მთავარი,სიახლეები

რას აპირებს წინასაარჩევნოდ გიორგი ვაშაძე ბათუმში

08.07.2020 • 1846
რას აპირებს წინასაარჩევნოდ გიორგი ვაშაძე ბათუმში

„შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი ჩვენს გუნდს ბათუმში“ – მოქალაქეებს ამ შინაარსის შეტყობინება „ახალი საქართველოსგან“ მისდით, კონკრეტულად კი პლატფორმიდან „სტრატეგია აღმაშენებელი“. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შეთავაზება გულისხმობს ანაზღაურებასაც, კონკრეტულად კი, „სხვადასხვა თაობის ადამიანებისთვის რეალურ დროში რეალური პოლიტიკის კეთებასა და სხვადასხვა აქტივობებს სათანადო ანაზღაურებითა და ხელსაყრელი გრაფიკით.“

„ეს არ არის ანაზღაურებადი, პროექტული მიდგომა გვაქვს და ბევრ საქმეს ვაკეთებთ მოხალისეობრივად, კონკრეტულ პროექტზე ვინც იმუშავებს, მას ექნება კონკრეტული ანაზღაურება ჩვენი პარტიის შემოწირულობებიდან,“ – გვითხრა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლით“ ბათუმში უკვე 635 ადამიანი დაინტერესდა, თბილისში – დაახლოებით 4 ათასი.

გიორგი ვაშაძეს ამ პროექტსა და ბათუმში მისი პარტიის წინასაარჩევნო აქტივობაზეც ვესაუბრეთ.

„სტრატეგია აღმაშენებელი აერთიანებს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი ქვეყნის აღმშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ქვეყნის განვითარების გეგმა, რომელზე მუშაობაც გასული წლიდან დავიწყეთ. ჩვენ ახლა რეგიონებში დავიწყეთ ადამიანებთან მისვლა, მათ შორის, აჭარაში, სადაც გვაქვს ამბიციური გეგმები… შემუშავდება კომპლექსური განვითარების სტრატეგია, სადაც ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, მაღალმთიან აჭარას ექნება საკუთარი, ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი.

ჩვენ ვარჩევთ ადამიანებს პატიოსნების, სამშობლოს სიყვარულის მიხედვით და ასევე – უნდა ეცალოს, გულწრფელად ჩაერთოს საქმეში. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, დასაქმებულია, უმუშევარი თუ ბიზნესსექტორის წარმომადგენელი,“ – გვითხრა გიორგი ვაშაძემ.

აპლიკაციაში, რომლის შევსებასაც „ახალი საქართველო“ მოქალაქეებს სთავაზობს, აღნიშნულია, რომ „სამუშაო“ გულისხმობს: 2020 წლის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის პროფესიონალ, ენერგიულ და პატრიოტ გუნდთან ერთად საარჩევნო პროცესების დაგეგმვას და განხორციელებას, ასევე ხალხისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო იდეების შეგროვებას, სათანადო პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას.

გიორგი ვაშაძის თქმით, ამ დროისთვის პარტიას ბათუმში თავისი გუნდის ჩამოყალიბება დასრულებული არ აქვს და მხარდამჭერების გუნდს ლიდერები სავარაუდოდ თვის ბოლოს წარმოადგენენ.

„ჩვენ გვაქვს ახალგაზრდული ჯგუფი, რომელსაც ვაფართოვებთ, არის ბექა დიასამიძე და მის გარშემო სხვა ახალგაზრდები…“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ბექა დიასამიძე 2016 წლის არჩევნებში უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ბლოკიდან „ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“. მაშინ „ახალი საქართველო“ ამ ბლოკში იყო გაერთიანებული.

გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ ბრძოლას ამჯერად გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად აპირებს და ამბობს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები აჭარის რეგიონში მის პარტიას ცალკე არ ეყოლება.

„ჩვენ პროპორციული მიმართულებით ვიმუშავებთ, მაჟორიტარობის კანდიდატებს აჭარაში არ ვგეგმავთ ცალკე, მაჟორიტარობის კუთხით ყველამ უნდა ვითანამშრომლოთ, საბოლოო სტრატეგიაზე თვის ბოლოს ჩამოვყალიბდებით,“ – დასძინა გიორგი ვაშაძემ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: