ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რუსთაველზე, გრიბოედოვთან, გზაგამყოფი აღარ არის – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი

07.07.2020 • 2092
რუსთაველზე, გრიბოედოვთან, გზაგამყოფი აღარ არის – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე [გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში], გზაგამყოფი გაიხსნა. შესაბამისად, უნივერსიტეტის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს უკვე შეუძლია რუსთაველის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩაზე გასვლა. გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშანიც ამუშავდა. ამ ადგილიდან ახალი ბულვარის მიმართულებით კი, რუსთაველის ქუჩა ჯერ კიდევ ცალმხრივადაა გადაკეტილი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო.

რუსთაველის ქუჩის სავალი ნაწილის აღდგენა, გრიბოედოვის ქუჩიდან ყოფილი „ლუჟკოვის სახლის“ მიმდებარე წრიულამდე, როგორც კომპანია „გზებში“ გვითხრეს, სავარაუდოდ, 20 დღეში უნდა დასრულდეს.

„ივლისის თვის ბოლოს გზის ეს მონაკვეთი, წრიულის ჩათვლით, ყველა შემთხვევაში იქნება დასრულებული“, – გვითხრეს კომპანიაში.

ამ სამუშაოს დასრულების შემდეგ კი, გრიბოედოვის ქუჩიდან მოძრავი ავტომანქანა შეძლებს მოძრაობა გააგრძელოს როგორც მარჯვნივ – დელფინარიუმის მიმართულებით, ასევე მარცხნივ – ახალი ბულვარის მიმართულებით.

რუსთაველის ქუჩა / 7.07.2020

რუსთაველის ქუჩაზე, დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩამდე [არდაგანის ტბა] გზის სავალი ნაწილის აღსადგენად, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ორჯერ [მარტსა და მაისში] გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ტენდერის გარეშე შესყიდვაზე თანხმობა კი შესყიდვების სააგენტოდან მერიის სამსახურმა 2020 წლის 5 ივნისს მიიღო.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, შპს „გზებთან“ 15 ივნისს გააფორმა – 173 592 ლარზე. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 2020 წლის 15 აგვისტომდე უნდა დასრულდეს.

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემით, გრიბოედოვის ქუჩა ცალმხრივი იქნება ჭავჭავაძის ქუჩიდან [რესპუბლიკური საავადმყოფოდან] რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში და ტრანსპორტიც მხოლოდ ამ მიმართულებით იმოძრავებს.

ახალი სქემით, მოძრაობის წესები იცვლება გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, პუშკინის, გრიბოედოვისა და გორგასლის ქუჩებზე. ამასთან, გორგილაძის, ბარათაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების გარკვეულ მონაკვეთებში ავტობუსის სავალი ნაწილი დაიხაზება, სადაც მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს.

მერიის სატრანსპორტო განყოფილების უფროსის, ემზარ ქავჟარაძის ინფორმაციით, გრიბოედოვის ქუჩა მაშინ გახდება ცალმხრივი, როცა ეს ახალი სქემა ერთიანად ამოქმედდება.

მოძრაობის ახალი სქემის ორგანიზებისთვის ტექნიკური საკითხების მოგვარება ბათუმის მერიამ საკრებულოს მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებიდან 90 დღეში უნდა უზრუნველყოს. ანუ, ოქტომბრის თვემდე. სქემა ბათუმის საკრებულომ 30 ივნისს დაამტკიცა.

ამ თემაზე:

ბათუმის საკრებულომ ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემა უნდა დაამტკიცოს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: