მთავარი,სიახლეები

საბჭოთა რეპრესირებულთა დახმარება 7 ლარია, სუბსიდიის გაზრდას 44 ლარამდე პეტიციით ითხოვენ

08.07.2020
საბჭოთა რეპრესირებულთა დახმარება 7 ლარია, სუბსიდიის გაზრდას 44 ლარამდე პეტიციით ითხოვენ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI, საზოგადოება “მემორიალთან” ერთად, ფართომასშტაბიან კამპანიას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, პირველ რიგში, საბჭოთა პერიოდის რეპრესირებულთათვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდას ითხოვენ. სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიისთვის დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიებს შორის ყველაზე მწირი, 7-ლარიანი დახმარება (ჩერნობილის ბირთვული ობიექტის შემხებლობაში მყოფ პირებთან ერთად), სწორედ საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისთვისაა გათვალისწინებული. სუბსიდიის ზრდის მოთხოვნით, IDFI ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

პეტიციის მიხედვით, ორგანიზაცია ითხოვს 7-ლარიანი სუბსიდიის გაზრდას 44 ლარამდე – სხვა სოციალური კატეგორიებისთვის დაწესებული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მსგავსად.

IDFI-ის ინფორმაციით, 7-ლარიან სუბსიდიას საქართველოში, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, 10396 პირი იღებს.

იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილ ელექტრონულ პეტიციას ichange-ის პორტალზე გამოქვეყნებიდან 30 კალენდარულ დღეში ხელს მოაწერს არანაკლებ 10 000 მომხმარებელი,  საქართველოს მთავრობა ვალდებულია განიხილოს პეტიცია, ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისიის მეშვეობით.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესირებულთათვის საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაზრდა იქნება საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი 10 ათასი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი დახმარება და სახელმწიფოს მხრიდან მათი რეალური მხარდაჭერა.

1921 წლის თებერვლიდან – 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, საბჭოთა ოკუპაციის და შემდგომ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს, საქართველოს მოქალაქეებმა განიცადეს მასობრივი რეპრესიები. რეპრესიები მასშტაბური და მწვავე იყო სტალინის პერიოდში, განსაკუთრებით 1937-1938 წლებში, რაც მოიცავდა ადამიანების მასობრივად დახვრეტას, გადასახლებას და ძირითად შემთხვევაში, რეპრესირებულთა ქონების სრულად ჩამორთმევას, რეპრესირებულთა ოჯახის წევრების სტიგმატიზაციას და საზოგადოებისგან გარიყვას, მათთვის არათანაბარი სოციალური პირობების შექმნას და შევიწროებას. 2012-2018 წლებში, საქართველოს საქალაქო სასამართლოს მიერ რეპრესირებულად ან რეპრესირებული პირის პირველი რიგის მემკვიდრედ, აღიარებულ იქნა 16,468 პირი. საქართველოს სახელმწიფოს მიერ სხვადასხვა სოციალური კატეგორიის დახმარების მიზნით დაწესებულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობებს შორის, ყველაზე დაბალი, თვეში 7-ლარიანი დახმარება, გათვალისწინებულია პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირებისთვის”, – წერია პეტიციაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: