მთავარი,სიახლეები

4 ბათუმელი გირაოთი გაათავისუფლეს – ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების მცდელობის საქმე

08.07.2020
4 ბათუმელი გირაოთი გაათავისუფლეს – ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების მცდელობის საქმე

„აფეთქებით 2 პირის მკვლელობის საქმეზე“ თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ბრალდებული დღეს, 8 ივლისს, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამ საქმეზე სულ 6 ბრალდებულია. სასამართლომ ის ბრალდებულები გაუშვა გირაოთი – 5 – 5 ათასი ლარით, ვინც დანაშაულის ჩადენა აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებას აპირებს.

„დაცვის მხარემ დავაყენეთ ეს შუამდგომლობა და დაგვთანხმდნენ პროკურორებიც… ჩვენ ხვალ მივმართავთ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით და არასაპატიმრო სასჯელებზე,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე, რომელიც ამ საქმეზე ბრალდებული გოჩა თავდუმაძის ინტერესებს იცავს. გოჩა თავდუმაძე აჭარის უშიშროების ყოფილი თანამშრომელია.

სასამართლომ გირაოს საფუძველზე კიდევ სამი ბათუმელი გაათავისუფლა – როლანდ ბერიძე [მეტსახელად ჩაკია], იური მჟავანაძე და ნუგზარ ბეჟანიძე. ადვოკატ დავით ჯაფარიძის თქმით, ისინიც საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ და პატიმრობაში ორი ბრალდებული დარჩა, ვინც დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს.

გამოძიება ბათუმელ ბრალდებულებს ასაფეთქებელი მოწყობილობის ჯგუფურად, უკანონოდ დამზადებას ედავება.

ადვოკატის თქმით, პატიმრობიდან გათავისუფლებულ ბრალდებულებს ჟურნალისტებთან საუბარი ამ საქმის დეტალებზე არ სურთ.

ეს ბრალდებულები 2020 წლის 30 იანვარს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ჯგუფი თბილისში ძმების – გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობას ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გეგმავდა.

ამ თემაზე:

რა წერია ძმები ფეიქრიშვილების „აფეთქების საქმეში“ და რას ამბობენ დაკავებულები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.