მთავარი,სიახლეები

სუდანელი ლტოლვილების სახლში შეხიზნული აგვისტოს ომის ვეტერანი [ვიდეო]

08.07.2020 • 3750
სუდანელი ლტოლვილების სახლში შეხიზნული აგვისტოს ომის ვეტერანი [ვიდეო]

ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ყოფილი ჯარისკაცი თამაზ ნადირაძე უცხოელებს შეხვდა. ცოლ-ქმარი სამი მცირეწლოვანი ბავშვით ქუჩაში იდგა და ტრანსპორტს ელოდებოდა.  ღამდებოდა, წვიმდა და ციოდა. თამაზი იხსენებს, რომ მგზავრებს ტაქსის ფული არ აღმოაჩნდათ, ავტობუსები კი უკვე აღარ მოძრაობდნენ. „შემეცოდა, პატარა ბავშვებით იყვნენ. არ მინდა ფული, ისე წაგიყვანთ-მეთქი ვუთხარი და ავიყვანე“.

მგზავრები სუდანელი ლტოლვილები იყვნენ, ტაქსის მძღოლი კი აგვისტოს ომის ვეტერანი.

ამ დღის შემდეგ თამაზ ნადირაძის ცხოვრებაც შეიცვალა. სწორედ ამ ერთმა მგზავრობამ გადაწყვიტა, თუ სად იქნებოდა მისი დროებითი, მაგრამ მყუდრო ბინა.

თამაზ ნადირაძე ჯარში მსახურობდა, სადაც ფეხი დაუზიანდა. მარჯვენა ფეხზე 5 ოპერაცია დასჭირდა, თუმცა პრობლემა ისევ აქვს. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, არტილერიაში მემიზნე იყო. ამბობს, რომ აფეთქებების ხმა ახლაც ჩაესმის ყურში.  „რაღაც დამიზიანდა ალბათ, რადგან ომის შემდეგ, მეტყველებაზეც შემექმნა პრობლემა. ზოგჯერ კარგად ვმეტყველებ, ზოგჯერ შეფერხებით,“ – გვეუბნება ის.

ომის ვეტერანს საკუთარი სახლი არ აქვს.  წარმოშობით გურჯაანიდანაა, თუმცა 11 წელია ბათუმში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. საკუთარი სახლი არც მის მეუღლეს აქვს, ამიტომ ნაქირავებიდან ნაქირავებში უწევთ გადასვლა.

„მშიერიც ვყოფილვართ, სიცივეშიც, 3 თვე შუქიც არ გვქონია“ – ამბობს ვეტერანის მეუღლე თამილა შავაძე, რომელიც ცდილობს საარსებო თანხა დღიური სამუშაოთი იშოვოს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ფიზიკური მუშაობა უჭირს თამაზ ნადირაძესაც.

„ოპერაციის შემდეგ მძიმეს აწევა აღარ შემიძლია. სამსახური არ მაქვს, არც სოციალური შემწეობა. საკუთარი საწოლიც კი არ მაქვს, რომ დავიძინო, მაგრამ მაინც მაღალი ქულები მომდის. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო მაძლევს, როგორც ვეტერანს, თვეში 22 ლარი და 5-კილოიანია გაზის ბალონია. რა გავაკეთო ამ ფულით, ბინა ვიქირავო, შუქის ფული გადავიხადო თუ საკვები ვიყიდო?“ – ამბობს თამაზ ნადირაძე.

თამაზ ნადირაძე და მისი მეუღლე სუდანელმა ლტოლვილებმა, მეისუნ ალტაჰერ ავდალამ და მისმა მეუღლემ შეიფარეს ნაქირავებ ბინაში.

საცხოვრებელი ფართობის გამოყოფის მოთხოვნით ნადირაძე წერილს წერილზე გზავნის. ხან ვეტერანთა ორგანიზაციას მიმართავს დახმარებისთვის, ხან აჭარის მთავრობას და მერიას, თუმცა პასუხად მხოლოდ უარს იღებს -„ახლა არ გვაქვს.“

კორონავირუსის პანდემიამდე თამაზ ნადირაძემ ცოლისძმისგან ავტომანქანა ითხოვა და ტაქსიზე დაიწყო მუშაობა, თუმცა მალე კორონავირუსის გამო შეზღუდვები დაწესდა. თამაზი მაინც მადლიერია, რომ სწორედ ტაქსიზე მუშაობის დროს გაიცნო ადამიანები, რომლებმაც ყველაზე მძიმე დროს გაუწოდეს დახმარების ხელი.

„უცხო ადამიანებმა კარი გაგვიღეს და ლუკმა გაგვიყვეს. სახლში შუქი ამ ხალხის წყალობით ავანთეთ. როცა კორონავირუსის გამო კარანტინი გამოცხადდა და ყველაფერი ჩაიკეტა, ვეღარც ტაქსიზე ვმუშაობდი. შემოსავლის გარეშე დავრჩით, საჭმლის ფულიც კი არ გვქონდა. აჭარის მთავრობას, ქალაქის მერს ლაშა კომახიძეს თავის ფეისბუქზეც მივწერეთ, რომ ერთი სასურსათო კალათა მაინც გამოეგზავნათ, მაგრამ არავინ არ მოგვაქცია ყურადღება.  ერთი კალათა შეგენანათ? აი, ამ ადამიანებმა კი სახლის კარი გაგვიღეს,“ – ამბობს თამაზ ნადირაძე სუდანელ მეგობრებზე. „ეს ხალხი ღმერთის საჩუქარია ჩვენთვის“- ამბობს მისი მეუღლეც.

სუდანელი ლტოლვილებიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ ბათუმში. ამის მიუხედავად, მათ ახალშეძენილი ქართველი მეგობრები ოჯახში უსასყიდლოდ შეიფარეს.

„მეორე დღეს მეისუნის მეუღლემ მომძებნა და მგზავრობის ფული მომიტანა, მაგრამ არ გამოვართვი. ვუთხარი, მე ხომ უფასოდ წამოგიყვანეთ-მეთქი. ამის შემდეგ დავმეგობრდით,“ – გვეუბნება თამაზი. როცა ის და მისი მეუღლე თავიანთ გაჭირვებაზე ყვებიან, მეისუნს თვალები ცრემლით ევსება. განიცდის ახალშეძენილი ქართველი მეგობრების მდგომარეობას და ამბობს, რომ სახელმწიფო ნამდვილად უნდა დაეხმაროს მათ. „მით უმეტეს, ვეტერან ადამიანს, რომელიც ომში იყო,“- გვეუბნება მეისუნი.

თამაზ ნადირაძე ამბობს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ადამიანებზე, რომელმაც ომი გამოიარეს.

„გამოვიდნენ და მითხრან, ვეტერანს საცხოვრებელი ბინა ეკუთვნის თუ არა? თუ არ ეკუთვნის, ისიც მითხრან… მალე აგვისტო მოვა, მივლენ მემორიალთან, ყვავილებს მიიტანენ, ცრემლებს ჩამოყრიან და შედეგი რაა, 22 ლარი?!“ – გვეუბნება ის.

თამაზ ნადირაძე, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ბათუმში.

„სხვა ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეგვიფაროს, ჩვენი ტკივილი გულთან მიიტანოს და ჩვენმა სახელმწიფომ არა? წამლის ფული არ მაქვს, რომ ვიმკურნალო. იქნებ შვილიც გაგვიჩნდეს. ახლა თირკმელზე მაქვს პრობლემა და შეიძლება თირკმელი დავკარგო. როგორ ვიარსებოთ?“ – ამბობს თამილა.

თამაზ ნადირაძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ხალხი მარტო არჩევნებისთვის უნდა, „მივაღწევ კი არჩევნებამდე. თუ ქუჩაში აღმოვჩნდი, მოვკვდები, აბა, რა იქნება.  მეც ხომ მინდა არსებობა“ – გვეუბნება ის.

თამაზ ნადირაძეს სურს, სახელმწიფომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს ვეტერანების მიმართ.

„საბუთს რომ მაძლევ, ვეტერანი კაცი ასეთ მდგომარეობაში უნდა ვიყო? რისი ვეტერანი ვარ, უსახლკაროების ვეტერანი ვარ? რა უნდა გავაკეთო, თავჩაღუნული მივდივარ. მომხედეთ, არ დამტოვოთ ქუჩაში“ – მიმართავს სუდანელი ლტოლვილების ნაქირავებ ბინაში შეხიზნული ქართველი ომის ვეტერანი მთავრობას.

ვიდეო:

https://www.facebook.com/batumelebi/videos/277202590361278/?v=277202590361278

გადაბეჭდვის წესი


ასევე: