Batumelebi | მაჟორიტარი კანდიდატი: დავიბარებთ მერს და მოვთხოვთ პასუხს მაჟორიტარი კანდიდატი: დავიბარებთ მერს და მოვთხოვთ პასუხს – Batumelebi
RU | GE  

მაჟორიტარი კანდიდატი: დავიბარებთ მერს და მოვთხოვთ პასუხს

ბექა დიასამიძე პარტია „ახალი საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. პარტიის დამფუძნებელი  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი  გიორგი ვაშაძეა. არჩევნებში  „ახალი საქართველო“ გაერთიანებულია ბლოკში  – „ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“.  რას პირდება დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს და როგორ წარმოუდგენია მას მოსახლეობის პრობლემების მოგვარება საკანონმდებლო ორგანოდან? ბექა დიასამიძე ბათუმის 70-ე მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს.

 ბატონო ბექა, რატომ გადაწყვიტეთ  „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის  პარტიაში  გაწევრიანება და რისი  გაკეთება გინდათ უმაღლეს საბჭოში?

„ახალი საქართველო“ სახელწოდებიდან გამომდინარეც ახალია და სახეებიც ახალი ჰყავს. გიორგი ვაშაძეს რეალურად  აქვს საქმე გაკეთებული. საჯარო რეესტრში, საპასპორტოში  კონკურსის შედეგად იქნა მიღებული და კარიერის ყველა საფეხური გაიარა.   რეალურად შექმნა ინოვაცია, ერთ სივრცეში მოაქცია იუსტიციის სახლი.

როდის გაიცანით გიორგი ვაშაძე და სად?

ნაციონალური მოძრაობა როცა დატოვა და გააკეთა განცხადება, რამდენიმე ხანში მე დავუკავშირდი მას, შევხვდი და მასთან საუბრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება.  მე პოლიტიკურ ოჯახში ვიზრდებოდი, ჩემი ბებია ნაზი მიქელაძე, 2005  წლის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო, მასთან ვცხოვრობდი და გავიზარდე და მასთან ერთად მონაწილე ვიყავი „ვარდების რევოლუციის“ ყველა პროცესის.

 რა უნდა გააკეთოთ უმაღლეს საბჭოში?

არ უნდა მივცე არც ერთს მოსვენების საშუალება. მერიას პირველ რიგში, ხალხის სათქმელს ვიტყვი მე.

 უმაღლეს საბჭოს აქვს  იმის ბერკეტი, რომ  მერს მოსვენების საშუალება არ მისცეს?  

რა თქმა უნდა…  დავიბარებთ მერს, თვითმმართველობის წარმომადგენლებს და მოვთხოვთ კონკრეტულ პასუხებს. მე ადამიანებს ვხვდები, დაპირებას ვაძლევ, რომ „ამას გავაკეთებთ“, მე პენსიის გაზრდას ვერ დავპირდები, მაგრამ  შემიძლია დავპირდე საბავშვო საქანელების გაკეთება, სანიაღვრე სისტემა, რაც ელემენტარეულია და პრობლემას ქმნის რეალურად, ეს საკითხები მე ხომ არ დამევალება არა? ვისაც ევალება, მოვიკვლევ, ფაქტებს დავუდებ…  მე ხალხს მივეცი დაპირება და კონკრეტულ შემთხვევაში ავამუშავებ და ავამოქმედებ იმ ადამიანებს, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ საკითხების მოგვარება.

 ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მიდიხართ უმაღლეს საბჭოში?

უმაღლეს საბჭოში მივდივარ, რომ ავამოქმედო თვითმმართველობა.

უმაღლესი საბჭო არის საკანონდებლო ორგანო, ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ საკანონმდებლო ორგანოდან?

შევიმუშავებ ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომ ის სამსახურები, რომლებსაც ევალებათ და არ შეასრულებენ მათ ვალდებულებას,  დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი. მე ვიქნები ერთადერთი რეფორმატორი უმაღლეს საბჭოში.

ანუ რეფორმებს გაატარებთ საკადრო მიმართულებით?

ვინც ამას (გულისხმობს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს) არ გააკეთებს, გავუშვებთ სამსახურიდან.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატს შეუძლია მერიის თანამშრომელი გაათავისუფლოს სამსახურიდან?  

შევისწავლი თითოეულ თანამშრომელს, რა მოვალეობა აკისრია.  გამოვალ და ვიტყვი, ეს არის გასაკეთებელი, საქმე რომ გაკეთდეს ზომების მიღებაა საჭირო, ამ ზომების მიღებაზე ვიმუშავებთ. შევეჭიდებით და თუ საჭიროება მოითხოვს კანონის ცვლილებას, მაგ საკითხსაც დავაყენებთ.

აჭარის კონსტიტუცია წაკითხული გაქვთ?

კი.

 ეს კონსტიტუცია იძლევა იმის შესაძლებლობას, რაზეც თქვენ საუბრობთ?

არა.  უმეტესი ნაწილი ბაბუს (იგულისხმება ასლან აბაშიძე) დროს დაიწერა. იმის შემდეგ ბევრი ცვლილება მოხდა და ეს ცვლილებები მორგებული იყო სახელმწიფო ხელისუფლებაში ვინც არიან, მათ სასარგებლოდ.

რას გულისხმობთ?

სასამართლოს ….

სასამართლოზე გავლენა აქვს უმაღლეს საბჭოს?

იცით რა არის, მე ასე ვხედავ, რომ უმაღლესი საბჭო უფუნქციოა საერთოდ, ამ ფუნქციის წამოწევაზე ვიზრუნებ. დამოკიდებული არიან ცენტრზე და დეცენტრალიზაცია უნდა მოხდეს.

რა მიმართულებითა საჭირო დეცენტრალიზაცია, თქვენი აზრით?

აი, თუნდაც ადგილობრივ კადრებთან დაკავშირებით, რომ ბათუმში შეირჩეს ადგილობრივი კადრები.

კანონში ჩაწერთ, რომ ადგილობრივი კადრები დაინიშნოს?

ამაზეა სამუშაო. თუ ვერ შევცვლი კანონმდებლობით, გამოვალ და ვიტყვი ტელევიზიით.

საქართველოს მოქალაქე რომელ რეგიონში იმუშავებს თანამდებობაზე, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს? 

ჯერ ადგილობრივი უნდა შეირჩეს… ვინც აქ დაიბადა, გაიზარდა, მან ხომ უკეთესად იცის აქურობა.

თქვენი აზრით, რისი მოგვარება უნდათ მოქალაქეებს?

ძირითადი პრობლემები არის სანიაღვრე სისტემა, საკანალიზაციო მილები, ადლიაში საერთოდ არ არის საკანალიზაციო სისტემა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com