მთავარი,სიახლეები

„ახალი რესპუბლიკურის გამწოვების ხმაური აღარ გვაძინებს“ [ვიდეო]

09.07.2020
„ახალი რესპუბლიკურის გამწოვების ხმაური აღარ გვაძინებს“ [ვიდეო]

„უკვე ორი დღეა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალ შენობაში გამწოვი სისტემა ჩართეს, ისეთი ხმაურია, აღარ გვძინავს… დღისით ხმას ავტომანქანების მოძრაობა შედარებით ახშობს, ღამით კი, აუტანელი ხმაურია,“ – ამბობენ გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლები. მათი თქმით, ამის შესახებ უკვე აცნობეს საავადმყოფოს ადმინისტრაციას, რომელიც მოქალაქეებს პრობლემის შესწავლას დაჰპირდა.

„წუხელ დამირეკეს ამ პრობლემით, მოვიკვლევთ ინფორმაციას და შემდეგ გიპასუხებთ,“ – გვითხრა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“ ეკუთვნის, რომელსაც ზედამხედველობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო უწევს. ამ უწყების პრესცენტრში გვითხრეს, რომ კითხვას შპს-ს დირექტორი უპასუხებს.

ჯაბა სურმანიძემ, შპს “აჭარის პროექტების მართვის კომპანიის” ხელმძღვანელმა, ჩვენთან კომუნიკაცია მოუცლელობის მიზეზით წერილობით არჩია. მის მიერ მოწერილი პასუხის მიხედვით, პრობლემა არ არსებობს და „სისტემა გამართულად მუშაობს“.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო არის თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო დაწესებულება, სადაც დამონტაჟებულია სხვადასხვა ტექნოლოგიური და საინჟინრო სისტემები. საავადმყოფოში ყველა სისტემის მონტაჟი არსებული პროექტის მიხედვით განხორციელდა და ტექნოლოგიურმა/საინჟინრო სისტემებმა გაიარა შესაბამისი სატესტო რეჟიმი. კლინიკაში 21 000 კვ. მეტრი სამომხმარებლო [გამოყენებადი] ფართისთვის საჭირო ცენტრალური გათბობა-გაგრილების უახლესი სისტემა დამონტაჟდა, რომელიც ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი და აუცილებელია. აღნიშნულმა სისტემამ სატესტო რეჟიმი უკვე გაიარა და ისინი გამართულად ფუნქციონირებს,“ – მოგვწერა ჯაბა სურმანიძემ.

ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში გვითხრეს, რომ ამ დრომდე რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ მათთან შეტყობინება არ შესულა და ხმაურის დონეს იმ შემთხვევაში შეისწავლიან, თუკი ვინმე ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკავს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს მეზობლად, მაღალ სართულზე მცხოვრებმა პირმა, ვიდეოც გამოგვიგზავნა, სადაც ისმის სავენტილაციო სისტემის მუშაობით გამოწვეული ხმაური.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/903005013525336/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: