით საქმეს „კარგად ართმევენ თავს“.

„…მარტივი არის ხარვეზების დანახვა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ – კომუნიკაციის მიმართულება ახალი გამოწვევაა საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის… დღეს რაღაც სტრუქტურა შეიქმნას და ხვალ პასუხი მოსთხოვო, მე ეს არამართებულად მიმაჩნია… ჩვენი სასწავლო კურსიდან გამომდინარე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოში სახელმწიფო უწყებები ამ მიმართულებით მუშაობას მეტ-ნაკლებად კარგად ართმევენ თავს,“ – გვითხრა ირაკლი მანველიძემ. მას ვთხოვეთ დაკონკრეტება, რის საფუძველზე აფასებს სახელმწიფო უწყებების მუშაობას პოზიტიურად. პროფესორმა განმარტა, რომ მას კონკრეტული „ქეისები“ აქვს იმის საილუსტრაციოდ, რასაც ამბობს, თუმცა ეს კონკრეტული „ქეისები“ ჩვენთან საუბრის დროს ვერ გაიხსნა.

„…სასწავლო კურსის დროს ჩვენ  განვიხილავთ კონკრეტულ შემთხვევებს, თუ როგორ მუშაობენ ეს სამსახურები…. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფოს აქვს გააზრებული სტრატეგია. ეს არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას, ეს არის მედიასაშუალებებთან მუშაობა, ასევე გარკვეული ქმედებები, რომელიც ემსახურება მყისიერ რეაგირებას. ხელისუფლება იყენებს მედიასაშუალებებს და საერთაშორისო ტრიბუნებს, რითაც ის ახდენს კომპენსირებას ამ დეზინფორმაციისა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ,“ – აღნიშნა ირაკლი მანველიძემ „ბათუმელებთან“.

საბჭოთა რეპრესირებულთა დახმარება 7 ლარია, სუბსიდიის გაზრდას 44 ლარამდე პეტიციით ითხოვენ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI, საზოგადოება “მემორიალთან” ერთად, ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პირველ რიგში, საბჭოთა პერიოდის რეპრესირებულთათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდას ითხოვენ. სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიებს შორის ყველაზე მწირი, 7-ლარიანი დახმარება (ჩერნობილის ბირთვული ობიექტის შემხებლობაში მყოფ პირებთან ერთად), სწორედ საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისთვისაა გათვალისწინებული. სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით, IDFI ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

პეტიციის მიხედვით, ორგანიზაცია ითხოვს 7-ლარიანი სუბსიდიის გაზრდას 44 ლარამდე – სხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მსგავსად.

IDFI-ის ინფორმაციით, 7-ლარიან სუბსიდიას საქართველოში, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, 10396 პირი იღებს.

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ ელექტრონულ პეტიციას ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარულ დღეში ხელს მოაწერს არანაკლებ 10 000 მომხმარებელი,  საქართველოს მთავრობა ვალდებულია განიხილოს პეტიცია, ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა იქნება საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი 10 ათასი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დახმარება და სახელმწიფოს მხრიდან მათი რეალური მხარდაჭერა.

1921 წლის თებერვლიდან – 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, საბჭოთა ოკუპაციის და შემდგომ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, საქართველოს მოქალაქეებმა განიცადეს მასობრივი რეპრესიები. რეპრესიები მასშტაბური და მწვავე იყო სტალინის პერიოდში, განსაკუთრებით 1937-1938 წლებში, რაც მოიცავდა ადამიანების მასობრივად დახვრეტას, გადასახლებას და ძირითად შემთხვევაში, რეპრესირებულთა ქონების სრულად ჩამორთმევას, რეპრესირებულთა ოჯახის წევრების სტიგმატიზაციას და საზოგადოებისგან გარიყვას, მათთვის არათანაბარი სოციალური პირობების შექმნას და შევიწროებას. 2012-2018 წლებში, საქართველოს საქალაქო სასამართლოს მიერ რეპრესირებულად ან რეპრესირებული პირის პირველი რიგის მემკვიდრედ, აღიარებულ იქნა 16,468 პირი. საქართველოს სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის დახმარების მიზნით დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის, ყველაზე დაბალი, თვეში 7-ლარიანი დახმარება, გათვალისწინებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისთვის”, – წერია პეტიციაში.

200 მეხანძრე და 4 ვერტმფრენი – ხანძრის მეოთხე დღე სვანეთში

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის 4 აქტიური კერიდან 3 ლოკალიზებულია.

სვანეთში, სოფელ ხაიშთან ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა მიმდინარეობს.

საგანგებოს ინფორმაციით, მთის ორ ფერდზე, არსებული 4 სხვადასხვა სირთულის კერიდან, მოხერხდა 3-ის ლოკალიზება, მეოთხე ადგილზე კი, რომელიც რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომია, მუშაობს საჰაერო ძალა.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სულ 4 ვერტმფრენია ჩართული.

მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. სოფელ ხაიშთან დღის განმავლობაში სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იმუშავებს. საგანგებოს ცნობით, რთულ რელიეფზე სამუშაოდ პროცესში ჩაერთვება განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება და გრძელდება აქტიური სამუშაოები.

_______________

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათში – 8 ივლისის მონაცემები

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი.

8 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 963 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 841 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ამჟამად კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202.

საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვარი გახსნა.

ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

„ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ევროკავშირმა რამდენიმე ისეთ ქვეყანასაც გაუხსნა საზღვრები, რომლებიც უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ არიან,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 8 ივლისს.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადების თანახმად, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე ამ ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა და ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია.

„ასევე, საქართველოში შემომსვლელმა პირმა უნდა დატოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად აპირებს დარჩენას, როგორ უნდა გაატაროს დრო და საკონტაქტო ინფორმაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია,“- განაცხადა ჩიქოვანმა.

საზღვარზე თერმოსკრინინგის დროს თუ პირს დაუფიქსირდა 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, აეროპორტში მას ჩაუტარდება PSR ტესტი.

„ასევე, სავალდებულო წესით კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ არაუსაფრთხო ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს, რომლებმაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მხრიდანაც ნარჩუნდება არსებული რეჟიმი. „ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს მწვანე სიაში ან კიდევ დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა, 14-დღიანი კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ“.

ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრებს არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი.

„უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო ვიზიტის დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ შევქმნით სპეციალურ კომისიას, რომელიც იმუშავებს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, როგორიცაა: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია, საზღვრის გახსნის მზაობა გამოთქვა, კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნების სია და რეკომენდაციები ორ კვირაში ერთხელ განახლდება და გადაიხედება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, დღეს, 8 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორობა ორ კანდიდატს სურს

ინგა შამილიშვილი და მერაბ ხალვაში – მხოლოდ ამ ორმა ასოცირებულმა პროფესორმა შეიტანა განაცხადი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობაზე. მერაბ ხალვაში ბსუ-ს მოქმედი რექტორია, ინგა შამილიშვილი – აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი და ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი. განცხადების მიღება დღეს,  16 საათზე შეწყდა.

ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 15 ივლისს ჩატარდება.

ამ დღეს კანდიდატები 12 საათიდან დაახლოებით 15:00 საათამდე აკადემიურ საბჭოს წარუდგენენ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შემდეგ კი ჩატარდება კენჭისყრა.

ბსუ-ს აკადემიური საბჭო 11 წევრით არის დაკომპლექტებული. რექტორი არჩეულად მიიჩნევა აკადემიური საბჭოს 6 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში.

აკადემიური საბჭოს წევრია მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში. მას წესდება ხმის მიცემის უფლებას არ უზღუდავს. შესაბამისად, თუ მერაბ ხალვაში კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, მას გარანტირებული ერთი ხმა უკვე აქვს.

მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად 2016 წლის 18 ივლისს აირჩიეს.

____

მთავარი ფოტო: მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი

ორი ახალი პირსი და დასანგრევი შენობები ბულვარში – პროექტი

„განაშენიანების გეგმით შემოთავაზებულია სანაპირო ზოლში არსებული ყველა მოცულობითი შენობის დემონტაჟი და მხოლოდ დროებითი, მცირე ზომის კვების ობიექტების განთავსება… მათი უმეტესობა განთავსებულია სანაპირო ზოლზე მთავარ გამოსასვლელებთან და პრომენადის ნაწილში მოხვედრისას, ვერ ხერხდება ზღვის პანორამის აღქმა,“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაში, რომელიც კომპანიამ „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა.

პროექტის წინასწარი ვერსიის ნახვა ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ – „ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა“. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახლა აქტიური მოქალაქეების მოსაზრებებს და შენიშვნებს ელიან.

დოკუმენტის მიხედვით, ვიზუალური კუთხით პრობლემურია სანაპირო ზოლში განთავსებული ჯიხურები და ის სამეთვალყურეო კოშკებიც, რომლებიც წელს მოაწყვეს.

„სანაპირო ზოლში განთავსებული ჯიხურები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან ვიზუალით, არქიტექტურული სტილით, მასალით და მასშტაბით. შესაბამისად, აუცილებელია არსებული ჯიხურებისგან ტერიტორიის გამოთავისუფლება და საპროექტო ობიექტების განთავსება ერთიანი იერ-სახითა და კონცეფციით… სამეთვალყურეო კოშკები ზედმეტად დიდია… აუცილებელია არსებული კოშკების ჩანაცვლება ახალი მოცულობებით, რომლებიც
იქნება მეტად მსუბუქი იერ-სახის და შედარებით პატარა მოცულობის,“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაში.

ამავე გეგმის მიხედვით, ბულვარში დღეს არსებული 4 პირსის გარდა, შესაძლოა მოეწყოს ორი ახალი პირსი სასტუმრო „შერატონის“ და „ახალი ბულვარის“ მიმდებარედ, თუმცა, გეგმის ავტორების აზრით, ამ პირსებს მხოლოდ სარეკრეაციო დანიშნულება უნდა ჰქონდეთ.

გეგმის ავტორები აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ „სანაპირო ზოლში დღეისათვის განთავსებული ობიექტები არ წარმოადგენენ დროებით შენობებს. ისინი წარმოადგენენ კაპიტალურ შენობა-ნაგებობებს,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

„ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე და სპეციალისტი ჩაერთოს ამ დოკუმენტის განხილვაში… ჯერ დოკუმენტზე მუშაობა დასრულებული არ არის, მაგრამ მოქალაქეებს შეუძლიათ ფეისბუქგვერდზე მოგვწერონ შეხედულებები. ჩვენ დავავალეთ კომპანიას საჯარო განხილვაც, თუმცა რა ფორმით მოხერხდება არსებული პანდემიის პირობებში, ჯერ უცნობია,“ – გვითხრა ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯინჭარაძემ.

განაშენიანების გენერალური გეგმის ყველა დოკუმენტს „ბათუმის ბულვარი“ ოქტომბრისთვის ელოდება. ბულვარის ადმინისტრაციაში შექმნილია კომისიაც, რომელშიც არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ასევე ორგანიზაცია „ბათომი“. კომისია პერიოდულად მოსაზრებებს შემსრულებელ კომპანიას მიაწვდის. საბოლოოდ, განაშენიანების გენერალური გეგმა ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

რამდენად შესაძლებელია ბათუმის ბულვარში არსებული შენობების დემონტაჟი, როცა მათი მფლობელების უმეტესობას მრავალწლიანი სარგებლობის ხელშეკრულებები აქვთ? – ირაკლი ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ თუკი ამ დოკუმენტს საბოლოოდ მიიღებენ, სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან შენობების დემონტაჟს.

„…შესაძლოა, შევთავაზოთ ადგილმონაცვლეობა ან კომპენსაცია. ჩვენ 9 რესტორანს უკვე გავუკეთეთ დემონტაჟი. ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუკი საზოგადოების თანხმობა იქნება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ერთიანი სახე უნდა მივცეთ ბულვარს. მე მომწონს პირსზე ის იდეაც, რომ იქ კაფეები საერთოდ არ უნდა იყოს, თუ ეს მოეწყობა, იქნება გასასვლელი ზღვაზე ხედებისთვის, ასევე შესაძლებელია კატარღების მისადგომი მოეწყოს იქვე,“ – აღნიშნა ირაკლი ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან“.

ბათუმის საზღვაო აკადემია IAMU-ის კვლევითი პროექტების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU)-ს მიერ დაფუძნებული კვლევითი პროექტების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა.

IAMU საზღვაო უნივერსიტეტების გლობალური ქსელია, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო განათლებასა და მეზღვაურთა ტრენინგებს  გლობალური გადაზიდვის ინდუსტრიისათვის.

