მთავარი,სიახლეები

ბათუმის საზღვაო აკადემია IAMU-ის კვლევითი პროექტების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა

07.07.2020
ბათუმის საზღვაო აკადემია IAMU-ის კვლევითი პროექტების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია საზღვაო უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციის (IAMU)-ს მიერ დაფუძნებული კვლევითი პროექტების სამუშაო ჯგუფის წევრი გახდა.

IAMU საზღვაო უნივერსიტეტების გლობალური ქსელია, რომელიც უზრუნველყოფს საზღვაო განათლებასა და მეზღვაურთა ტრენინგებს  გლობალური გადაზიდვის ინდუსტრიისათვის.

IAMU-ის სამუშაო ჯგუფში შედის მსოფლიოს 3 უმაღლესი სასწავლებელი. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ერთად, სამუშაო ჯგუფის წევრები არიან გდინიას საზღვაო უნივერსიტეტი [პოლონეთი] და ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტი [დიდი ბრიტანეთი].

სამუშაო ჯგუფის მიზანი IAMU-ს მიერ ორგანიზებული კონკურსების   ფარგლებში წარდგენილი  კვლევითი პროექტების დამუშავება, შეფასება და რეკომენდაციების გაცემაა.

სამუშაო ჯგუფში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას პროფესორი ავთანდილ გეგენავა წარმოადგენს.

„ეს დიდი პატივია აკადემიისათვის, რადგან ეს არის მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტების გაერთიანება, ასოციაცია, სადაც ასზე მეტი ქვეყნის საზღვაო უმაღლესი სასწავლებელია გაერთიანებული“ – ამბობს ავთანდილ გეგენავა. მისივე თქმით, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 2006 წლიდან არის IAMU-ის წევრი და სწორედ აკადემიის აქტიურობის შედეგია ქართული საზღვაო უმაღლესი სასწავლებლის სამუშაო ჯგუფში მოხვედრა.

ავთანდილ გეგენავას ვკითხეთ, კონკრეტულად რა საკითხებზე მუშაობს IAMU-ის სამუშაო ჯგუფი.

„პირველ რიგში, ჯგუფი მუშაობს დებულებებზე, რას უნდა მიექცეს ყურადღება, რა სახის უნდა იყოს კვლევითი პროექტები. ყოველ წელს იცვლება წარმოდგენილი თემატიკა. პროექტის შედგენასა და წარდგენაში მონაწილეობს მინიმუმ სამი უნივერსიტეტი. ჯგუფი აფასებს პროექტს, იწყება განხილვა, შემდეგ კი პროექტი წარედგინება ექსპერტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეფასება ანონიმურად ხდება, ექსპერტები ისე განიხილავენ პროექტს, რომ არ იციან ვისია, რომელი ქვეყნიდანაა პროექტი და ამზადებენ დასკვნას“.

სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა უკვე შედგა ზუმის საშუალებით.

„წესით, ეს უნდა ყოფილიყო პირადი შეხვედრა, თუმცა, სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო ვერ მოხერხდა და შეხვედრა შედგა ზუმის საშუალებით, წარმოდგენილი იყო ძირითადი მიმართულებები, დებულებები და შევთანხმდით, რომ თუ კი ამავე რეჟიმში დავრჩით, შემდეგი შეხვედრა სექტემბერში გაიმართება ისევ ზუმის საშუალებით, ხოლო თუ უკეთესი სიტუაცია იქნება, შეიძლება რომელიმე ქვეყანაში ჩატარდეს,“ – ამბობს ავთანდილ გეგენავა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: