მთავარი,სიახლეები

როგორ დაბრუნდა ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში 1920 წლის ივლისში – ფოტოისტორია

07.07.2020
როგორ დაბრუნდა ბათუმი საქართველოს შემადგენლობაში 1920 წლის ივლისში – ფოტოისტორია

ავტორი: შოთა გუჯაბიძე

___________________

1918 წლის 22 დეკემბრიდან 1920 წლის 7 ივლისამდე ბათუმი დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომი იყო. ინგლისს დიდი ხნიდან ჰქონდა პრეტენზიები ბათუმზე და როგორც იქნა საოცნებო კონტროლი დაამყარა. ბათუმი კიდევ ერთხელ მოსწყდა საქართველოს. ბრიტანეთის ინტერესები ბაქოს ნავთს და ბათუმის გეოპოლიტიკურ მდებარეობას უკავშირდებოდა.

აზერბაიჯანის გასაბჭოების მერე საქართველოს ბედიც უკვე გადაწყვეტილი იყო. აშკარად ეტყობოდა ევროპას – ჩვენს დაცვას რომ არ აპირებდა და ზურგს გვაქცევდა. გაერთიანებული ერების წინაპრის – ერთა ლიგის სხდომაზე, სადაც საქართველოს გაწევრიანების საკითხი იხილებოდა, ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია გერმანიის დელეგაციამ, დღე-დღეზე რუსეთი დაიპყრობს საქართველოსო, თუკი ჩვენს რიგებში მივიღებთ, მისი დაცვაც მოგვიწევს რუსეთისგანო და მაგის თავი ვისა აქვსო. ევროპის სხვა დელეგაციებიც მდუმარედ შეშფოთდნენ და ჯგუფურად თავი გადააქნიეს მარჯვნიდან მარცხნივ და პირიქით.

ინგლისი უკვე მიზეზს ეძებდა, რომ ღირსეულად დაეტოვებინა ბათუმი და ჟორდანიას ნოტამაც არ დააყოვნა, სადაც სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარის დელიკატურობაზე იყო საუბარი. ფოტოზე სწორედ ბრიტანული არმიის მიერ ბათუმის გადაცემაა აღბეჭდილი საქართველოს ხელისუფლებისთვის. ტრანსპარანტზე წარწერაა – გაუმარჯოს გაერთიანებულ საქრისტიანო და მუსლიმანურ საქართველოს!

უკან დგას სობორო, რომელიც 1932 წელს დაანგრევს მომდევნო ხელისუფლება.

“მე მოწმე ვიყავი იმ პროცედურისა, რაც ბათუმში ჩატარდა ინგლისელების მიერ აქედან წასვლასთან დაკავშირებით. ეს პროცედურა გაიმართა 1920 წლის ივნისის მეორე ნახევარში, ახლანდელი სამხედრო კომისარიატის შენობის წინ, რუსთაველისა და კომკავშირის ქუჩების შესაყართან. ეს შენობა ეკავა ინგლისელების სამხედრო კომენდატურას და მის წინ აღმართულ ბოძზე ინგლისის დროშა ფრიალებდა. დღის მეორე ნახევარში ამ შენობის წინ ქუჩის ორივე მხარეზე ჩამწკრივებული ჯარისკაცების ორი ოცეული იდგა – ერთი იყო ინგლისელები, მეორე კი მენშევიკური საქართველოს ჯარისკაცები. დაახლოებით 5 საათზე იქუხა ზარბაზანმა, (ჩვენ შეჩვეული ვიყავით ზარბაზნების ასეთ გასროლებს, ჯერ ერთი, ყოველდღე შუადღით, გასროლილი ზარბაზნის ხმა ეფინებოდა მთელს ქალაქს – იგი იუწყებოდა, რომ შესრულდა 12 საათი), ამის შემდეგ სასულე ორკესტრის მუსიკის ხმაზე ბოძიდან ნელ-ნელა ჩამოეშვა ინგლისელების დროშა და მის ადგილას აღიმართა მენშევიკური საქართველოს დროშა. ამ დროს ახლანდელი კომკავშირის ქუჩიდან მოისმა ხალხის ხმაური, რაც ხშირად ლოზუნგების წარმოთქმის ფორმას იღებდა. გამოირკვა, რომ ადგილობრივ ბოლშევიკურ ორგანიზაციას საპროტესტო დემონსტრაცია მოუწყვია.”

ეს ამბავი ლადო შარაშიძემ გაიხსენა 1977 წელს. ლადოს დიდი დამსახურება ჰქონდა კულტურული ბათუმის წინაშე. სხვას რომ თავი დავანებოთ, დღევანდელი ხელოვნების მუზეუმის დამაარსებელი და დირექტორი გახლდათ დიდი ხანი.

ქართული დროშა ტროსებში აიხლართა და ცუდად გვენიშნა ეს ამბავიო, დაწერს მერე მოგონებებში ისიდორე რამიშვილი, დემოკრატიული საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, წარსულში ბათუმის რევოლუციური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. იქამდე კი რუსეთის იმპერიაში პირველი ტერაქტი – სემინარიის რექტორის პავლე ჩუდეცკის მკვლელობა დააფინანსა ისიდორემ 1886 წელს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ხანჯალი უყიდა იოსებ ლაღიაშვილს მანეთად და ორ აბაზად.

ამ დროს უკვე ხელის პორტატიული კამერა უცხო არაა ქართველი ფოტოგრაფებისთვის, რომლითაც ძნელი არ იყო ჰორიზონტის გასწორება შტატივისგან განსხვავებით, მაგრამ ან ფოტოგრაფი ჩქარობდა, ან ამ ნაკლის გამოსწორებას კადრირებით აპირებდა ფოტოს დაბეჭდვისას.

შენარჩუნებულია სახლი და აივანი, საიდანაც ფოტოა გადაღებული.

1920 წლის 7 ივლისი,  სმეკალოვის, დღევანდელი რუსთაველის ქუჩა ბათუმში. ფოტოზე ასახულია ბრიტანული არმიის მიერ საქართველოს ხელისუფლებისთვის ბათუმის გადაცემა. ვახტანგ ღამბაშიძის ფოტო, ეროვნული არქივი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: