მთავარი,სიახლეები

თურქეთში დასაქმებული ქალები დავით გაბაიძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია ბათუმში [LIVE]

08.07.2020
თურქეთში დასაქმებული ქალები დავით გაბაიძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია ბათუმში [LIVE]

დღეს, 8 ივლისს, ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან თურქეთში დასაქმებული ქალები შეიკრიბნენ. ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, დავით გაბაიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

თურქეთში დასაქმებული ქალები აჭარაში უკვე მეხუთედ ითხოვენ თურქეთთან საზღვრის გახსნას ან კომპენსაციას მთავრობისგან. ისინი აცხადებენ, რომ მარტის შემდეგ შემოსავლების გარეშე დარჩნენ, მთავრობა კი მათ პრობლემებს ვერ ხედავს.

თურქეთში დასაქმებული მოქალაქეების ბათუმში გამართული აქციების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საზღვარგარეთ თვითდასაქმებულ მოქალაქეებზე გასცეს 300-ლარიანი კომპენსაცია, თუმცა დღეს აქციაზე რამდენიმე ქალმა განაცხადა, რომ ისინი, მართალია, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მისაღებად, მაგრამ თანხა ჯერ არ მიუღიათ. ასევე, ქალები მიიჩნევენ, რომ ერთჯერადი კომპენსაცია საკმარისი არ არის, რადგან ისინი თვეებია ვერ მუშაობენ და ვერც მთავრობისგან იღებენ პასუხს, როდის გაიხსნება საზღვარი, რომ თურქეთში მუშაობა შეძლონ.

დღეს აქციის მონაწილეებს შეხვდა აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი მერაბ ბლადაძე. მან განაცხადა, რომ ეთანხმება აქციის მონაწილეების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დახმარება ყოველთვიური უნდა იყოს. ასევე, მერაბ ბლადაძის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრაზე იმყოფება.

აქციაზე ითქვა, რომ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მზადაა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ლადო მგალობლიშვილი, თუმცა მას აქციის მონაწილეებთან შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე სურს.

აქცია აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ამ წუთებშიც [14:25 სთ.] გრძელდება.

საქართველოსა და თურქეთს შორის მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის 15 მარტიდანაა შეჩერებული. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიხსნება საზღვარი თურქეთთან.

ნახეთ პირდაპირი ჩართვა: 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: