მთავარი,სიახლეები

საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

08.07.2020
საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარი გაუხსნა

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვარი გახსნა.

ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

„ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტი საქართველოში, მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით.

რაც შეეხება დანარჩენ ქვეყნებს, საბჭომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა, რომ ევროკავშირმა რამდენიმე ისეთ ქვეყანასაც გაუხსნა საზღვრები, რომლებიც უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ არიან,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 8 ივლისს.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადების თანახმად, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე ამ ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა პროცედურა და ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია.

„ასევე, საქართველოში შემომსვლელმა პირმა უნდა დატოვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად აპირებს დარჩენას, როგორ უნდა გაატაროს დრო და საკონტაქტო ინფორმაცია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია,“- განაცხადა ჩიქოვანმა.

საზღვარზე თერმოსკრინინგის დროს თუ პირს დაუფიქსირდა 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა, აეროპორტში მას ჩაუტარდება PSR ტესტი.

„ასევე, სავალდებულო წესით კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ არაუსაფრთხო ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს, რომლებმაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს მხრიდანაც ნარჩუნდება არსებული რეჟიმი. „ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს მწვანე სიაში ან კიდევ დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, მათ შეეძლებათ საქართველოში შემოსვლა, 14-დღიანი კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად გაიღებენ“.

ამ ეტაპზე საქართველოსთვის საზღვრებს არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი.

„უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო ვიზიტის დროს ჩვენ შევთანხმდით, რომ შევქმნით სპეციალურ კომისიას, რომელიც იმუშავებს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, როგორიცაა: იტალია, კვიპროსი, ისლანდია და სლოვენია, საზღვრის გახსნის მზაობა გამოთქვა, კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნების სია და რეკომენდაციები ორ კვირაში ერთხელ განახლდება და გადაიხედება შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე,“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, დღეს, 8 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: