მთავარი,სიახლეები

„მეზღვაურებს დოკუმენტების მომზადების სანაცვლოდ, ჩვენი სახელით ფულს სძალავენ“ – სააგენტო

08.07.2020 • 2211
„მეზღვაურებს დოკუმენტების მომზადების სანაცვლოდ, ჩვენი სახელით ფულს სძალავენ“ – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ თაღლითური ჯგუფები კორონავირუსის პანდემიით სარგებლობენ და მეზღვაურებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ დოკუმენტების მომზადებას ჰპირდებიან.

„ბოლო პერიოდში არსებული სიტუაციით სარგებლობას ცდილობენ გარკვეული თაღლითური ჯგუფები, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებთან დოკუმენტების მოგვარების მიზნით მეზღვაურებს სძალავენ ფულად თანხას,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მოუწოდებს, არ ენდონ თაღლითურ ჯგუფებს, რადგან მეზღვაურთა სამშობლოში როტაციას სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად სრულიად უსასყიდლოდ ახორციელებს.

სააგენტოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეზღვაურების როტაციის პროცესი  ქართველი მეზღვაურებისათვის სპეციალურად შექმნილი დერეფნების მეშვეობით ხორციელდება. ამ ე.წ. „მწვანე დერეფნებით“ უზრუნველყოფენ მეზღვაურების როგორც გემიდან დაბრუნებას, ასევე გემზე სამუშაოდ წასვლას.

„დერეფნებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ დადასტურებული კონტრაქტის პირობებში, რომლის ნამდვილობაც მოწმდება უშუალოდ გემთმფლობელთან, და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ხორციელდება მხოლოდ დადასტურებელი დასაქმების შემთხვევაში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება ქართველ მეზღვაურებს სამშობლოში დაბრუნებასა და გემებზე დასაქმებაში, რისი დასტურიცაა ის 1200-მდე ქართველი მეზღვაური, რომლებიც შეფერხების გარეშე დაბრუნდნენ ქვეყანაში ან გაემგზავრნენ ქვეყნიდან, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების და საქართველოს საკონსულო სამსახურების 24- საათიანი მუშაობის შედეგად,“ – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში.

მეზღვაურთათვის სააგენტოს სახელით თანხის გამოძალვასთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ შესაბამის ორგანოებს მიმართა. სააგენტოში კი ცხელი ხაზი აამოქმედა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს მოქალაქე 1200-მდე მეზღვაურს და სხვა ქვეყნის მოქალაქე 100-მდე მეზღვაურს დაეხმარა.

გადაბეჭდვის წესი