IAMU-ის სამუშაო ჯგუფში შედის მსოფლიოს 3 უმაღლესი სასწავლებელი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის წევრები არიან გდინიას საზღვაო უნივერსიტეტი [პოლონეთი] და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტი [დიდი ბრიტანეთი].

სამუშაო ჯგუფის მიზანი IAMU-ს მიერ ორგანიზებული კონკურსების   ფარგლებში წარდგენილი  კვლევითი პროექტების დამუშავება, შეფასება და რეკომენდაციების გაცემაა.

სამუშაო ჯგუფში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას პროფესორი ავთანდილ გეგენავა წარმოადგენს.

„ეს დიდი პატივია აკადემიისათვის, რადგან ეს არის მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტების გაერთიანება, ასოციაცია, სადაც ასზე მეტი ქვეყნის საზღვაო უმაღლესი სასწავლებელია გაერთიანებული“ – ამბობს ავთანდილ გეგენავა. მისივე თქმით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2006 წლიდან არის IAMU-ის წევრი და სწორედ აკადემიის აქტიურობის შედეგია ქართული საზღვაო უმაღლესი სასწავლებლის სამუშაო ჯგუფში მოხვედრა.

ავთანდილ გეგენავას ვკითხეთ, კონკრეტულად რა საკითხებზე მუშაობს IAMU-ის სამუშაო ჯგუფი.

„პირველ რიგში, ჯგუფი მუშაობს დებულებებზე, რას უნდა მიექცეს ყურადღება, რა სახის უნდა იყოს კვლევითი პროექტები. ყოველ წელს იცვლება წარმოდგენილი თემატიკა. პროექტის შედგენასა და წარდგენაში მონაწილეობს მინიმუმ სამი უნივერსიტეტი. ჯგუფი აფასებს პროექტს, იწყება განხილვა, შემდეგ კი პროექტი წარედგინება ექსპერტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეფასება ანონიმურად ხდება, ექსპერტები ისე განიხილავენ პროექტს, რომ არ იციან ვისია, რომელი ქვეყნიდანაა პროექტი და ამზადებენ დასკვნას“.

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა უკვე შედგა ზუმის საშუალებით.

„წესით, ეს უნდა ყოფილიყო პირადი შეხვედრა, თუმცა, სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო ვერ მოხერხდა და შეხვედრა შედგა ზუმის საშუალებით, წარმოდგენილი იყო ძირითადი მიმართულებები, დებულებები და შევთანხმდით, რომ თუ კი ამავე რეჟიმში დავრჩით, შემდეგი შეხვედრა სექტემბერში გაიმართება ისევ ზუმის საშუალებით, ხოლო თუ უკეთესი სიტუაცია იქნება, შეიძლება რომელიმე ქვეყანაში ჩატარდეს,“ – ამბობს ავთანდილ გეგენავა.

 

რუსთაველზე, გრიბოედოვთან, გზაგამყოფი აღარ არის – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე [გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში], გზაგამყოფი გაიხსნა. შესაბამისად, უნივერსიტეტის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს უკვე შეუძლია რუსთაველის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩაზე გასვლა. გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშანიც ამუშავდა. ამ ადგილიდან ახალი ბულვარის მიმართულებით კი, რუსთაველის ქუჩა ჯერ კიდევ ცალმხრივადაა გადაკეტილი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.

რუსთაველის ქუჩის სავალი ნაწილის აღდგენა, გრიბოედოვის ქუჩიდან ყოფილი „ლუჟკოვის სახლის“ მიმდებარე წრიულამდე, როგორც კომპანია „გზებში“ გვითხრეს, სავარაუდოდ, 20 დღეში უნდა დასრულდეს.

„ივლისის თვის ბოლოს გზის ეს მონაკვეთი, წრიულის ჩათვლით, ყველა შემთხვევაში იქნება დასრულებული“, – გვითხრეს კომპანიაში.

ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ კი, გრიბოედოვის ქუჩიდან მოძრავი ავტომანქანა შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით.

რუსთაველის ქუჩა / 7.07.2020

რუსთაველის ქუჩაზე, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე [არდაგანის ტბა] გზის სავალი ნაწილის აღსადგენად, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ორჯერ [მარტსა და მაისში] გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობა კი შესყიდვების სააგენტოდან მერიის სამსახურმა 2020 წლის 5 ივნისს მიიღო.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, შპს „გზებთან“ 15 ივნისს გააფორმა – 173 592 ლარზე. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2020 წლის 15 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემით, გრიბოედოვის ქუჩა ცალმხრივი იქნება ჭავჭავაძის ქუჩიდან [რესპუბლიკური საავადმყოფოდან] რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და ტრანსპორტიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმოძრავებს.

ახალი სქემით, მოძრაობის წესები იცვლება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩებზე. ამასთან, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში ავტობუსის სავალი ნაწილი დაიხაზება, სადაც მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.

მერიის სატრანსპორტო განყოფილების უფროსის, ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, გრიბოედოვის ქუჩა მაშინ გახდება ცალმხრივი, როცა ეს ახალი სქემა ერთიანად ამოქმედდება.

მოძრაობის ახალი სქემის ორგანიზებისთვის ტექნიკური საკითხების მოგვარება ბათუმის მერიამ საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებიდან 90 დღეში უნდა უზრუნველყოს. ანუ, ოქტომბრის თვემდე. სქემა ბათუმის საკრებულომ 30 ივნისს დაამტკიცა.

ამ თემაზე:

მოგწონთ თუ არა ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა? [გამოკითხვა]

როგორ დაბრუნდა ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში 1920 წლის ივლისში – ფოტოისტორია

ავტორი: შოთა გუჯაბიძე

___________________

1918 წლის 22 დეკემბრიდან 1920 წლის 7 ივლისამდე ბათუმი დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომი იყო. ინგლისს დიდი ხნიდან ჰქონდა პრეტენზიები ბათუმზე და როგორც იქნა საოცნებო კონტროლი დაამყარა. ბათუმი კიდევ ერთხელ მოსწყდა საქართველოს. ბრიტანეთის ინტერესები ბაქოს ნავთს და ბათუმის გეოპოლიტიკურ მდებარეობას უკავშირდებოდა.

აზერბაიჯანის გასაბჭოების მერე საქართველოს ბედიც უკვე გადაწყვეტილი იყო. აშკარად ეტყობოდა ევროპას – ჩვენს დაცვას რომ არ აპირებდა და ზურგს გვაქცევდა. გაერთიანებული ერების წინაპრის – ერთა ლიგის სხდომაზე, სადაც საქართველოს გაწევრიანების საკითხი იხილებოდა, ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია გერმანიის დელეგაციამ, დღე-დღეზე რუსეთი დაიპყრობს საქართველოსო, თუკი ჩვენს რიგებში მივიღებთ, მისი დაცვაც მოგვიწევს რუსეთისგანო და მაგის თავი ვისა აქვსო. ევროპის სხვა დელეგაციებიც მდუმარედ შეშფოთდნენ და ჯგუფურად თავი გადააქნიეს მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით.

ინგლისი უკვე მიზეზს ეძებდა, რომ ღირსეულად დაეტოვებინა ბათუმი და ჟორდანიას ნოტამაც არ დააყოვნა, სადაც სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარის დელიკატურობაზე იყო საუბარი. ფოტოზე სწორედ ბრიტანული არმიის მიერ ბათუმის გადაცემაა აღბეჭდილი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ტრანსპარანტზე წარწერაა – გაუმარჯოს გაერთიანებულ საქრისტიანო და მუსლიმანურ საქართველოს!

უკან დგას სობორო, რომელიც 1932 წელს დაანგრევს მომდევნო ხელისუფლება.

“მე მოწმე ვიყავი იმ პროცედურისა, რაც ბათუმში ჩატარდა ინგლისელების მიერ აქედან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პროცედურა გაიმართა 1920 წლის ივნისის მეორე ნახევარში, ახლანდელი სამხედრო კომისარიატის შენობის წინ, რუსთაველისა და კომკავშირის ქუჩების შესაყართან. ეს შენობა ეკავა ინგლისელების სამხედრო კომენდატურას და მის წინ აღმართულ ბოძზე ინგლისის დროშა ფრიალებდა. დღის მეორე ნახევარში ამ შენობის წინ ქუჩის ორივე მხარეზე ჩამწკრივებული ჯარისკაცების ორი ოცეული იდგა – ერთი იყო ინგლისელები, მეორე კი მენშევიკური საქართველოს ჯარისკაცები. დაახლოებით 5 საათზე იქუხა ზარბაზანმა, (ჩვენ შეჩვეული ვიყავით ზარბაზნების ასეთ გასროლებს, ჯერ ერთი, ყოველდღე შუადღით, გასროლილი ზარბაზნის ხმა ეფინებოდა მთელს ქალაქს – იგი იუწყებოდა, რომ შესრულდა 12 საათი), ამის შემდეგ სასულე ორკესტრის მუსიკის ხმაზე ბოძიდან ნელ-ნელა ჩამოეშვა ინგლისელების დროშა და მის ადგილას აღიმართა მენშევიკური საქართველოს დროშა. ამ დროს ახლანდელი კომკავშირის ქუჩიდან მოისმა ხალხის ხმაური, რაც ხშირად ლოზუნგების წარმოთქმის ფორმას იღებდა. გამოირკვა, რომ ადგილობრივ ბოლშევიკურ ორგანიზაციას საპროტესტო დემონსტრაცია მოუწყვია.”

ეს ამბავი ლადო შარაშიძემ გაიხსენა 1977 წელს. ლადოს დიდი დამსახურება ჰქონდა კულტურული ბათუმის წინაშე. სხვას რომ თავი დავანებოთ, დღევანდელი ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელი და დირექტორი გახლდათ დიდი ხანი.

ქართული დროშა ტროსებში აიხლართა და ცუდად გვენიშნა ეს ამბავიო, დაწერს მერე მოგონებებში ისიდორე რამიშვილი, დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, წარსულში ბათუმის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. იქამდე კი რუსეთის იმპერიაში პირველი ტერაქტი – სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის მკვლელობა დააფინანსა ისიდორემ 1886 წელს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ხანჯალი უყიდა იოსებ ლაღიაშვილს მანეთად და ორ აბაზად.

ამ დროს უკვე ხელის პორტატიული კამერა უცხო არაა ქართველი ფოტოგრაფებისთვის, რომლითაც ძნელი არ იყო ჰორიზონტის გასწორება შტატივისგან განსხვავებით, მაგრამ ან ფოტოგრაფი ჩქარობდა, ან ამ ნაკლის გამოსწორებას კადრირებით აპირებდა ფოტოს დაბეჭდვისას.

შენარჩუნებულია სახლი და აივანი, საიდანაც ფოტოა გადაღებული.

1920 წლის 7 ივლისი,  სმეკალოვის, დღევანდელი რუსთაველის ქუჩა ბათუმში. ფოტოზე ასახულია ბრიტანული არმიის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ბათუმის გადაცემა. ვახტანგ ღამბაშიძის ფოტო, ეროვნული არქივი.

 

შეამოწმე, როგორ გესმის კახური დიალექტი

კახურ დიალექტში შიგნიკახურ, გარეკახურ და ქიზიყურ კილოკავებს განასხვავებენ. ქიზიყური დიალექტი განსაკუთრებით საინტერესოა, ბევრი სიტყვის ამოცნობა რთულია და ოდნავადაც არ ჰგავს ჟღერადობით ლიტერატურულ შესატყვისს. შეავსე ტესტი და შეამოწმე, როგორ გესმის კახელების.

 

1086 ახალი შემთხვევა თურქეთში – როდის შეიძლება გაიხსნას საზღვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში კორონავირუსის 1086 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში თურქეთში Covid 19-ით დაინფიცირდა 206 844 პირი.

თურქეთში კორონავირუსით 5241 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა – 16. თურქეთი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა. ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

ჯერ კიდევ უცნობია, როდის შეიძლება გაიხსნას საქართველოს საზღვარი თურქეთთან, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებთან. 3 ივლისს პრემიერმა გახარიამ თქვა, რომ მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნას ჯერ არ აპირებს. უცნობია, ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღიც.

სარფის სასაზღვრო პუნქტის გახსნის მოთხოვნით პერიოდულად იმართება საპროტესტო აქციები.

საქართველოში დღეს კორონავირუსით დაინფიცირების 5 ახალი შემთხვევაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსით დაინფიცირდა 958 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 838, გარდაიცვალა – 15.

Exit mobile version