განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორობა ორ კანდიდატს სურს

07.07.2020
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორობა ორ კანდიდატს სურს

ინგა შამილიშვილი და მერაბ ხალვაში – მხოლოდ ამ ორმა ასოცირებულმა პროფესორმა შეიტანა განაცხადი ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობაზე. მერაბ ხალვაში ბსუ-ს მოქმედი რექტორია, ინგა შამილიშვილი – აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი და ბსუ-ს ასოცირებული პროფესორი. განცხადების მიღება დღეს,  16 საათზე შეწყდა.

ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო  უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 15 ივლისს ჩატარდება.

ამ დღეს კანდიდატები 12 საათიდან დაახლოებით 15:00 საათამდე აკადემიურ საბჭოს წარუდგენენ უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, შემდეგ კი ჩატარდება კენჭისყრა.

ბსუ-ს აკადემიური საბჭო 11 წევრით არის დაკომპლექტებული. რექტორი არჩეულად მიიჩნევა აკადემიური საბჭოს 6 წევრის მხარდაჭერის შემთხვევაში.

აკადემიური საბჭოს წევრია მოქმედი რექტორი მერაბ ხალვაში. მას წესდება ხმის მიცემის უფლებას არ უზღუდავს. შესაბამისად, თუ მერაბ ხალვაში კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას, მას გარანტირებული ერთი ხმა უკვე აქვს.

მერაბ ხალვაში ბსუ-ს რექტორად 2016 წლის 18 ივლისს აირჩიეს.

____

მთავარი ფოტო: მერაბ ხალვაში და ინგა შამილიშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: