მთავარი,სიახლეები

ლენი კრავიცის კონცერტი საქართველოში გაუქმდა, როგორ დავიბრუნოთ ბილეთის თანხა

09.07.2020 • 1907
ლენი კრავიცის კონცერტი საქართველოში გაუქმდა, როგორ დავიბრუნოთ ბილეთის თანხა

ამერიკელი მუსიკოსის, ლენი კრავიცის კონცერტი, რომელიც საქართველოში 2021 წელს იყო დაგეგმილი, აღარ გაიმართება. ამის შესახებ მუსიკოსმა თავად დაწერა ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ლენი კრავიცის კონცერტი საქართველოში ევროპის ტურნეს, HERE TO LOVE-ის ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო.

ტურნე კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო გაუქმდა. მუსიკოსი სოციალურ ქსელში ევროპელ მსმენელებს მიმართავს და წერს, რომ იმედოვნებს, უახლოეს მომავალში შეხვდება მსმენელს უსაფრთხო გარემოში.

ლენი კრავიცის კონცერტზე ბილეთები 95-დან 550-მდე ლარი ღირდა. TKT.GE-ის ინფორმაციით, მუსიკოსის 2021 წლის კონცერტის ბილეთების უმეტესობა უკვე გაყიდული იყო. მათივე ცნობით, გადახდილი თანხა (საკომისიოს ჩათვლით) ბარათზე ავტომატურად დაუბრუნდებათ მყიდველებს 15 ივლისიდან, 3 სამუშაო დღეში.

მათ კი, ვინც ნაღდი ანგარიშსწორებით შეიძინა ბილეთი ფილარმონიის სალაროებში, 15 ივლისიდან დაუკავშირდებიან.

ვინც სოლო ლაუნჯში შეიძინა ბილეთი ხელზე, უნდა დაუკავშირდეს ამავე სალაროს.

გადაბეჭდვის წესი