მთავარი,სიახლეები

ორი ახალი პირსი და დასანგრევი შენობები ბულვარში – პროექტი

07.07.2020 • 2130
ორი ახალი პირსი და დასანგრევი შენობები ბულვარში – პროექტი

„განაშენიანების გეგმით შემოთავაზებულია სანაპირო ზოლში არსებული ყველა მოცულობითი შენობის დემონტაჟი და მხოლოდ დროებითი, მცირე ზომის კვების ობიექტების განთავსება… მათი უმეტესობა განთავსებულია სანაპირო ზოლზე მთავარ გამოსასვლელებთან და პრომენადის ნაწილში მოხვედრისას, ვერ ხერხდება ზღვის პანორამის აღქმა,“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაში, რომელიც კომპანიამ „ბაუ დიზაინმა“ მოამზადა.

პროექტის წინასწარი ვერსიის ნახვა ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ – „ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმა“. ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ახლა აქტიური მოქალაქეების მოსაზრებებს და შენიშვნებს ელიან.

დოკუმენტის მიხედვით, ვიზუალური კუთხით პრობლემურია სანაპირო ზოლში განთავსებული ჯიხურები და ის სამეთვალყურეო კოშკებიც, რომლებიც წელს მოაწყვეს.

„სანაპირო ზოლში განთავსებული ჯიხურები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან ვიზუალით, არქიტექტურული სტილით, მასალით და მასშტაბით. შესაბამისად, აუცილებელია არსებული ჯიხურებისგან ტერიტორიის გამოთავისუფლება და საპროექტო ობიექტების განთავსება ერთიანი იერ-სახითა და კონცეფციით… სამეთვალყურეო კოშკები ზედმეტად დიდია… აუცილებელია არსებული კოშკების ჩანაცვლება ახალი მოცულობებით, რომლებიც
იქნება მეტად მსუბუქი იერ-სახის და შედარებით პატარა მოცულობის,“ – აღნიშნულია ბათუმის ბულვარის განაშენიანების გეგმაში.

ამავე გეგმის მიხედვით, ბულვარში დღეს არსებული 4 პირსის გარდა, შესაძლოა მოეწყოს ორი ახალი პირსი სასტუმრო „შერატონის“ და „ახალი ბულვარის“ მიმდებარედ, თუმცა, გეგმის ავტორების აზრით, ამ პირსებს მხოლოდ სარეკრეაციო დანიშნულება უნდა ჰქონდეთ.

გეგმის ავტორები აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ „სანაპირო ზოლში დღეისათვის განთავსებული ობიექტები არ წარმოადგენენ დროებით შენობებს. ისინი წარმოადგენენ კაპიტალურ შენობა-ნაგებობებს,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

„ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე და სპეციალისტი ჩაერთოს ამ დოკუმენტის განხილვაში… ჯერ დოკუმენტზე მუშაობა დასრულებული არ არის, მაგრამ მოქალაქეებს შეუძლიათ ფეისბუქგვერდზე მოგვწერონ შეხედულებები. ჩვენ დავავალეთ კომპანიას საჯარო განხილვაც, თუმცა რა ფორმით მოხერხდება არსებული პანდემიის პირობებში, ჯერ უცნობია,“ – გვითხრა ბათუმის ბულვარის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჯინჭარაძემ.

განაშენიანების გენერალური გეგმის ყველა დოკუმენტს „ბათუმის ბულვარი“ ოქტომბრისთვის ელოდება. ბულვარის ადმინისტრაციაში შექმნილია კომისიაც, რომელშიც არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ასევე ორგანიზაცია „ბათომი“. კომისია პერიოდულად მოსაზრებებს შემსრულებელ კომპანიას მიაწვდის. საბოლოოდ, განაშენიანების გენერალური გეგმა ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

რამდენად შესაძლებელია ბათუმის ბულვარში არსებული შენობების დემონტაჟი, როცა მათი მფლობელების უმეტესობას მრავალწლიანი სარგებლობის ხელშეკრულებები აქვთ? – ირაკლი ჯინჭარაძე მიიჩნევს, რომ თუკი ამ დოკუმენტს საბოლოოდ მიიღებენ, სხვადასხვა ფორმით შეეცდებიან შენობების დემონტაჟს.

„…შესაძლოა, შევთავაზოთ ადგილმონაცვლეობა ან კომპენსაცია. ჩვენ 9 რესტორანს უკვე გავუკეთეთ დემონტაჟი. ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუკი საზოგადოების თანხმობა იქნება. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ერთიანი სახე უნდა მივცეთ ბულვარს. მე მომწონს პირსზე ის იდეაც, რომ იქ კაფეები საერთოდ არ უნდა იყოს, თუ ეს მოეწყობა, იქნება გასასვლელი ზღვაზე ხედებისთვის, ასევე შესაძლებელია კატარღების მისადგომი მოეწყოს იქვე,“ – აღნიშნა ირაკლი ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: