მთავარი,სიახლეები

€3.7 მილიონად ნაყიდი ელექტროავტობუსები ბათუმში 2020 წლის აპრილში გამოჩნდება  

14.10.2019 • 4081
€3.7 მილიონად ნაყიდი ელექტროავტობუსები ბათუმში 2020 წლის აპრილში გამოჩნდება  

ბათუმში ელექტროავტობუსები შესაძლოა 2020 წლის აპრილში გამოჩნდეს. ავტობუსების ფერის შესარჩევად „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ გამოკითხვის ჩატარებას გეგმავს. ჯერ არც ის არის გადაწყვეტილი, რომელ ხაზზე იმოძრავებენ ახალი ელექტროავტობუსები, რომელთა სიგრძე 10 მეტრი იქნება.

8 ელექტროავტობუსის შესყიდვაზე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტსა“ და ბელორუსულ კომპანია  „ბელკომუნამაშს“ შორის ხელშეკრულება 2019 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა.

„ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას ავტობუსების მოსაწოდებლად აქვს 9 თვე ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ავტობუსებს ზაფხულამდე, აპრილში მივიღებთ“, – გვითხრეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“.

„ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მათი სურვილია ელექტროავტობუსებმა ქალაქის ცენტრალურ უბნებში იმოძრაოს, თუმცა კონკრეტულად რომელ ხაზზე, ჯერ ვერ ამბობენ: „შესაძლოა, ახალი ხაზი დაემატოს ან არსებული რომელიმე მარშრუტის შეცვლა დარჩეს საჭირო. ჩვენ გვინდა ეს ავტობუსები არა მხოლოდ ტურისტებზე, არამედ, ძირითადად, ქალაქის მოსახლეობაზე იყოს გათვლილი“.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  ელექტროავტობუსების პროექტისთვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯება: „აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია“. ამ თანხაში შედის ელექტროავტობუსების დასამუხტი აპარატურა.

ბოლო პერიოდში ბათუმის ავტოპარკი 40 ავტობუსით განახლდა. ამ ავტობუსების შეძენა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაბალპროცენტიანი სესხით განხორციელდა.

ელექტროავტობუსების მიღების მიუხედავად, ბათუმის ავტოპარკს განახლება მაინც სჭირდება, თუმცა საჭირო ფინანსები ჯერ გამოყოფილი არ არის.

ამ ტიპის 8 ელექტროავტობუსი ბათუმის მერიამ ხელშეკრულებით 2020 წლის ივლისამდე უნდა მიიღოს / ფოტო: Belkommunmash

ელექტროავტობუსის სალონი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: